“პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ” – სალომე სამადაშვილი

12
spot_img

ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა „ბუტკაშიო“, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები განიხილება.

სამადაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო რეგულაცია, რომ უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში არ იმოქმედებს, ახლა ცდილობენ, რომ ოფშორებიდან ბიძინა ივანიშვილის ფული შემოიტანონ, რათა ის დასავლეთის სანქციებისგან დაიცვან.

„მომხსენებელთან საუბარს აზრი არ აქვს, დავალებაა აქვს მიღებული და როგორც მდინარაძემ დახარჯა 16 საათი ქართველი ხალხისთვის ასახსნელად, რომ რუსული კანონი რუსული არ არის, მაგრამ გუშინ ხალხი მოვიდა და მდინარაძეს უთხრა, რომ რუსულია, ასევე დღეს ბევრი დრო დახარჯა გამომსვლელმა, რათა ეთქვა, რომ ეს კანონი არ არის ბიძინასთვის დაწერილი. რეალურად, ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის მხარეს გადააქცია საკუთარ „ბუტკად“ და უთხრა, შედით ახლა ბუტკაშიო, აფორმებენ ყველა დავალებას, რასაც ბიძინასგან იღებენ.

რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ საქართველოს გასაბჭოების უფლებას მარტივად მას დასავლეთი არ მისცემს, ამიტომ, რა თქმა უნდა, მას წინ ელოდება აუცილებლად ის სანქციები, რომლებიც დაუწესდა სხვა რუს ოლიგარქებს, სხვა რუს ოფიციალურ პირებს და დაუწესდა უკვე სანქციები, მათ შორის, ამათ წარმომადგენელ ბატონ ფარცხალაძეს, დაუწესდა ამათ უფროს ბატონ მურუსიძეს და სხვა მოსამართლეებს და ბიძინას დროც მოდის. ამათ ჯერ მიაღებინეს ეროვნულ ბანკს რეგულაცია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები საქართველოში არ აღსრულდება თუ არ იქნება საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ახლა იღებენ კანონს, რომ ბიძინამ შემოიტანოს საქართველოში ფული, რომელიც აქვს ოფშორებში, ოღონდ ისე, რომ თეთრიც არ მისცეს სახელმწიფო ბიუჯეტს ანუ დამშეულ ქართველ ხალხს. მას ძალიან ბევრი ფული აქვს ოფშორებში, მათ შორის, საკუთარი შვილების შექმნილი სატრასტო ფონდი, ეს მილიარდებით აქ რამეს კი არ შექმნის და დააფუძნებს, ამას შემოიტანს და დაიცავს სანქციებისგან, იმიტომ, რომ მურუსიძის სასამართლო, ცხადია, არასდროს არ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დასანქცირებული სწორი მიზეზებით ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ. ანუ ახლა მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ ივანიშვილი მოემზადოს, რომ ციხესიმაგრედ აქციოს საქართველო, მათ შორის, ამ ქვეყნის ფინანსური სისტემა დააყენოს გამოწვევების წინაშე, საბანკო სისტემა დააყენოს გამოწვევის წინაშე, რადგან შესაძლოა, დაიწყოს ჩამონგრევა, იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც ჩაიდინა, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ რუსული ხელისუფლება ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად, სანამ დასრულდა ქართული სახელმწიფო“,- განაცხადა სამადაშვილმა.