ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა – ის არ მიიჩნევს თავს ამ სახელმწიფოს ნაწილად -შალვა პაპუაშვილი

42
spot_img

სალომე ზურაბიშვილი პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით უკვე ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა სახელმწიფოსთან დაკავშირებით. გუშინ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც მან უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება ბოლო დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს, მიჭირს უკვე, დავეწიო მას რეაქციებითაც. ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით უკვე ყველანაირი წითელი ხაზი გადალახა სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ის არ მიიჩნევს თავს ამ სახელმწიფოს ნაწილად, იმ ინსტიტუტების ნაწილად, როგორიც არის პოლიცია, რომელიც ამ დღეებში ღირსეულად მოქმედებდა. ამიტომ არის ნდობა პოლიციის მიმართ ასეთი მაღალი.

გუშინ საერთოდ სასწაული მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან. დააკვირდით ერთ რამეს: გასაგებია, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირზე, მაგრამ რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერავინ ახსნის. დღესდღეობით ევროკავშირის პრეზიდენტობა აქვს ბელგიას, თუ მაინც და მაინც ევროკავშირზე იყო საუბარი, ბელგიის ხელმძღვანელისთვის უნდა მიემართა. რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, საერთოდ ვერ ვხვდები – ალბათ მისი ყოფილი მოქალაქეობიდან გამომდინარე ან არ ვიცი, ახლაც თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა.

დამოკიდებულება, რომ ამ თანამდებობის ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, საკუთარი ხალხის ხელისუფლებას უჩივის სხვა ხალხის ხელისუფლებასთან, ეს აჩვენებს, რომ არათუ საქართველოს სუვერენიტეტი არ ესმის, საერთოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ ესმის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.