“პარლამენტში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ” – რატი ბრეგაძე

18
spot_img

მე ვისაუბრე [ევროკავშირის] ოთხ პუნქტზე, თუმცა ქალბატონმა ანამ ეს ყველაფერი ან არ ან ვერ შეისმინა. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, პასუხი არ მაქვს, თუ რატომ ვერ გაიგო მან. მერე, ასევე ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა, აქ, პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ლელოს“ წევრს ანა ნაცვლიშვილს მიმართა.

რატი ბრეგაძის თქმით, კომიტეტის სხდომაზე მოხსენებისას ევროკავშირი ოთხჯერ ახსენა.

„ქალბატონმა ნაცვლიშვილმა ბრძანა, თითქოს ჩვენ არაფერი გვითქვამს ევროკავშირზე. არ მინდა, ისეთი ეპითეტი გამოვიყენო, რომ ტყუილია. ალბათ, ქალბატონი ანა სხვა საკითხებით უფრო იყო გართული და მან ვერ გაიგო ის, რომ ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი ეს იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც თავისთავად არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება ყველა სახელმწიფო უწყებას იმაში, რომ ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი. ასევე, ვისაუბრეთ, მეტი ინტენსივობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს, ასევე სხვა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან. ასევე, ვისაუბრე იმაზეც, რომ სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი“, -განაცხადა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პარტნიორ სახელმწიფოებთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაფართოებაზე.