“პარლამენტი პროცედურული ხრიკებით კონსტიტუციას არღვევს” – რომან გოცირიძე

91
spot_img

პარლამენტი პროცედურული ხრიკებით კონსტიტუციას არღვევს – ოპოზიციის მიერ ინიცირებულია 72 კანონპროექტი, საიდანაც 57 დღემდე განხილული არ არის , – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გოცირიძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვის მიზანმიმართულ შეფერხებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას წაართვეს კანონშემოქმედებითი უფლება.

“პარლამენტი პროცედურული ხრიკების გამოყენებით არღვევს კონსტიტუციას. ოპოზიციის მიერ ამ მოწვევის პარლამენტში ინიცირებულია 72 კანონპროექტი, საიდანაც 57 დღემდე განხილული არ არის, არათუ პლენარულ, არამედ კომიტეტის სხდომებზეც კი. შეიძლება მოხდეს ისეთი უცნაური მოვლენა, რომ პარლამენტმა მუშაობა დაამთავროს და 4 წლის განმავლობაში ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების უმრავლესობა საერთოდ არ იყოს განხილული , არც ერთ დონეზე. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. ზოგიერთი კანონპროექტი გადავადებულია 12- ჯერ, 11- ჯერ, 6- ჯერ და 7- ჯერ. არის კანონპროექტები, რომელიც 2 წელია თაროზეა შემოდებული. იციან, რა ამ კვლევის შესახებ, რეზოლუციაც მომზადდება და ამ საკითხს მივცემთ უფრო სერიოზულ რეზონანსს, ბოლო პერიოდში რაღაც პროექტები დაიძრა, ჩვენი პროექტებიც გამოიტანეს წინა კომიტეტზე, მაგრამ ეს არსებითად არაფერს ცვლის,”- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტების ძირითად ნაწილს იურიდიული კომიტეტი აფერხებს და 72- დან 36 იურიდიულ კომიტეტშია “გაჭედილი”.

გოცირიძე აცხადებს, რომ ინიციატივების შეფერხება შერჩევითად ხდება და ძირითადად ის ინიციატივები ფერხდება, რომელიც მათთვის არის მტკივნეული და ეხება საარჩევნო საკითხებს, სასამართლოს რეფორმას, რუსეთს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის კანონპროექტები საკომიტეტო მოსმენებზე არ გააქვთ, რათა ოპოზიციის ინიციატივებთან დაკავშირებით მსჯელობა საერთოდ არ შედგეს და საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნას.

“მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს მავნე პრაქტიკა, შეტანილ იქნას ცვლილებები რეგლამენტში, რომ სარეგლამენტო ხრიკებით უმრავლესობას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ოპოზიცია გამოთიშოს კანონშემოქმედებითი საქმიანობიდან”, – განაცხადა გოცირიძემ.