Home Blog Page 960

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დაიწყო.

მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარუდგენს.

პრეზიდენტი პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით მიღებულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ერთ პუნქტს სთავაზობს – კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მომდევნო დღესვე.

თავად კანონით კი წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პროექტით უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაფერი ჩვეულად მიჰყვება დროის დინებას, მდორედ ერთფეროვნად და ზომიერად, არც რაიმე მოულოდნელი, არც რაიმე ექსტრემალური დღეს არ ჩანს ჰორიზონტზე. დაისვენეთ, მოდუნდით და აღიდგინეთ ძალები.

კურო

დღევანდელი ახალი კავშირები ძალიან სასიკეთო და სასარგებლო იქნება, დიდი ალბათობით, ეს ახალი ურთიერთობები მნიშვნელოვნად დააჩქარებს პოზიტიურ ცვლილებებს თქვენს საქმიან სფეროში და საუკეთესო მეგობრებსაც შეიძენთ.

ტყუპები

იზრუნეთ ირგვლივ მყოფებზე და გააკეთეთ მათთვის რაიმე სარგებლიანი, ასე, თქვენს თავსაც დაეხმარებით, მოჭარბებული ენერგიისგან გათავისუფლებაში და ჰარმონიაში მოხვალთ საკუთარ თავთან.

კირჩხიბი

იმოქმედეთ გონივრულად და თუ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები სამართლიანია – დათმეთ პოზიციები. შეეცადეთ, განამტკიცოთ ის, რასაც მიაღწიეთ და იყოთ ურთიერთობებში მოქნილი.

ლომი

ნუ იტვირთავთ უფრო მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. კეთილშობილება, მზრუნველობა და ქველმოქმედება შესანიშნავი რამაა, თუმცა, არავის აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, ამიტომ, უფრო გონივრული იქნება ერთობლივი მოქმედება.

ქალწული

სიფრთხილე გამოიჩინეთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს, ნუ შეეცდებით ორმაგი სტანდარტით თამაშს, როგორც უნდა მოინდომოთ, დღეს ვერავის ვერაფერს გამოაპარებთ.

სასწორი

შესაძლოა, ირგვლივ მყოფთა გაოცება გადაწყვიტოთ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებით. დღეს მეტად გამძაფრებულია თქვენში თავის წარმოჩენისა და აღიარების სურვილი. ფრთხილად, უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.

მორიელი

ნუ იქნებით სხვათა დახმარების იმედად, თვითონაც საკმარისი გონიერება და ძალა გაგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ნებისმიერ სერიოზულ ამოცანას და წარმატებით გაართვათ თავი სხვადასხვა საქმეს.

მშვილდოსანი

დაინდეთ გარშემომყოფები და ნუ მოსთხოვთ პასუხს იმაზე, რაც მათ არ ეხებათ, აღიარეთ სხვებთან და საკუთარ თავთანაც თქვენი შეცდომა და მშვიდად, თავდაჯერებულად შეეცადეთ, მოიფიქროთ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

თხის რქა

წარმატების მისაღწევად მეტი ძალისხმევა და დროა საჭირო, არაფერს მოგიტანთ ლოდინი და საქმის გაჭიანურება. მხოლოდ გაორმაგებული შრომა და შეუპოვრობა მიგიყვანთ საბოლოო მიზანთან და არა ვინმე ავტორიტეტული პირის თანადგომა.

მერწყული

ელოდეთ ახალ შემოთავაზებებს, არის ალბათობა,  ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. შეეცადეთ, იყოთ დღეს მეტად პოზიტიური და ოპტიმისტურ განწყობაზე.

თევზები

გააფართოვეთ საქმიანი თუ სამეგობრო კავშირები, დაინტერესდით ოჯახის წევრების პრობლემებით, სურვილებით და იზრუნეთ გარშემო ჰარმონიული, მშვიდი ატმოსფეროს შექმნაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვიქტორ ორბანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო! ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განუწყვეტელი განვითარება. ჩვენს საერთო ინტერესშია, ხელი შევუწყოთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას, რისთვისაც კარგი საშუალება იქნება წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი უმაღლესი დონის ჩვენი სამთავრობო შეხვედრა.

მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა.

მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება.

გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ -ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება.დღეიდან უხვი ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის.

,,ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა”-  ირაკლი ჩიქოვანი

მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას 26 მაისი და აღნიშნა, რომ ეს არის დღე, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დაასახელა ის გამოწვევები, რომლებსაც ის და მისი უწყება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

„რა თქმა უნდა, გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ის, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, კრიზისები, ომები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ეს არის ურთულესი ვითარება. ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ამის გარდა, გამოწვევად რჩება ასევე ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს.

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ასევე კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო აკვირდება ყველა ამ მიმართულებას და მე ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ შეინარჩუნა მშვიდობა და ამ მშვიდობის პირობებში ჩვენ შევძელით და განვამტკიცეთ ჩვენი როლი რეგიონში და ვთვლი, რომ დავანახეთ ჩვენს საზოგადოებასა და ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია ქვეყანა სტაბილური განვითარების პირობებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და შევქმნათ უკეთესი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

,,სააკაშვილი არც ე.წ. სინდისის პატიმარია, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო”- რატი ბრეგაძე

სააკაშვილი არც ე.წ. სინდისის პატიმარია, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გეგმა იყო, საქართველოში რევოლუციური სცენარი განეხორციელებინა, თუმცა „მას ეს გეგმა სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის შედეგად ნაცარში ჩაუვარდა და რუსთაველის გამზირზე, დემონსტრაციის შუა გულში აღმოცენების ნაცვლად, პენიტენციურ დაწესებულებაში აღმოჩნდა“.

„მას რომ სდომებოდა საქართველოში ჩამოსვლა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობს, ვაჟკაცურად დაეჭირათ და ციხეში ჩამჯდარიყო და იქიდან ებრძოლა ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის, ის ჩამოვიდოდა თვითმფრინავით, მაგრამ ის შემოიპარა არაჟნის კონტეინერით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ბრეგაძემ ასევე ევროპარლამენტის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზეც. მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია 25 აპრილს გამოიცა, სააკაშვილმა კი თავისი სარჩელი საერთაშორისო სასამართლოდან ერთი კვირით ადრე თავად გამოიხმო.

„მიჩნდება კითხვა, როგორ აღმოჩნდა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მინიმუმ ეს პუნქტი ხომ არის დაუსაბუთებელი და რეალობასთან შეუსაბამო?! კაცი თავად ითხოვდა, რომ არ მინდა სარჩელი, ვიხმობ უკან, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამის მიუხედავად მაინც არის რეზოლუციაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი

თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს – კახა კალაძე

2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემა იყო, – ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა აღნიშნა, რომ წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება სწორედ „ქართული ოცნების“ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას.

„ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიის შუქურა იყო, მაგრამ რეალურად უდიდესი პრობლემები იყო, პირველ რიგში ქვეყანაში, თუნდაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გვახსოვს, განსხვავებულ აზრს როგორც ემუქრებოდნენ, როგორ დასდევდნენ. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო

თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს. რა გაკეთდა – გავაკეთოთ შედარებები, მაშინ რამდენი კეთდებოდა და ჩვენი ხელისუფლების დროს რამდენი გაკეთდა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის შედარება. მე მეუხერხულება უბრალოდ, რადგან ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, როგორც დედაქალაქის მერმა ვისაუბრო იმაზე თუ რამდენი რამე გაკეთდა თბილისში. ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება არჩევნებზე მხარდაჭერით. იმიტომ არის დღეს „ქართული ოცნება“ ამდენი წელი ხელისუფლებაში“, – განაცხადა კალაძემ.

,,კანდიდატებს შორის, თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება”- პრემიერი

კანდიდატებს შორის, თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები შეაფასა და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

„2012 წლისთვის გვქონდა სრული სტაგნაცია, ზოგადად, დასავლური მიმართულებით და მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. არ იყო არავითარი ხელშესახები შედეგები. ყველა შედეგი ქვეყანამ სწორედ 2012 წლის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიღწევა მივიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი პროცესების გამოვლის პირობებში. ეს გზა ძალიან რთული იყო. უამრავი პრობლემით იყო აღსავსე, თუმცა ყველა სირთულე დავძლიეთ და საბოლოო ჯამში, უკვე ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და არა მარტო მიზანი. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში რეალურია, ევროკავშირში გაწევრიანება. ხშირად, 2030 წელზე არის-ხოლმე საუბარი. აბსოლუტურად რეალურია ის, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. კანდიდატებს შორის, თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

,,სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს”- მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს. გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში“, – წერს მამუკა მდინარაძე.

„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა – სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა. ის ქარტიაზე ხელმოწერას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება მომავალ პარლამენტში იკისროს.

,,ქარტია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა”- ვლადიმერ ბოჟაძე

სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

ბოჟაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, სინამდვილეში კი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში მიხეილ სააკაშვილი.

„სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა. რუსეთის რეზიდენტი, როგორც მის მიერვე შეწყალებული გვარამია ეძახდა, ცდილობს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს: თითქოს 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ოპოზიცია, ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი კი არ დაბრუნდება, არამედ კოალიცია (იგულისხმება ვითომ დაშლილი და გაშლილი ნაცმოძრაობა), მის მიერ წარდგენილი მთავრობა გაატარებს რეფორმებს და 2025 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს ყველაფერი თითქოს.

სინამდვილეში კი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას სრულად აიღებს ხელში მიხეილ სააკაშვილი: შსს-ში დააბრუნებს მერაბიშვილს და სისტემიდან გაუშვებს ყველა ღირსეულ პოლიციელს, გააუქმებს სუს-ს, სასამართლო სისტემას სრულად დაუქვემდებარებს ადეიშვილის პროკურატურას, ციხეებში დააბრუნებს პატიმრების გაუპატიურებას და წამებით სიკვდილს, სპეცრაზმით დაარბევს ყველა მიუღებელ ტელევიზიას და მიწასთან გაასწორებს თავისუფალ მედიას, კეზერაშვილი კვლავ გააკონტროლებს, ჩამოართმევს და გააკოტრებს ბიზნესს, საქართველო დაკარგავს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას, რეალურ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

დაველოდოთ რომელი პარტიები მოაწერენ ხელს ,,რეზიდენტის ქარტიას”, რომელი ენჯეოები, მედიები დაუჭერენ მხარს და სურათი კიდევ უფრო ნათელი გახდება.

,,ქართული ოცნება“ დაიცავს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დაიცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას, დაიცავს ჩვენს ოჯახებს და შვილებს, გავაგრძელებთ ღირსებით სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, დანარჩენს ისე როგორ 2012 წლიდან გადაწყვეტს მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, – წერს ბოჟაძე.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

,,პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ”- ხატია დეკანოიძე

პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე – ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი “ქართული ქარტია” შეაფასა.

მისივე თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა, ძალიან მნიშვნელოვანია.

“მე მომწონს რეფორმები. ყველა რეფორმა, რომელიც ჩამოთვალა საქართველოს პრეზიდენტმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – მე ვიზიარებ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ხოლმე თანხმობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. მე სიტყვა ტექნიკური მთავრობა არ მომწონს, მაგრამ ეს უნდა იყოს რეფორმების განმახორციელებელი ხელისუფლება და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მომავალზე, როგორც პოლიტიკურად, ისე რეფორმების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა”, – განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – “ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ქარტიის” ტექსტს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ქარტიის” ტექსტს ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

ეს ნაბიჯებია:

ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება

დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა.

ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია.

მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა

სასამართლოს გათავისუფლება

გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;

შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;

შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;

შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;

სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;

მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:

ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:

დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;

ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;

იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.

საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:

სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;

ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.

საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.

რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:

პროკურატურას

გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით

საპროკურორო საბჭო გაძლიერდება

სუსი/შსს

ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.

ანტიკორუფციულ სააგენტოს

გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით.

სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

ეროვნულ ბანკს

დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.

გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.

მარეგულირებელ ორგანოებს

გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.

საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები:

დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა

ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ”, – ნათქვამია ქარტიაში.