2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემა იყო, – ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა აღნიშნა, რომ წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე უკავშირდება სწორედ „ქართული ოცნების“ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას.
„ჩვენ კი გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიის შუქურა იყო, მაგრამ რეალურად უდიდესი პრობლემები იყო, პირველ რიგში ქვეყანაში, თუნდაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გვახსოვს, განსხვავებულ აზრს როგორც ემუქრებოდნენ, როგორ დასდევდნენ. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო
თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს. რა გაკეთდა – გავაკეთოთ შედარებები, მაშინ რამდენი კეთდებოდა და ჩვენი ხელისუფლების დროს რამდენი გაკეთდა. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის შედარება. მე მეუხერხულება უბრალოდ, რადგან ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვისაუბრო ამ ყველაფერზე, როგორც დედაქალაქის მერმა ვისაუბრო იმაზე თუ რამდენი რამე გაკეთდა თბილისში. ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა. ეს ყველაფერი შემდეგ აისახება არჩევნებზე მხარდაჭერით. იმიტომ არის დღეს „ქართული ოცნება“ ამდენი წელი ხელისუფლებაში“, – განაცხადა კალაძემ.