Home Blog Page 88

გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს

ძვირფასო პოლიციელებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს – იმედი მაქვს, შეასრულებთ იმ დიდ მისიას, მივცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, პოლიციელებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები.

„უნდა მივმართო შსს თანამშრომლებს. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ძალიან ბევრჯერ და ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ყოველთვის იდექით სწორ მხარეს, მაშინ, როცა სახელმწიფოს ყველაზე უფრო სჭირდებოდა. დღეს მაშინ, როცა არჩევნებამდე არის სულ რამდენიმე დღე დარჩენილი, თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი, მშვიდ და თავისუფალ გარემოში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნები იქნება სულ რამდენიმე დღეში. მე არასდროს არ ვიკადრებ თქვენ მოგიწოდოთ ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით. მოგვიწევს, ზუსტად ისე როგორც გაგვიკეთებია ადრე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქეების ღირსება, ჯანმრთელობა და მშვიდი ძილის უფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ იმ დიდ მისიას – მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ის არჩევანი, რომელიც არის სამართლიანი, ევროპული, ეროვნული და განვითარებული სახელმწიფო“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც მან განმარტა შსს-ის ფუნქცია ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაში არის მნიშვნელოვანი.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის 3 ათასი საარჩევნო უბანი. ეს არის 3 ათასი პოტენციურად დაძაბულობის წერტილი და ლოკაცია, რომელსაც სჭირდება მართვა. ეს ძალიან რთული პროცესია. შსს-ის თანამშრომლები და პოლიციელები უკვე ემზადებიან ამ ღონისძიების ჩასატარებლად. მთავარია, ამ ადამიანებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები. ეს არის მთავარი. ძალიან კარგად ვიცი პოლიციელების ნება და სურვილი ემსახურონ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა შეასრულონ პარტიული ბოსების დავალებები“,- განაცხადა გახარიამ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი. ასევე განთავსდება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

„აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. კონცეფციის პრეზენტაცია, მოწვეულ სტუმრებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძემ მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ახალი კონცეფციის თანახმად, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია. საავადმყოფო 700-მდე საწოლზე იქნება გათვლილი, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებას უზრუნველყოფს.

სამედიცინო დაწესებულებაში იფუნქციონირებს მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, ასევე – კლინიკური თუ პათომორფოლოგიური ლაბორატორიები.

გარდა აღნიშნულისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა, სადაც განთავსდება სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე: ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, ჰიბრიდული საოპერაციოები.

კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას. სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვთა ინფექციური ბლოკი. ასევე, გაიხსნება ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

ასევე, კონცეფციის მიხედვით, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 42 000 კვ.მ გამწვანებასა და სარეკრეაციო ზონას.

შედეგად, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, სადაც პაციენტები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიიღებენ”,- აღნიშნავენ სამინისტროში.

კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს ფაშისტი უწოდა – ავთანდილ წულაძე

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ორივე კანდიდატს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს. ჰარისის და ტრამპის საარჩევნო შტაბები იბრძვიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებაზე.

კამალა ჰარისი ფსონს დებს რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპისტებსა და ტრადიციულ რესპუბლიკელებს შორის განხეთქილებაზე. ჰარისი ამომრჩევლებს ხვდება ლიზ ჩეინისთან ერთად, დიკ ჩეინის ქალიშვილთან. დიკ ჩეინი იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციაში. ლიზ ჩეინი წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის „ძველი გვარდიის“ ინტერესებს, „რეიგანისტებს“, რომლებიც დონალდ ტრამპის იზოლაციონიზმს აშშ-ის გლობალური ინტერესებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

კამალა ჰარისი ასევე იყენებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკების გამოთქმებს, რომ ტრამპი საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. მაგალითად, ჯონ კელის, ოთხვარსკვლავიანი გენერლის, რომელიც ხელმძღვანელობდა ტრამპის ოფისს 2017-2019 წლებში, მიცემულ სკანდალურ განცხადებას გაზეთ The New York Times-ისთვის, რომ დონალდ ტრამპი არის „ფაშისტი“ და აპირებს მართოს, როგორც დიქტატორი. https://www.nytimes.com/2024/10/22/us/politics/john-kelly-trump-fitness-character.html

 CNN-ის ოფისში კამალა ჰარისის პრესკონფერენციაზე წამყვანმა ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა იგი დონალდ ტრამპს ფაშისტად, რაზეც ჰარისმა დადებითი პასუხი გასცა. https://edition.cnn.com/2024/10/23/politics/takeaways-kamala-harris-town-hall/index.html

ჯო ბაიდენის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ასევე დაადასტურა CNN-თან ამ ოთხშაბათს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ფაშისტად მიიჩნევს. https://edition.cnn.com/2024/10/23/politics/biden-trump-fascism/index.html

დემოკრატები ადრეც ასახავდნენ დონალდ ტრამპს, როგორც პოტენციურ დიქტატორს და საფრთხეს შეერთებული შტატების დემოკრატიული ღირებულებებისთვის. თუმცა, იარლიყი „ფაშისტი“ არ გამოიყენებოდა ტრამპთან მიმართებაში. არჩევნების ბოლო ეტაპზე კამალა ჰარისის შტაბმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა თავისი კანდიდატის რიტორიკა, რათა გავლენა მოეხდინა გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე.

ჟურნალ Politico-ს მოჰყავს NPR/PBS News/Marist-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც „დემოკრატიის დაცვა“ გადამწყვეტი ფაქტორია დემოკრატების 72%-ის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 63%-ისა და რესპუბლიკელების 55%-ისთვის. https://www.politico.com/news/2024/10/23/elizabeth-neumann-john-kelly-trump-warnings-00185181

ჰარისის კამპანია ასევე ეყრდნობა გამოკითხვის მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად პიროვნებად პოზიციონირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე.

დონალდ ტრამპი უარყოფს ყოფილი ქვეშევრდომების ბრალდებებს და ეყრდნობა პოპულისტურ დაპირებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპის უმსხვილეს სპონსორებს შორის არიან ლას-ვეგასში კაზინოს მფლობელი მირიამ ადელსონი და ლეგენდარული ბიზნესმენი ილონ მასკი. ადელსონი ამჯობინებს კულისებიდან გავლენას საარჩევნო კამპანიაზე, ხოლო მასკი აქტიურად მონაწილეობს დონალდ ტრამპის კამპანიაში.

ილონ მასკი არ არის მხოლოდ მდიდარი ბიზნესმენი. ის გახდა აშშ-ს ტექნოლოგიური ლიდერობის სიმბოლო. ილონ მასკი არის ერთგვარი “სუპერმენი” ბიზნეს სამყაროში. მსახიობ რობერტ დაუნი-უმცროსის მიერ შექმნილი “რკინის კაცის” პოპულარული პერსონაჟი დიდწილად შეესაბამება ილონ მასკის იმიჯს.

ამავე დროს, ბეტმენის როლის ლეგენდარულმა შემსრულებეკმა მაიკლ კიტონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აკრიტიკებს მათ, ვინც მხარს უჭერს ტრამპს და მასკს.

https://www.foxnews.com/media/michael-keaton-berates-trump-musk-supporters-says-heroes-think-theyre-stupid

ასე რომ, სიმბოლურად, “ბეტმენი” ბრძოლაში შევიდა “რკინის კაცთან” ილონ მასკთან კამალა ჰარისის მხარდასაჭერად.

პოპ კულტურის მიერ შექმნილი პერსონაჟები დიდ როლს თამაშობს ამერიკის პოლიტიკაში. ილონ მასკის მონაწილეობამ დონალდ ტრამპის კამპანიაში უკვე გამოიღო შედეგი – ტრამპის რეიტინგმა გაუმჯობესება დაიწყო.

მაგრამ კამალა ჰარისს ჯერ არ გამოუყენებია თავისი კოზირი – მომღერალი ტეილორ სვიფტი. ტეილორ სვიფტმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მხარს უჭერს კამალა ჰარისს, თუმცა  ჯერ არ მიუღია აქტიური მონაწილეობა ჰარისის კამპანიაში. ვინაიდან გადაუწყვეტელი ამომრჩევლები იღებენ გადაწყვეტილებას კენჭისყრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ დროს იქნება ტეილორ სვიფტი აქტიური კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში. სვიფტი ყველაზე პოპულარული მომღერალია შეერთებულ შტატებში, რომელიც ცნობილია თავისი ლიბერალური შეხედულებებით. თუ ტეილორ სვიფტი დაგმობს “ფაშისტ” დონალდ ტრამპს, ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი მომენტი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ავთანდილ წულაძე

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ. 

სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.  

გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.

ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება – The New York Times

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 24 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება“ (ავტორი – ჯოშუა კუჩერა, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთს შორის „ვნებიანი სასიყვარულო კავშირი“ არსებობდა. აქ, გეოგრაფიულად მიუდგომელ კავკასიაში – რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის – მდებარეობს პატარა და მამაცი ქვეყანა, რომელიც თავს დასავლეთის ნაწილად თვლიდა. ევროკავშირის დროშები ყველა სამთავრობო შენობაზე იმ დროიდან ფრიალებდა, როცა ბლოკის წევრობა ფანტაზიად ითვლებოდა. ქართველები, როცა გაიგებენ, რომ თქვენ ამერიკელი ხართ, თითქმის ყოველთვის გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს და პატივისცემას აშშ-სადმი და მადლობას გეტყვიან მხარდაჭერისათვის თავიანთ საუკუნეობრივ მტერთან – რუსეთთან ბრძოლაში.

მრავალი წლის განმავლობაში ქართველების ასეთ დამოკიდებულებას თბილად ხვდებოდნენ ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში, სადაც თბილისი სასურველ პარტნიორად ითვლებოდა. საქართველო იყო შთამბეჭდავი მაგალითი დასავლურ ფასეულობათა გავრცელების საქმეში და სტრატეგიული ფორპოსტი პოსტსაბჭოთა სივრცის სიღრმეში დასავლური გავლენის გასაფართოებლად.

მაგრამ იმდროინდელი რომანტიკა დღეს კრახის საფრთხის წინაშე დგას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აშკარად და ღიად ამჟღავნებს მტრობას თავის დასავლელი პარტნიორების მიმართ. დასავლელებმა, თავის მხრივ, საქართველოს საპასუხო დარტყმა მიაყენეს – სანქციები დაუწესეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. დაძაბულობა დღეისათვის თავის პიკს აღწევს იმდენად, რამდენადაც ქართველები 26 ოქტომბერს საპარლამეტო არცევნებში ხმის მისაცემად ემზადებიან. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მმარტველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან და თან ამ დროს მოჩვენებით მიუკერძოებლობას ინარჩუნებენ.

საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში არასაიმედოა და ამიტომ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში ის ფაქტორები და პრობლემები, რომლებმაც ქვეყანა დასავლეთის წინააღმდეგ განაწყვეს, არსად არ გაქრებიან. ისევე როგორც გაკოტრების პროცესი მიდის ხოლმე ნელ-ნელა, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის კრახიც თანდათანობით მიმდინარეობდა, მაგრამ უეცრად აჩქარდა და იმ დონემდე მივიდა, რომ მისი აღდგენის თითქმის არავითარი გარანტია არ არსებობს.

ამჟამინდელი კრიზისის უშუალო მიზეზი გახდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ომის დაწყებისთანავე „ქართულმა ოცნებამ“ უკიდურესად ფრთხილი პოზიცია დაიკავა და უარი თქვა რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიციის დაკავებაზე. 2008 წელს საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთთან ომი და როცა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, გაიღვიძა შიშის გრძნობამ, რომ შეიძლება ყველაფერი ისევ განმეორდეს.

დასავლელეი პოლიტიკოსები თავდაპირველად გაგებით ეკიდებოდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტს. მათ ობიექტურად შეაფასეს ქვეყნის მყიფე მდგომარეობა: ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მართლაც არ ჰქონდა უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთის მხრიდან, მიუხედავად მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობისა, რომ ნატოს წევრი გამხდარიყო. ამავე დროს, ინარჩუნებდა რა ნეიტრალიტეტს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, საქართველომ გასულ წელს განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მიანიჭეს კიდეც.

მაგრამ სიტუაცია სწრაფად უარესდება – „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მარჯვნივ იხრება, დაიწყო შეთქმულების თეორიის პროპაგანდა, რომლის თანახმად, „ომის გლობალური პარტია“ საქართველოს, დასავლეთის სახით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში ჩაბმისაკენ უბიძგებს. მთავრობის მტკიცებით, შინაური ოპოზიცია „ომის გლობალურ პარტიასთან“ არის დაკავშირებული.

„ქართულმა ოცნებამ“ შეტევა განახორციელა მასმედიასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. მმართველი პარტიის მტკიცებით, ისინი დასავლეთის მითითებებს და ბრძანებებს ასრულებენ, რათა ოპოზიცია ხელისუფლებაში მოიყვანონ. მიმდინარე წელს, მასობრივი პროტესტების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის თანახმად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, თუ ისინი ტავიანთ შემოსავლებს არ დააფიქსირებენ, „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდებიან. ეს კანონი ასოცირდება რუსეთთან, სადაც მსგავსი სამართლებრივი აქტის მეშვეობით კრემლი კრიტიკულ ხმებს ახშობს.

აშშ-მა და ევროკავშირმა მკცრი რეაგირება მოახდინეს. ბოლო რამდენიმე თვეში ვაშინგტონმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები შემოიღო ათობით ქართველი ჩინოვნიკის მიმართ, აგრეთვე გააუქმა ერთობლივი სამხედრო წრთვნები. თავის მხრივ, ბრიუსელმა საქართველოს, როგორც კანდიდატს, ევროკავშირში მიღების პროცესი შეუჩერა. მოკლედ, ურთიერთობა რეკორდულად დაბალ დონეზე იმყოფება.

ყოველივე ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ უკრაინის ომის გამო კავკასიის რეგიონს ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. ევროპა ცდილობს ახალი სატრანსპორტო მარშრუტები შეიმუშავოს აზიისაკენ, რუსეთის გვერდის ავლით. მართლაცდა, თუ თქვენ ირანის ტერიტორიის გავლა არ გინდათ, მაში კავკასია ერთადერთი სესაძლებელ გზას წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ – ევროპიდან აზიისაკენ და პირიქით. ევროპა ისწრაფვის, რომ დამოკიდებული არ იყოს რუსულ ენერგოშემცველებზე, ამიტომ ბრიუსელი აზერბაიჯანული გაზის ყიდვას აფართოებს, რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის. ევროკავშირი აფინანსებს რუმინეთთან დამაკავშირებელ მძლავრი წყალქვეშა ელექტროკაბელის ჩადებას შავი ზღვის ფსკერზე.

იმავდროულად აშკარაა, რომ ევროპას საქართველო უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე პირიქით – საქართველოს ევროპა. ამას წინათ მთავრობამ კონტრაქტი დადო შავი ზღვის ნავსადგურის – ანაკლიის მშენებლობის მიზნით ჩინურ კონსორციუმთან, პეკინის ინიაციატივით „ერთი გზა – ერთი სარტყლის“ ჩარჩოებში. დასავლელი ოფიციალური პირები საჯაროდ აფასებდნენ ნეგატიურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას – ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის გადაცემას ჩინეთისათვის, მაგრამ კერძო საუბრებში დიპლომატები აღიარებენ, რომ არცერთი დასავლური კამპანია არ იყო მზად პორტის მშენებლობისათვის საჭირო თანხების ინვესტირება განეხორციელებინა.

რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე. რვა წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ვაჭრობა, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-სთან მიმართებით, ძალიან სეზღუდული რჩება. საქარტველოსთან ვაჭრობაში დომინირებს არა ევროკავშირი, არამედ მისი უშუალო მეზობელი და მოსაზღვრე ქვეყნები. ისევე როგორც სხვებმა რეგიონში, საქართველომაც ეკონომიკურად კარგად ისარგებლა რუსეთის იზოლირებით დასავლური ბაზრებიდან. მაგალითად, ალჟამად საქართველო დასავლურ ავტომანქანებს რუსეთში ჰყიდის და აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეტ იმ საწარმოებთან, რომლებიც რუსი ემიგრანტების მართვის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ჩანს, ამ მოვლენებმა განაპირობეს და დაარწმუნეს „ქართული ოცნება“ იმაში, რომ ნაცვლად დასავლეთისადმი პოლიტიკური ლოიალობის გამოჩენისა, თბილისი უფრო ეკონომიკურ გარიგებებზეა ორიენტირებული. „ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ თუ დასავლეთს საქართველო ჭირდება, მაშინ ვაშინგტონი და ბრიუსელი ყურადღებას არ მიაქცევენ მის მზარდ დაუმორჩილებლობასა და გადახრას ავტოკრატიისაკენ. შესაძლოა, „ქართული ოცნება“ თავის გავლენის გადაფასებას ცდილობს, მაგრამ ვერც იმას ვუარვყოფთ, რომ ქვეყანას ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ოდესმე.

ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. ბევრ ქართველს დასავლეთზე იდეალიზებული წარმოადგენა აქვს, რომელიც, როგორც ჩანს, 1990-იან წლებში ჩამოუყალიბდათ – იმ პერიოდში, როცა მსოფლიო ერთპოლუსიანი იყო, მოსახლეობა ევროკავშირის იმედი ჰქონდა და დასავლეთისგან მეტს ელოდებოდა. ხშირად იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართველები ტავიანთი პრობლემების პოლიტიკურ გადაწყვეტას დასავლეთს ანდობდნენ იმის ნაცვლად, რომ თვითონ ეზრუნათ მათ მოგვარებაზე. ოპოზიციის გამარჯვებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კრიზისიდან ხანმოკლე გამოსვლას, მაგრამ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალიები აჩვენებენ, რომ ამჟამად საქართველოს დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ სულ უფრო გულგრილი და დაშორებული ხდება.

ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. არეულობების დაწყების პერსპექტივაც არსებობს: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია არჩევნები გააყალბოს და თუ ეს მართლაც მოხდება, ასეთ შემთხვევაში ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ოპოზიცია ამას შეეგუება. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეეცდებიან შუამავლებად გამოვიდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ვაშინგტონი და ბრიუსელი გრძელვადიან პერსპექტივაში იმას, რომ საქართველო ხელიდან არ გაუსხლტეთ?

წყარო

საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტი არჩევნების წინ მასობრივ მიტინგს ატარებს – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტი არჩევნების წინ მასობრივ მიტინგს ატარებს“ (ავტორი – პოლ კირბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 სამი დღის ადრე მანამდე, სანამ ქართველები ხმას მისცემენ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მათი ქვეყნის მომავლისათვის გადამწყვეტად ითვლება, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს მოწოდებით მიმართა: „ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და არა ომს“.

ხელისუფლებაში 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „ქართული ოცნება“ სიძნელეებს აწყდება ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლაში, რომ კავკასიურ სახელმწიფოში ისევ მმართველ ძალად დარჩეს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ბრალს სდებს იმაში, რომ  მათ სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში, თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვთ: საით წავა ქვეყანა – რუსეთისაკენ თუ ევროპისაკენ.

ბიზინა ივანიშვილმა, რომელიც საქარტველოში ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, თბილისის ცენრში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს გამოუცხადა, რომ მათ ღირსეული ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელიც თანასწორობაზე იქნება დამყარებული“.

ქარტველტა დიდი უმეტესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა, მაგრამ ევროკავშირმა საქართველოს ბლოკში წევრად მიღების პროცესი შეუჩერა – ბრიუსელი მკაცრად აკრიტიკებს თბილისს დემოკრატიიდან უკანდახევისა და ისეთი კანონების მიღების გამო, რომლებიც ევროპულ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული და ადამიანის უფლებებს არღვევს.

ოპოზიცია მმართველ პარტიას დასავლური ინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს. ამასთან, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყანა 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრი გახდება.

საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში საიმედოდ არ ითვლება, მაგრამ მაინც გარკვეული ტენდენციას აჩვენებს. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რბოლას იგებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თუ ოთხი ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში წარმატებას ვერ მიაღწევს და  ერთპარტიულ მთავრობას ვერ შექმნის.

გასულ კვირას ოპოზიციის მომხრეებმა თავისუფლების მოედანზე ანტისამთავრობო მიტინგი ჩაატარეს, გუშინ კი „ქართული ოცნებამ“ იმავე ადგილზე თავის მომხრეთა დიდი თავყრილობა მოაწყო, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა დამცავი მინით აღჭურვილი ტრიბუნიდან მიმართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც იმავდროულად „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიც არის, საქართველოს „ე.წ. დასავლელ მეგობრებს“ ქვეყნის საშინაო საქმეებში ცარევა დააბრალა და განაცხადა: „ჩვენ არავის ვასალები არ ვიქნებით და სხვის სურვილებს არ შევასრულებთ“.

შესაძლოა, ეს სიტყვები ყველა თბილისელის ან ქვეყნის მსხვილი ქალაქების მოსახლეობის სულს და გონებას ვერ დაიპყრობს, მაგრამ რეგიონებში და სოფლებში სიტუაცია სხვაგვარია. „მე არ მომწონს „ქართული ოცნება’, მაგრამ მძულს „ნაციონალური მოძრაობა. თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ჩვენ მშვიდობა გარანტირებული გვექნება“, – ამბობს ლალი, 68 წლის თბილისელი ამომრჩეველი.

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის ხუთდღიანი ომი რუსეთთან, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა იყო და როცა რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა. სიტუაცია დღესაც არ შეცვლილა.

ოპოზიცია აცხადებს, ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს, მაგალითად, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მეხანძრეებს და მასწავლებელებს აშინებენ და აიძულებენ, რომ ხმა მმართველ პარტიას მისცენ. „ემუქრებიან, რომ ისინი სამუშაოს დაკარგავენ. ეუბნბიან, რომ ყველაფერს შეამოწმებენ, ვინ რომელ პარტიას მისცა ხმა“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, – „ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რეგიონებში“.

„ერთანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა იმ ოთხ დაჯგუფებას შორის, რომლებიც არცევნების სედეგად მმართველი პარტიის დამარცხება სურთ. ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მთავრობა „ნაციონალებს“ და ყველა სხვა მსგავს პარტიებს აკრძალავს, როგორც „ხალხისა და ქვეყნის მტრებს“. მანამდე კი, მაისში, საპროტესტო აქციების ფონზე, მმარტველმა პარტიამ ისეთი კანონები მიიღო, რომლებიც დასავლურ (ევროპულ) დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველებს მოუწოდებს, რომ არ შეშინდნენ. იგი ხშირად გამოდის ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხების ეთერში.

საქარველო იმდენად პოლიტიზებული ქვეყანას წარმოადგენს, რომ მთავრობის მხარდამჭერი მსხვილი ტელეარხები რომელიმე მოვლენის შესახებ ერთ ისტორიას აჩვენებენ, ოპოზიციური კი მეორეს, სრულიად განსხვავებულს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის ევროპული კურსის ერთგულია და ევროკავშირის წევრობა სურს. მის პარტიულ ლურჯი ფერის დროშაზე ევროკავშირის ვარსკვლავებია ასახული – მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

მაგრამ ერთ-ერთი მისი პარტიული წინასაარჩევნო პლაკატი განსაკუთრებით შემზარავია, რომელზეც ექვსი ოპოზციური ლიდერია გამოსახული წარწერით „არა ომს, არა აგენტებს“.

ყოველივე ეს კარგად თავსდება „ოცნების“ პარტიულ რიტორიკაში „გლობალური ომის პარტიის“ თაობაზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომისაკენ უბიძგებს, ოპოზიცია კი ამ მხრივ დასავლეთის შეკვეთას ასრულებს.

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის ნატალია საბანაძის ვარაუდით, როგორც ჩანს, საქართველო სამოქმედოდ უნგრულ მოდელს ირჩევს, ვიქტორ ორბანის სტილით: „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებით თავისი მმართველობის სისტემა ლეგალურად განამტკიცოს – ისე, როგორც უნგრეთშია… მაგრამ მათ უმრავლესობა არ უნდა მიიღონ“, – თვლის ყოფილი ელჩი.

წყარო

თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც – ვახტანგ გომელაური

xr:d:DAFa9IDn-mo:9,j:4071829105,t:23022117

თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად – სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლთან გაზის შერევის დასაშვებობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოსაკვლევი და გამოსაძიებელია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მედიის მიერ გავრცელდა.

„ავთენტური იყო თუ არა ეს ჩანაწერი, საკითხავია და ალბათ, გამოსაძიებელია და სანახავია, ნამდვილი იყო თუ არა, აწყობილი იყო თუ არა. მივხედავთ მაგასაც. ეს ბრძანება გამოცემული იყო 2015 წელს, რომელიც შეიცვალა 2021 – გამოვიყენეთ პრაქტიკა ევროპული ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ქვეყნების, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლია გამოიყენო. სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად. ახალ ბრძანებაში წერია, რომ გაუქმებულია წინა 2015 წლის ბრძანება და შეიძლება გამოიყენო ერთდროულად წყალი და გაზი და არა მარტო ეს – ევროპაში იყენებენ საპოლიციო ძაღლებსაც აქციის დასაშლელად. ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ, პოლიციელებს თავები დაუტეხეს და ეგ შეიძლებოდა?!“.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით – პრემიერი

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. პირველ ადგილზე ვართ, როგორც რეგიონში, ასევე ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ეს არის ამ წლის მონაცემები და ასევე, საშუალოვადიანი პროგნოზითაც, საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, კონკრეტული პროგნოზი არის მოცემული ციფრებში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგნოზსაც კი გადაჭარბებით შევასრულებთ. ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება  აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – განაცხადა პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლება აღნიშნულ იდეაზე პოტენციურ ოპერატორებსა და წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„ჩვენ ხშირად აქცენტს ვაკეთებთ ტრანზიტზე, თუმცა, როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სატრანზიტო ოპერაციებს. ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის იყოს მიმართული ეს ინფრასტრუქტურა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამატებითი საწარმოო კლასტერი შევქმნათ, მათ შორის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც იდეაში რეალიზებაშია. რამდენიმე წლის განმავლობაში, პორტის განვითარების პარალელურად, ჩვენ ვესაუბრებოდით პოტენციურ ოპერატორებს, წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასეთი ტიპის სამრეწველო ზონებს ოპერირებენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი პარტნიორი გვყავდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. შეიძლება ჩვენც განვახორციელოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. საწყის ეტაპზე ასევე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. შეიძლება ადგილობრივი ინვესტორებიც გვყავდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მოვიზიდოთ ისეთი პროფესიონალი კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ის თავის მხრივ შეძლებს, რომ ზონაში საინტერესო ინვესტორები მოიზიდოს. ასეთ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პაციენტს კლინიკებში VIP მომსახურებით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე შეეძლება

მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას.

აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო.

„ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება და ასევე, სამედიცინო პერსონალისა და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენას. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ. ეს მიდგომა ერთი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო. მეორე მხრივ, ეს წესი უზრუნველყოფს პაციენტის გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებას. დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის თითოეული სახის მომსახურების შეთავაზებაზე ლიმიტები. ასევე, სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსაგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება სამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ, საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე კლინიკების ინტერესებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

სტრასბურგმა წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ორი დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს, ამ რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

„რა ეშველება ახლა იმ რეზოლუციებს, განცხადებებს, შეშფოთებებს, რომლებიც ერთმა კვლევამ წყალში ჩაყარა?! კანონის უზენაესობის ინდექსი ამერიკული ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული მსოფლიოს წამყვანი კვლევაა, რომელიც 142 ქვეყანას და მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ფარავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

20%-იანი გადახდის პირობებში, კორონავირუსის პანდემიის დროს დაჯარიმებული კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან – პრემიერი

კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე – 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება.

„კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისთვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება“,-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამასთან, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი.

„ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. მუდმივად აყენებდნენ ამ პრობლემას კლინიკები. კონკრეტული ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს, რადიკალურად შემცირება იგეგმება. შედეგად არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. ასევე, დარეგულირდება ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას ცხადს და სამართლიანს გახდის“, – აღნიშნა პრემიერმა.