ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება – The New York Times

40
spot_img

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 24 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება“ (ავტორი – ჯოშუა კუჩერა, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთს შორის „ვნებიანი სასიყვარულო კავშირი“ არსებობდა. აქ, გეოგრაფიულად მიუდგომელ კავკასიაში – რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის – მდებარეობს პატარა და მამაცი ქვეყანა, რომელიც თავს დასავლეთის ნაწილად თვლიდა. ევროკავშირის დროშები ყველა სამთავრობო შენობაზე იმ დროიდან ფრიალებდა, როცა ბლოკის წევრობა ფანტაზიად ითვლებოდა. ქართველები, როცა გაიგებენ, რომ თქვენ ამერიკელი ხართ, თითქმის ყოველთვის გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს და პატივისცემას აშშ-სადმი და მადლობას გეტყვიან მხარდაჭერისათვის თავიანთ საუკუნეობრივ მტერთან – რუსეთთან ბრძოლაში.

მრავალი წლის განმავლობაში ქართველების ასეთ დამოკიდებულებას თბილად ხვდებოდნენ ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში, სადაც თბილისი სასურველ პარტნიორად ითვლებოდა. საქართველო იყო შთამბეჭდავი მაგალითი დასავლურ ფასეულობათა გავრცელების საქმეში და სტრატეგიული ფორპოსტი პოსტსაბჭოთა სივრცის სიღრმეში დასავლური გავლენის გასაფართოებლად.

მაგრამ იმდროინდელი რომანტიკა დღეს კრახის საფრთხის წინაშე დგას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აშკარად და ღიად ამჟღავნებს მტრობას თავის დასავლელი პარტნიორების მიმართ. დასავლელებმა, თავის მხრივ, საქართველოს საპასუხო დარტყმა მიაყენეს – სანქციები დაუწესეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. დაძაბულობა დღეისათვის თავის პიკს აღწევს იმდენად, რამდენადაც ქართველები 26 ოქტომბერს საპარლამეტო არცევნებში ხმის მისაცემად ემზადებიან. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მმარტველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან და თან ამ დროს მოჩვენებით მიუკერძოებლობას ინარჩუნებენ.

საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში არასაიმედოა და ამიტომ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში ის ფაქტორები და პრობლემები, რომლებმაც ქვეყანა დასავლეთის წინააღმდეგ განაწყვეს, არსად არ გაქრებიან. ისევე როგორც გაკოტრების პროცესი მიდის ხოლმე ნელ-ნელა, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის კრახიც თანდათანობით მიმდინარეობდა, მაგრამ უეცრად აჩქარდა და იმ დონემდე მივიდა, რომ მისი აღდგენის თითქმის არავითარი გარანტია არ არსებობს.

ამჟამინდელი კრიზისის უშუალო მიზეზი გახდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ომის დაწყებისთანავე „ქართულმა ოცნებამ“ უკიდურესად ფრთხილი პოზიცია დაიკავა და უარი თქვა რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიციის დაკავებაზე. 2008 წელს საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთთან ომი და როცა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, გაიღვიძა შიშის გრძნობამ, რომ შეიძლება ყველაფერი ისევ განმეორდეს.

დასავლელეი პოლიტიკოსები თავდაპირველად გაგებით ეკიდებოდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტს. მათ ობიექტურად შეაფასეს ქვეყნის მყიფე მდგომარეობა: ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მართლაც არ ჰქონდა უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთის მხრიდან, მიუხედავად მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობისა, რომ ნატოს წევრი გამხდარიყო. ამავე დროს, ინარჩუნებდა რა ნეიტრალიტეტს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, საქართველომ გასულ წელს განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მიანიჭეს კიდეც.

მაგრამ სიტუაცია სწრაფად უარესდება – „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მარჯვნივ იხრება, დაიწყო შეთქმულების თეორიის პროპაგანდა, რომლის თანახმად, „ომის გლობალური პარტია“ საქართველოს, დასავლეთის სახით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში ჩაბმისაკენ უბიძგებს. მთავრობის მტკიცებით, შინაური ოპოზიცია „ომის გლობალურ პარტიასთან“ არის დაკავშირებული.

„ქართულმა ოცნებამ“ შეტევა განახორციელა მასმედიასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. მმართველი პარტიის მტკიცებით, ისინი დასავლეთის მითითებებს და ბრძანებებს ასრულებენ, რათა ოპოზიცია ხელისუფლებაში მოიყვანონ. მიმდინარე წელს, მასობრივი პროტესტების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის თანახმად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, თუ ისინი ტავიანთ შემოსავლებს არ დააფიქსირებენ, „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდებიან. ეს კანონი ასოცირდება რუსეთთან, სადაც მსგავსი სამართლებრივი აქტის მეშვეობით კრემლი კრიტიკულ ხმებს ახშობს.

აშშ-მა და ევროკავშირმა მკცრი რეაგირება მოახდინეს. ბოლო რამდენიმე თვეში ვაშინგტონმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები შემოიღო ათობით ქართველი ჩინოვნიკის მიმართ, აგრეთვე გააუქმა ერთობლივი სამხედრო წრთვნები. თავის მხრივ, ბრიუსელმა საქართველოს, როგორც კანდიდატს, ევროკავშირში მიღების პროცესი შეუჩერა. მოკლედ, ურთიერთობა რეკორდულად დაბალ დონეზე იმყოფება.

ყოველივე ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ უკრაინის ომის გამო კავკასიის რეგიონს ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. ევროპა ცდილობს ახალი სატრანსპორტო მარშრუტები შეიმუშავოს აზიისაკენ, რუსეთის გვერდის ავლით. მართლაცდა, თუ თქვენ ირანის ტერიტორიის გავლა არ გინდათ, მაში კავკასია ერთადერთი სესაძლებელ გზას წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ – ევროპიდან აზიისაკენ და პირიქით. ევროპა ისწრაფვის, რომ დამოკიდებული არ იყოს რუსულ ენერგოშემცველებზე, ამიტომ ბრიუსელი აზერბაიჯანული გაზის ყიდვას აფართოებს, რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის. ევროკავშირი აფინანსებს რუმინეთთან დამაკავშირებელ მძლავრი წყალქვეშა ელექტროკაბელის ჩადებას შავი ზღვის ფსკერზე.

იმავდროულად აშკარაა, რომ ევროპას საქართველო უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე პირიქით – საქართველოს ევროპა. ამას წინათ მთავრობამ კონტრაქტი დადო შავი ზღვის ნავსადგურის – ანაკლიის მშენებლობის მიზნით ჩინურ კონსორციუმთან, პეკინის ინიაციატივით „ერთი გზა – ერთი სარტყლის“ ჩარჩოებში. დასავლელი ოფიციალური პირები საჯაროდ აფასებდნენ ნეგატიურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას – ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის გადაცემას ჩინეთისათვის, მაგრამ კერძო საუბრებში დიპლომატები აღიარებენ, რომ არცერთი დასავლური კამპანია არ იყო მზად პორტის მშენებლობისათვის საჭირო თანხების ინვესტირება განეხორციელებინა.

რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე. რვა წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ვაჭრობა, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-სთან მიმართებით, ძალიან სეზღუდული რჩება. საქარტველოსთან ვაჭრობაში დომინირებს არა ევროკავშირი, არამედ მისი უშუალო მეზობელი და მოსაზღვრე ქვეყნები. ისევე როგორც სხვებმა რეგიონში, საქართველომაც ეკონომიკურად კარგად ისარგებლა რუსეთის იზოლირებით დასავლური ბაზრებიდან. მაგალითად, ალჟამად საქართველო დასავლურ ავტომანქანებს რუსეთში ჰყიდის და აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეტ იმ საწარმოებთან, რომლებიც რუსი ემიგრანტების მართვის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ჩანს, ამ მოვლენებმა განაპირობეს და დაარწმუნეს „ქართული ოცნება“ იმაში, რომ ნაცვლად დასავლეთისადმი პოლიტიკური ლოიალობის გამოჩენისა, თბილისი უფრო ეკონომიკურ გარიგებებზეა ორიენტირებული. „ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ თუ დასავლეთს საქართველო ჭირდება, მაშინ ვაშინგტონი და ბრიუსელი ყურადღებას არ მიაქცევენ მის მზარდ დაუმორჩილებლობასა და გადახრას ავტოკრატიისაკენ. შესაძლოა, „ქართული ოცნება“ თავის გავლენის გადაფასებას ცდილობს, მაგრამ ვერც იმას ვუარვყოფთ, რომ ქვეყანას ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ოდესმე.

ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. ბევრ ქართველს დასავლეთზე იდეალიზებული წარმოადგენა აქვს, რომელიც, როგორც ჩანს, 1990-იან წლებში ჩამოუყალიბდათ – იმ პერიოდში, როცა მსოფლიო ერთპოლუსიანი იყო, მოსახლეობა ევროკავშირის იმედი ჰქონდა და დასავლეთისგან მეტს ელოდებოდა. ხშირად იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართველები ტავიანთი პრობლემების პოლიტიკურ გადაწყვეტას დასავლეთს ანდობდნენ იმის ნაცვლად, რომ თვითონ ეზრუნათ მათ მოგვარებაზე. ოპოზიციის გამარჯვებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კრიზისიდან ხანმოკლე გამოსვლას, მაგრამ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალიები აჩვენებენ, რომ ამჟამად საქართველოს დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ სულ უფრო გულგრილი და დაშორებული ხდება.

ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. არეულობების დაწყების პერსპექტივაც არსებობს: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია არჩევნები გააყალბოს და თუ ეს მართლაც მოხდება, ასეთ შემთხვევაში ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ოპოზიცია ამას შეეგუება. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეეცდებიან შუამავლებად გამოვიდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ვაშინგტონი და ბრიუსელი გრძელვადიან პერსპექტივაში იმას, რომ საქართველო ხელიდან არ გაუსხლტეთ?

წყარო