Home Blog Page 816

“მმართველმა პარტიამ დააინიცირა კანონი ლგბტქ+ უფლებების გაუქმების შესახებ.“ შფოთავს სენატორი ბენ კარდინი. ამიტომ უნდათ აშშ-ი კამალა!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მმართველმა პარტიამ დააინიცირა კანონი ლგბტქ+ უფლებების გაუქმების შესახებ.“ შფოთავს სენატორი ბენ კარდინი. ამიტომ უნდათ აშშ-ი კამალა! ჩვენთან კი მისი ამალა – შარვალჩადილები! ნამუსწახდილები! ნიკები, ლяკები, კიკუები, ლელოები და ლომჯარიები!

ეხლა პასუხი ჩვენზეა!“,-წერს გოგა ხაინდრავა.

ბენ კარდინი სოციალურ ქსელში, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ მსგავსი კანონის მიღება, კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს, დემოკრატიისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ნდობას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0236 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს – თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან, გარდა დაჭერებისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა – სასაცილოა ეს ყველაფერი – სააკაშვილი

ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან, გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი მმართველი გუნდის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში „ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება“ გამოგვიცხადეს.

„ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა.

დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ.

ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ამდენად საშიში რომ არ იყოს. მათ ცესკოს ღობე შემოავლეს, ჩვენ კიდევ 26-ში ისეთი საარჩევნო კედელი უნდა აღვმართოთ, რომელსაც ვერც შესწვდება და ვერც გაარღვევს ათი ივანიშვილიც კი, იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს ამაყი, თავისუფლების მოყვარე და მებრძოლი ერი. ამ რწმენამ ჩამომიყვანა, ამიტომ ვარ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

გილოცავთ თავდაცვის აკადემიის დღეს და სასწავლო კურსების დასრულებას! – შალვა პაპუაშვილი

მოგესალმებით საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საამაყო სასწავლებელში, ადგილში, სადაც ყველაზე მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით ძგერს სამშობლოს მცველთა გულები. გილოცავთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეს და სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებას! – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მე-10 და საკანდიდატო კურსის მე-19 გამოშვებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალია.

მისი თქმით, თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, მათ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს და ეს ყოველთვის ასე იქნება.

,,დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებით საამაყოა თავდაცვის ძალების წევრობა. ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, უამრავი ქართველის ოცნება იყო, ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცი. დღეს თქვენთვის ეს ოცნება რეალობად იქცა.

გილოცავთ სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულებას. დღეიდან გექნებათ პატივი და უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭით, თქვენი განათლებით, თქვენი ყოველდღიური ძალისხმევითა და საქმიანობით კიდევ უფრო განამტკიცოთ სამშობლოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი მომავალი.

საქართველოს ჯარის გაძლიერება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ერისაც და ბერისაც, მთავრობისაც და ხალხისაც, ქალისაც და კაცისაც. ამიტომაცაა, რომ წლიდან წლამდე ვზრდით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, განვამტკიცებთ ჩვენს თავდაცვის უნარიანობას, საუკეთესოდ აღვჭურავთ ჩვენს ჯარს, ვაძლევთ ქვეყანაში საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას. მთავრობა და პარლამენტი მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფო მშვიდობიანად განვითარდეს და მეორე მხრივ, კარგად მომზადებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს თავდაცვის ძალები. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალია. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, თქვენ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ და ეს ყოველთვის ასე იქნება.

მადლობას გიხდით ეროვნული თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს, რომლებიც აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერლის მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, სულს და გულს დებთ თავდაცვის ძალების ოფიცერთა ახალი თაობების აღზრდაში. განუზომელია თქვენი წვლილი სამშობლოს წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების და სტუდენტების ოჯახის წევრებს. თქვენ მაგალითს გვაძლევთ იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსადმი ერთგულება. მადლობა თქვენი პატრიოტიზმისთვის, მადლობა ასეთი შვილების აღზრდისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ პატივს – გერქვათ ქართველი ოფიცერი – და გისურვებთ მშვიდობიან ცას, რადგან არავინ უფრო უკეთ არ იცის მშვიდობის ფასი, ვიდრე მან, ვისაც ამ მშვიდობის დაცვა აბარია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ – მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე წარსდგნენ. ღონისძიებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრო.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულ ოფიცრებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და ცეცხლის კერები უყურადღებოდ არ დატოვონ.

ისინი ასევე, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ „112“-ში დარეკონ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება

„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

„დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, ნაყოფია დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო, სერიოზული, სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას. ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა. დღევანდელი ოპოზიციური ძალები, დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. ეს არის გარდაუვალი. პირადად მქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან. მინდა მადლობა ვუთხრა მას. ეს კარგად ესმის მას, ამ ერთიანობის სულის ჩამდგმელია, მუდმივად ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ბევრი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი, პატრიოტები გაერთიანდნენ, რადგან ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია.

თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში, ან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაიბრუნებს იმ დიდ შანს, რაც გააჩნია – ისტორიულ არჩევანს, ევროპას.

არჩევანი მარტივია ამომრჩევლისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებაში. ხატია დეკანოიძისნაირი ადამიანები ამ გამარჯვების მოახლოებას კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე“, – აღნიშნა ნაყოფიამ.

10-12 წლის წინ მევენახეების შემოსავალი კახეთში 50 მლნ ლარი იყო, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება, რაც ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია – ოთარ შამუგია

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა დარგის განვითარებისთვის.

„სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერამ და კერძო სექტორთან, მეღვინეებთან, კომპანიებთან აქტიურმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს და რაც გამოიხატა როგორც წარმოების, ისე ღვინის ექსპორტის ზრდაში. თუ 10-12 წლის წინ კახეთში ჩვენი მევენახეების შემოსავალი იყო წლიურად 50 მლნ, წელს ველოდებით, რომ მინიმუმ 350 მლნ იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. თუ ღვინოზე მოთხოვნა არ იქნება, რა თქმა უნდა, ყურძნის ფასიც ვერ იქნება შესაბამისი. ამიტომ ჩვენ, ვეხმარებით კომპანიებს, მევენახეებს, ვეხმარებით დარგს მთლიანობაში, დაწყებული პირველადი წარმოებიდან დამთავრებული მისი რეალიზაციით. მსოფლიო ბაზარზე მარკეტინგული ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას მივმართავთ ყოველწლიურად. მხოლოდ და მხოლოდ მეტი მოთხოვნა ღვინოზე განაპირობებს, რომ ყურძენზე ფასი იყოს უფრო მაღალი. შარშან, რქაწითელზე მინიმალური ფასი 90 თეთრის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საშუალო ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით, 1 ლარი და ხუთი თეთრი. წელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფასი განსაზღვრულ მინიმალური ფასზე მაღალი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ კერძო სექტორმა მაქსიმალურად მოახდინოს ყურძნის შესყიდვა და შემდგომ უკვე ღვინის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.

თიბისი კონცეპტი და Mastercard წარმოგიდგენთ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 2024 წლის შემოდგომის სეზონს

თიბისი კონცეპტი და Mastercard-ი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემოდგომის სეზონის 2024 წლის ოფიციალური მხარდაჭერები არიან. ამ პარტნიორობის გარფლებში, თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ.

შემოდგომის სეზონის განმავლობაში,  თეატრში არსებული მე-8 რიგის ბილეთების შეძენას, მთელი სეზონის განმავლობაში, ექსკლუზიურად მხოლოდ თიბისის კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები შეძლებენ.

სრული სეზონის ბილეთების გაყიდვა 21 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.

სექტემბრის თვის პროგრამა:

ვკვდები როგორც ქვეყანა – 26 სექტემბერი

რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა” სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება.

რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი

პეტრა ფონ კანტის მწვანე ცრემლები – 27 სექტემბერი

რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.

მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.

რეჟისორი: დავით მღებრიშვილი

მედეა – 28 სექტემბერი

კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორც  ეს კოლხეთის მეფის ასულის, მედეას თავგადასავალმა შეძლო.

ვინ იყო მედეა?  ტრაგიკული ქალი? თუ სამშობლოს მოღალატე? … კოლხეთის მეფის ასულზე საზოგადოების აზრი ათასწლეულებია ვერ შეჯერდა…

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ახალი თეატრის დასი შეეცდება ქორეოდრამაში „მედეა“.

რეჟისორი: კოტე ფურცელაძე

ალუბლის ბაღი – 29 სექტემბერი

ალუბლის ბაღი – კომედიაა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, რომლებსაც თითქოს გზა-კვალი აებნათ სწორ საქციელებსა და ისეთ ქცევას შორის, ყოვლად საზიანო და დაუშვებელიც რომ არის… ამბავია ადამიანებზე, რომლებიც ბევრს ფიქრობენ საკუთარ მოვალეობებზე და ალბათ ამიტომ ვერც ერთი ვერ შეასრულეს…

დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ვერსიის ავტორი: ანდრო ენუქიძე

თიბისი კონცეპტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ხელი შეუწყობს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კულტურული ღონისძიებების აქტიური ხელშეწყობა და მხარდაჭერა.

Easy Care თიბისის მხარდაჭერილი პროექტის, Technovation Girls Sakartvelo-ს, ერთ-ერთი გამარჯვებულია

Technovation Girls Sakartvelo-ს წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი, Easy Care-ია. აპლიკაცია, რომელიც შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში გვეხმარება.

ლიკა დეკანაძემ, ნია აბაშიძემ, ენდი აივაზიანმა, ელენა კაზარიანმა და ნინო თებიძემ შექმნეს შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელშიც შესაბამისი საკვები თავსდება. ის დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან და მომხმარებლებს დისტანციურად შეუძლიათ სახლში დარჩენილი ცხოველების გამოკვება.

აპლიკაციაში, საკვების მიწოდების გარდა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაცაა მოცემული. მაგალითად, როგორ მოვუაროთ ცხოველს, რომელ საათზე აჯობებს გამოკვება და უამრავი სხვა რჩევა. ინფორმაციის მაქსიმალური სანდოობისთვის კი მხოლოდ ოფიციალური კვლევები და ექსპერტების რჩევები გამოიყენეს. ამიტომაც სამომავლოდ გუნდის წევრები Easy Care-ის მცირე თუ დიდი ფერმებისთვის შეთავაზებასაც აპირებენ.

Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიებისა და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

R

კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმებაა – სალომე სამადაშვილი

გამდიდრებული, კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება – ეს განცხადება, იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა, – ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და“ ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას გეგმავს.

როგორც სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ასხივებს დამარცხების შიშს, რომელიც იკითხება ყველა ხაზს შორის“.

„არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ იციან, რომ ისტორიულ მინიმალურ შედეგზე გავლენ. ახლა, სასოწარკვეთილად ცდილობენ მოუწოდონ ხალხს, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე. იმ გაღატაკებულ ქართველ ხალხს მოუწოდებენ, რომელსაც ევროპული მომავალი წაართვეს, იმ ხალხს, საიდანაც 1 მილიონი აქცია ეკონომიკურ ლტოლვილად, აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

დღეს გამდიდრებული კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება.

ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ქვეყანას მმართავს გაკოტრებული, რუსული რეჟიმი.

თუ უნდათ სახელმწიფოს გადარჩენა პუტინის რუსეთისგან, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა.ზოგადად, ეს განცხადება, ტექსტი იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, მმართველმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირება იგეგმება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის.

„ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება – Berliner Zeitung

„იმ დროს, როცა ბერლინში ახლა ზაფხულის პაპანაქებაა და პოლიტიკური აქტიურობა მიყუჩებულია, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი სიტუაცია ყოველდღიურად გაზეთების მოწინავე სტატიების სათაურებში ასახული: უკრაინის რეგულარული ჯარების ანაზდეული შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში; დეზერტირების ახალი რეკორდი უკრაინის არმიაში და გამოკითხვის შედეგები, თუ როგორ უყურებენ უკრაინელები სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებს…

უკრაინელი სოციოლოგი ვლადიმერ იშჩენკო ინტერვიუში კომენტარს უკეთებს თავის სამშობლოში შექმნილ სიტუაციას. იგი არ ერიდება მკვეთრ კრიტიკას უკრაინის მთავრობის მიმართ. ვლადიმერ იშჩენკო ის ადამიანია, რომელიც მუდამ ხმამაღლა ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს.“, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში, რომელიც გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ზაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნდა სათაურით „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს იმას, რომ დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკოლას ბუტილინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა აგრძელებს დასავლეთისათვის წინააღმდეგობრივი სიგნალების გაგზავნას: ერთი მხრივ, კიევის არმია კურსკის ოლქის სამხრეთში შეიჭრა, რასაც უკრაინული საზოგადოება ენთუზიაზმით შეხვდა, მაგრამ მეორე მხრივ, ვრცელდება ინფორმაციები მობილიზაციისაგან თავის ამრიდებლების რეკორდული რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება უკრაინის ქალაქ პოკროვსკს – მთავარ ლოჯისტიკურ ცენტრს აღმოსავლეთის ფრონტზე. რუსები ქალაქის „კედლებთან“ უკვე 10-12 კილომეტრში არიან.

[გერმანიაში მყოფი] ვლადიმერ იშჩენკო ამბობს, რომ უკრაინელების ენთუზიაზმი კურსკის ოლქში შეჭრასთან დაკავშირებით დიდხანს არ გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსები ქალაქ პოკროვსკის დაკავებას მოახერხებენ: „თუ უკრაინის არმია დონბასში რუსების შეტევას ვერ გაუძლებს და პოკროვსკს დათმობს, კიევი იძულებული იქნება თავისი ქვედანაყოფები კურსკის ოლქიდან გამოიყვანოს, რაც, საბოლოო ჯამში, უკრაინელების ამჟამინდელ ეიფორიას ნოლამდე დაიყვანს“.

საერთოდ კი, როგორც სოციოლოგი აღნიშნავს, კურსკის ოლქში არმიის შეჭრამაც კი ვერ შეცვალა ის სკეპტიკური განწყობა, რომელიც უკრაინელებში შეინიშნება – კიევი კრემლტან დაპირისპირებაში ვერ გაიმარჯვებს, საჭიროა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. ამჟამად მოლაპარაკების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. ვლადიმერ იშჩენკოს აზრით, „სულ უფრო მეტი უკრაინელი აცნობიერებს, რომ დონბასის ნაწილი და ყირიმი, დიდი ალბათობით, რუსების ხელში დარჩება. ვინც ასე ფიქრობს, მათი რიცხვი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მატულობს, შეინიშნება ზრდის ტენდენცია“.

სოციოლოგი ხაზს უსვამს, რომ „გამოკითხვების შედეგები ფაქტიურად არავითარ როლს არ ასრულებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში. მოლაპარაკებების გამართვა სრულიად სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული – მაგალითად, უკრაინელთა პოზიციაზე საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, მოსახლეობის მობილიზაციაზე და მათ მზადყოფნაზე ომში იბრძოლონ. უკრაინელი სოციოლოგი აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე დაღლილია ომით, მოსახლეობას საომარი მოქმედებების მიმართ კითხვები ებადება – ღირს თუ არა ასობით ათასი მსხვერპლის და ნგრევის მომტანი ომის გაგრძელება? ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ კანონის გამკაცრების მიუხედავად, უკრაინის გასაწვევ პუნნქტებში სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა გასაწვევი ასაკის მქონე მხოლოდ 40%-მა. უარესი მდგომარეობაა საზღვარგარეტ, სადაც ჯარში გასაწვევი უკრაინელი მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს – იქ რეგისტრაცია მხოლოდ 10%-მა განაახლა“.

ინტერვიუში უკრაინელი სოციოლოგი ეხება გასაწვევის ასაკის მქონე ახალგაზრდების მასობრივ გაქცევას საზღვარგარეთ, რომლებსაც, უბრალოდ, ეშინიათ თავიანთი პოზიციების გამოხატვა, რომელსაც ხელისუფლება არ მოიწონებს. ასეთი სიტუაცია უკრაინაში ჯერ კიდევ მაიდნამდე, ანუ 2014 წლამდე ყალიბდებოდა. ვლადიმერ იშჩენკო პესიმისტურად უყურებს უკრაინის მომავალს და ამბობს, რომ უკრაინელებს შორის განხეთქილება მატულობს – სხვაგვარი პოზიციები აქვთ მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მათ, ვინც კიევის კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. კიევი ასიმილაციის პროგრამას ჯერ კიდევ 1990 წლიდან ახორციელებს, უკრაინელ ნაციონალისტთა გეგმების მიხედვით.

„უკრაინის ელიტა აძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას დასავლეთზე, შეგნებულად ანადგურებს საბჭოურ კულტურულ მემკვიდრეობას, წმენდს მისგან საჯარო სივრცეს და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის ასიმილაციას ახორციელებს, ე.წ. დეკომუნიზაციის, დეკოლონიზაციისა და დესტალინიზაციის ჩარჩოებში“, – განმარტავს ვლადიმერ იშჩენკო. იგი ვერ ხედავს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობას და უკრაინის განვითარების შანსებს დემოკრატიულობისა და პლურალიზმის განვითარების თვალსაზრისით.

წყარო

პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება – BBC russian

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება“. მასში კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორდღიან (18-19 აგვისტო) ვიზიტს აზერბაიჯანში, მის შეხვედრას მასპინძელ კოლეგასთან – ილჰამ ალიევთან. სტატიაში ასევე განხილულია აზერბაიჯანის როლი რუსეთ-უკრაინის ომში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აზერბაიჯანში ყველა კმაყოფილი არ არის ვლადიმერ პუტინის ვიზიტით. ეს უკავშირდება როგორც ისტორიულ ხსოვნას, ასევე რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაინც მეგობრულად ხვდება თავის რუს კოლეგას და ოჯახურ თბილ მიღებას უწყობს… ხოლო პროსამთავრობო პრესა, რომელიც დღემდე ამაყად აცნობდა მკითხველს უკრაინაში მებრძოლი აზერბაიჯანელი მეომრების გმირობას, ახლა ვლადიმერ პუტინს აქებს.

„რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა არაფერს ამბობს შაჰიდების ხეივანზე, სადაც ის ადამიანებია დაკრძალული, რომლებიც კრემლის არმიამ იმსხვერპლა“ – ასე გამოხატავს აღშფოთებას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბლოგერი, რომელიც შეცდომაში შეიყვანა რუსული პროსამთავრობო ტელეარხის Russia Today-ს ინფორმაციამ, თითქოსდა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში ყოფნისას ყვავილებით შეამკო II მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი, „მარადიულ ცეცხლთან“.

სინამდვილეში რუსეთის ლიდერმა ყვავილები დააწყო იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა – მარადიულ ცეცხლთან, შაჰიდების ხეივანში, საბჭოთა არმიის მოქმედების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ, როცა 1990 წლის იანვარში  დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი და მძიმე ტექნიკა იქნა გამოყენებული. დარბევის დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მოვლენა ბაქოში „შავი იანვრის“ სახელით არის ცნობილი, რომელსაც ადგილობრივი ნაციონალისტები ხშირად იხსენებენ ერთი მიზნით, თუ რატომ არ უნდა უყვარდეთ აზერბაიჯანელებს რუსეთი, რომელიც იმ დროს ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა იმპერიის დაშლის შეჩერებას.

ვლადიმერ პუტინს ბაქოს ქუჩებში რუსეთის დროშების ფრიალით არ შეხვდნენ, თუმცა არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ რუსეთისა და რუსი პრეზიდენტის მიმართ აზერბაიჯანში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: მოსკოვსა და ბაქოს შორის ამჟამად რთული დამოკიდებულება არსებობს.

რატომ რთული? ბაქოს როლი მოსკოვ-კიევის ომში

როცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადალახა და მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა, ნაქოში სტიქიური აქციები გაიმარტა უკრაინის მხარდასაჭერად. ასეთი მოვლენა აზერბაიჯანისათვის არ არის დამახასიათებელი, სადაც პოლიცია ჩვეულებრივად მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას და მსგავს ფაქტებს, ერთეულ პიკეტებსაც კი მკაცრად აღკვეთავს ხოლმე. უკრაინის მხარდამჭერი მიტინგების დროს კი ბაქოელი სამართალდამცველები მშვიდად უყურებდნენ იმას, თუ როგორ მიდიოდნენ აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან და პროტესტს გამოხატავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს, ბაქო კიევში აქტიურად გზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო აზერბაიჯანული პრესა პოზიტიურად აშუქებდა იმას, თუ როგორ გმირულად იბრძვიან აზერბაიჯანელი მოხალისე მეომრები უკრაინის მხარეზე. ისინი იქ ნამდვილად არიან – როგორც ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობაში, ასევე „ქართულ ბატალიონშიც და სხვა ქვედანაყოფებში. აზერბაიჯანელმა მოხალისეებმა ორდენები და „უკრაინის გმირის“ წოდებაც კი დაიმსახურეს.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, აზერბაიჯანს არ შეუძლია ღიად მხარი დაუჭიროს უკრაინას იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან.

მჭიდრო კავშირი რუსეთთან

კორონავირუსის პანდემიამდე და უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთში წასული აზერბაიჯანელების რაოდენობა ყოველწლიურად შესამჩნევად აჭარბებდა რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსული რუსების რაოდენობას – დაახლოებით ათი ათასით მაინც.

აზერბაიჯანის სახსტატსამსახურის მონაცემებით, რუსეთი ომამდეც იკავებდა და დღესაც იკავებს პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც აზერბაიჯანში ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის. 2023 წელს აზერბაიჯანში ჩასული რუსების რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა.

დსთ-ის ქვეყნებთან აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი თიტქმის ორ მესამედს სეადგენს (ანუ 4,4 მილიარდ დოლარს). მჭიდრო კავშირები აქვთ სამშობლოსთან რუსეთის მსხვილ ბიზნესმენებს – ეროვნებით აზერბაიჯანელებს, მაგალითად, ფარჰად აჰმედოვს, რომლის სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან გასულ წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ყოფილი ქმარი ემინ ალაგაროვი და მამამისი – არაზ ალაგაროვი რუსეთში Crocus City Hall-ის მფლობელები არიან.

ბაქოში, ერევნისა და თბილისისგან განსხვავებით, ბევრ უმაღლეს სასწავლებელში და თითქმის ყველა სკოლაში ჯერ კიდევ არის რუსული ენის სწავლების შესაძლებლობა სრული პროგრამით. აზერბაიჯანში რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ქვეყნის დედაქალაქში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღებისათვის.

ამრიგად, გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, აზერბაიჯანში, ვლადიმერ პუტინის მიმართ ძლიერი მტრობა გამოხატული არ არის და ის პროსახელისუფლო პრესაც, რომელიც უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოხალისეებით ამაყობს, [ზემოდან კარნახით] თბილად მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს და მას აზერბაიჯანის მეგობარს უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, თავისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ (მეუღლესთან ერთად) კი იგი კერძო სტუმრის სახით მიიღო „ზაგულბას“ რეზიდენციაში, სადაც კრემლის ბინადარი თავისუფლად ზის მაგიდასთან, საკინძეგახსნილი პერანგით.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთის იზოლაცია მოახდინა, უკრაინის მიწების ანექსიის გამო, კრემლი ძველ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებას და ახლების პოვნას ცდილობს. რუსეთმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას სწორედ იმ დრეებში, როცა მისი არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მთავრობა უკრაინასთანაც და დასავლეთთანაც ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და არასოდეს არ ბრუნდება ზურგით ვლადიმერ პუტინისაგან. ეს სახელმწიფო ვიზიტიც რუსეთის ლიდერისათვის იმის სესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მან მსოფლიოს აჩვენოს – კრემლს მხარდამჭერები ბევრი ჰყავს.

ვიზიტის შედეგები

ჯერ-ჯერობით, ვლადიმერ პუტინის ბაქოური ვოიაჟის ყველა ნიუანსი ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებებს ნავთობის ტანკერების ერთობლივ მშენებლობაზე, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვა დოკუმენტებს.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია ერთმანეთის სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროს პრინციპებისადმი პატივისცემა და ა.შ.). დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და მის შემდგომ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს აზერბჯაინისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას“.

წყარო