ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება

35
spot_img

„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეუერთდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

„დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძეა ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში“,- აღნიშნა ნაყოფიამ.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, ნაყოფია დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა.

„დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო, სერიოზული, სხვადასხვანაირი ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას. ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა. დღევანდელი ოპოზიციური ძალები, დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. ეს არის გარდაუვალი. პირადად მქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან. მინდა მადლობა ვუთხრა მას. ეს კარგად ესმის მას, ამ ერთიანობის სულის ჩამდგმელია, მუდმივად ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ბევრი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი, პატრიოტები გაერთიანდნენ, რადგან ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია.

თავს ამოვყოფთ რუსეთის ფედერაციაში, ან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაიბრუნებს იმ დიდ შანს, რაც გააჩნია – ისტორიულ არჩევანს, ევროპას.

არჩევანი მარტივია ამომრჩევლისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებაში. ხატია დეკანოიძისნაირი ადამიანები ამ გამარჯვების მოახლოებას კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგზე“, – აღნიშნა ნაყოფიამ.