Home Blog Page 767

“მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა”-გაეროს გენერალური მდივანი 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდი მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  „ტურიზმი და მშვიდობა“- 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.  მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

„მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა, ტურიზმი ხალხს აერთიანებს. მდგრად ტურიზმს შეუძლია საზოგადოების ტრანსფორმირება, სამსახურების შექმნა, ინკლუზიურობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერება.

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაფასებითა და შენარჩუნებით, ტურიზმს  საშუალება აქვს შეამციროს დაძაბულობა და  განავითაროს მშვიდობიანი თანაცხოვრება.   ტურიზმი აძლიერებს მეზობლებს შორის ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას, თანამშრომლობასა და მშვიდობიან განვითარებას”,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

როგორც ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს ტურისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებისა და კეთილდღეობის განვითარებაში.

„თითოეულ მოგზაურს შეუძლია ელჩი გახდეს, პატივისცემით ეკონტაქტოს ადგილობრივ მოსახლეობას, აღიაროს ჩვენი მრავალფეროვნება, საერთო ჰუმანურობა და ღირებულებები რაც  ყველას გვაერთიანებს.   მოდით ვიმოგზაუროთ პასუხისმგებლობით, ავაშენოთ ხიდები და ხელი შევუწყოთ კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთპატივისცემას.

ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ტურიზმის ძალის გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“,-აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

ტურიზმის დღესთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ოფიციალური გვერდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიმიჯო ვიდეო რგოლს „სტუმარს“ ავრცელებს, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალია წარმოდგენილი.

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში მთელი მსოფლიოდან  ტურიზმის მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები  და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები  ეწვევიან.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების პრეზიდენტები და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები.

რა კარგია, რომ „ენდიაი“ აღარ აქვეყნებს კვლევებს, ამით მაინც ხომ დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველთვის მართლდებოდა „ქართული ოცნების“ შეფასებები საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ამჟამად „ქართული ოცნების“ მიზანი არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„რა კარგია, რომ „ენდიაი“ აღარ აქვეყნებს კვლევებს, ამით მაინც ხომ დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ. შეჩვეული ვიყავით, რომ „ენდიაის“ კვლევა უნდა გამოქვეყნებულიყო, შიგნით უნდა ყოფილიყო 12 პროცენტი „ქართული ოცნება“, ამაზე უნდა ენერვიულა მთელ ოპოზიციას თუ არაოპოზიციას, ყიჟინა ჰქონოდა. შემდეგ დადგებოდა არჩევნების დღე და „ქართული ოცნება“ იგებდა.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ჩვენ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს საარჩევნო მიზნებს, საბოლოო ჯამში მართლდება. მათ შორის შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ წინასწარ განჭვრიტა, რამდენი მანდატი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის პარლამენტში. არათუ პროცენტები თქვა, 90 მანდატი რომ გვექნებოდა, ეს თქვა და 90 მანდატი ავიღეთ 2020 წლის პარლამენტში. ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, ამას ვუმიზნებთ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ახსოვს, როგორ დადიოდა კაბინეტ-კაბინეტ გიორგი კანდელაკი, რომ უვიზო მიმოსვლაზე პროცესი ჩაეშალა, ახლა ზუსტად იმავეს „ენჯეოს“ ნიღბით აკეთებს-შალვა პაპუაშვილი

არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს არის ბატონი გიორგი კანდელაკიც, ის დღეს ე.წ. „ენჯეოშნიკია“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ყველას ახსოვს, რასაც აკეთებდა ის, როდესაც უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ჩაეშალა ეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავის უკვირს, რომ გარკვეული პირები ცდილობენ, ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

„ვინმეს უკვირს, რომ გიორგი კანდელაკი ახლა უკვე „ენჯეოს“ ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად დააზიანოს საქართველო? საქმე ის არის, რომ არავის უკვირს. აბა რას იზამდნენ? ჩადიან, ჩვენებას აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ. ვიხილეთ, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ჩააყენა მდგომარეობაში, როცა ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდნენ. რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში ამერიკის მოქალაქე დავიბაროთ და აშშ-ის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. აქამდე არ უნდა დაიყვანო, თუნდაც ის ორგანიზაცია შენი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს. ამ შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მზად არიან, ჩავიდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ზოგიერთი შინ და გარეთ, ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს -შალვა პაპუაშვილი

რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც ითქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და თქვა ამერიკის სენატის წევრმა, რომ – „ეს თაღლითები უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა“. ამასთან ახლოსაც მყოფი კი არ გვითქვამს ჩვენ არასდროს. ამიტომ საკითხი პირიქით არის – როგორ შეგვხედავენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – როგორ უნდა შეხვდეს ამერიკული მხარე აშშ-ში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მათ მძიმე ბრალდებებს უყენებს.

„ზოგიერთი შინ და გარეთ, ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს. ეს ჩვენ გვახსოვს რუსეთისგან უკრაინასთან მიმართებით, რომ ცალკეა მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი შინაც და გარეთაც ამ რუსულის სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობენ ქართველ ხალხზე და თითქოს ხელისუფლება გამჭვირვალე შუშაა და ამის იქით ხედავენ ხალხს. საქართველოს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხალხის წარმომადგენელი. ვისთანაც საუბრობენ ქვეყნები, ეს არის ხელისუფლება – ხელისუფლებასთან. როდესაც ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ესაუბროს მეორე ქვეყნის არა ხელისუფლებას, არამედ თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც, ხოლო რასაც ჰქვია ღირებულებები, ეს ასახულია ზუსტად გაეროს წესდებაში, რომელიც ჩაურევლობის პრინციპს ამკვიდრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ლანჩის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო მოლოდინები. აგრეთვე, ისაუბრეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის საქმიანობასა და გეგმებზე.

სალომე ზურაბიშვილს არ სცალია იმისთვის, რაც მისი ძირითადი ვალდებულებაა, არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, მოქალაქეების წუხილისთვის, წინასაარჩევნო პერიპეტიებით არის დაკავებული-შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის, წინასაარჩევნო პერიპეტიებით არის დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ამნისტიის კანონზე ხელი არ მოუწერია.

„სალომე ზურაბიშვილს არ სცალია იმისთვის, რაც მისი ძირითადი ვალდებულებაა. ეს ახალი არ არის, ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია, რაც დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. როგორც შემდეგ ვნახეთ, ისიც აღიარებს ამას. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, ეს არის მიხელ სააკაშვილის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც იმპიჩმენტის დროს შეუნარჩუნა თანამდებობა. რისთვის შეინარჩუნა? მაშინაც ვამბობდით, რომ მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგისთვის სჭირდებოდათ ქალბატონი სალომე. შეინარჩუნა იმისთვის, რომ ნიკა გვარამია შეეწყალებინა, რათა პროცესებში ჩარეულიყო რადიკალური დღის წესრიგის სახით. ფაქტობრივად, დღეს მას ჩანაცვლებული ჰყავს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი ციხეშია, იქიდან იძლევა ინსტრუქციებს. ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით აჟღერებს და ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს  მიიღო. ამნისტიის კანონის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებას 1 000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. კანონი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ჯერ ხელი არ მოუწერია.

პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად, ხალხს დაგვყურებს, როგორც შეუმდგარ ერს, რომელსაც ხელისუფლების არჩევის უნარი არ აქვს-შალვა პაპუაშვილი

ე.წ. ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, არის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თურმე, საქართველოს და ქართველ ხალხს არ შეუძლია, აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას ოთხი წელი მართავს და დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას.

„ასეთი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოები იქმნებოდა. ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელი მომწერი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და მან დემოკრატიულ ვადაში მართოს ქვეყანა. აქვე ჩანს, როგორ ხედავს ის ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამი, „ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლა“, მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც უნარი არ აქვს ხელისუფლება აირჩიოს. ამით გამოგვაცხადა არანორმალურ ქვეყნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად

ოპოზიციის უუნარობა რაც უფრო ნათელი ხდება, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩნდება კითხვა, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენისა და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა.

„წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას. საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე, რაც უკვე არაერთხელ გახდა მათი საარჩევნო მარცხის მიზეზი ბოლო 12 წლის განმავლობაში.

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე. უცხოელების განცხადებების და ქმედებების ინტენსივობა და შერჩეული დრო ქმნის იმის მყარ განცდას, რომ ქვეყნის გარედან მომდინარე ამ პროპაგანდის მიზანი ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა, რაც ასეც ხდება.

პირდაპირი მნიშვნელობით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რამე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის დღის წესრიგს, და ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ მედიაში. შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს.

ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენის და არჩევნების შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა? სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.

„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას – წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე.

აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია გაეროს არაერთი დეკლარაციით, რომელთა მიხედვითაც „არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება ჩაერიოს, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე მიზეზით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საქმეებში.“

ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც ისინი პარტნიორები იყვნენ. ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე, იმისთვის რომ ხალხს მიეცეს თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს აქვს, მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთის წარმომადგენლებმა, ამ ღირებულებების მიმართ ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაადასტურონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი პარტნიორებს საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უცხოური პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი საარჩევნო გარემოს წინაპირობად.

„მინდა, წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, გარედან ჩაურევლად, საკუთარი შეხედულებით, რწმენითა და მოსაზრებით მისცეს ხმა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის და არ დაექვემდებაროს გარედან თავსმოხვეულ არჩევანს.

უცხოური პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემოს წინაპირობად. დემოკრატიულ საზოგადოებაში, ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს არამართლზომიერი ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში, რადგან ქვეყნის მომავალი მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს -ილია დარჩიაშვილი

მინდა მოვუწოდო ოპონენტებს, დაანებონ ქვეყნის დაზიანებას და იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით,ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ საქართველი იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

“შეგახსენებთ ჩვენი ოპონენტების ძალიან თავგამოდებულ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, არ ყოფილიყო ევროკავშირის ასოცირებული წევრი, არ ჰქონოდა ის სარგებელი, რომელიც უშუალოდ განკუთვნილია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ამას შევეჩვიეთ, სამწუხაროდ, ის ხალხი  პირდაპირ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს მათი გაწეული ძალისხმევა. ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ვინმე ამას უნებლიედ აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი და განუზომლად დიდი ძალისხმევა გაწია იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ემოგზაურათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოს ჰქონოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან.  ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ჩვენ საქართველოს აუცილებლად გავხდით ევროკავშირის ღირსეულ, სრულფასოვან წევრად და ჩვენს ოპონენტებს ამ მიმართულებით არაფერი გამოუვათ.  მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს”, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო, ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ ღირსეული ადამიანი -ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. დიდია გივი შაჰნაზარის წვლილი ქართული ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა ქართულ ენაზე ნათარგმნი საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის ნამუშევრები. ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებთ გივი შაჰნაზარის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ჩვენს საზოგადოებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

პოეტი, მთარგმნელი გივი შაჰნაზარი 23 სექტემბერს გარდაიცვალა.

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში. კეთდება განცხადებები, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობას, რაიმე სახის დანაშაულს ჩადის. სამწუხაროა, რომ ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში  ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომლის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში არაერთხელ განუმარტეს ის რეგულაციები და მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელიც საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხს არეგულირებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები ინსტიტუციის დამოუკიდებლობის დაცვაში მხარდაჭერის ნაცვლად, თვითონ ახდენენ მის დისკრედიტაციას და საზოგადოებას უჩენენ აღქმას, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონს არღვევს და უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე. მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ კანონმდებლობის მოთხოვნები, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. აღნიშნული პროცედურის განხორციელებამდე სულ 2 დღე რჩება და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შექმნიან არასწორ აღქმებს და კანონთან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენებით ნუ დააზიანებენ როგორც ინსტიტუციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს.

მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – მამუკა ხაზარაძე

მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით – დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, „ქართული ქარტიის“ მიზანია, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება.

„მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ. იცით, რომ ჩვენ ქარტიას შევუერთდით მაშინ, როგორც კი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. მთავარი ქარტიაში არის ის, რომ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოახდინოს ამომრჩევლებთან ერთად “რუსული ოცნების” ხელისუფლებიდან გასტუმრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა – არჩევნების მოგება და ყველა რუსული კანონის გაუქმება. რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, ამ ქვეყანას რაც აკლია, ეს არის პროფესიონალები. რომ გადაავლოთ თვალი „ქართული ოცნების“ მინისტრებს მიხვდებით, სრული ქაოსია. ელემენტარული განათლება არ აქვთ, თუ როგორ უნდა მართონ, მაგალითად, ჯანდაცვა ან ეკონომიკა. ამიტომ ვართ ამ დღეში. მთავრობის კომპლექტაცია მოხდება პრეზიდენტთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით. დღეს რაც უნდა გავაკეთოთ, არის არჩევნების ძალიან დიდი უპირატესობით მოგება, რაც მოხდება 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლონ, რომელიც პროდასავლურია.

„ძლიერი საქართველო” შეთანხმდა ყველა პირობაზე და მზად ვიყავით ხელს მოწერაზე. რატომ ჩაიშალა, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არის პროდასავლური, ვითანამშრომლოთ, რათა რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანას ჩამოვაშოროთ. ნომერ პირველი ამოცანაა, ლუსტრაციის კანონი იყოს მიღებული, რათა ადამიანები, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში“.