“მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა”-გაეროს გენერალური მდივანი 

6
spot_img

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდი მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  „ტურიზმი და მშვიდობა“- 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.  მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

„მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა, ტურიზმი ხალხს აერთიანებს. მდგრად ტურიზმს შეუძლია საზოგადოების ტრანსფორმირება, სამსახურების შექმნა, ინკლუზიურობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერება.

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაფასებითა და შენარჩუნებით, ტურიზმს  საშუალება აქვს შეამციროს დაძაბულობა და  განავითაროს მშვიდობიანი თანაცხოვრება.   ტურიზმი აძლიერებს მეზობლებს შორის ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას, თანამშრომლობასა და მშვიდობიან განვითარებას”,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

როგორც ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს ტურისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებისა და კეთილდღეობის განვითარებაში.

„თითოეულ მოგზაურს შეუძლია ელჩი გახდეს, პატივისცემით ეკონტაქტოს ადგილობრივ მოსახლეობას, აღიაროს ჩვენი მრავალფეროვნება, საერთო ჰუმანურობა და ღირებულებები რაც  ყველას გვაერთიანებს.   მოდით ვიმოგზაუროთ პასუხისმგებლობით, ავაშენოთ ხიდები და ხელი შევუწყოთ კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთპატივისცემას.

ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ტურიზმის ძალის გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“,-აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

ტურიზმის დღესთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ოფიციალური გვერდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიმიჯო ვიდეო რგოლს „სტუმარს“ ავრცელებს, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალია წარმოდგენილი.

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში მთელი მსოფლიოდან  ტურიზმის მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები  და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები  ეწვევიან.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების პრეზიდენტები და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები.