Home Blog Page 725

რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები

ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია.

ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება.
ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:
„ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა იყოს მარტივი და მოქნილი; ბიზნეს ნაკრების უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ მომხმარებელმა ცალ-ცალკე აღარ შეიძინოს პროდუქტები, არამედ კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე აირჩიოს სასურველი ნაკრები, სადაც მოქცეულია ყველა საბანკო ინსტრუმენტი, რაც მას სჭირდება.
თიბისი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს 4 ტიპის ნაკრებს – ისინი აერთიანებენ იმ პროდუქტებს, რომლებსაც ბიზნესები ყოველდღიურად იყენებენ. ეს ნაკრებები ბიზნესის ზომის მიხედვითაა დაყოფილი.
დამწყებ სტარტაპ ბიზნესებს თიბისი 5 ლარიან სტარტაპ ნაკრებს სთავაზობს, რომელშიც თავმოყრილია ყველა ძირითადი საბანკო პროდუქტი, რაც მათ სჭირდებათ საქმიანობისთვის, ნაკრები აერთიანებს საბანკო ანგარიშს, უფასო ინტერნეტ და მობაილ ბანკს, SMS სერვისს, შეღავათს პოს ტერმინალის ყოველთვიურ საკომისიო გადახდაზე, ვიზა ბარათს, დიჯიპას აპლიკაციას, 5 კომუნალურის გადახდას საკომისიოს გარეშე, შეღავათს თიბისის ელ-კომერციის ყოველთვიურ საკომისიო გადასახადზე.

თუ საუბარი გვაქვს უფრო დიდ ბიზნესზე, რომელსაც უფრო კომპლექსური საჭიროებები აქვს, მაშინ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 10, 20 ან 50 ლარიანი ნაკრები. ეს ნაკრებები ბიზნესებს სთავაზობენ განაღდების მაღალ ლიმიტებს, ბიზნეს ბარათებს, სალარე გადარიცხვებს დამატებითი საკომისიოს გარეშე, სავალუტო გადარიცხვებს შეღავათიანი საკომისიოთი და სხვა.
10 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 500 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 2000 ლარი

20 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა < 1000 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 10 000 ლარი

50 ლარიანი ნაკრები – ბარათი, ანგარიში, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დიჯიპას აპლიკაცია, გადარიცხვა, 5 კომუნალური გადახდა, მიმდინარე სავალუტო ანგარიში
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა ფიქს. 1 ლარი
უფასო ყოველდღიური გადარიცხვა 15 000 ლარი

თიბისის ბიზნეს ნაკრებები უკვე სამი წელია, რაც არსებობს და მუდმივად ვითარდება – ემატება სხვადასხვა პირობები, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარეობს. ბიზნეს ნაკრები საშუალებას აძლევს ბიზნესს ისარგებლოს საბანკო პროდუქტებითა და მომსახურებით სწრაფად და მარტივად.

(R)

“დასავლეთმა, როგორც იქნა, რუსულ დეზინფორმაციას ომი გამოუცხადა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმიანება აშშ-ში რუსული ტელეარხის „რაშა თუდეის” (RT – Russia Today) მაუწყებლობის აკრძალვას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: “დასავლეთმა, როგორც იქნა, რუსულ დეზინფორმაციას ომი გამოუცხადა” (ავტორი – სემუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ამ ფონზე საინფორმაციო კომუნიკაციების სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: როგორც იქნა, კომპანია Meta-მ გამოაცხადა, რომ მალე აიკრძალება რუსული საინფორმაციო საშუალებები – ტელეარხი „რაშა თუდეი“ (RT), საინფორმაციო რესურსი „როსია სეგოდნია“ (რუსეთი დღეს“), რომელიც მართავს რუსეთის საინფორმაციო სააგენტობს „რია ნოვოსტის“ და „სპუტნიკს“.

Meta-ს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში რუსული სახელმწიფო მასმედიის მიმართ საინფორმაციო პოლიტიკა მკაცრდება. ამას წინათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ ისეთ მედიაორგანიზაციად გადაიქცა, რომელსაც „ძლიერი კიბერ შესაძლებლობები აქვს“.

ამერიკელებს კარგად ახსოვთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები, როცა დონალდ ტრამპის ტრიუმფი რუსეთის ჩარევამ დაჩრდილა – ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მიმართული კიბერაქციით. ამასთან, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა უფრო მეტად სარგებლობას რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მოუტანს, ვიდრე დემოკრატ კამალა ჰარისს: თუ პირველი გაიმარჯვებს – მას ვერავინ ვეღარ უსაყვედურებს „რუსეთის დახმარებას“.

„რასა თუდეის“ შესაძლებლობები 2016 წლიდან მიღებული ზომების შედეგად უკვე შეზღუდული იყო, როცა ტელეარხმა 2017 წელს აშშ-ში „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიიღო. 2022 წლის მარტში ასევე შეჩერდა RT America-ს მაუწყებლობაც.

ამჯერად უკვე მისი მაუწყებლობის სრული აკრძალვა პატარა, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა რუსული ავტორიტარული ხელისუფლების გავლენის წინააღმდეგ, ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„რასა თუდეი“ მსოფლიოში ტოქსიკური ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ძლიერ წყაროს წარმოადგენს. მისი საშუალებით რუსეთის ხელისუფლებას ლიბერალური დემოკრატიის დისკრედიტაციის შესაძლებლობა აქვს
Meta-ს შეტევა RT-ის წინააღმდეგ სიმართლისათვის მებრძოლთა დაგვიანებული ტრიუმფია, მაგრამ მას მაინც პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. თუმცა აქვე აუცილებელია ითქვას, რომ ყველაზე მძიმე ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ქართველი ტრანსგენდერი პარლამენტის მიერ ანტი-“ლგბტ”-ური კანონის მიღების შემდეგ მოკლეს”-The Guardian

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი კანონი მიიღო, ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლული ნახეს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ქართველი ტრანსგენდერი პარლამენტის მიერ ანტი-„ლგბტ“-ური კანონის მიღების შემდეგ მოკლეს“ (ავტორი – პიტერ ზაუერი).

პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, საკმაოდ ფართოდ არის გადმოცემული 37 წლის კესარია აბრამიძის მკვლელობის გარემოებები, თუ სად და რა სიტუაციაში იქნა ჩადენილი აღნიშნული დანაშაული, ვინ არის ეჭვმიტანილი და ა.შ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „კესარია აბრამიძე საქართველოში ერთ-ერთ საზოგადოებრივად ცნობილ ტრანსგენდერ მოქალაქედ ითვლებოდა. მისი სიკვდილი რატომღაც პარლამენტის მიერ მიერ მიღებულ კანონს მოჰყვა, რომლის თანახმად, სამთავრობო ჩინოვნიკებს „პრაიდის“ ღონისძიებების აკრძალვა და ფილმებზე და წიგნებზე ცენზურის დაწესება შეუძლიათ. კანონი ასევე ითვალისწინებს ერთსქესიანი ქორწინებებისა და სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევის აკრძალვას.

მოსალოდნელია, რომ ესოდენ მკაცრი სამართლებრივი აქტის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისედაც არსებულ უთანხმოებას კიდევ უფრო გაამწვავებს – იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი აქვს.

კრიტიკოსების მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავისი დებულებებით ძალიან ჰგავს ჩრდილოელი მეზობლის – რუსეთის კანონს, სადაც ხელისუფლებამ ბოლო წლებში „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგ ბევრი რეპრესიული იურიდიული აქტი მიიღო.
მართალია, კესარია აბრამიძის მკვლელობის დეტალური გარემოებები ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ტრანსგენდერის სიკვდილი სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანიის ნაწილად ჩათვალა.
ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ანტილიბერალურ პოზიციას იკავებს, შესაბამისად, მატულობს ძალადობა „ლგბტ-საზოგადოების“ წარმომადგენელთა მიმართ. გასულ წელს გეების ასობით მოწინააღმდეგის მოთხოვნის გამო თბილისური პრაიდის ფესტივალი არ ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს ათეულ ათასობით მოქალაქე ტრადიციული ფასეულობების დაცვისაკენ მიმართულ მიტინგში მონაწილეობდა, რომელიც მმართველმა პარტიამ მოაწყო. ამ მხრივ ხელისუფლებას მხარს უჭერს ღრმად კონსერვატიული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ კანონი, რომელიც „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან და ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. მას მხარი დაუჭირა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა მიხაელ როთმაც.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში შედის პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევამდე ხუთი კვირით ადრე. არჩევნებს ბევრი განიხილავს როგორც ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, რომელიც აჩვენებს, გადაიქცევა თუ არა საქართველო – პოსტსაბჭოთა სივრცის ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო – რუსეთის მომხრე ქვეყნად.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ფუნქციები ძირითადად ცერემონიური ხასიათისაა, კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმაო დეპუტატები ჰყავს ვეტოს გადასალახავად.

უფრო ადრე მმართველი პარტიის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ (ანუ „უცხოური აგენტების“) შესახებ, რომელიც, დასავლელი კრიტიკოსების აზრით, ევროკავშირისათვის გამომწვევ-გამღიზიანებელ აქტს წარმოადგენს და რომელიც ასევე რუსული კანონის მსგავსია, ხელს უწყობს ავტორიტარული მართვის ტენდენციის გაძლიერებას. ეს კანონიც ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისაკენ.

კესარია აბრამიძის ტრაგიკული სიკვდილის გამო ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა მწუხარება გამოხატეს: „კესარია გაბედული ადამიანი იყო. ქართველი ტრანსგენდერების გზის გამკვლევი და მათი უფლებების დამცველი“, – წერს მაია ოთარაშვილი, ქართველი პოლიტოლოგი „იქს-ქსელში“. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ლამაზი ქალის საშინელი მკვლელობა საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

გოგა ხაინდრავა დონალდ ტრამპზე თავდასხმებთან დაკავშირებით რობინ დანიგანს მიმართავს

x

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დონალდ ტრამპზე თავდასხმებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩს, ელჩ რობინ დანიგანს მიმართავს.

„ქ-ნო დანიგან! აშშ 45-ე პრეზიდენტზე და ამჟამად პრეზიდენტობის ფავორიტ კანდიდატ დონალდ ტრამპზე, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა! ამერიკული დემოკრატიის და მსოფლიოში ახალი, ლიბერალური წესრიგის დამყარების შედეგია თუ მომქმედი ადმინისტრაციის წინასაარჩევნო ნოუ ჰაუ?” – წერს გოგა ხაინდრავა.

https://x.com/KhaindravaGoga/status/1836995428237083100?t=Kz44HRz4VNEa7irWNSh5qg&s=08

ბოლო დღეებში უცხოური ძალის მხრიდან განხორციელდა წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობა, რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის დესტრუქციული ქმედებები და სხვა დარღვევები -გივი მიქანაძე

დღევანდელი ბრიფინგით გვსურს, საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები.

„ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის განხორციელების მიზნით. ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.

16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.

16 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მისი მხრიდან მმართველის გუნდის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა. ამ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობისა და მუქარის შემდეგი ფაქტი. 16 სექტემბერს მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძის თქმით, რაც შეეხება არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში.

„ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან ოპოზიციურ მედია სივრცეში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“, როგორც გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირის და მისი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, ნაცვლად ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ არადეკლარირებულ პოლიტიკურ აქტივობებზე რეაგირებისა, ანტიკორუფციული ბიუროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. იმის აღსაქმელად, რამდენად ნეიტრალური და მიუკერძოებელია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, გვსურს, საზოგადოებას გაგაცნოთ ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ შემოწირულობებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კერძოდ:

ივანე ჭყონია – 2021 წელს 1 000 ლარი შესწირა პარტია „დროას“; გიორგი რუხაძე – 2015 წელს 4 920 ლარი შესწირა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიას; სოფიკო ჭყონია – 2022 წელს 500 ლარი შესწირა პარტია „დროას“; გიორგი პაპელიშვილი – 2016 წელს 501 ლარი შესწირა პაატა ბურჭულაძის პარტიას; გიორგი თაქთაქიშვილი – 2017 წელს 3 115 ლარი შესწირა „ეროვნულ ფორუმს“; ნიკოლოზ შურღაია – 2020-2021 წლებში 35 000 ლარი შესწირა პარტია „ლელოს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ისაუბრა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებითაც.

„16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ისინი ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – განაცხაა მიქანაძემ.

მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება მედიასაშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია, გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება.

„ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც უარყო“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

„14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.

14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა.

ტელევიზიებმა „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველი“ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.

მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (მთავარს, ტვ პირველსა და ფორმულას) მოქმედება, რომელთაც უნდა გაეშვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები ჯამში 787-ჯერ, მაგრამ არც ერთხელ არ გაუშვეს, მაშინ როდესაც  ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6 227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კუმინაკიცების კომისიას“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის რამდენიმე ფაქტი.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი“, რომელიც 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ „ქცევის კოდექსის“ პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა. საბოლოოდ, პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან „ქცევის კოდექსს“ მხოლოდ და მხოლოდ ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი (ხელმოწერისთვის დადგენილი ვადა 13 სექტემბერს ამოიწურა). ცესკოს ცნობით, ხელმომწერი ექვსი პარტიაა: „ქართული ოცნება“, „შეცვალე საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „მესამე გზა“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. არცერთმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

14 სექტემბერს ოპოზიციურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნულ წევრებს ხელი შეეშალათ დაკვირვებოდნენ ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების პროცესს. ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს, მათი მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი. ზემოხსენებულ შემთხვევაში, მითითებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს მცდელობა ჰქონდათ ხელი შეეშალათ ტრენინგების მიმდინარეობისთვის, შემდგომ საკითხის ისე წარმოსაჩენად, თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.

18 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ბრიფინგით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით გავრცელდა ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორი და კანონთან შეუსაბამო ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტვ პირველის“ ეთერში, 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით. ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გაკეთებულ და  წარმოდგენილ ინფორმაციასთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას. ყოველივე ეს ემსახურება გარკვეული ქაოტური სიტუაციის შექმნას, რადგან კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატიურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, როგორიცაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა საქართველო“, არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არც ერთი ფაქტი თავის ანგარიშში არ აუსახავთ და ელემენტარული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რაც ცალსახად ადასტურებს მათ მიკერძოებასა და კონკრეტული მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას. აქვე გაცნობებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე აიტვირთა დაპირებული ანგარიში, რომელიც ასახავს ჩვენ მიერ გამოვლენილ დარღვევებს 1-ელი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში -ევროკავშირი

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ“.

„2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ.

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით.

საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემების ადამიანთა უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადასასვლელი პუნქტების დახურვისა, რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების გზით. გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვები უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებათა დარღვევები უნდა გამოიძიონ და ყველა მსხვერპლისთვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთვის ყველა შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელთა წინაშეც ის დგას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და გავაძლიერებთ მის მდგრადობას რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების წინაშე. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით ადგილზე. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

 სოხუმსა და ცხინვალში ქართველის დაბრუნება, ღვთისმშობლის წილხვდომილობის გაერთიანება, მათ დასასრულს უდრის-დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფორმულას” ჟურნალისტის ლუკა ტყებუჩავას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება რადიკალური ოპოზიციის და მათი მმართველი აგენტოკრატების დასასრულია.

„საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება – მათი დასასრულია. ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვდომილობის ქვეშ მისი “უძღები შვილების” დაბრუნება – მათი სულიერი სიკვდილია. ამის ღიად გაჟღერებას ვერ გვიბედავდნენ, ეშინოდათ. ამის წინასწარ გამჟღავნებელი მოლაპარაკე თავი – ფადი ასლი იყო. სოხუმი და ცხინვალი – საქართველოს ევრო და ჩრდილოეთ-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბალასტები არიანო და რაც უფრო მალე მოვიშორებთ მათო, მით უფრო მივუახლოვდებითო “ქართველი ხალხის სანუკვარ ოცნებასო”.

დღეს უკვე ხვდებიან, რომ სულ სხვა სანუკვარ ოცნებასთან ვართ ახლოს, ამიტომ აღარ ეშინიათ, ჩრდილიდან გამოვიდნენ და ნიღბებს იხევენ – გრძნობენ, რომ სოხუმსა და ცხინვალში ქართველის დაბრუნება, ღვთისმშობლის წილხვდომილობის გაერთიანება, მათ დასასრულს უდრის. ასევე მათი მმართველი აგენტოკრატების დასასრულს. ჯერ სად ხართ – ახლოვდება თქვენი აღსასრულის დღე. 37 დღეა დარჩენილი…”, – წერს დავით ქართველიშვილი.

წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.

„კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“ – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას -მეთიუ მილერი 

ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც „ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ორი დღის წინ ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?“ რაზეც მილერმა აღნიშნა:

„როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ – გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა“.

 ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას, გახარიას კი მოუწევს, აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარის თქმა, მთავარი არგუმენტი ცუცქირიძის ინტერვიუ იყო, რაც არასერიოზულია -მამუკა ხაზარაძე

ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. Მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას, გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ, ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ერთადერთი მიზანი – საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი!

გუშინ პრზიდენტთან შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა. გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან.

დღეს მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინაშე უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარეკებებში არასერიოზულად გამოიყურება.

ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე.

მე და ჩემი პარტნიორები, „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები, გავაგრძელებთ ჩვენი ახალგაზრდა, სუფთა წარსულის ლიდერების გუნდით მუშაობას. ჩვენი მიზანი უცვლელია: ევროკავშირის წევრობა,

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, თანამოაზრე ლიდერებსა და პარტიებთან ერთად, დავასრულებთ „ქართული ოცნების” 12-წლიან უძრავ, მოღალატეობრივ მმართველობას“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა იყო დანიშნული, თუმცა პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიასთან ხელმოსაწერად მზად იყვნენ“.

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს გადაწყვეტილებებს მიიღებთ. შეიძლება პრემია ან ჰონორარიც მიიღოთ. ავტორიტარულ და ზედმეტად კრიტიკულ მიდგომას თავი აარიდეთ, თორემ დღის ბოლოს მარტო დარჩებით. თავი შეიკავეთ უგუნური სურვილებისგან.

კურო

დღეს შესაძლოა მოხდეს ცვლილებები. საოჯახო საქმეების საკუთარ თავზე აღება ან ავადმყოფი ნათესავის მოვლა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა კონფლიქტი მოგიხდეთ. კარგად წაუვათ საქმე ბანკის თანამშრომლებს.

ტყუპები

კოლეგებთან, მშობელებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის რთული დღე იქნება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა წარმოუდგენლად ვნებიანი იქნება. ცუდი დღეა საქმიანი აქტივობისა და მიზნების მიღწევისთვის. ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად ქალაქგარეთ.

კირჩხიბი

დღეს ფინანსური დანაკარგი გელით – ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. მენიუდან გამოირცხეთ ხორცი და ჩაანაცვლეთ ბოსტნეულით. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური საკითხის მოგვარება. ხელი არ მოაწეროთ დოკუმენტებს. ჩანიშნული საქმეების უმრავლესობას მოაგვარებთ.

ლომი

ემოციურად ამაღლებულ ხასიათზე იგრძნობთ თავს, თუმცა ნუ დაკარგავთ გონიერებას. დღეს თამამად შეგიძლიათ ფული დააბანდოთ ან გააპროცენტოთ. კარგი დღეა საქმიანი თანამშრომლობისა და შემოსავლის მიღებისთვის. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.

ქალწული

დღეს კეთილი და ინიციატივიანი ხართ, ყველა საქმე გამოგდით. შესაძლოა საქმიანი შეხვედრები ან სატელეფონო საუბრები მეგობრებთან და ახლობლებთან. კარგი დღეა მათთან ურთიერთობისთვის, ვინც სულიერად ახლოს არის თქვენთან. წარმატებული დღეა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის.

სასწორი

დღეს ნუ დაგეგმავთ სქმიან შეხვედრებს. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, დროა შეურიგდეთ. საჭიროა რაციონში შეზღუდოთ მლაშე და ცხარე საკვები. მოსალოდნელია ძველი გრძნობების განახლება.

მორიელი

დღეს არის საშიშროება, რომ საკუთარი ილუზიების გავლენის ქვეშ მოექცეთ. ჰარმონიული კოსმიური სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას. გულდასმით გადაამოწმეთ მედიკამენტებზე ვადები და ისე მიიღეთ. დოზა არ დაარღვიოთ. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.

მშვილდოსანი

კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის, ოჯახური დღესასწაულის მოწყობისთვის. ნაყოფს გამოიღებს ის საქმე, რომელიც უკვე უშედეგოდ გეჩვენებოდათ. სახელმწიფო დაწესებულებებში ვიზიტი წარმატებული იქნება, რადგან მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელთან.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემები შეგექმნათ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას – დღეს ამის დრო არ არის. წრმატება თან გდევთ დღის მანძილზე.

მერწყული

განსაკუთრებით კარგი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ბიზნესმენები შეძლებენ სასარგებლო გარეიგებების დადებას და სანდო პარტნიორების ნახვას. დღეს შეძლებთ დიდი ხნის პრობლემების მოგვარების გზები მოძებნოთ. მეგობრების რჩევები სასარგებლო იქნება. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გეწვევიან.

თევზები

კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. დღეს ზემდეტად ემოციური იქნებით. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო და სერიოზულ საუბარს. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ.

გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა-ანა დოლიძე

გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გამიკვირდა გიორგი გახარიას პოსტი. მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი წარმართა მთლიანი კოალიციის სახელით, იმ მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რაც არის ევროპული კურსის დაბრუნება და სახელმწიფოს განქოცება. ამ მიზნისთვის მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.

ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს.

არქიფოს მართვის პრინციპებს სწორედ მრავალხმიანობის იდეით ვამარცხებთ.

ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ახლა ჩვენი კოალიციის დაზიანება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ამისთვის ჯაფას არ დაიზარებენ უსაფრთხოების სამსახურები.

რაც შეეხება გახარიას, მოხარული ვარ, რომ უკვე მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის“,- წერს ანა დოლიძე.

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა იყო დანიშნული, თუმცა პარტიამ „საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „გახარიას პარტიასთან ხელმოსაწერად მზად იყვნენ“.