“ქართველი ტრანსგენდერი პარლამენტის მიერ ანტი-“ლგბტ”-ური კანონის მიღების შემდეგ მოკლეს”-The Guardian

80
spot_img

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი კანონი მიიღო, ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლული ნახეს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ქართველი ტრანსგენდერი პარლამენტის მიერ ანტი-„ლგბტ“-ური კანონის მიღების შემდეგ მოკლეს“ (ავტორი – პიტერ ზაუერი).

პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, საკმაოდ ფართოდ არის გადმოცემული 37 წლის კესარია აბრამიძის მკვლელობის გარემოებები, თუ სად და რა სიტუაციაში იქნა ჩადენილი აღნიშნული დანაშაული, ვინ არის ეჭვმიტანილი და ა.შ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „კესარია აბრამიძე საქართველოში ერთ-ერთ საზოგადოებრივად ცნობილ ტრანსგენდერ მოქალაქედ ითვლებოდა. მისი სიკვდილი რატომღაც პარლამენტის მიერ მიერ მიღებულ კანონს მოჰყვა, რომლის თანახმად, სამთავრობო ჩინოვნიკებს „პრაიდის“ ღონისძიებების აკრძალვა და ფილმებზე და წიგნებზე ცენზურის დაწესება შეუძლიათ. კანონი ასევე ითვალისწინებს ერთსქესიანი ქორწინებებისა და სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ჩარევის აკრძალვას.

მოსალოდნელია, რომ ესოდენ მკაცრი სამართლებრივი აქტის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისედაც არსებულ უთანხმოებას კიდევ უფრო გაამწვავებს – იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატი-ქვეყნის სტატუსი აქვს.

კრიტიკოსების მტკიცებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თავისი დებულებებით ძალიან ჰგავს ჩრდილოელი მეზობლის – რუსეთის კანონს, სადაც ხელისუფლებამ ბოლო წლებში „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგ ბევრი რეპრესიული იურიდიული აქტი მიიღო.
მართალია, კესარია აბრამიძის მკვლელობის დეტალური გარემოებები ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ტრანსგენდერის სიკვდილი სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ სახელმწიფო კამპანიის ნაწილად ჩათვალა.
ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ანტილიბერალურ პოზიციას იკავებს, შესაბამისად, მატულობს ძალადობა „ლგბტ-საზოგადოების“ წარმომადგენელთა მიმართ. გასულ წელს გეების ასობით მოწინააღმდეგის მოთხოვნის გამო თბილისური პრაიდის ფესტივალი არ ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს ათეულ ათასობით მოქალაქე ტრადიციული ფასეულობების დაცვისაკენ მიმართულ მიტინგში მონაწილეობდა, რომელიც მმართველმა პარტიამ მოაწყო. ამ მხრივ ხელისუფლებას მხარს უჭერს ღრმად კონსერვატიული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ კანონი, რომელიც „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული, შეუთავსებელია ევროპულ ფასეულობებთან და ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. მას მხარი დაუჭირა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა მიხაელ როთმაც.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში შედის პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევამდე ხუთი კვირით ადრე. არჩევნებს ბევრი განიხილავს როგორც ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, რომელიც აჩვენებს, გადაიქცევა თუ არა საქართველო – პოსტსაბჭოთა სივრცის ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო – რუსეთის მომხრე ქვეყნად.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის ფუნქციები ძირითადად ცერემონიური ხასიათისაა, კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმაო დეპუტატები ჰყავს ვეტოს გადასალახავად.

უფრო ადრე მმართველი პარტიის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ (ანუ „უცხოური აგენტების“) შესახებ, რომელიც, დასავლელი კრიტიკოსების აზრით, ევროკავშირისათვის გამომწვევ-გამღიზიანებელ აქტს წარმოადგენს და რომელიც ასევე რუსული კანონის მსგავსია, ხელს უწყობს ავტორიტარული მართვის ტენდენციის გაძლიერებას. ეს კანონიც ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისაკენ.

კესარია აბრამიძის ტრაგიკული სიკვდილის გამო ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა მწუხარება გამოხატეს: „კესარია გაბედული ადამიანი იყო. ქართველი ტრანსგენდერების გზის გამკვლევი და მათი უფლებების დამცველი“, – წერს მაია ოთარაშვილი, ქართველი პოლიტოლოგი „იქს-ქსელში“. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ლამაზი ქალის საშინელი მკვლელობა საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: