Home Blog Page 718

მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი.

„მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადახედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ“, – ციტირებს მედია მაკრონს.

მისი მტკიცებით, ევროპა იარსებებს ახალი ფორმით და ახალი რეალობით, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.

„ეს, უდავოდ, დღევანდელი დღის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა. არასრული, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იქნა ჩაფიქრებული და, შესაბამისად, არ მოიცავს პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გაჩნდა და გახდა დომინანტი“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, განაცხადა, რომ ამ საკითხს გაერო-ს შეხვედრაზე დაუბრუნდება.

„ჩვენ გვჭირდება წესრიგი, სადაც გარკვეული ქვეყნები ვერ შეძლებენ სხვების დაბლოკვას და სადაც ქვეყნები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა

საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს.

დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 სექტემბერს ქუთაისში +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +17, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს უმცირესი შენიშვნაც კი ისე გაღიზიანებთ, რომ ემოციების მოთოკვა გიჭირთ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ – ამ დღეს ნებისმიერი საქმის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააკონტროლებთ თავს. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ გირჩევთ, ჯერჯერობით დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ.

კურო

ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ და წარმატებით დაასრულოთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ნებისმიერ გაუგებრობას აღმოფხვრის და თავდაჯერებას დაგიბრუნებთ. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. კომერციული ოპერაცია შემოსავალს მოგიტანთ. ასევე, მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.

ტყუპები

ეს დღე სასიყვარულო გამოცდილებას და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. მიმდინარე საქმე მარტივი, მაგრამ მოგებიანია. ამ დღის სიმბოლო ენთუზიაზმით სავსე და ხანგრძლივი შრომაა.

კირჩხიბი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება კოლეგებთან და ნათესავებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მშვიდი და გეგმაზომიერი მოქმედება მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ, თუმცა საღამომდე ძალების აღდგენას შეძლებთ. სიყვარულში იმედგაცრუება მტკივნეული იქნება, თუმცა ახალი ურთიერთობა ძველ გრძნობებს დაგავიწყებთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქალწული

ეცადეთ, ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩეთ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით. შეგიძლიათ, საკუთარი იდეები და ინიციატივები თამამად გაახმოვანოთ – კოლეგების მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ბევრი დაგეგმილი საქმის გაკეთებას შეძლებთ.

სასწორი

განწყობა შეიძლება ნულამდე დაეცეს, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ეცადეთ, ნებისმიერი მცირე კრიტიკა ან შენიშვნა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედი სასწორებისთვის.

მორიელი

გირჩევთ, ახალი პროექტების დაწყებისგან რამდენიმე დღე თავი შეიკავოთ და ეს დრო ძველი საქმეების დასრულებისთვის გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და ნებისმიერი სახის პარტნიორობისთვის. კომერციული ოპერაციები წარმატებით დასრულდება. ამასთან, მოსალოდნელია ფინანსური დახმარება უცხოეთიდან.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ, სამუშაო დაივიწყოთ და დაისვენოთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, რომელიც შეიძლება, დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. თუ სამსახურში დაგვიანება წესად გექცათ, საიმედო მაღვიძარა უნდა შეიძინოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის, თუმცა კოლექტიური სწავლებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებისგან ჯერჯერობით თავი უნდა შეიკავოთ. ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

სავარაუდოდ, ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას, რათა მომდევნო წლები დარდსა და სინანულში არ გაატაროთ. განსაცდელისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრა მოახერხოთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი შემოსავალი გელით, რომელიც მთლიანად ოჯახის საჭიროებებზე დაიხარჯება. ნუ იზარმაცებთ და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

,,ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება”- შალვა პაპუაშვილი

ეს არის პროცესი, რომელიც ახალი არ არის. ჩვენ გვაქვს შერიგების სამინისტრო, მინისტრის პორტფელი, რომელიც ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული და რომლის ამოცანაც ზუსტად ეს არის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

„ის რეაქცია, რაც ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან, სინამდვილეში ეხება არა შერიგების და შენდობის საკითხს, არამედ მათ გაამჟღავნეს, რომ მათი გზა არ არის მშვიდობის გზა.

ჩვენ ვნახეთ ის ნაციონალისტური ხასიათის განცხადებები ბოლო დღეებში, რომელმაც გვაჩვენა, რომ ისინი მტრებს ხედავენ აფხაზებსა და ოსებში.

ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ შერიგებაზე, აქ იგულისხმება ოსებთან და აფხაზებთან შერიგება, რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის. რუსეთთან ურთიერთობა არის აბსოლუტურად სხვა მიმართულება, რასაც ჰქვია დეოკუპაცია და არა შერიგება. ჩვენ რუსეთთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, ჩვენ რუსეთისგან ვითხოვთ დეოკუპაციას და ჩვენი ტერიტორიებიდან გასვლას.

როცა ვსაუბრობთ შერიგებაზე, ეს არის ომის დანაშაულები, რომლებთან შერიგებაც რა თქმა უნდა ვერ მოხდება. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ოს ორ მაღალჩინოსანზე დაკავების ორდერი გამოსცა.

ეს არის გააზრება იმ ტკივილებისა, რომელიც ერთმანეთს მივაყენეთ. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს და საბოლოო ჯამში დასასჯელი დაისაჯოს, შესანდობს კი შევუნდოთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს საკუთარი აღიარებითვე, ომამდე ასეთ შეთავაზებას უკეთებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ აფხაზეთის ტერიტორია გაეყო. ნაწილი ყოფილიყო საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, დანარჩენ ნაწილზე კი ის უარს ამბობდა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Instagram-ით სარგებლობის წესები იცვლება

Instagram-ი მოზარდებისთვის სოციალური ქსელით სარგებლობის წესებს ცვლის. ქსელის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ბავშვების დაცვის მიზნით, კომპანიას პოსტების ნახვაზე ახალი შეზღუდვები შემოაქვს, რომელთა გაუქმებაც მხოლოდ მშობლებს შეეძლებათ. ახალი მოზარდების ექაუნთები სამშაბათიდან დაინერგა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ეს წესები წელსვე დაინერგება ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა ცოტა მოგვიანებით.  მომავალი წლის იანვრიდან ახალი ექაუნთები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოჩნდება.

ახალი წესების თანახმად, მოზარდების ექაუნთები ავტომატურად გადაეცემა ყველა უკვე დარეგისტრირებულ 16 წლამდე მომხმარებელს და ყველა ახალ მომხმარებელს 18 წლამდე. ამასთან მოზარდები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 16 წელი მშობლების ნებართვის გარეშე დაწესებულ შეზღუდვებს ვერ გააუქმებენ. 13 წლამდე ბავშვებს ექაუნთების რეგისტრაციას კი Instagram ზოგადად კრძალავს.

18 წლამდე ყველა მომხმარებელს ავტომატურად შეეზღუდება მხოლოდ ზრდასრულთათვის განკუთვნილი კონტენტის ნახვა: ასეთი მასალები თინეიჯერების ლენტაში ვერ გამოჩნდება, როგორც რეკომენდებული.

გარდა ამისა, კონფიდენციალურობის პარამეტრებში, თინეიჯერული ანგარიშები განსაზღვრული იქნება, როგორც პირადი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა უნდა დაამტკიცონ გამოწერის ყველა შემდეგი მოთხოვნა და მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების წაკითხვა მხოლოდ აბონენტებს შეეძლებათ.

ახალი პოსტების Push შეტყობინებები ღამით გაითიშება. თინეიჯერები სოციალურ ქსელში ერთი საათის გატარების შემდეგ ავტომატურად მიიღებენ რეკომენდაციას ინსტაგრამზე გარკვეული ხნით შესვენების შესახებ.

Instagram ასევე გვპირდება ანტივერბალური ბულინგის ფილტრებს: სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც ალგორითმი შეურაცხყოფად მიიჩნევს, ავტომატურად გამოირიცხება კომენტარებიდან და ტექსტური შეტყობინებებიდან.

16-დან 18 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ თავად გამორთონ ყველა ეს შეზღუდვა, უმცროსებისთვის კი ამის გაკეთება მშობლებს მოუწევთ.

მშობლები, რომლებიც აკონტროლებენ შვილების ანგარიშებს, შეძლებენ დაინახონ, ვისთან უგზავნიან ისინი შეტყობინებებს, მაგრამ თავად შეტყობინებებს ვერ წაიკითხავენ.

ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ჩართული იყო იმ პეიჯერების შეძენაში, რომლებიც „ჰეზბოლას“ წევრებს ჰქონდათ და გასულ კვირას ლიბანის მასშტაბით აფეთქდა. მან ასევე მიანიშნა, რომ მსგავსი მოწყობილობა შესაძლოა, ყოფილიყო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც, რასაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ემსხვერპლა.

როგორც სოციალურ ქსელ იქსში გავრცელებულ ჩანაწერში ევროპაში მოღვაწე ირანელი ჟურნალისტი მოჰამად აჰვაზე წერს, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი აჰმად ბახშაიეშ არდესტანი აცხადებს, რომ ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დაშავდა.

,,ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს”- მარია ზახაროვა

რუსეთი უკრაინის მეორე „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ნორმალიზაციასთან და „ეს ანგლო-საქსების და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინებაა”.

ზახაროვა აღნიშნავს, რომ „ზელენსკის ფორმულა“ აბსოლუტურად შეუსაბამოა კონფლიქტის მოგვარებასთან.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას მსგავს “სამიტებში”. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ უარს კრიზისის პოლიტიკურ და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჭეშმარიტად სერიოზული წინადადებები”, – განაცხად ზახაროვამ.

ამასთან ის აღნიშნავს, რომ რუსეთის და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა.

„თუმცა, კიევში და დასავლეთში მშვიდობაზე არ ფიქრობენ. მათ ომი სჭირდებათ. ამას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბანდიტური შემოჭრა კურსკის რეგიონში“,- განაცხად მან და დასძინა: “ჩვენ არ ველაპარაკებით ტერორისტებს”.

საკვებში ნაპოვნი ცოცხალი თაგვის გამო, თვითმფრინავი დანიაში ავარიულად დაეშვა

Scandinavian Airlines-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო. თვითმფრინავი ავარიულად მას შემდეგ დაეშვა, რაც მგზავრმა საკვებში ცოცხალი თაგვი აღმოაჩინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თვითმფრინავი ნორვეგიის დედაქალაქიდან, ოსლოდან ესპანეთში, მალაგაში მიფრინავდა.

ავიაკომპანიის სპიკერის, ოისტეინ შმიდტის განცხადებით, ავარიული დაშვება კომპანიის უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით მოხდა, რადგან თაგვი მგზავრების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

თვითმფრინავის მგზავრები, მალაგაში, მოგვიანებით სხვა რეისით გაემგზავრნენ.

საბერძნეთის აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს ფეხზე უკბინა

თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აეროპორტში “მაკედონია”, პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში. გარდა ამისა, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება მისი ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტზე, რადგან ის არალეგალურად ცხოვრობდა საბერძნეთში.

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გასულ სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის ბრალდებული თავის ქვეყანაში გასამგზავრებლად “მაკედონიის” აეროპორტში მივიდა და გაირკვა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის მიერ შემოწმების შემდეგ მისი დაკავება გადაწყდა, რაზეც ბრალდებულმა მძაფრი და აგრესიული რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთ პოლიციელს მისი გაკავების დროს ფეხზე უკბინა.

ბრალდებული თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მისი რეაგირება გამოწვეული იყო იმით, რომ  ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ექვსი თვე იმყოფებოდა საბერძნეთში და როცა აეროპორტის კონტროლი გაიარა, აცნობეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

მათ წამიყვანეს ოთახში, სადაც პოლიციელმა მითხრა რომ გამეხადა ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები. მე ვუთხარი, რომ მრცხვენია და არ მსურს საცვლების გახდა, რადგან ოთახში 4 ადამიანი იყო. მე არ მესმოდა რა ხდებოდა და არც ენა არ ვიცოდი, – განაცხადა მან.

აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საბერძნეთში პირველად არ იმყოფება, რადგან როგორც მან აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გაგრძელდება – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთიდან ევაკუირებული ხალხის დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

„„ჰეზბოლამ“ დაიწყო ისრაელის თავდაცვის ძალების ზოგიერთი შესაძლებლობების შეგრძნება და ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ეს მოძრაობები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოდ დავაბრუნებთ ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში. ეს არის მიზანი, ეს არის მისია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ის“, – აღნიშნა გალანტმა.

შეგახსენებთ, მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მიაყენა, რასაც ვერ წარმოიდგენდა.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში. „თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, გაიგებს მას – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლა“ ისრაელისგან შეტყობინებას მიიღებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მივაყენეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

„თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას. მოწოდებული ვართ, რომ ჩვენი [ჩრდილოელი დევნილი] მაცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სარაკეტო ცეცხლს მისი ქალაქების წინააღმდეგ. ამას ვერც ისრაელის სახელმწიფო მოითმენს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხოების აღსადგენად.