საბერძნეთის აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს ფეხზე უკბინა

8
spot_img

თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აეროპორტში “მაკედონია”, პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში. გარდა ამისა, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება მისი ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტზე, რადგან ის არალეგალურად ცხოვრობდა საბერძნეთში.

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გასულ სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის ბრალდებული თავის ქვეყანაში გასამგზავრებლად “მაკედონიის” აეროპორტში მივიდა და გაირკვა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის მიერ შემოწმების შემდეგ მისი დაკავება გადაწყდა, რაზეც ბრალდებულმა მძაფრი და აგრესიული რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთ პოლიციელს მისი გაკავების დროს ფეხზე უკბინა.

ბრალდებული თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მისი რეაგირება გამოწვეული იყო იმით, რომ  ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ექვსი თვე იმყოფებოდა საბერძნეთში და როცა აეროპორტის კონტროლი გაიარა, აცნობეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

მათ წამიყვანეს ოთახში, სადაც პოლიციელმა მითხრა რომ გამეხადა ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები. მე ვუთხარი, რომ მრცხვენია და არ მსურს საცვლების გახდა, რადგან ოთახში 4 ადამიანი იყო. მე არ მესმოდა რა ხდებოდა და არც ენა არ ვიცოდი, – განაცხადა მან.

აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საბერძნეთში პირველად არ იმყოფება, რადგან როგორც მან აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.