Home Blog Page 715

“საქართველო მეგობრობაზე ალაპარაკდა? თბილისი მოსკოვისაკენ დრეიფობს”-უცხოური პრესა

რუსეთის გაზეთი „ვეჩერნია მოსკვა“ (Вечерняя Москва – იბეჭდება მოსკოვში) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „საქართველო მეგობრობაზე ალაპარაკდა? თბილისი მოსკოვისაკენ დრეიფობს“ (ავტორი – ალექსანდრე ზოსიმოვი), რომელშიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ბოლოდროინდელი ტენდენციებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოს ხელისუფლებამ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც რუსეთთან მეგობრობაზე მიანიშნებენ – პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში. „ვეჩერნია მოსკვა“ შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო.
როგორც მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლება შეეცდება ბოდიში მოიხადოს იმ ომის გამო, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის 2008 წელს მოხდა. ქართველმა ოპოზიციონერებმა ბიძინა ივანიშვილს მხარი არ დაუჭირეს.

ნიშანდობლივია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის კრიტიკოს ოპოზიციონერთა შორის ბევრი მათგანია, რომლებიც დასავლეთის მიერ საქართველოსათვის თავმოხვეულ ანტირუსულ პროპაგანდას იზიარებს. რასაკვირველია, ბიძინას ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის, ამიტომაც მისი განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ფარული წინააღმდეგობა ამერიკული ჰეგემონიის მიმართ.

სხვათა შორის, იგივე ოპოზიციონერებმა, აშშ-სა და საერთოდ, დასავლეთის გულის მოსაგებად, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, მონაწილეობა მიიღეს კანონის „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში.
საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში გაჩენილი ანტიდასავლური ტენდენციის გაჩენის გამო, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადგილობრივ ქართულ ელიტაზე ზეწოლა გააძლიერეს. ვაშინგტონმა, მაგალითად, საქართველოს დახმარება „გაყინა“. უცხოური პრესის შეფასებით, საქართველო რუსეთისაკენ დრეიფობს. ამიტომაც დასავლეთი საგონებელშია, თუ როგორ შეიძლება თბილისისა და მოსკოვის დიალოგის ჩაშლა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობა აღდგება, მაგრამ მხოლოდ უკრაინაზე ჩვენი ქვეყნის გამარჯვების შემდეგ, აგრეთვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს არსებობის პირობებში, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და „ბრიკსი“ უზრუნველყოფს’, – განუცხადა Вечерняя Москва-ს კორესპონდენტს МГИМО-ს პროფესორმა, პოლიტოლოგმა ელენა პონომარევამ, – მაგრამ საეჭვოა ეს ახლო მომავალში მოხდეს“.

პოლიტოლოგ ალექსეი მუხინის თქმით, „აშკარაა, რომ დასავლეთი მთელი შესაძლებლობებით ცდილობს საქართველო თავის ორბიტაზე დაიტოვოს, თბილისს კი, თავის მხრივ, სუვერენიტეტის დაბრუნება სურს, ამიტომაც თავის ძალებს მიზნის რეალიზებისაკენ მიმართავს. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველო ამას მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ დამოუკიდებლობას საგარეო დახმარების გარეშე შეინარჩუნებს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჰონგ-კონგში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ

2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში და დაყონ რეგიონში ზედიზედ 30 დღე.

„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა აქვს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, ფარული კენჭისყრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლადო ჭანტურიას დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს წარმატებას. პროფესორ ლადო ჭანტურიას ღვაწლი ქართული სამართლის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი იდგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან და არის თანამედროვე ქართული სამართლის ერთ-ერთ შემოქმედი. საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლის 8 იანვრიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წლის18 მაისს, იგი V სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი პროფესიული მიღწევების მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია პედაგოგიური მოღვაწეობა. ლადო ჭანტურია ის ადამიანია, რომელმაც არაერთ ქართველ იურისტს გაუკვალა გზა ევროპულ სამეცნიერო – კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გარდამტეხი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში. 2023 წელს ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის (Academia Europaea) ნამდვილ წევრად აირჩიეს. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ის მოღვაწეობდა ბრემენის უნივერსიტეტში, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტსა ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის კილის უნივერსიტეტში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას’’, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს”-“ამერიკის ხმა”

„მთავრობები ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც”, – ამბობს დეზინფორმაციის ამერიკელი მკვლევარი ნინა იანკოვიჩი ინტერვიუში, რომელიც აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული სათაურით „ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

– ქალბატონო ნინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დროის დათმობისთვის. 2024 მნიშვნელოვანი არჩევნების წელია. თქვენი ზოგადი დაკვირვებით დავიწყოთ, რა ტაქტიკებს იყენებს რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის? რა არის თემები, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქვეყანაში, თავისი ტაქტიკისთვის იყენებს?

– რეალურად, გაკვირვებული ვიყავით, როცა ვნახეთ, რომ რუსეთი ძირითადად იმავე, ძველ ტაქტიკას იყენებს, საფარველის სულ ცოტა ცვლილებით. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, დეზინფორმაციის ოპერაციების გასაუმჯობესებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. აქამდე ნაცად ხერხებს შორისაა ბოტებისა და ტროლების კამპანიები. გარდა ამისა, ვხედავთ „ინფორმაციის გათეთრების“ ტაქტიკას, ვფიქრობ ეს საქართველოს შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის მეთოდი, როცა რუსეთის მთავრობა ახდენს პირების ან ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შემდგომში მიმდინარე რუსულ ნარატივს იმეორებენ ან ახმოვანებენ. ეს არის „ინფორმაციის გათეთრების“ ერთი-ერთი ფორმა. მაგრამ, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ ზოგიერთი სხვა ნიმუში, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთიდან მომავალ ნარატივებს ახმოვანებს და ეს შეიძლება მოხდეს მთელს მსოფლიოში, ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

– როგორ განსხვავდება რუსეთის ტაქტიკები, დასავლურ ქვეყნებში და როცა საქმე პოსტ საბჭოთა ქვეყნებს ეხება, როგორიც საქართველოა?

– ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპაში შერეული ვითარებაა. რა თქმა უნდა, იქ არის ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, რომელმაც ისწავლა რუსული ნარატივის მიმართ უნდობლობა. საქართველოც ასეთ ქვეყნებს შორის იყო. სამწუხაროდ, ვფიქრობ, საქართველომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მართლაც რეგრესი განიცადა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მიიღო, ყველაფერი დაღმასვლისაკენ წავიდა – მმართველ კლასებში უფრო მეტი რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა პოულობს რეზონანსს. ვნახეთ საქართველოს მთავრობასა და რუსეთს შორის მყუდრო ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთი კანონების მიღებაზე, როგორიცაა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი და სხვა შეზღუდვები, მაგალითად ლგბტქ+ თემზე, რაც ვფიქრობ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას აშორებს.

თითქმის ყველა ჩემს ნაშრომში, მათ შორის, წიგნში „როგორ წავაგოთ საინფორმაციო ომი“ ვწერ, რომ საკითხები, რომლებიც გვაწუხებს და ქმნის უთანხმოებას, დაყოფას ჩვენს საზოგადოებებში, რეალურად არის ის ბირთვი, რომლის გარშემოც დეზინფორმაცია იქმნება. დეზინფორმაცია არ არის უბრალოდ, ჰაერიდან მოტანილი აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც რუსეთის მთავრობა ქმნის. რუსეთი აკვირდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰომოფობია ან დასავლეთის მიმართ უნდობლობა, ან ნებისმიერი სხვა მწვავე სოციალური საკითხი – ისინი სწორედ ამ პრობლემებს ამწვავებენ, აძლიერებენ, რათა ყალბი ახალი ამბებით უფრო დამაჯერებელი გახადონ და ეს სწორედ ისაა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. რუსეთი, ძირითადად, ქვეყანაში უკვე არსებულ პრობლემებს აძლიერებს და გააზრებულად თუ უნებლიედ, თანაკონსპირატორები თუ სასარგებლო იდიოტები, სიამოვნებით იმეორებენ იმავეს, რადგან ეს მოკლევადიან პერსპექტივაში, შიდა გარემოში, მათ ძალაუფლებას ან სარგებელს აძლევს.

მეორე მხრივ, არის ქვეყნები, რომლებიც ძალიან კარგად არიან დაცულნი რუსული დეზინფორმაციისგან. ლიდერებს შორისაა ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, შვედეთი და ფინეთი. ევროპის მასშტაბით მრავალი განსხვავებული გარემოებაა და ვფიქრობ, ერთ-ერთი უპირატესობა, რაც რუსეთს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში აქვს ისაა, რომ კარგად იცნობს ამ ქვეყნებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მას აქვს ენობრივი, ლინგვისტური რესურსი, მათთან უკეთესი კომუნიკაციისთვის. კულტურული და ლინგვისტური კონტექსტი, რუსეთს გზავნილების გავრცელებას უადვილებს.

– თუმცა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ხალხებში, ასევე არსებობს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა საბჭოთა კავშირში იძულებით ყოფნის, საბჭოთა რეპრესიებისა და საბჭოთა ეპოქის შემდგომი რუსეთის ქმედებების შედეგად, ომების შედეგად. რა როლს თამაშობს ეს ფაქტორი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ გამძლეობაში?

– ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამდენ რუსულ ნარატივს იმეორებს, რიგითი ქართველებისთვის შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის ეს ნარატივი, რადგან ჩანს, რომ ის საქართველოს მთავრობისგან მოდის და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ეს ართულებს, ადამიანების მიერ, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ამოცნობას.

– „ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე. მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ცდილობენ ამტკიცონ, რომ ამგვარი გლობალური გაერთიანება ნამდვილად არსებობს და ის საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. მმართველი ძალა ცდილობს ამტკიცოს, რომ ეს თავისუფალი მასონების მსგავსი გაერთიანებაა, რომელსაც გავლენა აქვს დასავლური ქვეყნების მთავრობებზე – რას გეუბნებათ ეს განცხადებები?

– ეს იგივე ნარატივია, რაც რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მრავალი წლის განმავლობაში გვესმოდა, რომელიც უკრაინას, როგორღაც, საკუთარ ქვეყანაში შეჭრასა და საკუთარი სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებდა. რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიზეზი ნატოა, რომ რაც იქ მიმდინარეობს ნატოს პროქსი ომია და რომ ნატოსა და დასავლეთის დაფაზე, უკრაინა მხოლოდ პაიკია. ეს ძალიან ჰგავს იდეას, თითქოს საქართველოს კონფლიქტში ჩართვა საჭიროა იმისთვის, რომ ნატო და დასავლეთი რუსეთთან კონფლიქტში აღმოჩნდეს – ეს სრულიად ეწინააღმდეგება ლოგიკას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა და რუსეთი ყოველდღიურად თუ ყოველკვირეულად, მავთულხლართებს საქართველოს ტერიტორიებზე უფრო ღრმად ავლებს. ასე რომ, ეს ძალიან ჰგავს იმ ლოგიკას, რომელიც წარსულში კრემლისგან არაერთხელ მოგვისმენია.

– არის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ნარატივი, რაც თითქმის იდენტურად იმეორებს მოსკოვის და პეკინის გზავნილებს, თითქოს შეერთებული შტატები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ე.წ. ფერად რევოლუციას ამზადებს. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, ანტიამერიკული, ანტიდასავლური დღის წესრიგი ჰქონდეს ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

– ვფიქრობ, როდესაც კრემლი და „ქართული ოცნების“ მთავრობა, გარკვეულ ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად აცხადებს, მიზანია სხვებს აჩვენონ, რომ თითქოს ისინი არ არიან ქართველები, რომ ისინი არ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ იგივე ვნახეთ რუსეთში, მაგალითად ენ-დი-აის შემთხვევაში. მე ენ-დი-აიში ვმუშაობდი, როცა რუსეთმა ის არასასურველ უცხოურ ორგანიზაციად გამოაცხადა, ჩვენს იმჟამინდელ პარტნიორებს კი უცხოეთის აგენტის იარლიყი მიაკრეს. ახლა კი, ამ კანონის ქართულ კონტექსტში გამეორება და დანერგვა, ძალიან შორს არის იმისგან, რასაც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში პოსტკომუნისტურ სივრცეში წარმოადგენდა – დემოკრატიული, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელსაც ნამდვილად სურდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას გაჰყოლოდა. ახლა, ვფიქრობ ყველას, ვინც ცდილობს ამ ევროატლანტიკურ გზას კვლავ გაჰყვეს, “ქართული ოცნება” ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ენ-დი-აის, აი-არ-აის და სხვა მრავალი ორგანიზაციის გამოკითხვებიდან ვიცით, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას, კვლავ სურს ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრირება, რადგან მათ ახსოვთ რა მოხდა 2008 წელს, მათ ახსოვთ, რას ნიშნავს იცხოვრო კომუნისტურ რეჟიმში. ქართველების უმეტესობისთვის ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო. ასე რომ, საბოლოოდ, ვფიქრობ ქართველი ხალხის ძალა გაიმარჯვებს და ეს ნარატივები, ქართული ოცნების მთავრობისთვის კარგის მომასწავებელი არ იქნება, თუ არ მოხდება რაიმე სახის გაყალბება არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში იმართება.

– არაერთ მიზეზს შორის, რის გამოც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართული ოცნების წარმომადგენლებს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, არის ხელისუფლების ანტიამერიკული, ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია. საზოგადოების ნაწილში არსებობს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივი, მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და არჩევნების შემდეგ ეს შეიცვლება. რამდენად ხედავთ რესურსს, რომ საზოგადოების ამ ნაწილის მოლოდინი შესაძლოა გამართლდეს და ამ შემთხვევაშიც კი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ხანგრძლივ კამპანიას, საქართველოს მოსახლეობაზე, მის განწყობებზე?

– ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ რეალურად, „ქართული ოცნების” მთავრობა ამ კურსს შეცვლის. რადგან, თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წლის პოლიტიკას, ეს არ არის მხოლოდ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, ან ლგბტქ+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა. ეს ასევე არის საპროტესტო აქციები, რომელიც 2019 წელს ვიხილეთ. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ დროს საქართველოში კონფერენციას ვესწრებოდი და ვნახე, რომ თავისუფლების მოედანი „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის ხელისუფლების სიახლოვით განაწყენებული ხალხით გაივსო. ასე რომ, რასაც ახლა „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ, ეს არ მომხდარა ერთ ღამეში ან წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ისაა, რაც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება. ეს არის ევროპისგან და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმეორებს რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურის დიდ ნაწილს, რომელიც არის ავტოკრატიულ რუსეთში. და კიდევ ერთხელ, ამას აკეთებს ხელისუფლება ქვეყანაში, რომელიც მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, დემოკრატიის შუქურა იყო.

– თქვენ „ლგბტქ+“ თემის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა ახსენეთ. “ქართული ოცნების”, მისი პოლიტიკური მოკავშირეებისა და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიაორგანიზაციებისგან გამუდმებით ვხედავთ სურათის იმგვარ დახატვას, თითქოს დასავლეთი, დასავლეთისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ებრძვიან ოჯახის იდეას და ლგბტქ+ პროპაგანდას აწარმოებენ. ამ საბაბით, ვიხილეთ საკანონმდებლო ნაბიჯები. რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი რიტორიკა?

– წარსულში ვნახეთ, რომ ჰომოფობიური და მიზოგინური ნარატივები, სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეულ ფასს იძენს და ამას ისიც ეხმარება, რომ საქართველო საკმაოდ ტრადიციული საზოგადოებაა. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა ასევე იპოვა სხვა ტრადიციულ საზოგადოებებშიც. პოლონეთი ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია, ასევე უნგრეთი, სადაც ეს ნარატივი ძლიერია და ანტი ლგბტქ+ კანონმდებლობა მიიღეს. მე ვიტყოდი, რომ ეს რუსეთმა წაახალისა შეფარვით ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას, რომელიც ხშირად ამბობს, რომ დასავლეთი, ევროკავშირი ლგბტქ+ პროპაგანდას ახორციელებს და ისინი, საქართველოს მთავრობა სწორედ ამ სიტყვებს იყენებს. ვფიქრობ, ეს კონტროლის კიდევ ერთი მეთოდია. ნებისმიერმა ერმა, რომელსაც სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, უნდა აღიაროს, რომ ადამიანებს აქვთ თავისუფლება ჰქონდეთ ურთიერთობები, როგორიც მათ სურთ და რომ ეს პერსონალური საკითხია და რომ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც კარგი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამასთანავე გეები არიან. ეს არის ის, რაც სხვა დემოკრატიებმა უკვე აღიარა. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარატივი, რომელსაც ალბათ ქართულ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს. რუსეთი კი ძალიან გამჭრიახია, როდესაც ტრადიციულ საზოგადოებებში, როგორიცაა საქართველო, უნგრეთი და პოლონეთი, ამის გაღვივებას აგრძელებს.

– როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი პროპაგანდისგან?

– ეს მილიონიანი კითხვაა. ვფიქრობ, იმის გაცნობიერებით, რომ დეზინფორმაცია ემოციებზეა აგებული და იმის გათავისებით, რომ თუ მიღებული ინფორმაციის მიმართ ემოციურად განეწყვეთ, დიდი შანსია თქვენზე მანიპულირებდნენ. ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რატომ და როგორ ხდება ეს. შემდეგ კი, ვიდრე მაგალითად სოციალურ ქსელში სხვებს გაუზიარებთ, დაფიქრდეთ. დაფიქრდეთ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა მიღებული ინფორმაცია თქვენზე ემოციურად იმოქმედებს – გამოიკვლიეთ, საიდან მოდის ეს ნარატივი თქვენამდე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შემიძლია ვინმეს მივცე, ამ შემოდგომაზე დაგეგმილი ნებისმიერი არჩევნების წინ.

– საუბრის დასასრულს, მინდა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გკითხოთ. პეკინმა და თბილისმა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გასულ წელს მოაწერა ხელი. ჩვენ ვხედავთ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით ჩინეთს სტუმრობენ. მკვლევრებმა შეისწავლეს, რას ასწავლის ჩინეთი ამგვარ პროგრამებში მონაწილე არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ასევე საჯარო მოხელეებს. რომ, პოლიცია პარტიას და ხელისუფლებას უნდა იცავდეს, მედია კი არ უნდა იყოს კრიტიკული და ერთობას უნდა შეუწყოს ხელი. რა საფრთხეებს ხედავთ, საქართველოსთვის, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობებში?

– „დანამდვილებით ვხედავთ ავტოკრატების მხრიდან, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, ტაქტიკის თანხვედრას. ამის შესახებ არის ენ ეპლბაუმის შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით Autocracy, Inc.: The Dictators Who Want to Run the World, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოიცა. ის გვიჩვენებს, რომ ეს მთავრობები, ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც. შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, იდეების გაცვლის მიზნით ჩინეთში მიდიან, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეალები, ევროატლანტიკური იდეალების საპირისპიროა, საპირისპიროა იმ იდეალების, რომელსაც ქართველი ხალხი წარმადგენს. დარბევა, დეზინფორმაცია, გენოციდი, რაც ჩინეთში ხდება პოლარული ოპოზიტია იმის, რისი ხილვაც დემოკრატიაში გვინდა.

წყარო:

დაამთხვიეს პრემიერის გამოსვლას განხილვა,შემდეგ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება, რომ ჩვენთან დემოკრატია არის და თქვენთან არაო – ირაკლი ზარქუა სენატში დაგეგმილ განხილვაზე

დაამთხვიეს პრემიერის გამოსვლას მაინცდამაინც განხილვა, როგორ დაუწესონ ამ ქვეყანას სანქცია, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას სანქცია, ამაზე ვსაუბრობთ. შემდეგ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება, რომ ჩვენთან დემოკრატია არის და თქვენთან არაო. ეს ორმაგი სტანდარტი გაუგონარია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ

ის სენატში დაგეგმილი ორპარტიული აქტის მოსმენას გამოეხმაურა, რომელიც გაეროში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას ემთხვევა.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია როგორც ევროპარლამენტში, ისე სენატში განცხადებები, რეზოლუციები. განსაკუთრებით, როდესაც კანდიდატის სტატუსის მოლოდინში ვიყავით და მთავრობა და საზოგადოება ვიყავით აქცენტირებული, რომ ის 12 პუნქტიანი გეგმა შეგვესრულებინა. და რა მოგვცეს?! გახსოვთ თქვენ პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ევროპამ, ჩვენმა მეგობრებმა უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე. სამაგიეროდ, მოლდოვა, რომელიც არის დღემდე დსთ-ს წევრი და მეორე უკრაინა, რომელიც ცეცხლის ალშია გახვეული, კორუფციაა, ნეპოტიზმი და ეს ორი სახელმწიფო ჩვენზე წინ დააყენეს. მაშინ ყველამ ვთქვით, რომ ეს არ იყო სამართლიანი და არის გაუგებარი ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევასრულეთ ის 12 პუნქტიანი გეგმა.

მაშინაც გვახსოვს მათი რეზოლუციები სენატიდან, მათი რეზოლუციები ევროპარლამენტიდან. კუბილიუსის მუქარები არ გახსოვთ?! ფოტიგების, რაისების, ასევე შაჰინის და რიში და ვინც არიან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები წლების განმავლობაში. აქ რომ ბობოქრობდნენ, ესენი იყვნენ მათი სატელიტი. სადმე გსმენიათ ან სანქცირებაზე, ან გსმენიათ იქიდან გაფრთხილებაზე, რომ ადამიანის უფლებებს რატომ არღვევთ?! არა, იმიტომ, რომ მათი აგენტურა იყო წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში და აკეთებდნენ იმას, რასაც იქიდან უკვეთავდნენ. დანარჩენი, შიგნით ვის დაახრჩობდნენ, ბიზნესს როგორ აწამებდნენ, ციხეებში როგორ უბედურებებს სჩადიოდნენ, ეს არ აინტერესებდათ. ამიტომაც ერთი რეზოლუცია არ არსებობს 2012 წლამდე ნაცმოძრაობის შესახებ, რომ გაფრთხილება მაინც მიეღო.

და ახლა თქვენ გგონიათ, ასეთი ადამიანები ობიექტურები იქნებიან?! არა. ისინი ისევ ჯიუტად ცდილობენ, რომ აქ რევოლუცია განახორციელონ, მორიგი ეტაპი, მორიგ ჯერზე. ერთი, ორი, სამი ჩაუვარდათ და შემდეგი მცდელობა აქვთ. სწორედ ეს არის, რომ დაამთხვიეს პრემიერის გამოსვლას მაინცდამაინც განხილვა, როგორ დაუწესონ ამ ქვეყანას სანქცია, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას სანქცია, ამაზე ვსაუბრობთ. შემდეგ ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება, რომ ჩვენთან დემოკრატია არისო და თქვენთან არაო. ეს ორმაგი სტანდარტი გაუგონარია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

უვიზო მიმოსვლა ახალი სამიზნეა, არ შეიძლება, ხალხი იყოს მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ – მაკა ბოჭორიშვილი

x

არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ახალი სამიზნეა, რომელიც მიზანში ამოიღეს და არაერთხელ გაჟღერდა ის, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ეს საკითხი არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ფორმატში, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის შიგნით ინსტიტუტებში ასეთი მიმართულებით არ განვითარდება მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებს ეხება და არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 25 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7266 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7266 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0347 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0290 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.

“მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა”-გაეროს გენერალური მდივანი 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდი მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  „ტურიზმი და მშვიდობა“- 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.  მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

„მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა, ტურიზმი ხალხს აერთიანებს. მდგრად ტურიზმს შეუძლია საზოგადოების ტრანსფორმირება, სამსახურების შექმნა, ინკლუზიურობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერება.

კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაფასებითა და შენარჩუნებით, ტურიზმს  საშუალება აქვს შეამციროს დაძაბულობა და  განავითაროს მშვიდობიანი თანაცხოვრება.   ტურიზმი აძლიერებს მეზობლებს შორის ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას, თანამშრომლობასა და მშვიდობიან განვითარებას”,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

როგორც ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს ტურისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებისა და კეთილდღეობის განვითარებაში.

„თითოეულ მოგზაურს შეუძლია ელჩი გახდეს, პატივისცემით ეკონტაქტოს ადგილობრივ მოსახლეობას, აღიაროს ჩვენი მრავალფეროვნება, საერთო ჰუმანურობა და ღირებულებები რაც  ყველას გვაერთიანებს.   მოდით ვიმოგზაუროთ პასუხისმგებლობით, ავაშენოთ ხიდები და ხელი შევუწყოთ კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთპატივისცემას.

ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ტურიზმის ძალის გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“,-აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

ტურიზმის დღესთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ოფიციალური გვერდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიმიჯო ვიდეო რგოლს „სტუმარს“ ავრცელებს, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალია წარმოდგენილი.

მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში მთელი მსოფლიოდან  ტურიზმის მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები  და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები  ეწვევიან.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების პრეზიდენტები და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები.

რა კარგია, რომ „ენდიაი“ აღარ აქვეყნებს კვლევებს, ამით მაინც ხომ დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოცდილება აჩვენებს, რომ ყოველთვის მართლდებოდა „ქართული ოცნების“ შეფასებები საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, ამჟამად „ქართული ოცნების“ მიზანი არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„რა კარგია, რომ „ენდიაი“ აღარ აქვეყნებს კვლევებს, ამით მაინც ხომ დაისვენა ქართულმა საზოგადოებამ. შეჩვეული ვიყავით, რომ „ენდიაის“ კვლევა უნდა გამოქვეყნებულიყო, შიგნით უნდა ყოფილიყო 12 პროცენტი „ქართული ოცნება“, ამაზე უნდა ენერვიულა მთელ ოპოზიციას თუ არაოპოზიციას, ყიჟინა ჰქონოდა. შემდეგ დადგებოდა არჩევნების დღე და „ქართული ოცნება“ იგებდა.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როგორც ჩვენ ვაფასებთ ხოლმე ჩვენს საარჩევნო მიზნებს, საბოლოო ჯამში მართლდება. მათ შორის შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ წინასწარ განჭვრიტა, რამდენი მანდატი ექნებოდა „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის პარლამენტში. არათუ პროცენტები თქვა, 90 მანდატი რომ გვექნებოდა, ეს თქვა და 90 მანდატი ავიღეთ 2020 წლის პარლამენტში. ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, ამას ვუმიზნებთ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ახსოვს, როგორ დადიოდა კაბინეტ-კაბინეტ გიორგი კანდელაკი, რომ უვიზო მიმოსვლაზე პროცესი ჩაეშალა, ახლა ზუსტად იმავეს „ენჯეოს“ ნიღბით აკეთებს-შალვა პაპუაშვილი

არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს არის ბატონი გიორგი კანდელაკიც, ის დღეს ე.წ. „ენჯეოშნიკია“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ყველას ახსოვს, რასაც აკეთებდა ის, როდესაც უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ჩაეშალა ეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავის უკვირს, რომ გარკვეული პირები ცდილობენ, ქვეყანას უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

„ვინმეს უკვირს, რომ გიორგი კანდელაკი ახლა უკვე „ენჯეოს“ ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად დააზიანოს საქართველო? საქმე ის არის, რომ არავის უკვირს. აბა რას იზამდნენ? ჩადიან, ჩვენებას აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ. ვიხილეთ, რომ ამერიკის კონგრესმა ჩვენი მოქალაქეები ფაქტობრივად ჩააყენა მდგომარეობაში, როცა ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებას იძლეოდნენ. რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში ამერიკის მოქალაქე დავიბაროთ და აშშ-ის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. აქამდე არ უნდა დაიყვანო, თუნდაც ის ორგანიზაცია შენი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს. ამ შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ მზად არიან, ჩავიდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ზოგიერთი შინ და გარეთ, ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს -შალვა პაპუაშვილი

რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე ბრალდება, რაც ითქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და თქვა ამერიკის სენატის წევრმა, რომ – „ეს თაღლითები უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა“. ამასთან ახლოსაც მყოფი კი არ გვითქვამს ჩვენ არასდროს. ამიტომ საკითხი პირიქით არის – როგორ შეგვხედავენ თვალებში, როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – როგორ უნდა შეხვდეს ამერიკული მხარე აშშ-ში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მათ მძიმე ბრალდებებს უყენებს.

„ზოგიერთი შინ და გარეთ, ძალიან გაერთო რუსული სტილის ნარატივით, რომელიც ხელისუფლებას და ხალხს ყოფს. ეს ჩვენ გვახსოვს რუსეთისგან უკრაინასთან მიმართებით, რომ ცალკეა მთავრობა, რომელიც უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. ზოგიერთი შინაც და გარეთაც ამ რუსულის სტილის ნარატივით ძალიან გაერთო, როდესაც საუბრობენ ქართველ ხალხზე და თითქოს ხელისუფლება გამჭვირვალე შუშაა და ამის იქით ხედავენ ხალხს. საქართველოს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხალხის წარმომადგენელი. ვისთანაც საუბრობენ ქვეყნები, ეს არის ხელისუფლება – ხელისუფლებასთან. როდესაც ერთ ქვეყანას აქვს პრეტენზია, რომ ესაუბროს მეორე ქვეყნის არა ხელისუფლებას, არამედ თავზე გადაახტეს და ესაუბროს ხალხს, ამას სხვა ტერმინოლოგია ჰქვია ისტორიაშიც და საერთაშორისო სამართალშიც, ხოლო რასაც ჰქვია ღირებულებები, ეს ასახულია ზუსტად გაეროს წესდებაში, რომელიც ჩაურევლობის პრინციპს ამკვიდრებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.