Home Blog Page 713

 „ენჯეოების“ მიერ ვიზების შეზღუდვის მოთხოვნაზე: მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ამ მონაპოვარს, რომელიც ძალიან ღირებულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას – ილია დარჩიაშვილი

ეს არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯები. ამას ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს, – ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე ქართული „ენჯეოს“ მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში გამოაშკარავდა. ილია დარჩიაშვილი მათ მოუწოდებს, თავი დაანებონ ქვეყნის დაზიანებას.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს ქვეყანას, იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელიც არის ძალიან ღირებული თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის – ვერანაირად ვერ შეძლებენ ამის დაზიანებას. მინდა მოვუწოდო, რომ დაანებონ ქვეყნის დაზიანებას თავი, დაანებონ იმ მავნებლურ ქმედებებს თავი, რომლებიც აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აცხადებს დარჩიაშვილი.

„მაკკეინის ინსტიტუტმა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიში მოამზადა, სადაც გაკრიტიკებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „უცხოელი აგენტების კანონის“ არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში“.

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ, რასაც იანვრიდან დაგეგმილ ახალ რეგულაციებს უკავშირებენ

სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ხარჯების ზრდას იწვევს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სრულად ეთანხმებიან უწყვეტი გადამზადების მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში აღნიშნავენ, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს დადგენილების მე-6 პუნქტის სავალდებულო პირობასაც. აქ მიზეზად სახელდება ის საკითხები, რაც ტრენინგ-სემინარებზე არის შემოთავაზებული, კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკვე შესწავლილი და გავლილი აქვთ უნივერსიტეტებში.

„40 ტრენინგის სია მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ნაწილი უკვე ჩატარებულია, ნაწილზე ადგილი არ არის, ზოგიც კი რეგიონებში არ ტარდება. ზოგი ისეთი ტრენინგია, რომელიც 6000 ლარი ღირს…საოცარი ფასები აქვს.

ყველა ტრენინგი საინტერესოა, მაგრამ გააჩნია ვისთვის. მომხრე ვარ, ყველამ იცოდეს დეზინფექცია-სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, მეც ვატარებ ტრენინგებს, მაგრამ არ არის აკრედიტებული. 700-ზე მეტი სტომატოლოგის სახელით ვსაუბრობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როდესაც 5000-დან 10 ათასამდე ლარს გადავიხდი სავალდებულო ტრენინგში წლის განმავლობაში, გარდა ამისა, თუ დამატებით ვივლი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, ხარჯი გამეზრდება. საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული, თუ პაციენტებისგან არ ამოვიღე? ეს ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე. სტომატოლოგებს არ გვინდა ფასის მომატება!

ჩვენ ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში არ გვინდა გადავიყვანოთ, პასუხებს ვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ სტომატოლოგების და კლინიკების დაჯარიმება დაიწყება, კლინიკებსა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს გააღვივებს, მის გამო რომ ვერ მოგროვდება ექიმის მიერ ქულები.

გვექნება ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. აღნიშნულის წინააღმდეგ წლები ვიბრძოლეთ. ამ მიმართულებით ინფექციების კონტროლიც რთული იქნება“,- აღნიშნა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ირინა ბერკაცაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, როგორც მან განმარტა, მათთვის უცნობია, სავალდებულო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციის რა სახე და მოცულობა იქნება განსაზღვრული.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. #432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა.).

სამარცხვინოა „ნაცმოძრაობა“ როგორც ბრენდი – ლევან მაჭავარიანი 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა გვარამიას კოალიციის არშემდგარ გაერთიანებას ეხმაურება. მისი თქმით, რადიკალები სხვადასხვა საარჩევნო ნომრის ქვეშ გადანაწილებით ქართველი ხალხის მოტყუებას ვერ შეძლებენ.

„ორივე ერთი და იგივე ძალას წარმოადგენს, უბრალოდ იმდენად სამარცხვინოა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი, რომ სხვა გზა აქ ჰქონდათ დარჩენილი და მათმა უცხოელმა უფროსებმა ბევრი იფიქრეს და ასე გაფანტეს, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რაღაც შანსი მისცემოდათ. მოსახლეობას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, თუ შეიყვანეს ეს იქნება ჩვენი საზოგადოების ძალიან მცირე ჯგუფი და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

 ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია – ტრამპი

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში.

„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში – ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,”- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.

ომის დასასრული უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ომის დასარული უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს რეალურად ჩანს.

„მე მგონია, რომ ჩვენ მშვიდობასთან მეტად ახლოს ვართ, ვიდრე გვგონია. ჩვენ ომის დასრულებასთან ახლოს ვართ“, – განაცხადა მან.

ამავე დროს ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის ჯარის გაძლიერებისკენ მოუწოდა. „გამარჯვების გეგმა უკრაინის გაძლიერებაა. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, მოკავშირეებს, გაგვაძლიერონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს კურსკის ოპერაციის ეშინია. „ეს მართალია. მას [პუტინს] ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ რომ, მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას მათი დაცვა არ შეუძლია. მას საკუთარი ტერიტორიის დაცვა არ შეუძლია“, – თქვა მან.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას „ძლიერის პოზიციიდან“ შეუძლია აიძულოს პუტინს ომი შეწყვიტოს.

“ღამის სერენადები 2024” დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 სექტემბერს დასკვნითი საღამო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ბაროკოს მუსიკის წამყვანმა შემსრულებლებმა მევიოლინემ ანდრეს გაბეტამ და ბლოკ-ფლეიტისტმა მორის შტიგერმა, ფესტივალის საბაზო ორკესტრთან, „საქართველოს ვირტუოზებთან“ ერთად წარმოადგინეს პროგრამა „ვივალდი და მეგობრები“. დამსწრე საზოგადოებამ უწყვეტი აპლოდისმენტებითა და მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ფესტივალმა წელს 3 დიდ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გამართა 7 შესანიშნავი კონცერტი არაჩვეულებრივი მუსიკოსების მონაწილეობით. წლევანდელი ფესტივალში მონაწილეობდნენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი / თურქეთი; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევდა ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
ვემშვიდობებით ჩვენს ძვირფას მსმენელს მომავალ წლამდე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, თითოეულ მუსიკოსს, შესანიშნავ პუბლიკას.”

ანდრეს გაბეტა, მუსიკოსი:

“ამ ფესტივალის დამსახურებით საქართველოში მეორედ ვარ და აღფრთოვანებული ვარ ქართველი მსმენელის გამორჩეული და განსაკუთრებული გემოვნებით. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალში მონაწილეობა. მადლობა “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს, ფესტივალის დირექტორს ნინა ცაგარელს მოწვევისთვის და უღრმესი მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ შესანიშნავი საღამოსთვის. საოცარი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა თქვენი ქვეყანა, სულმოუთმენლად ველოდებოდი აქ ჩამოსვლას და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი კიდევ ერთხელ მომეცა.”

მორის შტიგერი, მუსიკოსი:

“პირველად ვარ საქართველოში და ამ საოცარ ფესტივალშიც პირველად ვიღებ მონაწილეობას. დაუვიწყარი კონცერტი იყო დაუვიწყარი ემოციებითა და არაჩვეულებრივი მსმენელით. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ მომიწვიეს. მადლობა ორკესტრს, დიდებულად ჩატარდა კონცერტი. ბევრი მსმენია თქვენი ქვეყენის შესახებ, მაგრამ აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი.”

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი 20 სექტემბერი, 20:00 ვივალდი და მეგობრები

ანდრეს გაბეტა – ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი
მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია

ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე)

პროგრამა:
ევარისტო ფელიჩე დალაბაკო – კონცერტი რე მაჟორი, თხზ.5 №6 – ჩაკონა
ანტონიო ვივალდი – ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375
სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190
ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428

პიეტრო ლოკატელი – კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 №11
ანტონიო ვივალდი – კონცერტი ბლოკ-ფლეიტისთვის დო მაჟორი, RV 443
სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“
კონცერტი ვიოლინოსა და ბლოკ-ფლეიტისთვის სოლ მაჟორი, RV516

მევიოლინე ანდრეს გაბეტა ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაროკოს შემსრულებლად. მისი რეპერტუარი მოიცავს ნაწარმოებებს ბაროკოს ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე რეპერტუარით დამთავრებული. 2011 წელს ვირტუოზმა შემსრულებელმა მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა: თავის დასთან, ჩელისტ სოლ გაბეტასთან ერთად ჩამოაყალიბა საკუთარი ბაროკოს ორკესტრი „Capella Gabetta“. ამ ორკესტრთან ერთად იგი მართავს კონცერტებს როგორც სოლისტი და დირიჟორი წამყვან მუსიკოსებთან ერთად. ანდრეს გაბეტა მონაწილეობს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში, სისტემატურად მართავს კონცერტებს, როგორც სოლისტი და კამერული ანსამბლის წევრი, ჩაწერილი აქვს მრავალი აუდიო ალბომი. მისი ალბომებმა არაერთი პრიზი და ჯილლო დაიმსახურეს, რომელთა შორისაა 2008 წლის გრემის ნომინაცია ბახის ბრანდენბურგის კონცერტების საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის. ანდრეს გაბეტა უკრავს 1727 წელს გამოშვებულ გვარნერის ვიოლინოზე.

მორის შტიგერს უწოდებენ „პაგანინის“, „ჯადოქარს“, „მსოფლიო წამყვან ბლოკ ფლეიტისტს“, „ამაღელვებელ და შთამაგონებელ დირიჟორს“. ასეთი მაღალი მოლოდინების გასამართლებლად საჭიროა არა მხოლოდ გასაოცარი ტექნიკა, არამედ ქარიზმა, ინტელექტი და მუსიკის საოცარი შეგრძნება. ეს ყველაფერი მან არაერთხელ დაუმტკიცა საკუთარ მსმენელს განსხვავებული ფორმატის კონცერტებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც სოლისტი ან დირიჟორი, ან ორივე ერთდროულად, იგი რეგულარულად მართავს კონცერტებს ბაროკოს მუსიკის წამყვან ორკესტრებთან. მორის შტიგერს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა: კარაიანის პრემია და ECHO Klassik.

წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები, რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

„ღამის სერენადების“ შემდეგი ორი კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.
15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებს – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.

17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართა, 18 სექტემბერს კი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკა აჟღერდა.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.

ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.

 გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან -პრემიერი

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლკ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

“მოუთმენლად ველი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას გენერალური მდივნის წინადადებების ძირითად ასპექტებზე, რომელიც ასახულია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ანგარიშში და ხაზგასმულია მომავლის პაქტში”,- აღნიშნავს პრემიერი.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია.

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ასევე დაშავდა 1645 ადამიანი.

2006 წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან, რასაც ამ რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საშიშროებაზე საუბრობენ აშშ-ში. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ რამდენიმე დღის წინ წერდა, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების შემდგომ ესკალაციას პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

მუსიკალურმა ფესტივალმა „ღამის სერენადებმა“ ჩეხური მუსიკის საღამო გამართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში 18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური მუსიკის საღამო გაიმართა.

პიანისტმა და კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკა შეასრულა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმაც.

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:

„ძალზედ ატმოსფერული საღამო იყო. შესრულდა შესანიშნავი, ემოციური, სენტიმენტალური დვორჟაკის სმეტანას ნაწარმოებები. გიორგი შავერზაშვილმა და გიორგი ხაინდრავამ საოცრად შეასრულეს პროგრამა. ესეთი საღამოები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის საელჩოსა და პირადად ელჩს თანამშრომლობისთვის და ფესტივალის მხარდაჭერისათვის. ჩვენ კი ველოდებით მსმენელს დასკვნით კონცერტზე კონსერვატორიაში 20 სექტემბერს“.

ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების“ დირექტორი:

„ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალის “ღამის სერენადების” ფარგლებში ჩატარდა უკვე 6 კონცერტი – ბორჯომში ბათუმში და თბილისში. 20 სექტემბერს დასკვნითი კონცერტი გველოდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდს ნანა მალაშხია და ივა ჭყონია შეუერთდნენ

დისტრიბუციის ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და საჯარო მოხელე ნანა მალაშხია “კოალიცია ცვლილებებისთვის” გუნდს შეუერთდნენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სადაც კოალიცია ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავს.

ჭყონია და მალაშხია ამომრჩევლებს კოალიციის ლიდერებმა წარუდგინეს.

ნანა მალაშხიას თქმით, „ქალი ევროკავშირის დროშით“ გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის.

“დიდი პატივია ვიდგე აქ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ვნახე შესაძლებლობა, ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისთვის, რომელიც დაასრულებს უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ზიზღს, სიძულვილს.

ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას, რომელიც მოიტანს ბედნიერებას, უსაფრთხოებას, მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას.

მადლობა ამ გუნდს შესაძლებლობისთვის.

ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა, გამარჯვების დროა”, – განაცხადა მალაშხიამ.

ივა ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კოალიციას და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა.

„დღეს უნდა დავიწყოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ივა ჭყონიამ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, არაერთხელ აუხსნია ბიზნეს სექტორისთვის „რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, ამერიკამ და რა შეიძლება დავკარგოთ, თუ არა ის სწორი არჩევანი, რაც არის გასაკეთებელი 26 ოქტომბერს”.

ჭყონიამ აღნიშნა, რომ “ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, აშშ-ში”.

„ჩვენ ბევრ რამეს შევცვლით, ჩვენი კოალიცია კი იქნება ხერხემალი იმ კოალიციისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს წინ. ლაღი ცხოვრებით, ცხოვრებით, როდესაც არ გვეყოლება ამდენი ემიგრანტი. კეთილდღეობა იქნება ცვლილებაში, კეთილდღეობა იქნება კოალიციასთან ერთად, აირჩიეთ ოთხი”, – განაცხადა ჭყონიამ.

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ჩვეული, რუტინული საქმით შემოიფარგლეთ, სამუშაო დრო მთლიანად გეგმების განხორციელებას დაუთმეთ.  პირადი საკითხები ხვალისთვის გადადეთ.

კურო

სახლში დაგეგმილი რეკონსტრუქციის საკითხებზე, სასურველია, სპეციალისტები მოიწვიოთ, ამით დაზოგავთ დროსა და ენერგიას, ამასთან,  შედეგსაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ.

ტყუპები

თუ ხვდებით, რომ თქვენს ირგვლივ არაკეთილგანწყობილი ადამიანები არიან, სასურველია, კორექტივები შეიტანოთ გეგმებსა და ქმედებებში, რათა არ გაამრავლოთ კონკურენტები და მტრები.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოულოდნელად მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღოთ. ახალ იდეების განსახორციელებლად, ფინანსური საკითხების მოგვარება დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს.

ლომი

უარს ნუ იტყვით მეგობრების შემოთავაზებაზე, ან ახალ საქმიან წინადადებაზე, შესაძლოა, ეს  იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება.

ქალწული

ზომიერება გამოიჩინეთ, როგორც საქმიანობაში, ასევე თქვენს სურვილებთან დაკავშირებით. მრავალფეროვანი მოვლენებით დახუნძლული დღე მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ, იყავით გაბედული, პირდაპირი და დაიცავით საკუთარი ინტერესები.

სასწორი

ფიზიკურ თუ ნერვულ გადაღლას ვერ აიცილებთ, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ და გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი.

მორიელი

ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, გააანალიზეთ საკუთარი პრობლემები და გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, ეს დაგეხმარებათ სამყაროსგან პასუხების მიღებაში და მომავლის უკეთ დაგეგმვაში.

მშვილდოსანი

თქვენი მიზნების მისაღწევად, საჭირო არაა სიახლეების ძებნა, მთავარია, დასახული გეგმა სწორად შეასრულოთ და მიზანსაც მარტივად მიაღწევთ.

თხის რქა

იზრუნეთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.  თქვენი მყარი ემოციური მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ, მოაგვაროთ მატერიალური საკითხები.

მერწყული

მოსალოდნელია დაპირისპირება ოჯახის ასაკოვან წევრებთან. გააკონტროლეთ ემოციები ეს ახლა ძალიან გჭირდებათ.

თევზები

არსებობს ალბათობა, მკვეთრად შეიცვალოს თქვენი გეგმები. შესაძლოა,  დაკავდეთ სხვათა პრობლემების მოგვარებით. კარგი იქნება, იზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.

ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

როგორ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობის მნიშვნელობას.

“აღინიშნა საქართველოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.