Home Blog Page 713

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ამ და ომის სხვა დანაშაულებისთვის“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კონსტანტინოვკაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბორელის თქმით, რუსეთმა კვლავ მიზანში ამოიღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, თავს დაესხა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრს. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ამ და ომის სხვა დანაშაულებისთვის.

უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაიცვას თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა“, – წერს ბორელი X-ზე.

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მონტანას შტატში.

ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.

დონალდ ტრამპი ბოზმენში, წინასაარჩევნო აქციაზე მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც ტრამპი სხვა კერძო თვითმფრინავით ბოზმენში გაფრინდა. ქალაქი ბილინგი 150 მილის მოშორებითაა ბოზმენიდან.

მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.

 ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი ქცევა – მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ -მამუკა მდინარაძე

ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ გაანადგურებინონ და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და მშვიდობიანი, ღირსეული სვლა ევროპისკენ.

„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი?
ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა კითხვაზეც გასცემს პასუხს…
მათ შორის, მაგალითად, საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” მეორე ფრონტის თემა?!..
მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ უნდა გავანადგურებინოთ. განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ!
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ – წერს მდინარაძე.

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცავებმა გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩანს დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

” სტუმარი ღვთისაა! სალამი ამერიკელ სტუმრებს Ms.შაჰინს და Mr.ტერნერს! ვიცით რა მათი ღვაწლი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ქომაგობის სფეროში, პირველად მათ ვიზიტს ღაზაში და უკრაინაში ველოდით!

ჩანს დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!”, – წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები, ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ.

9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, სარეაბილიტაციო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა და გადაადგილება კვლავ ცალმხრივად არის დასაშვები.

რაც შეეხება ჩიტაძის ქუჩას, მოძრაობის სქემა აღდგენილია პირვანდელი სახით და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩიდან ინგოროყვას ქუჩის მიმართულებით.

სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები-ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.

საინტერესო შეხვედრა მქონდა  აშშ-ის სენატორ ჯინ  შაჰინთან და  კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც  საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა  ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა  გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და საიმედო მოკავშირედ და იმედოვნებს, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარების დადებით დინამიკას დაუბრუნდება.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია -კახა კალაძე

x

თბილისის მერი კახა კალაძე სრულ სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.

„რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია – გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან, ბოლო 20-25 წელია, შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა. რითიც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აგვისტოს ომის ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს.

ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია.

„გამოძიების მიზანი არის ერთი – საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით?  დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აგვისტოს ომის ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ქვეყანას, საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს.

ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია.

„გამოძიების მიზანი არის ერთი – საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით?  დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.