Home Blog Page 711

თიბისის მხარდაჭერით 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 Sakartvelo 𝟐𝟎𝟐4-ის ტექნოლოგიური ბანაკი გაიმართა

თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის პროექტში ორი ასაკობრივი ჯგუფი: 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. წელს პროექტში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 22 გამარჯვებული გუნდებისთვის და მათი მენტორებისთვის, ცემში, ხუთ დღიანი შემეცნებითი ბანაკი მოეწყო.

თიბისის ტექგუნდის და სფეროს სპეციალისტების ჩართულობით, ბანაკში გოგოებმა ისწავლეს ელექტრონიკის საფუძვლები არდუინოს, მეწარმეობის ვორქშოფზე შექმნეს სახალისო პროექტები, გაეცნენ Low Code ვებ-დეველოპმენტს OutSystems პლატფორმაზე. ასევე, შეისწავლეს თამაშების შექმნის საწყისები და შექმნეს მარტივი თამაშები. მოისმინეს საინტერესო ლექციები STEM კარიერაზე, სამედიცინო ტექნოლოგიებზე, მწვანე ენერგიაზე და დიდი ენის მოდელების სამეცნიერო საფუძვლებზე. დამოუკიდებლად გაარჩიეს და წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის უახლესი აპლიკაციების შესაძლებლობები.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

R

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – მოვუწოდებ ყველას, იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ – პაპუაშვილი

როდესაც დასავლური სამყარო რუსეთთან იმის გამოა დაპირისპირებული, რომ რუსეთი გაერო-ს წესდებით გათვალისწინებულ ჩაურევლობის პრინციპს არღვევს და სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა, თავად არ უნდა იქცეოდე ისე, რის წინააღმდეგაც სიტყვით იბრძვი! – მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ! – ეს განცხადება მედიასთან დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებსა და საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მისივე აზრით, „მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის“.

„გარე ჩარევასთან დაკავშირებით გავასაჯაროვეთ 21 დღის განმავლობაში გაკეთებული 90 განცხადება – აიღონ ეს განცხადებები, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების სახელები და გვარები რუსული სახელითა და გვარით შეცვალონ და შემდეგ დაფიქრდნენ, ამას უწოდებენ თუ არა ჩარევას.

რა თქმა უნდა, ადგილი აქვს საარჩევნო პროცესში ჩარევას, რაც მხოლოდ პოლიტიკური ესთეტიკის საკითხი არ არის. ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის – ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა, რაც გაერო-ს წესდებითაა გარანტირებული.

ადგილი აქვს პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში – უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ამა თუ იმ მხარის პოლიტიკურ პოზიციებს იკავებენ. ეს არის ამომრჩეველზე და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენა, რაც ანტიდემოკრატიული ქმედებაა.

მოვუწოდებ ყველას, მინიმუმ იმ სტანდარტში მაინც ჩაეტიონ, რა სტანდარტსაც სხვებს უყენებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს სტანდარტები კეთილსინდისიერად არის წამოყენებული და არა ფარისევლურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ერთადერთი მოლოდინი, რაც მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციაში – პაპუაშვილი

მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რას ელის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიული კანონპროექტის, “ქართველი ხალხის აქტის” განხილვის შედეგად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას.

„მანამ, ვიდრე კონგრესი თუ სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ USAID-ის როლს PVT-ის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი. ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან, გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური შედეგების მანიპულაციის საკითხში და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ USAID-ს რა როლი ჰქონდა მაშინ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მაშინდელი ელჩი რა დონეზე იყო ჩართული ამ საკითხში, რა იცოდა ან რა არ იცოდა, ვინაიდან მაშინდელი ელჩი იყო ფასილიტატორი ოპოზიცია- ხელისუფლებას შორის და თუკი დადასტურდება, რომ ყოფილმა ელჩმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას ხელს აფარებდა, ეს თავდაყირა დააყენებს ფასილიტაციის და მედიაციის პროცესის კეთილსინდისიერებას, მათ შორის, კიდევ ერთხელ დაგვანახებს 19 აპრილის შეთანხმების წინაპირობები რამდენად კეთილსინდისიერი იყო მხარეების მხრიდან.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს” განიხილავს.

“ქართველი ხალხის აქტი” სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს – კახა კალაძე

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.  

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაცბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს,  საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.

„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.  

ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს. 

ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს – შალვა პაპუაშვილი

ჩვენს მოძმე სომეხ ერს უამრავი საამაყო ისტორიული მოვლენა ახსოვს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის მოპოვებას ეძღვნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის მტკიცე სული და ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც ისტორიის რთულ პერიოდებს გაუძლო. ასევე, დღეს დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან კულტურულ კავშირებს, ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.

„მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფმა ჩვენმა ხალხებმა შეძლეს ისეთი მეგობრობის დამყარება, რომელიც დროსა და საზღვრებს სცდება და ერთმანეთის გვერდში დგომას გულისხმობს.

სულ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებისა და მეგობრობის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ნაანდერძევი ისტორიული მეგობრობისა და ძმობის პოლიტიკა, რომელმაც მრავალ სირთულეს გაუძლო და ჩვენი ხალხების სულიერი და მატერიალური გამდიდრების საწინდარს წარმოადგენს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა. ხშირად ხდება ვიზიტების გაცვლა სხვადასხვა დონეზე. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ განსახილველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მრავალი საკითხი.

სრული მზაობა გვაქვს, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი ხელშეწყობისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესშია.

„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად, არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ. გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! სომხეთს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: გიორგი ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, თბილისობა წელსაც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეებს. წელსაც 5 და 6 ოქტომბერი იქნება დედაქალაქის დღეები, „თბილისობა“, რომელიც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე გაგიზიარებთ. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი, ეს იქნება დედაქალაქის დღეები და ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ვ., და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ.

„ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ტ.ფ. ხოლო, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1981 წელს დაბადებული მ.გ. და 1968 წელს დაბადებული ვ.გ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ.გ.-სა და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის მოგვარებისა და გადაჭრის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს და კრიმინალურ ავტორიტეტებს: ტ.ფ.-ს, გ.კ.-ს და კ.ვ.-ს მიმართეს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ, ერთი თვის ვადაში 15 000 ლარის გადახდა დააკისრეს, რომელიც მ.გ,-მ დათქმულ ვადაში გადაიხადა. აღნიშნული თანხის ნახევარი დავის მოგვარებაში მონაწილე კრიმინალურ ავტორიტეტებზე გადანაწილდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთი უკრაინის ქალაქ უგლედარს უტევს და „მიწის გადაწვის“ ტაქტიკით სარგებლობს – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი უკრაინის ჯარების საყრდენ ქალაქ უგლედარს სწრაფი ტემპით უტევს და „მიწის გადაწვის“ ტაქტიკით სარგებლობს“ (ავტორი – ჯეიმს კილნერი), რომელშიც განხილულია როგორც რუსული ჯარების შეტევის ძირითადი მიმართულებები, ასევე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ჯარებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უკრაინის საყრდენ პუნქტზე – ქალაქ უგლედარზე შტურმი დაიწყეს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით მიუახლოვდნენ.

დონბასის (აღმოსავლეთის) ფრონტიდან მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვის არმია უგლედარის ხელში ჩასაგდებად იყენებს „მიწის გადაწვის“ ტაქტიკას (მეშახტეთა ქალაქში ძირითადად საბჭოთა ეპოქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ჭარბობს).  უგლედარი 1991 წლიდან არასოდეს არ ყოფილა რუსეთის კონტროლქვეშ, მაგრამ, როგორც ჩანს,პროკრემლური სამხედრო წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერად რუსეთის ჯარები ქალაქის უკრაინელ დამცველებს გაანადგურებენ. „რუსული ქვედანაყოფები უკვე უგლედარის გარეუბნებში შევიდნენ. ქალაქზე შტურმი დაიწყო“.

უგლედარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზატკეცილზე მდებარეობს, დონბასის მთავარი ქალაქის – რუსების მიერ კონტროლირებული საოლქო ცენტრის დონეცკის დასავლეთით. ომის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 15 ათას მცხოვრებს შეადგენდა.

როგორც კომენტატორები აცხადებენ, ქალაქის დაპყრობა რუსეთის არმიისათვის მნიშვნელოვან წარმატებას ნიშნავს: გააუმჯობესებს კრემლის პოზიციებს და ერთგვარი პლაცდარმის სახით ისარგებლებს უკრაინის სხვა ახლოს მდებარე ობიექტებზე შეტევისათვის.

უპილოტო საფრენის აპარატის (დრონის) მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ უგლედარი კვამლსა და ცეცხლშია გახვეული, ხშირი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შედეგად. უკრაინული ერთ-ერთი სამხედრო წყაროს ცნობით, უგლედარში „კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი“: „რუსებმა ქალაქი მარწუხებში მოაქციეს და ულმობლად ბომბავენ… უბრალოდ, მიწის პირისაგან აღგვას ცდილობენ საარტილერი-სარაკეტო დარტყმებით და საავიაციო პლანირებადი ბომბებით“.

როგორც ცნობილია, ამჟამად კრემლის ჯარები ასევე უტევენ კიდევ ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უკრაინულ ქალაქს – პოკროვსკს (უგლედარიდან 40 კილომეტრში), სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები, მართალია, მეტ-ნაკლებად შესუსტებულია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ რუსული ქვედანაყოფები ცოცხალ ძალასა და იარაღს აგროვებენ ბოლო გადამწყვეტი შტურმისათვის. პოკროვსკთან რუსები 5-7 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. უფრო ჩრდილოეთით, ქალაქ კუპიანსკთან ახლოს, რუსებმა მდინარე ოსკოლის გასწვრივ წინ წაიწიეს.

ბოლო დღეებში პრესაში გამოქვეყნდა მონაცემები რუსეთის ახალი, 2025 წლის  ფედერალური ბიუჯეტის თაობაზე, რომელთა მიხედვით, ვლადიმერ პუტინი გეგმავს სამხედრო ხარჯები 2024 წელთან შედარებით 25%-ით გაზარდოს, ანუ 13,2 ტრილიონი რუბლით (106 მილიარდი გირვანქა სტერლინგით). ეს თანხა  რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,2%-ს და კრემლის სახელმწიფო ხარჯების 40%-ს შეადგენს. შედარებისათვის: დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად თავდაცვის სფეროში 57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს.

ანალიტიკოსების აზრით, სამხედრო ხარჯების ზრდა ნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი ხანგრძლივი ომისათვის ემზადება: „ომის ეკონომიკური ფასი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინისათვის შეშფოთების გამომწვევ ფაქტორს არ წარმოადგენს“, – ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო, რომელიც ადრე რუსეთის ცენტრალური ბანკის მრჩევლად მუსაობდა, ამჟამად კი ბერლინში არსებული რუსეთ-ევრაზიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელია.

კრემლმა უკრაინასთან ომს უპირველესი პრიორიტეტი მიანიჭა: მოსკოვი გამალებით იარაღდება – თითქმის ყველა სამოქალაქო ქარხანა სამხედრო ყაიდაზე გარდაიქმნა და ფრონტის საჭიროებისათვის მუშაობს, უპილოტო მფრინავი აპარატების (დრონების), რაკეტების, საარტილერიო ჭურვების და საავიაციო ბომბების დასამზადებლად.

გასულ კვირაში კრემლმა განაცხადა, რომ რომ რუსეთის არმიის რაოდენობა დამატებით 180 ატასი სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება და 1,5 მილიონს მიაღწევს. ამჟამად რუსულ მასმედიაში პატრიოტული კამპანია მიმდინარეობს ჯარში გაწვევის გაფართოების მიზნით, „კურსკის ოლქიდან უკრაინელი დამპყრობლების გაძევების“ მოწოდებების ფონზე.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ვინაიდან ფრონტზე მრავალი სამხედრო მოსამსახურე იღუპება, რუსეთის არმიას ახალწვეულები არ ჰყოფნის. სამინისტრო თავის მოხსენებაში რუს ჯარისკაცებს „საზარბაზნე ხორცს“ უწოდებს, ხოლო რუსეთის არმიას – „უსახური ადამიანების სიკვდილის ფაბრიკის კონვეიერს“.

უკრაინაში შეჭრის დროიდან (ანუ 2022 წლის თებერვლიდან) რუსეთმა მოკლულების სახით დაახლოებით 610ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ფრონტზე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 1100 ჯარიკაცი იღუპება და იჭრება.

წყარო

უკრაინელებმა ათ ოლქში 28 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურეს

რუსეთმა 25 სექტემბრის ღამეს უკრაინის მასშტაბით 32 “კამიკაძე-დრონი“ გაუშვა, მათგან 28 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა ასევე X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ რუსებმა ხარკოვის ოლქს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტითა და სამი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტით დაარტყეს, ოდესის ოლქს – შავი ზღვის საჰაერო სივრციდან Х-59/69 ტიპის 4 რაკეტით, ასევე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკია და კურსკის ტერიტორიებიდან.

საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

ერდოღანმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გააკრიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გააკრიტიკა და მას სამარცხვინო უწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ცერემონიაზე ნაჩვენებმა სცენებმა დეგენდერიზაციის საფრთხის მასშტაბი გამოავლინა. მსოფლიოს იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც თურქეთის შეშფოთებას იზიარებენ, მან ოჯახური ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა.

„საზოგადოების ფუნდამენტურ საყრდენზე – ოჯახის ინსტიტუტზე თავდასხმა სულ უფრო ინტენსიური ხდება. 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ნაჩვენებმა სცენებმა გამოავლინა საფრთხის მასშტაბები, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. სპორტული ღონისძიება, რომელსაც ბავშვები და ყველა ასაკისა და რწმენის ასობით მილიონი ადამიანი უყურებდა, გამოყენებული იყო ყველაზე მახინჯი გზით დეგენდერიზაციის პროპაგანდისთვის. ამ უზნეო სცენებმა ღრმა ჭრილობა მიაყენა არა მხოლოდ კათოლიკურ და ქრისტიანულ მსოფლიოს, ასევე მუსლიმებს და ყველას, ვინც პატივს სცემს სიწმინდეს. ხდება დეგენდერიზაციის საკითხის გლობალური თავსმოხვევა. ის იქცა ფაქტობრივად ომად სიწმინდისა და ბუნების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ხმას იმაღლებს ამ დესტრუქციული პროექტის წინააღმდეგ ან მცირეოდენ რეაქციას ამჟღავნებს, აჩუმებენ და ლინჩის წესით გასამართლების კამპანიის სამიზნედ აქცევენ. უფლის წყალობით, ჩვენ არ დავიხევთ უკან ადამიანისა და ბუნების დაცვაში სხვა ქვეყნებთან სოლიდარობით. ვიწვევ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას, გამოგვიწოდონ დახმარების ხელი ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ადამიანის უფლებების დაცვა თუ ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ? – რას წერს “ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ), აქვეყნებს სტატიას სათაურით „ადამიანის უფლებების დაცვა თუ ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ?“, რომელშიც განხილულია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ, წინასაარჩევნო კამპანიისა და ტრადიციული ფასეულობების პროპაგანდის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჟამინდელი მმართველი გუნდის ერთ-ერთ საკვანძო თემას „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ ბრძოლა წარმოადგენს. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ესაა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ჰომოფობიაზე აგებული წინასაარჩევნო კამპანია მეტ ხმას მოუტანს არჩევნებზე.

მესამე მოსმენით კანონი პარლამენტში 17 სექტემბერს გავიდა, ერთი დღის შემდეგ კი სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურაში დასაქმებულმა მოქალაქემ ტრანსგენდერი ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

საქართველოში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ორი ფაქტი, შესაძლოა, პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ იყოს ერთმანეთთან, რადგან, სავარაუდოდ, მკვლელი ანტი ლგბტ კანონის მიღებას არ ელოდებოდა მკვლელობის ჩასადენად, თუმცა ზოგად სურათში, მათ შორის ლოგიკური კავშირი იკვეთება. იკვეთება იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსფობიური და ანტილიბერალური ფონის შექმნითა და წახალისებით, ხელისუფლება მწვანე შუქს ანთებს აგრესიული და არაადამიანური ქმედებებისთვის.

მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სპიკერმა სექტემბრის დასაწყისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიისთვის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ორიდან ერთი საკვანძო საკითხია. მისი თქმით, უკვირს, რომ ოპოზიცია ამ თემას წინასაარჩევნოდ არ იყენებს, რადგან ეს საზოგადოებაში კარგად მუშაობს, არჩევნებზე ხმების მისაღებად. მდინარაძე ოპოზიციის მიერ ლგბტ თემის გამოუყენებლობას იმით ხსნის, რომ ამას „მათი პატრონები უკრძალავენ“.

„ოცნება“ რომ წინასაარჩევნოდ უმცირესობების წინააღმდეგ კამპანიას მასობრივად იყენებს, კარგად გამოიკვეთა პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების შეხვედრაზე კასპში, სადაც გორისა და კასპის მერებმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კასპელებს წარუდგინეს დაპირება იმის თაობაზე, რომ „კასპში გეი წყვილების ქორწინებას არ დაუშვებენ“. მართალია, კამპანიის ეს ნაწილი, შემდგომ, კომიკური ვიდეოების სახით გავრცელდა საზოგადოებაში და იუმორისტული ელფერი შეიძინა, თუმცა ის მაინც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი ლგბტ თემის, როგორც მტრის ხატის ჯერ აქტუალიზებას საზოგადოებაში, შემდეგ კი მის წინააღმდეგ ბრძოლას.

(…)

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროპაგანდა ლგბტ პირებს ამრავლებს. „გამოწვევები ძალიან სერიოზულია, თქვენ ხედავთ რამდენად სწრაფი ტემპით აფართოებს არეალს ლგბტ პროპაგანდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადრე ამტკიცებდნენ, რომ ამ პროპაგანდას ვერ ექნებოდა ვერავითარი გავლენა ადამიანების ცხოვრების წესზე, თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს ამტკიცებს. პროპაგანდის შემდეგ და კვალდაკვალ, 20 პროცენტს გადააჭარბა ლგბტ პირების რაოდენობამ შესაბამის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ჩვენი და არავის საქმე არ არის პირადი ცხოვრება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს უმკაცრესად დაცული, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ვფიქრობთ, რომ ამ პროპაგანდის უკან დგას ძალიან მანკიერი პოლიტიკური მიზნები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ პროპაგანდის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს დემოგრაფიას, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, არის, უბრალოდ, აუცილებელი, საკონსტიტუციო დონეზეც“,- ამბობს პრემიერი კობახიძე.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ ფემიციდი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნიშნულზე იყო საქართველოში. როდესაც სახელმწიფო ცდილობდა მის პრევენციას და ჩართული იყო ქალების წინააღმდეგ ძალადობის შესამცირებლად, ყოველთვის კლებულობდა ფემიციდის რაოდენობა. ახლა კი სურათი განსხვავებული და დამძიმებულია, რადგან. „ქართული ოცნებისთვის“ თანასწორობა აღარაა ღირებულება.

„ჩვენ პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც კაცებს ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ საკუთარ ქალებს მოექცნენ ნივთებივით და თუ რამე არ მოეწონებათ, ისინი სიკვდილითაც დასაჯონ. კესარიას შემთხვევა კლასიკური ფემიციდია. მართალია, ჩვენ ამ შემთხვევაში ტრანს ქალზე ვსაუბრობთ, თუმცა ის მოკლეს ზუსტად ისე, როგორც კლავენ საქართველოში ქალებს. მოკლა ყოფილმა პარტნიორმა, რომელიც ხანგრძლივად ძალადობდა მასზე.

„ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“, რომელიც იღებდა კვოტებს და ჰქონდა ძალიან სერიოზული პროგრამები ქალების დასახმარებლად, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არათუ აღარაფერს აღარ აკეთებს, არამედ აფუჭებს საქმეს და საკუთარ, მიღწეულ შედეგებსაც თმობს,“- გვეუბნება ბაია პატარაია.

უფლებადამცველი იხსენებს, როგორ გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სავალდებულო კვოტები და დანერგა საშინელი თავდასხმების პრაქტიკა პოლიტიკოს ქალებზე. მათ შორის, ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს პირდაპირი ეთერების წინ და საპარლამენტო ტრიბუნების გამოყენებით. „ეს, ზოგად ფონს, მნიშვნელოვნად აუარესებს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პარლამენტში მიმდინარე ამბები არ გადაითარგმნება საზოგადოებაში. საზოგადოება თუ ხვდება, რომ ქალის პატივისცემისა და სათანადო მოპყრობის მაგალითს არ იძლევიან, მოძალადეები უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს,“- ამბობს პატარაია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ სიძულვილის ენით გამოირჩევა არა მარტო უმცირესობების, ან ტრანსი თემის მიმართ, არამედ ქალების მიმართ, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ. „აღარაფერს ვამბობ, როგორ გადაგვიწყვიტა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა გაგვიუქმოს. ასეთი რამ, სიტყვითაც კი არავის უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ასეთი აგრესია იწვევს მოძალადეების პირდაპირ წახალისებას. შევხედოთ რუსეთს, იქ საერთოდ გააუქმეს ოჯახში ძალადობის კანონმდებლობა. დანაშაულადაც აღარ ითვლება ცოლისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ფიზიკური ძალადობა… ჩვენ თუ ვდგებით რუსეთის გზაზე, მაშინ აიხსნება ის რეგრესი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მაგრამ ქართველ ხალხს ეს არ აურჩევია და ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას თავის დასავლური არჩევანი არჩევანზე,“- მიიჩნევს პატარაია.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ფემიციდის 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

2022 წლის ანგარიშში კი ნათქვამია: წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების კლების ტენდენცია კვლავ არ შეინიშნება. სამწუხაროდ, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს გაზრდილია ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევები. კერძოდ, 2022 წელს 25 ქალის მკვლელობისა და 37 ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გამოვლინდა.”

„ის, რომ შსს-ს ორ თანამშრომელს ფინანსური სანქციები დაუწესა ამერიკამ ხალხზე ძალადობის გამო, ფაქტია. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს აქვთ მძლავრი განცდა, რომ მათ ხელს ვერავინ ახლებს. კესარია აბრამიძის მკვლელიც, როგორც აღმოჩნდა, იყო ის დაქირავებული „ტიტუშკა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა აქტივისტებისა და აქციების დასარბევად. ნახეთ, რამხელა კავშირია ამ ყველაფერს შორის. ადამიანს რომელსაც წაახალისებ, აცემინებ სხვა ადამიანებს, შეპირდები დაუსჯელობას, ის, შემდეგ იმდენად ხელშეუხებლად იგრძნობს თავს, რომ კიდევ უფრო სასტიკ დანაშაულს ჩაიდენს. სწორედ ესაა დაუსჯელობის სინდრომი, რასაც თესავს „ქართული ოცნება“, რის შედეგადაც ჩვენ ასეთ სასტიკ დანაშაულებს ვხედავთ,“- ამბობს ბაია პატარაია.

კესარია აბრამიძის ოჯახსა და ახლობლებს სურვილი ჰქონდათ, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, მიცვალებულისთვის ეკლესიას წესი აეგო, თუმცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ტრანსგენდერი ქალისთვის წესის აგებაზე უარი განაცხადა.

წლების განმავლობაში, საქართველოში, სექსუალური უმცირესობების მიმართ აგრესია არ კლებულობს. კესარია აბრამიძე მეოთხე ტრანსგენდერი ქალია, ვინც მოკლეს. 2024 წელს ანალოგიური სისასტიკე განიცადა საბა ბერიანმა. ის 23 წლის იყო, როდესაც საკუთარ სახლში მოკლეს და დაწვეს. 2015 წელს ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა გარდაცვლილი იპოვეს. 2016 წელს ზიზი შეყილაძის სასტიკი მკვლელობის თაობაზე შეიტყო საზოგადოებამ. მათი სურვილის წინააღმდეგ, ყველა მათგანი კაცის ტანსაცმელით დაკრძალეს.

ადამიანის უფლებების დამცველების თქმით, ჰომოფობიური კანონების მიღებით, საქართველო კიდევ უფრო დაშორდება დასავლურ კურსს და სულ უფრო დაემსგავსება რუსეთს.

წყარო

ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია-Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ), აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას სათაურით „ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია“, რომლიდანაც ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს დელეგაციის მიმართ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ერთგვარ „დიპლომატიურ სასჯელს“ იყენებს.


გთავაზობთ პუბლიკაციას:


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.


როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.


გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ჩათვლით. დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.


აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.


“ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები აშშ-ის ადმინისტრაციას არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.


“ამერიკის ხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და პასუხის შესაბამისად, მასალა განახლდება.


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის, ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.


მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღო, სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-საქართველოს ყველა ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს ათობით მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირს და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. შეჩერდა ფინანსური დახმარება, რომლითაც პირდაპირ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. გასულ კვირაში კი, ხაზინის დეპარტამენტმა, სანქციები დაუწესა ოთხ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურს. ასევე, “ალტ-ინფოს” დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძეს.


გასულ კვირაში, „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმას“ აღნიშნული ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.


„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე.


ნიუ-იორკში, 23 სექტემბერს, ქართული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ. „გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების თაობაზე, „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.


„თქვენ იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ევროპაში $2 მილიარდი, თუმცა ახლა გრძელდება შანტაჟი უკვე სხვა ფორმით. ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს, მიზანი ყველამ იცით, რაც არის – მათ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერც ახლა ვერ იქნება წარმატებული. [მავანმა ადამიანებმა] ვერ ისწავლეს რეალურად ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის“, – განაცხადა 23 სექტემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართული ტელემედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.


წყარო