რუსეთი უკრაინის ქალაქ უგლედარს უტევს და „მიწის გადაწვის“ ტაქტიკით სარგებლობს – The Daily Telegraph

27
spot_img

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი უკრაინის ჯარების საყრდენ ქალაქ უგლედარს სწრაფი ტემპით უტევს და „მიწის გადაწვის“ ტაქტიკით სარგებლობს“ (ავტორი – ჯეიმს კილნერი), რომელშიც განხილულია როგორც რუსული ჯარების შეტევის ძირითადი მიმართულებები, ასევე რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მიზნით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ჯარებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე უკრაინის საყრდენ პუნქტზე – ქალაქ უგლედარზე შტურმი დაიწყეს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით მიუახლოვდნენ.

დონბასის (აღმოსავლეთის) ფრონტიდან მიღებული ცნობების თანახმად, მოსკოვის არმია უგლედარის ხელში ჩასაგდებად იყენებს „მიწის გადაწვის“ ტაქტიკას (მეშახტეთა ქალაქში ძირითადად საბჭოთა ეპოქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები ჭარბობს).  უგლედარი 1991 წლიდან არასოდეს არ ყოფილა რუსეთის კონტროლქვეშ, მაგრამ, როგორც ჩანს,პროკრემლური სამხედრო წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჯერად რუსეთის ჯარები ქალაქის უკრაინელ დამცველებს გაანადგურებენ. „რუსული ქვედანაყოფები უკვე უგლედარის გარეუბნებში შევიდნენ. ქალაქზე შტურმი დაიწყო“.

უგლედარი სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზატკეცილზე მდებარეობს, დონბასის მთავარი ქალაქის – რუსების მიერ კონტროლირებული საოლქო ცენტრის დონეცკის დასავლეთით. ომის დაწყებამდე ქალაქის მოსახლეობა 15 ათას მცხოვრებს შეადგენდა.

როგორც კომენტატორები აცხადებენ, ქალაქის დაპყრობა რუსეთის არმიისათვის მნიშვნელოვან წარმატებას ნიშნავს: გააუმჯობესებს კრემლის პოზიციებს და ერთგვარი პლაცდარმის სახით ისარგებლებს უკრაინის სხვა ახლოს მდებარე ობიექტებზე შეტევისათვის.

უპილოტო საფრენის აპარატის (დრონის) მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ უგლედარი კვამლსა და ცეცხლშია გახვეული, ხშირი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შედეგად. უკრაინული ერთ-ერთი სამხედრო წყაროს ცნობით, უგლედარში „კრიტიკული სიტუაციაა შექმნილი“: „რუსებმა ქალაქი მარწუხებში მოაქციეს და ულმობლად ბომბავენ… უბრალოდ, მიწის პირისაგან აღგვას ცდილობენ საარტილერი-სარაკეტო დარტყმებით და საავიაციო პლანირებადი ბომბებით“.

როგორც ცნობილია, ამჟამად კრემლის ჯარები ასევე უტევენ კიდევ ერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უკრაინულ ქალაქს – პოკროვსკს (უგლედარიდან 40 კილომეტრში), სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები, მართალია, მეტ-ნაკლებად შესუსტებულია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ რუსული ქვედანაყოფები ცოცხალ ძალასა და იარაღს აგროვებენ ბოლო გადამწყვეტი შტურმისათვის. პოკროვსკთან რუსები 5-7 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. უფრო ჩრდილოეთით, ქალაქ კუპიანსკთან ახლოს, რუსებმა მდინარე ოსკოლის გასწვრივ წინ წაიწიეს.

ბოლო დღეებში პრესაში გამოქვეყნდა მონაცემები რუსეთის ახალი, 2025 წლის  ფედერალური ბიუჯეტის თაობაზე, რომელთა მიხედვით, ვლადიმერ პუტინი გეგმავს სამხედრო ხარჯები 2024 წელთან შედარებით 25%-ით გაზარდოს, ანუ 13,2 ტრილიონი რუბლით (106 მილიარდი გირვანქა სტერლინგით). ეს თანხა  რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,2%-ს და კრემლის სახელმწიფო ხარჯების 40%-ს შეადგენს. შედარებისათვის: დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად თავდაცვის სფეროში 57 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს.

ანალიტიკოსების აზრით, სამხედრო ხარჯების ზრდა ნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი ხანგრძლივი ომისათვის ემზადება: „ომის ეკონომიკური ფასი, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინისათვის შეშფოთების გამომწვევ ფაქტორს არ წარმოადგენს“, – ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო, რომელიც ადრე რუსეთის ცენტრალური ბანკის მრჩევლად მუსაობდა, ამჟამად კი ბერლინში არსებული რუსეთ-ევრაზიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელია.

კრემლმა უკრაინასთან ომს უპირველესი პრიორიტეტი მიანიჭა: მოსკოვი გამალებით იარაღდება – თითქმის ყველა სამოქალაქო ქარხანა სამხედრო ყაიდაზე გარდაიქმნა და ფრონტის საჭიროებისათვის მუშაობს, უპილოტო მფრინავი აპარატების (დრონების), რაკეტების, საარტილერიო ჭურვების და საავიაციო ბომბების დასამზადებლად.

გასულ კვირაში კრემლმა განაცხადა, რომ რომ რუსეთის არმიის რაოდენობა დამატებით 180 ატასი სამხედრო მოსამსახურით გაიზრდება და 1,5 მილიონს მიაღწევს. ამჟამად რუსულ მასმედიაში პატრიოტული კამპანია მიმდინარეობს ჯარში გაწვევის გაფართოების მიზნით, „კურსკის ოლქიდან უკრაინელი დამპყრობლების გაძევების“ მოწოდებების ფონზე.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ვინაიდან ფრონტზე მრავალი სამხედრო მოსამსახურე იღუპება, რუსეთის არმიას ახალწვეულები არ ჰყოფნის. სამინისტრო თავის მოხსენებაში რუს ჯარისკაცებს „საზარბაზნე ხორცს“ უწოდებს, ხოლო რუსეთის არმიას – „უსახური ადამიანების სიკვდილის ფაბრიკის კონვეიერს“.

უკრაინაში შეჭრის დროიდან (ანუ 2022 წლის თებერვლიდან) რუსეთმა მოკლულების სახით დაახლოებით 610ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ფრონტზე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 1100 ჯარიკაცი იღუპება და იჭრება.

წყარო