Home Blog Page 709

,,კარგი შესაძლებლობა იყო, დაგვეფიქსირებინა, რომ საქართველო საიმედო პარტნიორად დარჩება აშშ-თვის”- ნინო წილოსანი

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად რჩება. ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, „ძალიან თბილი შეხვედრა იყო“.

„იმედი გვაქვს, ის განცხადებები, რომელიც ჩვენთან, ინდივიდუალური შეხვედრის დროს, თუ საერთო ფორმატში ითქვა სენატორის და კონგრესმენის მხრიდან, ნამდვილად არის ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში მიზნების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ რჩება ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას და თავისთავად, მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ინდივიდუალურ რეჟიმში გვესაუბრა სენატორთანაც და კონგრესმენთანაც, მათ შორის, ისეთი საკითხებიც განგვეხილა, რომელიც შეიძლება ონლაინ რეჟიმში არასწორად იყოს ინტერპრეტირებული, ან არასწორად მიტანილი. ჩვენი მხრიდან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მყარი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ინტერესების და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ის, რომ საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორად დარჩება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს“, – განაცხადა წილოსანმა.

,,ოქტომბერში გადაწყდება ქვეყნის ბედი ” – თინა ხიდაშელი

ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესსაც და ადმინისტრაციასაც, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადმინისტრაციაში, ყოველთვის მსგავსი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ მათ არასდროს უფიქრიათ, რომ რესპუბლიკელების ან დემოკრატების თეთრ სახლში მოსვლის პირობებში რაიმე შეიცვლებოდა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

გარდა ამისა, მან ისაუბრა თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ყველაფერი თავიდანვე ნათელი იყო“.

„რაც შეეხება თავდაცვის უწყებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო. ხელისუფლებას დასჩემდა, რომ „იმედს“ თვითონაც უსმენს და შემდეგ „იმედზე“ რომ რაღაცას ეტყვიან „ასე თქვიო“, იჯერებენ, რომ მართლაც ასე მოხდა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკული შეტევები სწორედ აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს, სენატორების, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების პასუხი იყო და იმ არადემოკრატიული პროცესების, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დიდი გასაქანი მისცა. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ანტიდემოკრატიული კანონის უკანონო გაწვევის პირობებში ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს პროგრამა ისევ აღდგება. იმის იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ამ კანონს გაიწვევს, ამიტომ ოქტომბერში გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ბედი – დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

,,ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა.. – თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის მიერ ღაზის ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს არის ახალი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

„ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტით, რომლებიც თავს აფარებდნენ სკოლას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორის მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზაში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს ციფრი გაზვიადებულია.

მათივე ცნობით, სკოლაში „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი იყო განლაგებული და ოპერაციას, სულ მცირე, 20 ტერორისტი და დაჯგუფების მაღალჩინოსანი ემსხვერპლა.

,,ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ღიად ხდება” – კახა კალაძე

დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციის მონაწილეობით რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. დემოკრატიის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს.

მსგავსი შინაარსის ღონისძიებების უცხოური ფულით დაფინანსებას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს მმართველი გუნდი, სადაც არ გამორიცხავენ რომ საგარეო უწყებაში დანიის ელჩი დაიბარონ:

“დემოკრატიის ფესტივალი უბრალოდ შეფუთულია, ეს სახელი დაარქვეს. რეალურად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც თუ არ ვცდები დანიის მთავრობისგან ფინანსდება, ეს ყველაფერი სამწუხაროა. დღეს, ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.  პირდაპირ, ღიად ხდება უცხოეთიდან ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, პირველი იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება დაფინანსება, რა თქმა უნდა, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა. რა დემოკრატიაზეა საუბარი, პირდაპირ, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა,”- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები

„თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია და ბორდერიზაცია დღემდე ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენას ახდენს ქართველებზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით ნაკისრი ვალდებულებები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fusingeo%2Fposts%2Fpfbid02WprdXoMWRvGKwrqJNGruqjg2VdETQxhV9Tv3ohA4SEke9i82cK3zu3pu1pi8gQR3l&show_text=true&width=500

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ამ და ომის სხვა დანაშაულებისთვის“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კონსტანტინოვკაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა, რის შედეგადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბორელის თქმით, რუსეთმა კვლავ მიზანში ამოიღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, თავს დაესხა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრს. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ამ და ომის სხვა დანაშაულებისთვის.

უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაიცვას თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა“, – წერს ბორელი X-ზე.

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი მონტანას შტატში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მონტანას შტატში.

ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.

დონალდ ტრამპი ბოზმენში, წინასაარჩევნო აქციაზე მიემართებოდა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გამო კი მონტანას შტატის ქალაქ ბილინგში მოუწია ჩასვლა, რის შემდეგაც ტრამპი სხვა კერძო თვითმფრინავით ბოზმენში გაფრინდა. ქალაქი ბილინგი 150 მილის მოშორებითაა ბოზმენიდან.

მომხდარის გამო ტრამპს ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე საათით დააგვიანდა.

 ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი ქცევა – მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ -მამუკა მდინარაძე

ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ გაანადგურებინონ და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და მშვიდობიანი, ღირსეული სვლა ევროპისკენ.

„ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ, როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში “გოუ გოუ ჟენიას” აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი?
ამ კითხვაზე პასუხი უამრავ სხვა კითხვაზეც გასცემს პასუხს…
მათ შორის, მაგალითად, საიდან მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” მეორე ფრონტის თემა?!..
მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ უნდა გავანადგურებინოთ. განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ!
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ – წერს მდინარაძე.

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცავებმა გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩანს დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინისა და კონგრესმენის, მაიკ ტერნერის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

” სტუმარი ღვთისაა! სალამი ამერიკელ სტუმრებს Ms.შაჰინს და Mr.ტერნერს! ვიცით რა მათი ღვაწლი ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის ქომაგობის სფეროში, პირველად მათ ვიზიტს ღაზაში და უკრაინაში ველოდით!

ჩანს დღეს დემოკრატებისთვის ქართველი ხალხის პოლიტიკური შანტაჟი პრიორიტეტულია!”, – წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები, ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ.

9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, სარეაბილიტაციო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა და გადაადგილება კვლავ ცალმხრივად არის დასაშვები.

რაც შეეხება ჩიტაძის ქუჩას, მოძრაობის სქემა აღდგენილია პირვანდელი სახით და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩიდან ინგოროყვას ქუჩის მიმართულებით.