Home Blog Page 701

თიბისი ლიზინგი MICHELIN-ის ოფიციალური პარტნიორია

თიბისი ლიზინგმა ლეგენდარულ ფრანგულ ბრენდთან MICHELIN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი დადო, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის ოფიციალური პარტნიორი ხდება საქართველოში. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში, მომხმარებელი განსაკუთრებულ შეთავაზებებს მიიღებს.

„ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სპეციალური სალიზინგო პირობებით, არამედ დამატებითი ღირებულებებით გაანებივროს მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, MICHELIN-თან თანამშრომლობით შევქმენით სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის დაფინანსებისას გადავცემთ საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ თავი მოვუყარეთ მანქანის მოვლის ისეთ ატრიბუტებს, რომელიც ყველა მძღოლს გამოადგება. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მასშტაბურ შეთავაზებებს ვგეგმავთ“ – ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

„ჩვენი კოლაბორაცია განსაკუთრებულია ავტომომხმარებლებისთვის, რადგან MICHELIN-ის ნაკრებები, რომლებსაც მომხმარებლები მიიღებენ ბენეფიტის სახით შერჩეულია მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის და გამოცდილია პრაქტიკაში. ჩვენი საერთო მიზანია ავტომომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვა. ვფიქრობთ სამომავლოდ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.“ – ინგა პეტრიაშვილი, შპს ნუოვოს კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის, MICHELIN 1889 წელს საფრანგეთში დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ორიენტირებული იყო ველოსიპედის საბურავების წარმოებაზე, მაგრამ მალევე გააფართოვა არეალი და მთლიანად ავტოინდუსტრიის განვითარებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრენდმა დაიწყო ავტომობილის აქსესუარების წარმოება, რამაც მალე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული და განსაკუთრებული ნდობა.

შპს ნუოვო არის MICHELIN-ის ბრენდის ავტო აქსესუარების ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში. საქართველოს ბაზარზე MICHELIN-ის ბრენდის ავტომობილის აქსესუარები შპს ნუოვომ 2022 წელს შემოიტანა და ახორციელებს ამ პროდუქციის დისტრიბუციას თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

ვფიქრობ, 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს – გია ვოლსკი

ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ GORBI-ს კვლევის შედეგების შესახებ.

„გორბის“ კვლევამ აჩვენა ის, რომ საერთაშორისო კვლევები, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევები არის ნამდვილი დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. დიდი რაოდენობის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის დასახელებული საქართველო მოწინავეთა რიგებში. რა საკვირველია, ეს ყველაფერი „გორბის” კვლევაშიც აისახა. არსებობს ჭიდილი ორ პოზიციას შორის – ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს არის დესტაბილიზაცია. ვფიქრობ, რომ 60%-ზე გაცილებით მეტიც უნდა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც არ უნდათ ის, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას სთავაზობს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად – 43 მანდატს.

შეწყდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის გამო – Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეწყდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის გამო?“ (ავტორები – გაი ფოლკონგრიჯი და დევიდ ევანსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთი, უკრაინასთან ომის მიუხედავად, ბოლო დრომდე აგრძელებდა ციმბირული ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროპის რიგი სახელმწიფოებისათვის, მაგრამ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების კურსკის ოლქში შეჭრისა და მათ მიერ ქალაქ სუჯას დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინაზე გამავალი გაზსადენის – „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ – ერთ-ერთი მთავარი საკომპრესორო სადგური მდებარეობს, გაჩნდა კითხვა: შეწყდება თუ გაგრძელდება გაზის მიწოდება?

„სახელმწიფო სახელმწიფოში“ – წლების განმავლობაში ასე მოიხსენიებდნენ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, რომელიც გაზის გლობალური მარაგების 16% ფლობს და ნახევარი მილიონი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა, კომპანია მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ 2023 წელს რუსულმა „გაზპრომმა“ 629 მილიარდი რუბლით იზარალა.

უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე

ერთ კვირაზე მეტია, უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში, რუსეთში შეიჭრნენ და ამ დროისთვის რეგიონის ათობით სოფელს აკონტროლებენ. რუსული ძალების აქტიური მობილიზების, მათი საჰაერო, ისევე როგორც სახმელეთო იერიშებისა, უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა კონტროლი მოიპოვეს ქალაქ სუჯაზე, სადაც რუსული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია განთავსებული. აკონტროლებს თუ არა რუსული გაზის მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს უკრაინა სრულად, ამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება.

რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამბობს, რომ სატრანზიტო კვანძის გარკვეულ შენობებს უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ვერ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ აკონტროლებს ქალა სუჯას და რუსული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძს.

სუჯას ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძი

სუჯაში არსებული სატრანზიტო კვანძი დღეში საშუალოდ 43 მილიონ კუბური მეტრის რუსულ გაზს, უკრაინის გავლით ევროპაში ატარებს.

უფრო ზუსტად, გაზი რუსეთიდან, უკრაინის გავლით ჯერ სლოვაკეთში ჩადის, შემდეგ კი ის ავსტრიასა და უნგრეთში ნაწილდება. 2023 წელს სუჯის გავლით დაახლოებით 14,65 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩავიდა ევროპაში, რაც კონტინენტზე რუსული გაზის ექსპორტის თითქმის ნახევარია.

რუსულ „გაზპრომში“ თქვეს, რომ ამ დროისთვის სუჯის სადგური მუშაობას აგრძელებს და ორშაბათს უკრაინის გავლით ევროპაში 39.6 მილიონი კუბური მეტრი გაზი გაიგზავნა, კვირას კი ეს მაჩვენებელი 39.3 მილიონი კუბური მეტრი იყო.

გაგრძელდება თუ არა გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროპაში?

პასუხია, არა – უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ „გაზპრომთან“ 2019 წლის დეკემბერში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება ხდება, აღარ გააგრძელებს.

კიევისა და მოსკოვის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლიდან უკრაინის გავლით ევროპა რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს.

ეს მაშინ, როცა მოსკოვი მზად არის შეთანხმების გასაგრძელებლად. შესაძლოა რუსული ბუნებრივი გაზის ევროპისთვის მიწოდება უფრო ადრე შეწყდეს? ეს არის კითხვა, რომელსაც ამ ეტაპზე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები პასუხს ვერ სცემენ. ზოგის აზრით, არ არის გამორიცხული მიმდინარე ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ამის წინაპირობაც იყოს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი კურსკში არსებული ვითარების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეიძლება შეეცადოს და გაზის მიწოდებაც შეაჩეროს.

არის თუ არა ევროპა მზად რუსული გაზი ჩაანაცვლოს?

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული ბუნებრივი გაზის ჩანაცვლება დაიწყეს. დასავლეთის ქვეყნებში ამბობენ, რომ წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთი ბუნებრივ რესურსებს შანტაჟისთვის და პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის იყენებს.

უკრაინის გავლით რუსული გაზის ძირითადი მიმღებები ამ დროისთვის არიან: ავსტრია, სლოვაკეთი, იტალია, უნგრეთი, ხორვატეთი, სლოვენია და მოლდოვა. ავსტრია გაზის უმეტეს ნაწილს კვლავ რუსეთიდან იღებს, სხვებმა კი თავიანთი წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინეს და ასევე გადადგეს ნაბიჯები ენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლადაც.

მოლდოვა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაც კი ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. გასულ 2023 წელს, კიშინიოვმა საჭირო გაზის მარაგები ევროპული ბაზრებიდან შეიძინა.

უნგრეთი ძირითადად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, თუმცა თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს შეწყვეტს, ორბანის ხელისუფლებას შეუძლია გაზი ალტერნატიული მარშრუტიდან, თურქეთიდანაც მიიღოს. რაც შეეხება სლოვენიას, ქვეყანას შეუძლია გაზი ალჟირიდან მიიღოს.

იტალია ამ ეტაპზე გაზის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანიდან, ალჟირის გავლით იღებს. რუსულ გაზზე მინიმალურად არის დამოკიდებული ხორვატიაც.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ კი გათხევადებული გაზის (LNG) ყიდვა დაიწყო. მათ შორის არის გერმანია, რომელმაც LNG-ის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა დააჩქარა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის LNG-ის მიწოდება მნიშვნელოვნად 56.2 მმ3-მდე გაზარდა.

ევროპას გათხევადებულ გაზს აწვდის ნორვეგიაც, 2023 წლის მონაცემებით ნორვეგიული LNG ევროპულ ბაზარზე 87.7 მმ3 იყო. ევროპის ქვეყნები გაზს სხვა მარშრუტებიდანაც იღებენ, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და კატარიდან.

რა ბედი ელოდება წინ რუსულ „გაზპრომს“ ?

თუ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებას არ გააგრძელებს, რუსული გაზპრომი სააგენტო „როიტერის“ გათვლებით წლიურად 4.5 მილიარდს დაკარგავს.

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ ზარალი 2025 წელს ევროპაში რუსული გაზის მოსალოდნელი საშუალო ფასით განსაზღვრა. 1000 კუბურ მეტრზე 320 ამერიკული დოლარი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყოველ დღე ევროპა უკრაინის გავლით რუსეთიდან 40 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს იღებს.

გარდა ამისა, გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობა, რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად ერთს“ რომლითაც რუსეთიდან გერმანიაში გაზი მიედინებოდა, ის აღარ ფუნქციონირებს. გაზსადენის 4 მილიდან,რომელიც ბალტიის ზღვაში გაედინებოდა, 3 გაურკვეველ ვითარებაში მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა. რუსეთი ამბობს, რომ აფეთქების უკან დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, თუმცა ლონდონმაც და ვაშინგტონმაც ბრალდება არაერთხელ უარყვეს.

ამასთან, ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და პროცესი კვლავ გრძელდება. თუ 2022 წელს ევროპული ქვეყნები სხვადასხვა მარშრუტით რუსეთიდან 63.8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებდნენ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 55.6 პროცენტით შემცირდა და ჯამში 28.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

წყარო

რა დაგხვდებათ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში

სერიიდან “ყველაფერი ბიზნესისთვის” დღეს იმ ციფრული საბანკო პლატფორმებს გაგაცნობთ, რომელსაც თიბისი MSME სექტორს სთავაზობს. 

თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივი წვდომა ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რასაც თიბისი ციფრულ ბანკში სთავაზობს ბიზნესს. 

ყოველდღიურ საქმიანობაში მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტ ბანკით ან მობალბანკით განახორციელოს: გადარიცხვები (სალარე, სავალუტო, სახაზინო, ხელფასი), გადახდები (კომუნალური, ჯარიმები), ტრანზაქციების დადასტურება, კონვერტაცია, შეტყობინების გაგზავნა, მოსალოდნელი ჩარიცხვის დროს ნაშთის შემოწმება, შეტყობინების გაგზავნა ბანკში, Apple/Google pay და სხვ.

გადარიცხვები – მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მისთვის სასურველი მიმართულებით, ბანკში მისვლის გარეშე, უფრო დაბალი ტარიფით (ფილიალთან შედარებით) გადარიცხოს თანხა. მობაილბანკსა და ინტერნეტ ბანკში პროცესის გამარტივებისთვის შექმნილია სხვადასხვა ფუნქციონალი: გადარიცხვის შაბლონები, ავტომატური გადარიცხვები, მომავლის თარიღით გადარიცხვა, დეკლარაციის შევსების მარტივი ფორმა და ა,შ.

ტრანზაქციების ისტორია – მომხმარებლებს თავიანთი კომპანიის ჭრილში შეუძლიათ ყველა ტრანზაქციის ისტორიის ნახვა და მათთან დაკავშირებული ფუნქციონალების გამოყენება, როგორებიცაა: ტრანზაქციის საბუთების ჩამოტვირთვა/ბეჭდვა,  საერთაშორისო გადარიცხვების თრექინგი, მონაცემების დასამუშავებლად საჭირო ფილტრები და სხვ.

კონვერტაცია – ინტერნეტ და მობაილბანკში მომხმარელებს კონვერტაციის უკეთესი კურსით შეუძლიათ სარგებლობა, ვიდრე ფილიალებშია, ან ბაზარზე.

ამონაწერების მართვა – თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში მომხმარებელს შეუძლია 5 წლის ამონაწერის მიღება სრულიად უფასოდ. კლიენტს შეუძლია რამდენიმე ანგარიშიდან ერთდროულად ამოიღოს ამონაწერი, ატვირთოს ისინი თავის საბუღალტრო პროგრამაში, ამონაწერის გვერდიდანვე ნახოს ტრანზაქციის დეტალები, ამოიღოს ქვითარი  და ა.შ.

მობაილბანკის უპირატესობები – მობაილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, როგორც კომპანიას, ისე ბიზნეს ფიზიკურ პირს (მაგ ინდ მეწარმეს). ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიმღებთან (შაბლონთან) გადარიცხვა და რამდენიმე მომხმარებლის დამახსოვრება/გადართვა – მაგალითად, ბუღალტერს, რომელიც 5 კომპანიას ემსახურება, შეუძლია ხუთივე დაიმახსოვროს ტელეფონში და ანგარიშებს შორის მარტივად გადართოს.

ინტერნეტ ბანკის უპირატესობები – უფრო კომფორტულია რთული ოპერაციების შესასრულებლად, როგორიცაა ხელფასების გადარიცხვა, კომპანიის KYC განახლება, ამონაწერი და ა.შ.

R

გამარჯვება პუტინს ხელში აქვს – The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯვება პუტინს ხელში აქვს“ (ავტორი – ანასტასია ედელი). ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია როგორც რუსეთ-უკრაინის ომის მხარეთა შესაძლებლობები, ასევე გამოთქმულია ვარაუდები პერსპექტივისათვის: ვინ გაიმარჯვებს  -ვლადიმერ ზელენსკი თუ ვლადიმერ პუტინი? როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ?

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დაახლოებით ერთი თვის წინათ, როცა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა, რუსეთი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის დაწყებას აღნიშნავდა. მიწვეული დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისთვის გამართული სადილის მენიუში იყო პოპულარული რუსულ-უკრაინული კერძი „კატლეტები კიევურად“. ლანჩამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ უარყო საავადმყოფოს დაბომბვა-დანგრევაში კრემლის პასუხისმგებლობა. სადილზე მიწვეული სტუმრები კი, რომლებიც „კიევურ კატლეტებს“ მიირთმევდნენ, ლუკმებს მდუმარედ ყლაპავდნენ და კიევის საავადმყოფოს ტრაგედიაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ.

ეს ინდიდენტი მშვენივრად წარმოაჩენს იმ მსოფლიოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. სანამ დასავლეთი, ძალაგამოლეულის მსგავსად, მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და უფრო აქტიურად არ მოქმედებს, რუსეთი სულ უფრო თამამდება იმ ონავარი მოსწავლესავით, რომელმაც იცის, რომ მასწავლებელი კლასში შესვლას დააგვიანებს. უკრაინაში შეჭრის დროინდელი რუსების შიშები, რომ ნატო მათ მკაცრად დასჯიდა, ახლა ფაქტიურად გამქრალია – კრემლის ბინადარი  დაუსჯელობით სარგებლობს და რაც უნდა, იმას აკეთებს. ან საერთოდ რატომ უნდა ეშინოდეს? დასავლეთს აშკარად არ ჰყოფნის გაბედულება და სწრაფვა გამარჯვებისაკენ. ვლადიმერ პუტინისათვის კი ახლა გამარჯვება ხელმისაწვდომია – იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში მომავალ წელს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლელი ლიდერები არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი უკრაინას „მხარს უჭერენ’, მაგრამ სწორი სიტყვების მიუხედავად, იგივე ლიდერებს რუსეთ-უკრაინის ომი ლოკალურ კონფლიქტად მიაჩნიათ, რომლის მიმართ მათ რაიმე მნიშვნელოვანი ვალდებულებები არ აქვთ: დაპირებული სამხედრო დახმარება ხშირად აგვიანებს და თუ კიევს იარაღს და სამხედრო ტექნიკას აძლევენ, მას თან ინსტრუქციები მოსდევს – „არ ესროლო, არ მოკლა, არ დაბომბო…“.

უკრაინის არმიის ქვედანაყოფების შეჭრა კურსკის ოლქში ნათლად აჩვენებს იმას, თუ რას შეიძლება მიაღწიოს კიევმა, თუ დასავლური იარაღის გამოყენების საკითხში არსებული შეზღუდვები მთლიანად მოიხსნება და უკრაინა თავისუფლად ისარგებლებს მიცემული ტექნიკის სრული შესაძლებლობებით. მაგრამ ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი ნახევარზომებით კმაყოფილდებიან და თავს არიდებენ „ომის ესკალაციას“ – ვაითუ რუსეთი გაბრაზდესო.

დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის ძლიერების წყაროების გადაკეტვა. ყველანაირი სანქციის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დღეისათვის დინამიურად იზრდება, რუსი ოლიგარქების აქტივები დასავლურ ბანკებში საიმედოდ არის შენახული, თუნდაც გაყინული სახით. რუსუსლი ნავთობი და გაზი ისევ დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს – იმ განსხვავებით, რომ ახლა ციმბირულ ენერგორესურსებს ევროპის კი არა, აზიის ქვეყნები ყიდულობენ. დასავლელ ლიდერებს ვერ გაურკვევიათ, რა სურთ უფრო მეტად – რუსეთის სერიოზული დასჯა და ყველაფრის ისე დატოვება, როგორიც არის. აი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დასავლეთის ორჭოფული და გაუბედავი პოზიციისა: აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ წამოჭრა საკითხი რუსული ტანკერების მიმართ სანქციების დაწესების სესახებ, მაგრამ თეთრმა სახლმა არ მიიღო – ვაითუ მსოფლიოში და, შესაბამისად, აშშ-შიც ბენზინი გაძვირდეს და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს დაუშვებელიაო… კრემლი კი ამასობაში ნავთობისაგან მიღებულ მილიარდებს ჯიბეში იდებს და ფულს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში ხარჯავს..

ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ამერიკული არჩევნები არ ადარდებს, ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს. ორაზროვანი დასავლეთისაგან განსხვავებით, კრემლის ბინადარი სერიოზულად თამაშობს. მან თავისი ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა და სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტს სამხედრო მიზნებისთვის ხარჯავს, უხვი ფულით და ხელფასებით რუსეთის მოქალაქეებს სამხედრო ქარხნებში სამუშაოდ ეპატიჟება და ფრონტზე წასვლისათვის აქეზებს. კრემლმა გააფართოვა თავის გავლენა ნატოს ტერიტორიაზეც – ალიანსის წევრ ქვეყნებში აფინანსებს პრორუსუსლი პარტიების შექმნას და მათ საქმიანობას, ახორციელებს დასავლელი პოლიტიკოსებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოსყიდვას. ავრცელებს დეზინფორმაციას და იმ ადამიანთა სახელისა და რეპუტაციის შელახვას, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერები არიან.

ასეთი სიტუაცია, როცა რუსეთი აქტიურად იყენებს თავის რესურსებს და ნებას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო მოკავშირეები მას საკმარის დახმარებას არ უწევენ, უკრაინისათვის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. მიუხედავად არმიის ბოლო დროინდელი წარმატებისა კურსკის ოლქში, დადაგება დრო, როცა უკრაინელები მეტად ვეღარ გაუძლებენ საომარ მდგომარეობას და უპირატესობას ტერიტორიულ დათმობას მიანიჭებენ, ვიდრე ტყვიით და ბომბებით სიკვდილს. შესაძლოა ეს მომენტი უფრო ადრეც დადგეს, სანამ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და თეთრი სახლიდან ომს „24 საათის განმავლობაში შეწყვეტს“ – ზეწოლას მოახდენს კიევზე კრემლის პირობებს დათანხმდეს. ან შესაძლოა უფრო გვიან მოხდეს, თუ დემოკრატები ხელისუფლებას შეინარჩუნებენ და ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში კამალა ჰარისი დაჯდება, რომელიც ჯო ბაიდენის „ნახევარზომებს“ გააგრძელებს.

ვლადიმერ პუტინი კი გამარჯვებას გეგმავს. მისი ბოლოდროინდელი განცხადება, ე.წ. სამშვიდობო წინადადება, რომლის თანახმად, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიას, უკრაინას კი ნატოში მიღება უნდა აეკრძალოს, ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უარყო, მაგრამ… სინამდვილეში მისი ნათქვამი ომის დასრულების მართლაც ყველაზე რეალურ სცენარს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ: კრემლის მხარდამჭერებიდან დაწყებული, ნობელის პრემიის ლაურეატებითა და რომის პაპით დამთავრებული, ყველა მხარს უჭერს ისეთ „მშვიდობას“, როგორიც ვლადიმერ პუტინს სურს. კიევმა, რა თქმა უნდა, უარყო კრემლის ასეთი წინადადება, მაგრამ რუსეთი, რომელიც მეთოდურად ანგრევს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ტანჯავს მის მოსახლეობას ზამთარშიც და ზაფხულშიც, ფიტავს კიევის არმიას, თავისას, ალბათ, მიაღწევს. ბოლოსდაბოლოს, ყველა იმ ადამიანის მოქმედება, ვინც დაბომბვის და სიკვდილის თესვას შეაჩერებს, თუნდაც გარკვეული პირობით, მაინც უკეთესად იქნება მიჩნეული.

ყოველ ომში არის გამარჯვებული და დამარცხებული, მოგებული და წაგებული. თუ ამ ომს ვლადიმერ პუტინი მოიგებს, უკრაინა და მისი მოკავშირეები წაგებულები რჩებიან, მაგრამ მათი მარცხი თანაბრად არ გადანაწილდება. რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იქნება უკრაინა – ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს ტერიტორიის 20%-ს და დაახლოებით 5 მილიონს მცხოვრებს, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი უპირატესობას მაინც ომის შეწყვეტას ანიჭებს, თუნდაც კრემლის სცენარით: საბოლოოდ ჩაიშლება ვლადიმერ პუტინის თავდაპირველი გეგმა კიევის დაუფლებისა და უკრაინის როგორც ერის განადგურების შესახებ. ომი შეწყდება. უკრაინა მოკლულ-დახოცილებს გამოიტირებს, დაჭრილებს უმკურნალებს და გამოაჯანმრთელებს, ეკონომიკას აღადგენს. ანუ, უკრაინის რეპუტაცია მსოფლიო არენაზე ისეთი მაღალი იქნება, როგორც არასდროს და ევროკავშირის წევრიც სწრაფად გახდება.

სკეპტიკოსების თვალსაზრისით კი, თუ დასავლეთი კრემლის სცენარს დაეთანხმება, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. მსოფლიო დაინახავს, რომ დასავლელ ლიდერებს ევროპაში ომის გამოქვევი აგრესორის დასჯა არ შეუძლიათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზღვრები მეტად აღარ ითვლებიან ურღვევად. „გაყინული“ კონფლიქტები „გალღვებიან“, ძველი წყენები და უთანხმოებები ისევ გაიღვიძებს და გაერო (სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად), მხოლოდ ზარალს დააფიქსირებს. რუსეთი, თავის ანტიდასავლელე მოკავშირეებთან (ირანი, ჩრდ.კორეა) ერთად, უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს „მოყოყმანე“ ქვეყნების მხრიდან. შემდეგი კოფლიქტი უკვე შეიძლება თვითონ ნატოს ტერიტორიაზე მოხდეს. თუ ნატომ უკრაინაში ვერ შეაჩერა, როგორ შეაჩერებს ესტონეთში? ნატო პუტინის ანკესზე წამოეგო მესამე მსოფლიოს ომის დაწყების შიშით. ევროპის კონტინენტი უსაფრთხო აღარ იქნება.

მაგრამ ამ ომში ყველაზე მეტად დაზარალებული უკრაინა და ევროპა კი არ გამოდიან, არამედ… ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ ალიანსში პასუხისმგებლობის ძირითადი სიმძიმე მის ლიდერს ეკისრება. ახლა კი პუტინის სცენარის რეალიზებით რა გამოდის? აღუთქვა რა დახმარება უკრაინას, გახდა რა კიევის მოკავშირე, ამერიკის შეერთებულ შტატებს დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს. ამერიკა კარგავს თავის როლს დასავლეთის მთავარი საყრდენის სახით, რომელსაც აღარ შეუძლია თავისი მოკავშირეებისათვის მფარველისა და დამცველის როლი შეასრულოს. შარშან ამერიკამ უკრაინას დახმარება დაუგვიანა, რამაც კონტრშეტევაში კიევის წარუმატებლობა გამოიწვია. აშშ-მა მსოფლიოს სტაბილურობის საკითხში ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა. მათთვის, ვინც ამერიკის დიდებას მხარს უჭერს, ამ მწარე აბის გადაყლაპვა ძნელი იქნება.

ამერიკის ასეთ რეპუტაციულ კატასტროფა, ალბათ შეფასდება იმის მიხედვით, თუ ვინ დაჯდება თეთრ სახლში: დემოკრატი პრეზიდენტი სიტუაციას შეარბილებს, რესპუბლიკელი კი იზოლაციონიზმის ტრიუმფად ჩათვლის. მაგრამ ისეთ სიტუაციაშიც, კი როცა ამერიკამ „ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს“, მას მეორე და მესამე პირი დაჭირდება, ზურგის საყრდენად. მხარს დაუჭერს თუ არა ევროპა ამერიკას ჩინეთთან დაპირისპირებაში? პეკინი ახლა რუსული იაფი ენერგორესურსებით და სავაჭრო შეღავათებით ისე ძლიერდება, რომ სი ძინპინი მალე ვაშინგტონს აინუნშიაც არ ჩააგდებს. გარდა ამისა, იქნება თუ არა ახლო აღმოსავლეთი აშშ-სადმი კეთილგანწყობილი?

დრო გვიჩვენებს, რამდენად სერიოზული იქნება ომში რუსეთის გამარჯვების გავლენა აშშ-ის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ამერიკის ტერიტორიიდან შორს მიმდინარე ომმა მსოფლიო შეცვალა და მასში ამერიკის ადგილი შეამცირა.

წყარო

დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო განლაგება – საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, 14 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს განცხადებით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

„სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 16 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო შეჭრის შემდეგ. 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი.

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო. მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას, რუსეთის ეფექტური კონტროლი, და ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების – ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებენ სამინისტროში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან – გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ – გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, – ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების, საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, მალტას, ასევე მომავალი წევრების – საბერძნეთისა და დანიის სახელით გააკეთა.

ფრანჩესკა გატის თქმით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შედეგად, უკანონო სამხედრო ყოფნიდან 16 წელი გავიდა.

„2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. ვინაიდან დღეს ჩვენ, ყველა მოწმე ვართ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის – რუსეთი განაგრძობს ამ გზას. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნაბიჯები რეგიონების ანექსიისკენ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით“, – აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

მისი თქმით, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს – გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და დაუშვას ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალში. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და შეუფერხებლად დაბრუნების შესაძლებლობის აუცილებლობას.

„ჩვენ ერთგული ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება იქნას უზრუნველყოფილი, რომელსაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს – გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომა. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით გადაწყვეტის აუცილებლობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ – გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების წვდომა აღნიშნულ რეგიონებში“, – აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შეიკავეს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან.

„კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს, ივანიშვილის ოჯახმა, თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ, მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს, რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ.

ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა. OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია “ახლად აღმოჩენილ სკანდალად” გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.

ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს “საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე”, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ახალი სეზონის წარმდგენია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ ახალ სეზონს იწყებს.

თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ 14 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, შეიძინონ თეატრის  ბილეთები.

გაეცანით სექტემბრის სეზონის აფიშას:

19 სექტემბერი, ხუთშაბათი – 1921-1924

R

საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა

საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა.

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მასშტაბურ გამოკვლევას, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.

პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი ქვეყნებს ყოფს 4 კატეგორიად : 1 ლიბერალური დემოკრატიები, ელექტორალური დემოკრატიები, ელექტორალური ავტოკრატიები, და დახურული ავტოკრატიები.

ანგარიშის მიხედვით საქართველოს ევროპის იმ 20 ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც „ელექტორალური დემოკრატიაა“. ეს ქვეყნებია: საქართველო, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი და ა.შ.

ამასთან, საქართველომ ლიბერალური დემოკრატიის დონით გაასწრო ყველა მეზობელ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 6 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს.
საქართველო 2012 წლის შემდეგ ლიბერალური დემოკრატიის შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში 11-ე ადგილზეა.

პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით მძიმე შეფასება მიიღო უკრაინამ, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი ჩამოერთვა და მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი „ელექტორალურ ავტოკრატიად“ შეფასდა. საქართველოს ანალოგიური შეფასება ბოლო 20 წლის მანძილზე 2008-2009 წლებში უფიქსირდება, ზედიზედ იმ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა „ელექტორალური ავტოკრატიის“ სტატუსით არის შეფასებული.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

Political regime, 2023

https://ourworldindata.org/grapher/political-regime?time=latest&country=ARG~AUS~BWA~CHN~GEO

საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ – GORBI

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%
კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%
კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%
„საქართველოსთვის“ 4.8%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%
„ევროპული საქართველო“ 2.2%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%
სხვა 4.2%

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 107 მანდატს იღებს „ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიები კი ერთად 43 მანდატს. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.