შეწყდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის გამო – Reuters

6
spot_img

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეწყდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება ევროპაში უკრაინის გავლით, კიევის ჯარების კურსკის ოლქში შეჭრის გამო?“ (ავტორები – გაი ფოლკონგრიჯი და დევიდ ევანსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთი, უკრაინასთან ომის მიუხედავად, ბოლო დრომდე აგრძელებდა ციმბირული ბუნებრივი გაზის მიწოდებას ევროპის რიგი სახელმწიფოებისათვის, მაგრამ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების კურსკის ოლქში შეჭრისა და მათ მიერ ქალაქ სუჯას დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინაზე გამავალი გაზსადენის – „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ – ერთ-ერთი მთავარი საკომპრესორო სადგური მდებარეობს, გაჩნდა კითხვა: შეწყდება თუ გაგრძელდება გაზის მიწოდება?

„სახელმწიფო სახელმწიფოში“ – წლების განმავლობაში ასე მოიხსენიებდნენ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, რომელიც გაზის გლობალური მარაგების 16% ფლობს და ნახევარი მილიონი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა, კომპანია მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს განიცდის. მხოლოდ 2023 წელს რუსულმა „გაზპრომმა“ 629 მილიარდი რუბლით იზარალა.

უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე

ერთ კვირაზე მეტია, უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში, რუსეთში შეიჭრნენ და ამ დროისთვის რეგიონის ათობით სოფელს აკონტროლებენ. რუსული ძალების აქტიური მობილიზების, მათი საჰაერო, ისევე როგორც სახმელეთო იერიშებისა, უკრაინული ძალები პოზიციებს ინარჩუნებენ.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა კონტროლი მოიპოვეს ქალაქ სუჯაზე, სადაც რუსული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია განთავსებული. აკონტროლებს თუ არა რუსული გაზის მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს უკრაინა სრულად, ამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება.

რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამბობს, რომ სატრანზიტო კვანძის გარკვეულ შენობებს უკრაინული ძალები აკონტროლებენ. ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ვერ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ აკონტროლებს ქალა სუჯას და რუსული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძს.

სუჯას ბუნებრივი გაზის სატრანზიტო კვანძი

სუჯაში არსებული სატრანზიტო კვანძი დღეში საშუალოდ 43 მილიონ კუბური მეტრის რუსულ გაზს, უკრაინის გავლით ევროპაში ატარებს.

უფრო ზუსტად, გაზი რუსეთიდან, უკრაინის გავლით ჯერ სლოვაკეთში ჩადის, შემდეგ კი ის ავსტრიასა და უნგრეთში ნაწილდება. 2023 წელს სუჯის გავლით დაახლოებით 14,65 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩავიდა ევროპაში, რაც კონტინენტზე რუსული გაზის ექსპორტის თითქმის ნახევარია.

რუსულ „გაზპრომში“ თქვეს, რომ ამ დროისთვის სუჯის სადგური მუშაობას აგრძელებს და ორშაბათს უკრაინის გავლით ევროპაში 39.6 მილიონი კუბური მეტრი გაზი გაიგზავნა, კვირას კი ეს მაჩვენებელი 39.3 მილიონი კუბური მეტრი იყო.

გაგრძელდება თუ არა გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროპაში?

პასუხია, არა – უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ „გაზპრომთან“ 2019 წლის დეკემბერში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება ხდება, აღარ გააგრძელებს.

კიევისა და მოსკოვის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლიდან უკრაინის გავლით ევროპა რუსულ გაზს ვეღარ მიიღებს.

ეს მაშინ, როცა მოსკოვი მზად არის შეთანხმების გასაგრძელებლად. შესაძლოა რუსული ბუნებრივი გაზის ევროპისთვის მიწოდება უფრო ადრე შეწყდეს? ეს არის კითხვა, რომელსაც ამ ეტაპზე ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები პასუხს ვერ სცემენ. ზოგის აზრით, არ არის გამორიცხული მიმდინარე ბრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ამის წინაპირობაც იყოს.

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი კურსკში არსებული ვითარების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას შეიძლება შეეცადოს და გაზის მიწოდებაც შეაჩეროს.

არის თუ არა ევროპა მზად რუსული გაზი ჩაანაცვლოს?

მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული ბუნებრივი გაზის ჩანაცვლება დაიწყეს. დასავლეთის ქვეყნებში ამბობენ, რომ წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ რუსეთი ბუნებრივ რესურსებს შანტაჟისთვის და პოლიტიკური გავლენების მოპოვებისთვის იყენებს.

უკრაინის გავლით რუსული გაზის ძირითადი მიმღებები ამ დროისთვის არიან: ავსტრია, სლოვაკეთი, იტალია, უნგრეთი, ხორვატეთი, სლოვენია და მოლდოვა. ავსტრია გაზის უმეტეს ნაწილს კვლავ რუსეთიდან იღებს, სხვებმა კი თავიანთი წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინეს და ასევე გადადგეს ნაბიჯები ენერგიაზე მოთხოვნის შესამცირებლადაც.

მოლდოვა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაც კი ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. გასულ 2023 წელს, კიშინიოვმა საჭირო გაზის მარაგები ევროპული ბაზრებიდან შეიძინა.

უნგრეთი ძირითადად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, თუმცა თუ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტს შეწყვეტს, ორბანის ხელისუფლებას შეუძლია გაზი ალტერნატიული მარშრუტიდან, თურქეთიდანაც მიიღოს. რაც შეეხება სლოვენიას, ქვეყანას შეუძლია გაზი ალჟირიდან მიიღოს.

იტალია ამ ეტაპზე გაზის უმეტეს ნაწილს აზერბაიჯანიდან, ალჟირის გავლით იღებს. რუსულ გაზზე მინიმალურად არის დამოკიდებული ხორვატიაც.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ კი გათხევადებული გაზის (LNG) ყიდვა დაიწყო. მათ შორის არის გერმანია, რომელმაც LNG-ის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა დააჩქარა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის LNG-ის მიწოდება მნიშვნელოვნად 56.2 მმ3-მდე გაზარდა.

ევროპას გათხევადებულ გაზს აწვდის ნორვეგიაც, 2023 წლის მონაცემებით ნორვეგიული LNG ევროპულ ბაზარზე 87.7 მმ3 იყო. ევროპის ქვეყნები გაზს სხვა მარშრუტებიდანაც იღებენ, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და კატარიდან.

რა ბედი ელოდება წინ რუსულ „გაზპრომს“ ?

თუ უკრაინა რუსეთთან შეთანხმებას არ გააგრძელებს, რუსული გაზპრომი სააგენტო „როიტერის“ გათვლებით წლიურად 4.5 მილიარდს დაკარგავს.

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ ზარალი 2025 წელს ევროპაში რუსული გაზის მოსალოდნელი საშუალო ფასით განსაზღვრა. 1000 კუბურ მეტრზე 320 ამერიკული დოლარი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ყოველ დღე ევროპა უკრაინის გავლით რუსეთიდან 40 მილიონ კუბურ მეტრზე მეტს იღებს.

გარდა ამისა, გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობა, რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად ერთს“ რომლითაც რუსეთიდან გერმანიაში გაზი მიედინებოდა, ის აღარ ფუნქციონირებს. გაზსადენის 4 მილიდან,რომელიც ბალტიის ზღვაში გაედინებოდა, 3 გაურკვეველ ვითარებაში მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა. რუსეთი ამბობს, რომ აფეთქების უკან დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები დგანან, თუმცა ლონდონმაც და ვაშინგტონმაც ბრალდება არაერთხელ უარყვეს.

ამასთან, ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და პროცესი კვლავ გრძელდება. თუ 2022 წელს ევროპული ქვეყნები სხვადასხვა მარშრუტით რუსეთიდან 63.8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებდნენ, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 55.6 პროცენტით შემცირდა და ჯამში 28.3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

წყარო