Home Blog Page 658

დადგა დრო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ – BBC

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბი-ბი-სი“-მ (BBC) გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „დადგა დრო საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ“ (ავტორები – ლორა გოცი და პოლ კირბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართველებისათვის, რომლებიც შაბათს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევენში მიიღებენ მონაწილეობას, ბევრი რამ არის დადებული სასწორზე.

საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, უკიდურესად პოლარიზებული გახდა – ოპოზიცია მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საზოგადოების დემონტაჟში და რუსული სტილის კანონების მიღებაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროდასავლური პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ხმის მიცემა წარმოადგინონ როგორც არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, თუმცა ამ იარლიყს „ქართული ოცნება“ გადამწყვეტად უარყოფს.

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ქართველებმა გასული წლის დეკემბერში  იზეიმეს მათი ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – მოსახლეობის 80% მხარს უჭერს და იწონებს საქართველოს პროევროპულ (პროდასავლურ) კურსს.

მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსული ყაიდის კანონების მიღებამ (მაგალითად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის თაობაზე) ქუჩაში ათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციებზე გამოიყვანა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა, სადაც უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი მიიღო „ლგბტ-საზოგადოების“ წევრთა უფლებების შეზღუდვის თაობაზე.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიუთითეს, რომ ქვეყნა დემოკრატიის გზიდან უხვევს. ევროკავშირის ელჩმა თბილისი გააფრთხილა, რომ ბრიუსელმა შეიძლება საქართველოს დროებით შეუჩეროს ვიზა-ლიბერალიზების („უვიზო რეჟიმის“) მოქმედება, თუ არჩევნებში ხმის მიცემა „სამართლიანად და თავისუფლად“ არ იქნება აღიარებული. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად უარი განაცხადა ქართველი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიღებაზე (ჯერ მიიწვია, შემდეგ კი მიწვევა გააუქმა).

რუსეთმა დასავლეთი საქართველოზე აშკარა ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა და უარყო ბრალდება, რომ კრემლი საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს.

მაგრამ „ქართული ოცნების“ მტკიცებით, საქართველო ევროპული კურსის ერთგულია და თბილისს ევროკავშირში გაწევრიანებააზე უარი არ განუცხადებია. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობაში და ევროკავშირის წევრობის საკითხში პოზიტიური  „გადატვირთვა“ მოხდება, ხოლო ნატოსთან თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

„ქართული ოცნება“ ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და თუ მმართველი პარტია არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვებს, მისი დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი – მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა – აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს და ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს აკრძალავს. თუმცა „მეოცნებეებს“ ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად 150-წევრიან პარლამენტში ადგილების სამი მეოთხედის მოპოვება დაჭირდებათ.

თვითონ ოპოზიცია ერთიანობისაგან საკმაოდ შორს არის, ამიტომ, „ქართული ოცნება“, პოპულარობის შემცირების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში ძველებურად ლიდერობს.

ოთხ ოპოზიციურ პარტიას აქვთ შანსი, რომ ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახონ და პარლამენტში ადგილების გარკვეული რაოდენობა მიიღონ. მათგან ყველაზე მსხვილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ), რომელიც იმავდროულად ყველაზე წინააღმდეგობრივ პარტიად ითვლება – ბევრ ამომრჩეველს დღემდე ნეგატიურად ახსოვთ ენმ-ის მმართველობის 9-წლიანი პერიოდი (2004-2012 წლებში, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება მოვიდოდა), ამიტომ მათთან ერთად ერთიანი ფრონტის შექმნაზე დანარჩენმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა.

„გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ – ეს პარტიები კარგ სედეგებს აჩვენებენ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი „ნაციონალებთან“ საერთო ენას გამონახავენ, ერთიან ფრონტად გაერთიანდებიან [და არჩევნებში გაიმარჯვებენ], მთავრობის ჩამოყალიბებას შეიძლება თვეები დაჭირდეს, რაც არასტაბილურობას გამოიწვევს.

26 ოქტომბერს ქართველები პირველად მისცემენ ხმას პროპორციული საარჩევნო სისტემით, რომელიც, პარტიათა უმრავლესობის აზრით, უფრო სამართლიანად ითვლება, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, სახელისუფლო პარტია ძველებურად ინარჩუნებს კონტროლს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და საზოგადოებრივ სივრცეზე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე ომის წააგო, ორი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ (ანუ მთელი ქვეყნის ტერიტორიის 20%), ფაქტიურად რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფება.

ამჟამად, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისას, კრემლმა ლაპარაკი დაიწყო თბილისთან „ურთიერთობის ნორმალიზებაზე“.

საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას და ისეთი წინასაარჩევნო პალაკატებს იყენებს, რომლებშიც მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთოს „ომსა და „მშვიდობას“ შორის – ერთმანეთთან არის შედარებული ომით დანგრეული უკრაინა და „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი საქართველო.

წყარო

ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. პროექტის მთავარი მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორი, ქუთაისში, 30 მიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 88 დაბრუნებულმა მოქალაქემ მიიღო.

ქუთაისში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-ზე მეტ მიგრანტს გადაეცემა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც რომელიმე სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

სამინისტროს განცხადებით, „მედიაში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, მაშინ როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, არის სიცრუე და მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.

პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთი/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტები.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ.

გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიბანში საჰაერო იერიშები განვახორციელეთ ფინანსურ ჯგუფზე, რომელიც ასობით მილიონ დოლარს ფლობს „ჰეზბოლას“ იარაღის შესაძენად – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ლიბანის დედაქალაქ ლიბანსა და სამხრეთ ლიბანში ათობით ადგილს დაარტყეს, რომლებიც “ჰეზბოლას” დამფინანსებელ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული.

მათივე განმარტებით, საჰაერო იერიშების უმეტესობის სამიზნე არალიცენზირებული ნაცრისფერი ბაზრის ბანკის ფილიალები იყო, რომელიც დაჯგუფების ფულადი სახსრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლა“ ასოციაციის ფილიალებში ასობით მილიონ დოლარს ფლობს, მათ შორის თანხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია დაჯგუფების სამხედრო ძალების ტერორისტულ ქმედებებთან და რომ თანხები გამოიყენება იარაღის შესაძენად და “ჰეზბოლას” სამხედრო ფრთის წევრებისთვის ხელფასების გადახდისა და განაწილებისთვის.

ისრაელის არმიის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად ვრცელი ნაბიჯები გადადგეს, მათ შორის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინამ თავის ტერიტორიებზე სუვერენიტეტი უნდა აღადგინოს -ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი კიევის მიერ საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამ თემაზე მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ახლავე არ იღებს, იმიტომ რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს.

„ვფიქრობ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, უნდა აღვადგინოთ უკრაინის სუვერენიტეტი მის ტერიტორიებზე, შემდეგ კი დავრწმუნდეთ, რომ ნატოში გზა გახსნილია“, – განაცხადა კონოლიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია უკრაინელების მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა.

„თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა რთული და ტრაგიკული ვითარებაა. ვგულისხმობ იქ რუსეთის ჯარის ყოფნას და რუსულ ოკუპაციას. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა კონგრესმენმა და დასძინა, რომ საუკეთესო ვარიანტად ნატოში მთლიანი უკრაინის გაწევრიანება მიაჩნია, და არა მისი რომელიმე ნაწილის.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ოქტომბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით +5, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, მაღალია წვიმის ალბათობა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­იძ­ლე­ბა და­გე­ბა­დოთ სა­ინ­ტე­რე­სო იდეა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ასე­ვე არ უნდა და­ი­ვი­წყოთ თქვე­ნი უშუ­ა­ლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი.

კურო

თქვენს კონ­კუ­რენ­ტებს სურთ ჩა­ე­რი­ონ თქვენს საქ­მე­ებ­ში და ჩა­შა­ლონ თქვე­ნი გეგ­მე­ბი. აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნებ თავს და აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას. უც­ნო­ბე­ბის რჩე­ვე­ბი თუ მო­საზ­რე­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და და­ფიქ­რდით.

ტყუ­პი

თუ ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი გაქვთ ან თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩიხ­ში შე­ვი­და, დღეს კარ­გია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­სამ­ყა­რებ­ლად და ყვე­ლა სა­კა­მა­თო სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად. მო­გი­წევთ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა, რათა არ და­კარ­გოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი.

კირჩხი­ბი

რო­გო­რი სა­მუ­შა­ოც არ უნდა გა­ა­კე­თოთ დღეს, მო­გი­წევთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დაძ­ლე­ვა და ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი ძა­ლის­ხმე­ვა. არ და­კარ­გო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, იყა­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. თქვე­ნი გან­წყო­ბა შე­საძ­ლოა გა­უ­ა­რეს­დეს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რით, კრი­ტი­კის მოს­მე­ნით.

ლომი

დღეს მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხებს. და­ის­ვე­ნეთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და გა­ა­ტა­რეთ დღე საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ მა­შინ გაძ­ლი­ერ­დე­ბა, თუ სა­ში­ნაო საქ­მე­ებს ერ­თად გა­ა­კე­თებთ.

ქალ­წუ­ლი

თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და დარ­წმუ­ნე­ბის უნა­რი დღეს უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა. შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ­თან ისა­უბ­როთ და და­არ­წმუ­ნოთ. ისარ­გებ­ლეთ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და და­ნიშ­ნეთ შეხ­ვედ­რა თქვენ­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ან­თან. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, გა­აძ­ლი­ე­როთ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა.

სას­წო­რი

ხიბ­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ მარ­ტი­ვად მი­აღ­წი­ოთ იმას, რაც გსურთ. შეხ­ვდით ადა­მი­ა­ნებს, გა­ე­ცა­ნით და ისა­უბ­რეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე. ასე­ვე სა­სარ­გებ­ლოა ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბა.

მო­რი­ე­ლი

კარ­გი დღეა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ უნდა მი­ი­ღოთ შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ყვე­ლა რის­კი, გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია ავ­ტო­რი­ტე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ე­ცით პა­სუ­ხი. რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მი­მარ­თეთ რჩე­ვე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

მშვილ­დო­სა­ნი

შე­გიძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­როთ ნე­ბის­მი­ე­რი დის­კუ­სია ან მო­ი­გოთ თქვენ­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა. ისარ­გებ­ლეთ კარ­გი დრო­ით და მი­აღ­წი­ეთ იმას, რაც გსურთ. ვარ­სკვლა­ვე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ სწორ კვე­ბას და დას­ვე­ნე­ბას.

თხის რქა

გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ინ­ტუ­ი­ცია და ნუ შე­ე­ჭი­დე­ბით ახალ ან უც­ნობ სა­კი­თხებს. გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა: მი­ი­ღე­ბეთ სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რას და ღი­რე­ბულ რჩე­ვებს. იპო­ვით პა­სუხს მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე.

მერ­წყუ­ლი

მო­ემ­ზა­დეთ რთუ­ლი და ორაზ­რო­ვა­ნი დღის­თვის. მო­გი­წევთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რო­მე­ლიც ბედ­მა მო­გიმ­ზა­დათ. ენერ­გი­ის მა­ღა­ლი დონე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­უმკლავ­დეთ ყვე­ლა ამო­ცა­ნას და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ კარ­გი გან­წყო­ბა. ნე­გა­ტი­ურ ამ­ბებ­ზე უფრო მშვი­დად რე­ა­გი­რე­ბა გმარ­თებთ.

თევ­ზე­ბი

მა­ში­ნაც კი, თუ გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ არის თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ, არ და­ნებ­დეთ და გა­ნაგ­რძეთ თქვე­ნი მიზ­ნის­კენ სვლა. გამ­ძლე­ო­ბა წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ, რო­გორც ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სჯობს, დღეს ახა­ლი საქ­მე­ე­ბი არ შე­ას­რუ­ლოთ. უმ­ჯო­ბე­სია დრო გა­ა­ტა­როთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა – კახა კალაძე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმაგრონ.

„ეს ადამიანები არიან გაკოტრებული პოლიტიკურად, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის, თავისი წრე ჰყავთ – ბევრი კომპრომატებით ჰყავთ დაშინებული, ბევრი ბულინგით, შეურაცხყოფით. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან და ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ. მათი რესურსი ნულია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ესენი ერთად იმ ადამიანის თანაგუნდელები არიან, ვინც მაგალითად, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, რადგან უთხრეს, რომ ერთად უნდა იყვნენ. ამ მოცემულობასა და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ, ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ ისაა, რომ აქვთ მცდელობა, გარედან, იმ განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, პოზიციები გაიმყარონ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს ქვეყნის ბედი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა. გარედან ვერავინ უბრძანებს ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათი ეს განცხადებაც მიუთითებდა, რომ ცრუობენ, არაფერი დარჩენიათ, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა ნულია. როდესაც ხელისუფლებაში იყავი, გერქვა პოლიტიკოსი, გქონდა პოლიტიკური პარტია და აკადრე ხალხს ის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინ უნდა ენდოს ასეთ ადამიანს?! ციხეებიდან გამოჰყავდათ, აუბედურებდნენ, კლავდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ტელევიზიები „ჯიბეში ედოთ“ და ვინ უნდა მისცეს მაგათ ხმა?! თუ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ხალხს მახსოვრობა არ აქვს და დაავიწყდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა?! დღეს რომ გამოდიან და პოლიტიკურ პარტიებზე რაღაც სახელებს ირქმევენ – გვარამიამ რაც არ უნდა „ახალი“ დაირქვას, ხომ ვიცით ვინ არის და რისი მკადრებელია?! იგივე ხაზარაძე, ყველა, ავიღოთ სათითაოდ და ჩამოვთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები. ხალხს, რა თქმა უნდა, აღიზიანებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, პოლიტიკაში დარჩნენ. ერთადერთი, რასაც „ეპოტინებიან“, გარე ძალებია, რომ როგორმე გავლენა მოახდინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს“, – განმარტა თბილისის მერმა.

,,ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ”- კახა კალაძე

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ორგანიზატორებს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. მან ამ ტემაზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა.

„ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დღეს ვინც უწევს ევროპას, ევროპულ მომავალს, არიან ზუსტად ეს ადამიანები და ის სამწუხარო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და არა ის სიბინძურეები, რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კატეგორიულად მიუღებელია ისიც, რომ იმ სიბინძურეებს, რასაც ესენი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, დემოკრატიის შუქურად გვიფასებდნენ და ამის „შემოტენვას“ ცდილობდნენ საზოგადოებისთვის.

თურმე, ის იყო ნორმა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დაგეხოცა, პატიმრები ციხიდან გამოგეყვანა და ფურცელზე დაწერილი ჩვენება შეგეჭმია, გადაესკოჩათ, გაეუპატიურებინათ და ეს იყო დემოკრატიის შუქურა. მეგობრებო, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის დემოკრატიით შენიღბვასაც ცდილობენ. ეს არის რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეს ძალა თავისი მოღვაწეობის პერიოდში ამკვიდრებდა ფაშიზმს”- ირაკლი კირცხალია

საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, როდესაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აორგანიზებს აქციას ევროპისა და ევროპული ღირებულებების სახელით, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.

„ეს ძალა თავისი მოღვაწეობის პერიოდში ამკვიდრებდა ფაშიზმს, შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, დღემდე არანაკლები ფაშიზმით არიან დაკავებული. კარგად უნდა გაიგონ როგორც მათ, ასევე მათმა პატრონებმა და ღია ლობისტებმა, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ და ნიღაბი ჩამოიხსნეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და დარწმუნებული ვარ იციან, რომ ყველა კვლევით, 60% არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“, – განაცხადა კირცხალიამ.

„ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს”- კახა კალაძე პრეზიდენტზე

სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები – ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია“.

ამასთან, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.

ამ ყველაფერს, ვერც ზურაბიშვილი და ვერც აღნიშნული მარშები ვერ შეაჩერებს, ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს რომ მეორე ფრონტი გაიხსნას და ის მდგომარეობა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, ეს არ მოხდება.

ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა კანონები და კონსტიტუცია. პირველი უნდა იცავდეს, თუმცა სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს, ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს. ყველა რადიკალი, რომელიც წარმოდგენილია ამ ე.წ. ოპოზიციით, ვიცით რომ აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ. მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეულები. ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს. სატელიტებთან ერთად ყველას გაეცემა პასუხი!“, – აღნიშნა კალაძემ.

,,მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!”- პრეზიდენტი

არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა, დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედნიდან მიმართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„დიდი სიყვარულით, დიდი ემოციით მინდა, მოგესალმოთ ამ საღამოს. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა – გაბრიელი. და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო. ის საქართველო, რომელიც დღეს დგას ჩემ წინ, არის თავისუფალი საქართველო. აქ არავინაა ძალით მოსული, არავინ არ არის მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს, თუარადა სამსახურს დაკარგავენ. არავინ, არცერთი სტუდენტი არ არის მოსული იმიტომ, რომ უთხრეს, თუ არა, სტიპენდიაც არ გექნება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა და დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში. დღეს დგას აქ ხვალინდელი საქართველო, დღეს დგას აქ გუშინდელი საქართველო. ოღონდ, გუშინდელს რომ ვამბობ, არა ის, რომელიც იყო ჩაძირული საბჭოთა კლანჭებში, არამედ ის თავისუფალი საქართველო, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ღირსეული ისტორიის. ის საქართველო და ეს საქართველო ერთია და ორივე ერთად შევლენ ევროპაში.

მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, იქნება შენი გამარჯვების დღე და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის აქედან, თქვენგან და ვუთხრა, ჩვენ ვიცით, რომ იბრძვის ჩვენთვის, იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკლებს და ვუთხრა, რომ როცა შევალთ ევროპაში და შევალთ ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ. არ მინდა, ამ დღეებში თქვენგან გავიგო რამე თუ ან რომ, ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი, მადლობა თქვენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი მიმდინარეობს. მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.