ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა – კახა კალაძე

7
spot_img

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმაგრონ.

„ეს ადამიანები არიან გაკოტრებული პოლიტიკურად, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის, თავისი წრე ჰყავთ – ბევრი კომპრომატებით ჰყავთ დაშინებული, ბევრი ბულინგით, შეურაცხყოფით. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან და ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ. მათი რესურსი ნულია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ესენი ერთად იმ ადამიანის თანაგუნდელები არიან, ვინც მაგალითად, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, რადგან უთხრეს, რომ ერთად უნდა იყვნენ. ამ მოცემულობასა და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ, ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ ისაა, რომ აქვთ მცდელობა, გარედან, იმ განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, პოზიციები გაიმყარონ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვის ანდოს ქვეყნის ბედი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა. გარედან ვერავინ უბრძანებს ხალხს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მათი ეს განცხადებაც მიუთითებდა, რომ ცრუობენ, არაფერი დარჩენიათ, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა ნულია. როდესაც ხელისუფლებაში იყავი, გერქვა პოლიტიკოსი, გქონდა პოლიტიკური პარტია და აკადრე ხალხს ის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინ უნდა ენდოს ასეთ ადამიანს?! ციხეებიდან გამოჰყავდათ, აუბედურებდნენ, კლავდნენ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ტელევიზიები „ჯიბეში ედოთ“ და ვინ უნდა მისცეს მაგათ ხმა?! თუ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ხალხს მახსოვრობა არ აქვს და დაავიწყდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა?! დღეს რომ გამოდიან და პოლიტიკურ პარტიებზე რაღაც სახელებს ირქმევენ – გვარამიამ რაც არ უნდა „ახალი“ დაირქვას, ხომ ვიცით ვინ არის და რისი მკადრებელია?! იგივე ხაზარაძე, ყველა, ავიღოთ სათითაოდ და ჩამოვთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები – „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები. ხალხს, რა თქმა უნდა, აღიზიანებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, პოლიტიკაში დარჩნენ. ერთადერთი, რასაც „ეპოტინებიან“, გარე ძალებია, რომ როგორმე გავლენა მოახდინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რაც არ უნდა გააკეთონ, ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს“, – განმარტა თბილისის მერმა.