Home Blog Page 5

ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ – შალვა პაპუაშვილი

ადამიანები, ვინც ჩვენ გვთხოვდნენ, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის, გაგვეშვა მოხალისეები და არ გვთავაზობდა უსაფრთხოების გარანტიას (თვითონ რომ ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან), გვწირავდნენ ეკონომიკური კოლაფსისთვის და დიდი ალბათობით, ომისთვის, ესაა რეალობა – მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარტნიორებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აღნიშნული მეგობრებისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს საქართველო ეკონომიკურად ჩამონგრეული იქნებოდა“.

„ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მიმთითებლები და ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ. მეგობრობა სხვა რამეა – მეგობარი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის, სხვაა და მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა ამ გაგებით.

ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რომ რუსეთს თუ სანქციებს არ დაუწესებთ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთ. ზუსტად იგივე ხალხი, მათ შორის აქ მიტინგზე რომ იდგა, ერთ-ერთი მინისტრი, პირდაპირ გვეუბნებოდა, სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ ციხიდან, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თქვენი ევროპული მომავალი დადგება კითხვის ნიშნი ქვეშ. უნდა დავყოლოდით? „ენჯეოებისთვის“ და ოპოზიციისთვის რომ დაგვეჯერებინა, უნდა გვეთქვა: „რადგან იქიდან გვეუბნებიან, პატარა ხალხი ვართ და როგორ არ უნდა დავუჯეროთ, ჩვენ ვინ გვეკითხება, ისინი დიდები და უფროსები არიან და მათ უნდა დავუჯეროთ“. ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, გაჰყვებოდნენ, სანქციებსაც დააწესებდნენ, მოხალისეებსაც დააორგანიზებდნენ, გაუშვებდნენ უკრაინაში და სააკაშვილსაც გამოუშვებდნენ. საქართველოში რა დატრიალდებოდა, შეგიძლიათ ამაზე დაფიქრდეთ, ეკონომიკურად გაზომილია, რა მოხდებოდა – გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა, იმ მეგობრების რეკომენდაციები რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვთხოვდა, გვირჩევდა და ხანდახან მუქარა ნარევი ტონითაც გვეუბნებოდა. იმ მეგობრებისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო ეკონომიკურად ჩამონგრეული იქნებოდა. ასეთი მეგობრის რჩევა გასათვალისწინებელია? ან ასეთი მეგობარი მართლა მეგობარია, როდესაც ასეთ რამეს გეუბნება? რომ დაგვეჯერებინა და სააკაშვილი გამოგვეშვა, რა მოხდებოდა რადიკალიზაციის მხრივ, გასაგებია ხომ?!“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის – პრემიერი

ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან კანონის შესახებ დისკუსიას.

„ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, ეს არის კიდევ ერთხელ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. რაც შეეხება კანონს, კანონს მხარს უჭერს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. შესაბამისად მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია.

ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები, კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე პირადად შევთავაზე დიპლომატებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ, არ იყო არავითარი გამოხმაურება.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით -პრემიერი

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს გამოქვეყნდა დასაქმების მონაცემები საქსტატის მიერ.

„გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ კვარტალში არის ოთხი პროცენტით შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და უმუშევრობამ შეადგინა 14 პროცენტი, ნაცვლად შარშანდელი შესაბამისი პერიოდის 18 პროცენტისა. დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტით, შეადგინა  953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 448 ათასი ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და გვაქვს ყველანაირი მონაცემები, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება -პრემიერი

x

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს და ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა, სუბსიდირებით და ასევე ვასუბსიდირებთ მთელ რიგ რეგულარულ ფრენებს. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში.

მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს, დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით ათასი გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება. სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ შესაბამისი საფეხბურთო მატჩების ბილეთები.

საპროტესტო აქციები საქართველოში: ახალგაზრდა, კრეატიული და მოწინააღმდეგე – უცხოური პრესა

გერმანული გაზეთის „დი ტაგესცაიტუნგის“ (Die Tageszeitung) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საპროტესტო აქციები საქართველოში: ახალგაზრდა, კრეატიული და მოწინააღმდეგე // „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კულტურის დაწესებულებები „მოაწესრიგა“, ახლა სამოქალაქო საზოგადოების დრო დადგა, მაგრამ ის წინააღმდეგობას უწევს“ (ავტორი – ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის ვ.ლეიბნიცის ლიტერატურული და კულტურული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


„როცა 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრებმა საბერძნეთის გუნდზე გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატში პირველად მიიღო მონაწილეობის უფლება, ქვეყანა ისტორიულმა ზეიმმა მოიცვა. ამ გამარჯვებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც სპორტული ჩარჩოებს სცილდებოდა: ეს იყო საქართველოს ევროპული სწრაფვის დადასტურება. გასულ წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იყო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
მაგრამ საზეიმო განწყობა მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, იმედები და ოპტიმიზმი ეჭვებმა და შეშფოთებამ შეცვალა: საქართველოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს, აპრილში დაიწყო განხილვა და მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. დოკუმენტის მიღება ითვლება არამხოლოდ საშინაო და საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენად, არამედ ის აჩენს მრავალმხრივ პრობლემებს: პოლიტიკურს, სოციალურს და კულტურულს – როგორც ავადმყოფობის სიმპტომებს. აღსანიშნავია, რომ იგივე კანონპროექტის მიღებას მმართველი პარტია შარშანაც ცდილობდა, მაგრამ საზოგადოების პროტესტის გამო უკან დაიხია.


ტარანი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ


ქვეყნის საშინაო პოლიტიკისათვის, ისევე როგორც საქართველოს მეზობელ რუსეთში, კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ ტარანად შეიძლება ჩაითვალოს.


მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ აკონტროლებს ყველაზე მდიდარი ქართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება (საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი) რუსეთში დააგროვა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყანას მართავს, მისი მოქმედება სულ უფრო ავტორიტარული ხდება. ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს პარლამენტს, მთავრობას, სასამართლო სისტემას და ქვეყნის უმსხვილეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. იმდენად, რამდენადაც მას ეშინია, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, იგი ეძებს და ყველა საშუალებას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. აღნიშნული კანონპროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება – მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო „უცხოელი აგენტების შესახებ“, მოგვიანებით კი შეცვალეს. დოკუმენტი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, [დაუმორჩილებელი] არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ.


ბიძინა ივანიშვილი თავდაპირველად მეცენატისა და ქველმოქმედის, ქართული კულტურის მფარველისა და პროპაგანდისტის როლში გამოდიოდა. იგი მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა კულტურის დაწესებულებების რეკონსტრუქციისათვის, გულუხვად აფინანსებდა ხელოვნების და სპორტის მოღვაწეებს, თუმცა სწორედ იმ ეტაპზევე გამოვლინდა ქველმოქმედის ნამდვილი სახე და მისი მიზანი: ბიძინა ივანიშვილი თავის შენაწირებს და ხარჯებს განიხილავდა როგორც სამომავლო მოგების მომტან ინვესტიციას. ასეთმა გამოიანგარიშებამ გაამართლა 2012 წელს და მომდევნო პერიოდშიც, განსაკუთრებით კულტურის მოღვაწეთა უფროს თაობაში, რომელთაგან ბევრი მის მიმართ დღემდე ერთგულებას ამჟღავნებს, მაგალითად, ოდესღაც ლეგენდარული თეატრალური რეჟისორი რობერტ სტურუა.


კულტურის დაწესებულებების „მოწესრიგება“


ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ ზრუნავდა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების თავისუფლებაზე, მას მხოლოდ კულტურაზე კონტროლის განხორციელება აინტერესებდა. კულტურის ის დაწესებულებები, რომლებსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობდნენ და დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა, ადმინისტრაციულად დამოუკიდებლები იყვნენ, თუმცა სულ უფრო ხშირად ხდებოდნენ მილიარდერის რეჟიმის სამიზნეები.
ეს ეხება ქართული წიგნის ცენტრს, რომლის მიერ ჩატარებული ღონისძიება – 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის წარმატებული მონაწილეობა – ბოლო ათწლეულის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა, ასევე ეროვნულ კინოცენტრს, რომელმაც ქართული კინოხელოვნება (განსაკუთრებით დოკუმენტური) ააღორძინა, ასევე მწერალთა სახლს… კინოცენტრის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც გასულ წელს გოეთეს მედლით დაჯილდოვდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ ნაცვლად ხელმძღვანელებად დაინიშნნენ პარტიული კადრები – ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ქეთი დუმბაძე, „ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის პარლამენტში, რომელმაც გასულ წელს ხმა მისცა „უცხოელი აგენტების“ კანონს და ამის გამო, ჯილდოს სახით, მწერალთა სახლის დირექტორობა მიიღო.


ბევრი მხატვარი და მეცნიერი ამჟამად დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს და ორგანიზაციებს ქმნიან და ბოიკოტს უცხადებენ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აკონტროლებს.


ტალანტს და ნიჭს რეჟიმისადმი ერთგულება ანაცვლებს


ის რაც ქართული კულტურის სცენაზე ხდება, მთლიანად ასახავს საქართველოს მდგომარეობას. რეალობა ცხადყოფს, რომ თუ ქართული კულტურის დაწესებულებები დამოუკიდებელნი იქნებიან, მაშინ საქართველო ამ სფეროში დიდ წარმატებებს აღწევს – პროფესიონალიზმის, ღირსეული კონკურენციისა და ღია დისკუსიის პირობებში. სამწუხაროდ, დღეს ქართული კულტურის დაწესებულებები პოლიტიკურად კონტროლდება, რეჟიმი მათ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებად იყენებს და მთავრობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენისათვის ჯილდოვდებიან. მათ არ შეუძლიათ რაიმე ახლის შეთავაზება მხატვრული შემოქმედების თვალსაზრისით. ტალანტებისა და პროფესიონალების ჩანაცვლება რეჟიმის ერთგული ადამიანებით ხდება.


სამოქალაქო საზოგადოების, სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შეზღუდვა-ლიკვიდაცია ბიძინა ივანიშვილს იმისთვის ჭირდება, რომ მისი უცნაური მსოფლმხედველობა არავინ არ გააკრიტიკოს.


ნაციონალისტური და ანტიკოლონიური ლოზუნგები


თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, ოლიგარქი ლაპარაკობდა „გლობალურ ომის პარტიაზე“ – ასე უწოდებს იგი დასავლეთს – რომელსაც, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, საქართველოში რევოლუციის მოხდენა და დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის წართმევა სურს. ისევე როგორც რუსეთში ხდება, საქართველოშიც ბიძინა ივანიშვილი მიზნის მისაღწევად იყენებს ნაციონალისტურ, კონსერვატიულ და ანტიკოლონიური ლოზუნგების პარადოქსულ ნარევს. იგი ლაპარაკობს საქართველოს სუვერენიტეტზე და ერის ღირსებაზე, რომლის შეზღუდვასაც თურმე დასავლეთი ცდილობს, საუბრობს კონსერვატიულ ქართულ ოჯახურ ფასეულობებზე, რომელსაც, მისი აზრით, დასავლეთისაგან თავსმოხვეული გენდერული იმიჯი ემუქრება, ხაზს უსვამს დასავლეთის კოლონიური გავლენის ინსტრუმენტების – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანტიეროვნულ მოქმედებას, რომლებიც, ოლიგარქის რწმენით, უცხოური სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.


მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ამგვარი მომწამლავი იდეოლოგიური ნარევი საზოგადოების მხარდაჭერით კი არ სარგებლობს, არამედ მხოლოდ მისი ხელისუფლების უზრუნველყოფას ემსახურება. ჯერ კიდევ კანონპროექტის მესამე მოსმენამდე რეჟიმმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებზე სატელეფონო თავდასხმები განახორციელა – ისევე როგორც ამას ბანდიტური დაჯგუფებები ახორციელებენ: დაშინებით, დაკავებით, შანტაჟით. რეპერტუარი რეჟიმს საკმაოდ ფართო აქვს.


ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ შესაფერისი დრო შეარჩია თავისი ხელისუფლების საბოლოო განმტკიცებისათვის, მაგრამ მან გათვლებში შეცდომა დაუშვა. კანონპროექტის მიღებამ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ათეულ ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებით გამოვიდა – თბილისში და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებში. იმიტომ, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია როგორც ოლიგარქიული რეჟიმი, ასევე „ახალი რუსული რკინის ფარდისაკენ“ დაბრუნება.


ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროტესტები


მასობრივი საპროტესტო აქციების ინიცირება მოხდა არა იმდენად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რამდენადაც ქართველი ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც ბოლო დრომდე აპოლიტიკურად ითვლებოდნენ. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები თავიანთი მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მათი პროტესტი მშვიდობიან და შემოქმედებით ხასიათს ატარებს – ყოველი დემონსტრაცია და მიტინგი საქართველოს დიდი ქალაქების სცენაზე პერფორმანსის სახით არის წარმოდგენილი.


ახალგაზრდები აქციებს უკვე ერთი თვეა ატარებენ – მონაწილეთა რაოდენობის თვალსაზრისით სხვადასხვა ციფრები არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან ასეთი ხალხმრავალი დემონსტრაციები არ მომხდარა. მრავალი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაფიცულები არიან. დღეს ქუჩაში გამოდიან არამარტო პოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური და არტისტული ელიტები. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები საერთო-სახალხო გაფიცვის მოწყობის მიზნით. ის, რაც დღეს საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში ხდება, ბევრი ექსპერტი „ერის ნების გამოღვიძებას“ უწოდებს


რამდენიმე დღის წინ, როცა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი მსოფლიოში ცნობილ მევიოლინესთან – ლიზა ბათიაშვილთან ერთად იყო საქართველოში ისტორიულ გასტროლებზე, თბილისის ოპერის თეატრის შენობაზე ევროკავშირის დროშა ფრიალებდა. ევროკავშირი საქართველოსთვის უპირველესად [ევროპული] პოლიტიკური კულტურის ზიარებას და გათავისებას ნიშნავს – კულტურისა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება 70-წლიანი საბჭოთა და 30-წლიანი პოსტსაბჭოური პერიოდის კულტურისაგან.


ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ერთმანეთისაგან განასხვავებდა ქრონოლოგიურ და ისტორიულ დროებს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 30 წელი გავიდა ქრონოლოგიური თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება, ისევე როგორც უკრაინული, მოლდოვური და ბელარუსული, დღეს ახალი [საზოგადოებრივი] საფუძვლებისათვის იბრძვის: სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, სოციალური სამართლიანობისთვის და მოსახლეობის პოლიტიკური ხელისუფლების აღდგენისათვის. ეს ბრძოლა მიმდინარეობს იმ პირობებში, რომელიც სიმბოლურად არის გამოსახული ევროკავშირის დროშით.


წყარო

დასავლური ძალები შეშინებულნი არიან, რომ მათი გავლენის ოპერაციები შეფერხდება -The American Conservative

საქართველოს პარლამენტი არის კანონის მიღების ზღვარზე, რომელიც ავალდებულებს გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური აგენტები“. კანონმა აღაშფოთა საქართველოს ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები ქუჩებში კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ. კანონპროექტს ზოგიერთი „რუსულ კანონს“ უწოდებს. შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც ევროკავშირმა, საკითხზე შეშფოთება გამოთქვა, – ამის შესახებ გამოცემა The American Conservative-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„ერთი შეხედვით, ეს თითქოს 1990-იანი ან 2000-იანი წლების დასაწყისის ისტორიაა: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გათავისუფლდა რუსული გავლენისგან და შეუერთდა თავისუფალი ერების საძმოს. სასიამოვნო ამბავია. სამწუხაროდ, ის არ ასახავს რეალობას. რეალურად დგას სერიოზული საკითხები, თუ როგორ რეაგირებს დასავლეთი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ არ მოსწონთ.

პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება არაფრით ჰგავს კომუნისტურ დიქტატურებს, რომლებიც ფერადი რევოლუციებით დასრულდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამართლიანად აირჩიეს 2012 წელს, სამართლიანად ხელახლა აირჩიეს 2016 წელს და სამართლიანად კიდევ ერთხელ აირჩიეს მესამედ 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 წლის არჩევნებზე გავრცელებული გაყალბების ბრალდებები ვერ დაადასტურეს, ოპოზიცია მაინც ამტკიცებდა, რომ შედეგები რეალური არ იყო.

შედეგად მიღებული პოლიტიკური კრიზისი მოგვარდა, როდესაც „ქართული ოცნება“ დათანხმდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს, თუ ისინი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდნენ. მათ მიიღეს დაახლოებით 46%. ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ბოლო გამოკითხვის შედეგად, ისინი კვლავ აშკარად ლიდერობენ.

ბრალდება, რომ აღნიშნული კანონი რუსეთის აგენტების კანონს ეფუძნება, ასვე ვერ უძლებს კრიტიკას. რუსეთის აბსოლუტურად ამაზრზენი კანონი, გამოყენებულია იმისთვის, რომ აკრძალულიყო ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი აქვს გარე სამყაროსთან, რომელიც იღებს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას. შედეგად, ვლადიმერ პუტინმა კრიტიკოსები გააჩუმა.
ამის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი გონივრულად მოითხოვს, რომ ნებისმიერი საჯარო სამსახური ან პოლიტიკური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, თუ მისი დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტი მოდის საზღვარგარეთიდან, რაც არსებითად განსხვავდება რუსეთის კანონისგან.

შეერთებულ შტატებს ასევე აქვს საკუთარი კანონმდებლობა უცხოელი აგენტებისთვის, რადგან თვლიან, რომ მისი არქონა საკუთარი ქვეყნის დაცვის მოვალეობის უგულებელყოფაა. გაუგებარია, რატომ არის კონკრეტულად საქართველოს კანონმდებლობა შეუთავსებელი დასავლურ ღირებულებებთან.

არ ყოფილა რაიმე სერიოზული მსჯელობა იმაზე, თუ რატომ უნდა შეეძლოთ უცხოურ ორგანიზაციებს გავლენა მოახდინონ საქართველოს საშინაო საქმეებზე, კუთვნილების განსაზღვრის გარეშე. ჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნების“, დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პარტიის, სამგზის გამარჯვების შემდეგ, ვითარების შესაცვლელად დასავლეთს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობის იმედი აქვს.

სხვა დანარჩენთან ერთად, ამით ჩანს ისიც, თუ როგორ რეაგირებენ ლიბერალური ინტერნაციონალისტები დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თუკი ეს მათ სურვილებსა და პოლიტიკას ეწინააღმდეგება. საპროტესტო აქციები არ არის თაღლითურად არჩეული პარტიის წინააღმდეგ. მთავრობა არც დიქტატორული „საგანგებო ძალების“ ამოქმედებას ცდილობს და არც მომიტინგეთა ჩახოცვას. საუბარია იმაზე, რომ დემოკრატიულად არჩეული მმართველი ძალა აკეთებს იმას, რაც მომიტინგეებს, ქვეყნის უმცირესობას არ მოსწონს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

აქციის მონაწილეებს ამ კანონის შეჩერების გზა აქვთ: საარჩევნო ყუთი. საქართველოს მედია უკიდურესად პოლარიზებულია, მაგრამ არ არის მოკლებული ოპოზიციური ხმებისგან. მთავრობა ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას იმ უმრავლესობით, რომელიც მან სამართლიანად მოიპოვა.

დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა იმის მიხედვით, შეესაბამება თუ არა ის დასავლეთის სასურველ პოლიტიკას, რომელიც ამავდროულად დემოკრატიის სიწმინდეზე საუბრობს, ინტერნაციონალისტი ლიბერალების წოდებრივ ფარისევლობას ამხელს. როგორც ჩანს, ბრიუსელი და ვაშინგტონი იმედგაცრუებულნი არიან, რომ ქართველები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ არჩევას და იმის ნაცვლად, რომ ეს მოცემულობა მიიღონ, ცდილობენ მმართველი გუნდის მმართველობა დიქტატორულად წარმოაჩინონ“, – წერია სტატიაში.

უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი ოდესას – მიხაილ ხოდორკოვსკი

იქნებ, შევძლოთ ვევაჭროთ პუტინს და დავუბრუნოთ უკრაინას რამდენიმე ოლქი, რამდენიმე რეგიონი? შეიძლება, მაგრამ მაშინ გულახდილად უნდა ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, რომ უნდა შეწყვიტოთ ეს უაზრო წინააღმდეგობა, – ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომარაგებისა და ძალების ასეთი შეფარდების პირობებში, უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი ოდესას.

„ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვთხოვთ ყურებზე ხელი აიფაროთ. ჩემს თავს უფლებას მივცემ ამ ყველაფერზე ვისაუბრო. თქვენთან ბოდიში. ბატონებო, თქვენ ფაქტობრივად უკრაინაში ომი წააგეთ. ჩვენ წავაგეთ ეს ომი. უკრაინის მშპ ომამდე 160 მილიარდი დოლარი იყო, რუსეთის – 2,2 ტრილიონი. გერმანიის 4.1 ტრილიონი, ხოლო ევროკავშირის 17 მილიარდი ტრილიონი. პუტინი ომისთვის 120 მილიარდს ხარჯავს წელიწადში. ამასთანავე, მაგალითად, ყველაზე გავრცელებული 152-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის 500 დოლარი ღირს. გამოდის რომ ის მშპ-ის დაახლოებით 5.4 პროცენტს ხარჯავს ომზე. უკრაინაში ომის 2 წლის მანძილზე ევროკავშირის დახმარება შეადგენს 88 მილიარდ დოლარს, ანუ მშპ-ს 0.25%-ს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, როცა 155-მილიმეტრიანი ჭურვის ფასი 5000-დან 8000 დოლარამდე ფარგლებშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული დახმარების გათვალისწინებით ომის რეალური ხარჯის შეფარდება საუკეთესო შემთხვევაში 2.5-ია ერთთან, პუტინის სასარგებლოდ. ამ წელს კი, ამერიკელების დახმარების გარეშე ოთხი ერთთან. არ არის გასაკვირი, რომ თუკი ომის დასაწყისში უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობის შეფარდება 40 მილიონი იყო 142-თან, ანუ, 3.5 ერთთან, დღეის მდგომარეობით არის შვიდი ერთთან. როგორ წარმოგიდგენიათ რომ მათ ბრძოლა გააგრძელონ? მომარაგებისა და ძალების ასეთი შეფარდების პირობებში უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუალედში კი ოდესას. 2025 წლის ბოლოსთვის ძალთა თანაფარდობა იქნება 10, ან 12 ერთის წინააღმდეგ. 2026 წლის შუალედის დასაწყისისთვის უკრაინა შეძლებს მხოლოდ პარტიზანული ომის გაგრძელებას. ლვოვის შენარჩუნება მაშინ მოხერხდება, თუ იქ შევლენ ნატოს ჯარები პოლონეთის სახით და ეს ყველაფერი არის საუკეთესო სცენარი. ამასთან, არავინ განახორციელებს თავდასხმას დიდ ქალაქებზე, რადგან მომარაგების გარეშე საფრთხეს არ წარმოადგენენ. კარგი, მაშინ რატომაც არ უნდა ვუღალატოთ უკრაინას? იქნებ პუტინი მას დაიპყრობს და დაწყნარდება? იქნებ, შევძლოთ ვევაჭროთ მას და დავუბრუნოთ რამდენიმე ოლქი, რამდენიმე რეგიონი? იქნებ კიევიც კი? შეიძლება, მაგრამ მაშინ გულახდილად უნდა ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, რომ უნდა შეწყვიტოთ ეს უაზრო წინააღმდეგობა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ პოლონეთის საზღვართან იდგება რუსულ-უკრაინული გაერთიანებული ჯარი“, – განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.

“პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე-გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 18 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია „პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: გადალახავს თუ არა მას პარლამენტი და საით წავა საქართველო – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ?“

(ავტორი – ივან ნეჩეპურენკო, რეპორტაჟი თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისადმი ვეტოს დადების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც კანონპროექტი სამი მოსმენის შედეგად მიიღო, ვეტოს გადალახავს.

მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ ამის გაკეთება უკვე 28 მაისს შეუძლია, როცა სესიის სხდომები დაიწყება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულმა კანონპროექტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ოპოზიცია თვლის – დოკუმენტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ორიენტაციას და ქვეყანა შეიძლება კვლავ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს.
სალომე ზურაბიშვილმა თავის ვეტოს „სიმბოლური“ უწოდა, თუმცა მისი მოქმედება მაინც შეფასდა კიდევ ერთ ნაბიჯად კონფლიქტში, რომელიც ერთი მხრივ, პროდასავლურ ოპოზიციას (მას მხარს უჭერს პრეზიდენტი) და, მეორე მხრივ, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის დაიწყო ერთი თვის წინათ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან.

კრიზისმა გააშუქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკიდურესად პოლარიზებული ხასიათი. საეჭვო გახდა ქვეყნის პროდასავლური კურსი, რომელიც მის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დაემუქრნენ ხელისუფლებას, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გაუარესდება, თუ კანონპროექტი საბოლოოდ შევა ძალაში და საპროტესტო აქციების ჩახშობა ძალის გამოყენებით მოხდება.

საქართველო კავკასიის ცენტრში მდებარე მთიან ქვეყანას წარმოადგენს 3,6 მილიონი მცხოვრებით, რომელიც ოდესღაც პროდასავლური გზის პირველი გამკვლევი იყო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. თუ ის დასავლეთს ზურგს შეაქცევს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების სასარგებლოდ, მაშინ შეიძლება მთლიანი რეგიონის გეოპოლიტიკა შეიცვალოს – საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური ადგილი უკავია.

კანონპროექტს, რომელსაც საკმაოდ უვნებელი სახელწოდება აქვს და როგორც მმართველი პარტია აცხადებს, აუცილებელია ქვეყნის დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად და მიმართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში გარედან ჩარევების წინააღმდეგ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის საშუალებების მეშვეობით. რადგანაც კანონპროექტის დებულებები რუსეთში მოქმედ ანალოგიურ კანონს ჰგავს, ოპოზიცია მას „რუსულ კანონს“ უწოდებს, რომელიც მიმართულია საქართველოს გადაქცევისაკენ პრომოსკოვურ სახელმწიფოდ.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი აბსოლუტურად პრორუსულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამიტომ ქვეყნის პროევროპული დემოკრატიული ორიენტაციისათვის საზიანოა.

საინტერესოა, რომ 2018 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს და მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ პრეზიდენტმა თავისი მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ კრიტიკა დაიწყო. გაუცხოების პროცესი გაღრმავდა და თავის პიკს მიაღწია, როცა მმართველმა პარტია მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შეეცადა 2023 წელს.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები – ცნობილი ემიგრანტები – რუსი ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველოდან 1921 წელს გაიქცნენ. იგი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, მომდევნო წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის პირველი საგარეო საქმეთა ქალი-მინისტრი გახდა, რომელსაც ეს პოსტი 2005 წლამდე ჰქონდა დაკავებული, [მოგვიანებით კი იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა]. სანამ თვითონ მას აირჩევდნენ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოლიტიკური პარტია შექმნა და 2016 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი ძირითადად ცერემონიალურია, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის წინააღმდეგ დაპირისპირებულ ყველაზე ცნობილ და მოქმედ თანამდებობის პირს წარმოადგენს. იგი საპროტესტო აქციის საჯარო ფიგურა გახდა ქართული ოპოზიციის სისუსტის ფონზე.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ აპრილის დასაწყისში განსახილველად იქნა წარდგენილი პარლამენტში, თბილისი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ანტისამთავრობო მიტინგების მონაწილეთა ძირითად ნაწილს ახალგაზრდები და სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებიც თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად მარშირებენ და გაჰყვირიან „არა რუსულ კანონს!“. მათ არაერთხელ შემოარტყეს ალყა რუსთაველის გამზირზე მდებარე საბჭოთა მონუმენტური არქიტექტურის ნიმუშს – პარლამენტის შენობას და შესასვლელების ბლოკირებას ცდილობდნენ.

პროტესტები თანდათან ძალადობაში გადაიზარდა – პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა მომიტინგეები ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალეს, ზოგიერთები სცემეს და დააკავეს. მოგვიანებით ბევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათზე ზეწოლა განახორციელეს და დაშინებას მიმართავდნენ.

აპრილის ბოლოს მმართველი პარტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი – განდეგილი ოლიგარქი – ხელმძღვანელობს (იგი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც თავისი ქონება დააგროვა), აპრილის ბოლოს სამთავრობო მიტინგი ჩაატარა კანონპროექტის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, პარასკევს, 17 მაისს გამართულ საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ათასობით კონსერვატიულად განწყობილმა ქართველმა, რომელთაგან ბევრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტის ამოქმედებას და ძალაში შესვლას.

„მე პირადად ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, რუსეთში და მოლდოვაში“, – ამბობს

„ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში 62 წლის ფერმერი გოჩა კეკენაძე, რომელიც კახეთის მხარიდან ჩამოვიდა დედაქალაქში, საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობისათვის, – „ჩვენ გვინდა ისე ვიცხოვროთ, როგორც ადრე, [უკრაინის ომის დაწყებამდე] ვცხოვრობდით. ამერიკელები კი გვთავაზობენ ხელში თოფი ავიღოთ და რუსეთის წინააღმდეგ ვიომოთ“.

წყარო:

ირანის კონსტიტუციით, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს – BBC

ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ პრეზიდენტს და მის „დაუღალავ ძალისხმევას“.

BBC-ი წერს, რომ ირანის კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები ავადმყოფობის, სიკვდილის ან იმპიჩმენტის და პარლამენტის მიერ გადაყენების გამო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს – ამ შემთხვევაში მოჰამედ მოხბერს – ევალება მართოს ქვეყანა და პარლამენტის ხელმძღვანელებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებას მაქსიმუმ 50 დღის განმავლობაში. თუმცა, ეს მხოლოდ უზენაესი ლიდერის დასტურის შემდეგ უნდა მოხდეს, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია ყველა სახელმწიფო საკითხზე.

ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა!


ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტე კლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.

წინ უამრავი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას.

თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ,
ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!“- აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა.

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი 18 მაისს კანონს ვეტო დაადო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება .

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

„ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: skolebi.emis.ge

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: elfiles.emis.ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.