დასავლური ძალები შეშინებულნი არიან, რომ მათი გავლენის ოპერაციები შეფერხდება -The American Conservative

58
spot_img

საქართველოს პარლამენტი არის კანონის მიღების ზღვარზე, რომელიც ავალდებულებს გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური აგენტები“. კანონმა აღაშფოთა საქართველოს ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები ქუჩებში კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ. კანონპროექტს ზოგიერთი „რუსულ კანონს“ უწოდებს. შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც ევროკავშირმა, საკითხზე შეშფოთება გამოთქვა, – ამის შესახებ გამოცემა The American Conservative-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„ერთი შეხედვით, ეს თითქოს 1990-იანი ან 2000-იანი წლების დასაწყისის ისტორიაა: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გათავისუფლდა რუსული გავლენისგან და შეუერთდა თავისუფალი ერების საძმოს. სასიამოვნო ამბავია. სამწუხაროდ, ის არ ასახავს რეალობას. რეალურად დგას სერიოზული საკითხები, თუ როგორ რეაგირებს დასავლეთი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ არ მოსწონთ.

პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება არაფრით ჰგავს კომუნისტურ დიქტატურებს, რომლებიც ფერადი რევოლუციებით დასრულდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სამართლიანად აირჩიეს 2012 წელს, სამართლიანად ხელახლა აირჩიეს 2016 წელს და სამართლიანად კიდევ ერთხელ აირჩიეს მესამედ 2020 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 წლის არჩევნებზე გავრცელებული გაყალბების ბრალდებები ვერ დაადასტურეს, ოპოზიცია მაინც ამტკიცებდა, რომ შედეგები რეალური არ იყო.

შედეგად მიღებული პოლიტიკური კრიზისი მოგვარდა, როდესაც „ქართული ოცნება“ დათანხმდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს, თუ ისინი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდნენ. მათ მიიღეს დაახლოებით 46%. ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ბოლო გამოკითხვის შედეგად, ისინი კვლავ აშკარად ლიდერობენ.

ბრალდება, რომ აღნიშნული კანონი რუსეთის აგენტების კანონს ეფუძნება, ასვე ვერ უძლებს კრიტიკას. რუსეთის აბსოლუტურად ამაზრზენი კანონი, გამოყენებულია იმისთვის, რომ აკრძალულიყო ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც კავშირი აქვს გარე სამყაროსთან, რომელიც იღებს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას. შედეგად, ვლადიმერ პუტინმა კრიტიკოსები გააჩუმა.
ამის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი გონივრულად მოითხოვს, რომ ნებისმიერი საჯარო სამსახური ან პოლიტიკური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, თუ მისი დაფინანსების მინიმუმ 20 პროცენტი მოდის საზღვარგარეთიდან, რაც არსებითად განსხვავდება რუსეთის კანონისგან.

შეერთებულ შტატებს ასევე აქვს საკუთარი კანონმდებლობა უცხოელი აგენტებისთვის, რადგან თვლიან, რომ მისი არქონა საკუთარი ქვეყნის დაცვის მოვალეობის უგულებელყოფაა. გაუგებარია, რატომ არის კონკრეტულად საქართველოს კანონმდებლობა შეუთავსებელი დასავლურ ღირებულებებთან.

არ ყოფილა რაიმე სერიოზული მსჯელობა იმაზე, თუ რატომ უნდა შეეძლოთ უცხოურ ორგანიზაციებს გავლენა მოახდინონ საქართველოს საშინაო საქმეებზე, კუთვნილების განსაზღვრის გარეშე. ჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნების“, დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პარტიის, სამგზის გამარჯვების შემდეგ, ვითარების შესაცვლელად დასავლეთს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობის იმედი აქვს.

სხვა დანარჩენთან ერთად, ამით ჩანს ისიც, თუ როგორ რეაგირებენ ლიბერალური ინტერნაციონალისტები დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თუკი ეს მათ სურვილებსა და პოლიტიკას ეწინააღმდეგება. საპროტესტო აქციები არ არის თაღლითურად არჩეული პარტიის წინააღმდეგ. მთავრობა არც დიქტატორული „საგანგებო ძალების“ ამოქმედებას ცდილობს და არც მომიტინგეთა ჩახოცვას. საუბარია იმაზე, რომ დემოკრატიულად არჩეული მმართველი ძალა აკეთებს იმას, რაც მომიტინგეებს, ქვეყნის უმცირესობას არ მოსწონს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

აქციის მონაწილეებს ამ კანონის შეჩერების გზა აქვთ: საარჩევნო ყუთი. საქართველოს მედია უკიდურესად პოლარიზებულია, მაგრამ არ არის მოკლებული ოპოზიციური ხმებისგან. მთავრობა ცდილობს მიიღოს კანონი, რომელიც არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას იმ უმრავლესობით, რომელიც მან სამართლიანად მოიპოვა.

დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა იმის მიხედვით, შეესაბამება თუ არა ის დასავლეთის სასურველ პოლიტიკას, რომელიც ამავდროულად დემოკრატიის სიწმინდეზე საუბრობს, ინტერნაციონალისტი ლიბერალების წოდებრივ ფარისევლობას ამხელს. როგორც ჩანს, ბრიუსელი და ვაშინგტონი იმედგაცრუებულნი არიან, რომ ქართველები აგრძელებენ „ქართული ოცნების“ არჩევას და იმის ნაცვლად, რომ ეს მოცემულობა მიიღონ, ცდილობენ მმართველი გუნდის მმართველობა დიქტატორულად წარმოაჩინონ“, – წერია სტატიაში.