Home Blog Page 5

თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია – პრემიერი

თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პროფესიული დღე მოგილოცოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენს საამაყო პოლიციელებს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს.

თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია – საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტია, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა. უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თითოეული თქვენგანის შრომითა და ენთუზიაზმით, ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია, ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა – უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია.

კანონისა და მართლწესრიგის დაცვით, ხალხისა და ქვეყნის ერთგულებით, ყოველდღიური შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად – სხვათა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით, თქვენ ფასადაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.

თქვენმა არაერთმა კოლეგამ და მეგობარმა, სამწუხაროდ, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ გმირ პოლიციელთა ხსოვნას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 ივნისს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7949 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7968 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0319 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0259 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება – 112 მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს და მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.

“გაცნობებთ, რომ 31 მაისიდან 2 ივნისის დილამდე, საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”, – წერს 112.

“ამერიკული “აბრამსის” ტანკები უკრაინაში ვერ იბრძვიან -რუსებმა მათ “კონსერვის ცარიელი ქილები” დაარქვეს” -The Daily Telegraph

ბრიტანული “დეილი ტელეგრაფი” (The Daily Telegraph) ბეჭდავს სტატიას სათაურით „ამერიკული „აბრამსის“ ტანკები უკრაინაში ვერ იბრძვიან. რუსებმა მათ „კონსერვის ცარიელი ქილები“ დაარქვეს“ (ავტორი – ჯორჯ სტილისი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელი სამხედროები ჩივიან, რომ ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ (Abrams M1) სუსტი ჯავშანი აქვთ, რაც დრონების წინაშე მათ დაუცველ ხდის. მძიმეწონიანი ჯავშნიანი მანქანები რუსებისათვის მსუბუქ და იოლ სამიზნეს წარმოადგენს.

„აბრამსები“ უკრაინის ველებზე მარცხს მარცხზე განიცდიან. რუსებმა ისინი „კონსერვის ცარიელ ქილებად“ შერაცხეს.

გასულ წელს ამერიკამ უკრაინას 31 „აბრამსი“ გადასცა. ბევრი თვლიდა, რომ ტანკების გადაცემა კიევისათვის მოსკოვთან ბრძოლაში თამაშის წესებს შეცვლიდა.
უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ძველი საბჭოური ტანკები ტალახში ეფლობიან, მიზანში ვერ ისვრიან და სწრაფად გამოდიან მწყობრიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამერიკული თანამედროვე ტანკები არიან საბჭოურზე უკეთესები.

CNN-თან ინტერვიუში უკრაინელი ტანკისტები ამბობენ, Abrams M1-ები მაინცდამაინც დიდი საიმედოობით არ გამოირჩევიან: „ჯავშანი არასაკმარისად მტკიცეა, – თქვა ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა, – ჭურვის მოხვედრისას ეკიპაჟი დაცული არ არის, განსაკუთრებით, როცა ზემოდან დრონი გვიტევს. როცა ბრძოლის ველზე გავდივართ, დრონები ცდილობენ დაგვაზიანონ და აგვაფეთქონ“.
ჩვეულებრივად, თანამედროვე ამერიკული ტანკები „ურანის შემცველი საიდუმლო ჯავშნით“ არის აღჭურვილი, მაგრამ ამერიკელებმა უკრაინას ისეთი მოდიფიცირებლი “აბრამსები” მისცეს, რომლებსაც „ჩობჰემის“ ჯავშანი აქვს – ძველი 1960-იანი წლების გამოგონება – კერამიკისა და ფოლადის ნარევისაგან დამზადებული კომპოზიტით. პენტაგონმა ეს, ალბათ, რუსეთის შიშით გააკეთა, რომ ურანიანი ტანკები კრემლის ხელში არ ჩავარდნილიყო.

როგორც უკრაინელი ეკიპაჟები ამბობენ, „აბრამსის“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათი გამოყენება ბრძოლის ველზე მხოლოდ არტილერიისა და ავიაციის თანხლებით შეიძლება, მაგრამ არც პირველი და არ მეორე უკრაინის არმიას არ ჰყოფნის.

რუსეთი კი, თავის მხრივ, „აბრამსების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლისგანაც ამერიკული ტანკები მთელი ძალით ცდილობენ თავდაცვას.

რუსეთის დრონებს შეუძლიათ სწრაფად აღმოაჩინონ “აბრამსები” და მათზე ნადირობა დაიწყონ. ტანკის ერთ-ერთი მძღოლი-მექანიკოსი CNN-ის კორესპონდენტს უყვება, თუ როგორ დააზიანა დრონმა მისი „აბრამსი“, იგი მძიმედ დაიჭრა და სიცოცხლის გადასარჩენად კიდურების ამპუტირება დაჭირდა.

უკრაინის არმიის სარდლობამ გადაწყვიტა „აბრამსები” ფრონტის ხაზიდან გაეყვანა და მათი განადგურება თავიდან აეცილებინა. ახლახან ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა “დეილი ტელეგრაფს” ანონიმურად შეატყობინა, რომ ამჟამად ბრძოლის ველზე ამერიკული ტანკის შეუმჩნეველი გადაადგილება შეუძლებელია, „აბრამსები“ თავიდანვე ექცევიან დრონების ყურადღების ქვეშ.

კრემლმა სწრაფი რეაგირება მოახდინა “აბრამსების” ნაკლოვანებაზე და მათ უუნარობაზე – დაეცვათ საკუთარი რეპუტაცია მსოფლიოში საუკეთესო ტანკთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი “აბრამსი”10 მილიონი დოლარი ღირს და მას თითქოსდა სამი კილომეტრის სიშორიდან რუსული ტანკის განადგურება შეუძლია.

სხვათა შორის, ერთ-ერთი დაზიანებული „აბრამსი“ რუსებმა ფრონტის ხაზიდან გაათრიეს და მოსკოვში წაიღეს საჩვენებლად – მტერთან ბრძოლაში მიღებული ტროფეის სახით და მას „კონსერვის ცარიელი ქილა“ უწოდეს.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ამჟამად უკრაინა ტესტირებას უკეთებს და აუმჯობესებს იმ უცხოურ ტექნიკას, რომელიც თავდაპირველად ომისათვის არ იყო მომზადებული.

“ჩვენ ვთხოვთ ყველა სახელმწიფოს, რომ მოგვაწოდონ ყველა დონის სარემონტო და სარეზერვო-სათადარიგო დეტალები. ჩვენ მათ შესაბამისი სახით გამოვიყენებთ”.

წყარო:

ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.

„სომხეთმა ქვეყნიდან გაყარა რუსი ФСБ-შნიკები, რომლებიც ერევნის ზვარიტნოცის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ახორციელებდნენ.

გუშინდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ФСБ ახლა უკვე თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.

აქედან უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“რა ელოდება დონალდ ტრამპს ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ?”-Financial Times

„ნაფიცმა მსაჯულებმა, თითქმის 9-საათიანი განხილვის შემდეგ, აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავედ აღიარეს ბრალდების ყველა 34-ვე პუნქტით, რომელთა თანახმად, მან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დუმილისათვის ფული გადაუხადა პორნომსახიობ სთორმი დენიელსს, რომელთანაც დონალდ ტრამპს ქორწინების გარეშე ინტიმური კავშირები ჰქონდა“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით “რა ელოდება დონალდ ტრამპს ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ?” (ავტორი – ჯო მილერი). მასში კითხვები და პასუხებია მოცემული.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„კაცმა რომ თქვას, ზოგადად, სასამართლო პროცესი ძირითადად არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა მსგავსი პროცესებისაგან, რომელიც ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოში ტარდება ხოლმე, მაგრამ ბრალდება და მსაჯულთა მიერ გამოტანილი დასკვნა უპრეცედენტოა და არ ჰგავს აშშ-ის ისტორიაში მომხდარ არცერთ ფაქტს: ის მიმართულია რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მრავალ პოლიტიკური და იურიდიული ხასიათის მქონე კითხვას აჩენს. რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ? აი, პასუხები რამდენიმე კითხვაზე:

– ჩასვამენ თუ არა დონალდ ტრამპს საპყრობილეში?

– სავარაუდოდ, არ ჩასვამენ. გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს „საქმიანი საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებაში“, რომლის საფუძველზე სთორმი დენიელსს ფული გადაუხადეს. პორნომსახიობი ამტკიცებდა, რომ მას დუმილისათვის დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა 130 ათასი დოლარი მისცა. ასეთი მოქმედებით, ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპმა დოკუმენტაცია გააყალბა – დახარჯული ფული გააფორმა როგორც „გადახდა იურიდიული სამსახურისთვის“. ექს-პრეზიდენტი 34 ბრალდებიდან არცერთს არ აღიარებს. მან უარყო აგრეთვე ის ფაქტი, რომ სთორმი დენიელსთან სექსი ჰქონდა.

მართალია, ამ ბრალდებით, ნიუ-იორკის შტატის კანონის თანახმად, დონალდ ტრამპს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება, მაგრამ ეს უჩვეულო განაჩენი იქნება ადამიანისათვის, რომელიც არასოდეს ნასამართლევი არ ყოფილა, 77 წლისაა და საპყრობილეში არაძალადობრივი დანაშაულისათვის – საბუღალტრო დარღვევისათვის უნდა ჩაჯდეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ელვინ ბრეტმა, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თავი აარიდა კითხვაზე პასუხს – შეეცდება თუ არა დონალდ ტრამპის დაპატიმრებას და განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როცა განაჩენი იქნება გამოტანილი 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე.

მოსამართლე ხუან მერჩანს შეუძლია სხვადასხვანაირად დასაჯოს ბრალდებული – ვთქვათ, საპყრობილის რეჟიმით, პირობითი პატიმრობით ან ფინანსური ზღვევინებით. განაჩენის გამოტანისას მას ასევე შეუძლია მხედველობაში მიიღოს ბრალდებულის ქცევა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს (დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე დაარღვია სასამართლოს დადგენილება ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ, იგი ასევე თავს ესხმოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოწმეებს და ნაფიც მსაჯულებს).

– შეიძლება თუ არა მსჯავრდებული დამნაშავე პრეზიდენტად ბალოტირებდეს?

– აშშ-ის კონსტიტუციაში არაფერი არ წერია ისეთი, რომ დამნაშავედ შერაცხულ ადამიანს ფედერალური მნიშვნელობის მქონე თანამდებობის დაკავება ეკრძალებოდეს. კოლორადოსა და სხვა ზოგიერთი შტატის სასამართლოების ამასწინანდელი მცდელობა, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აკრძალვოდა, კრახით დასრულდა – აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი დადგენილება შტატის სასამართლოს უფლებამოსილებაში არ შედის და კონგრესის პრეროგატივას წარმოადგენს.

თუმცა შეიძლება პრობლემები გაჩნდეს, თუ მოსამართლე დონალდ ტრამპს თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის საპყრობილეს რეჟიმით და შემდეგ იგი, უკვე მსჯავრდებული და პატიმარი, ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენს დაამარცხებს. „მართალია, ამ სიტუაციით საკონსტიტუციო კრიზისი არ დაიწყება, რადგან, იმავე კონსტიტუციური ლოგიკით, შეიძლება განაჩენის აღსრულების გადავადება იმ დრომდე, სანამ პრეზიდენტად არჩეული მსჯავრდებული პრეზიდენტობის ვადას არ დაასრულებს“, – ამბობს ალექს რაინერტი, კორდოზოს იურიდიული სკოლის სისხლის სამართლის პროფესორი, – „მართლაცდა, როგორ შეასრულებს თავის მოვალეობას პრეზიდენტად არჩეული ადამიანი, თუ იგი საპყრობილეში, საკანში იჯდება?“.

– შეუძლია თუ არა მსჯავრდებულ დამნაშავეს, პრეზიდენტობის კანდიდატს, ხმის მიცემა?

– ეს დამოკიდებულია იმ შტატის კანონმდებლობაზე, სადაც იგი იქნება გასამართლებული. ნიუ-იორკის შტატის კანონის მიხედვით, დონალდ ტრამპს ხმის მიცემის უფლება არ დაეკარგება, თუ მას მოსამართლე საპყრობილეში არ ჩასვამს. თუმცა ამ შემთხვევაშიც მას უფლება აქვს ხმა მისცეს ციხეში მოთავსებამდე ან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. დონალდ ტრამპს შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება თავის მშობლიურ ფლორიდის შტატში, სადაც კანონი მსჯავრდებულებს ხმის უფლებას ართმევს, მაგრამ არა მათ, რომლებიც ისეთ სხვა შტატებში არიან მსჯავრდებულები, სადაც ხმის მიცემის უფლება ძალაში რჩება.

– შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს საკუთარი თავის შეწყალება, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ?

– არა, რადგან საქმე აღძრულია შტატის პროკურორების და არა ფედერალური ორგანოების მიერ. ნიუ-იორკის შტატში ჩადენილი დანაშაულისათვის შეწყალების უფლება აქვს შტატის გუბერნატორს – ქეით ხოჩულს, რომელიც დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრია და რომელსაც უფლებამოსილება 2027 წლამდე აქვს. როგორც მისი განცხადებიდან ჩანს – „არავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა“ – იგი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს არ შეიწყალებს.

წყარო:

ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის – არჩილ თალაკვაძე

ეს ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ და მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბოლო პერიოდის ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი გმობს ძალადობის ყველა შემთხვევას.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერ შემთხვევას – განურჩევლად და არა ისე, როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიცია აკეთებს, რომ მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტზე როცა იყო წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და თავდასხმა, ხმა არ ამოიღეს იმიტომ, რომ ეს იყო „იმედის“ ჟურნალისტი და არ იყო თურმე ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზია. როდესაც დეპუტატების არასრულწლოვან შვილებს ემუქრებოდნენ, როდესაც ჩვენი კოლეგების ასაკოვან მშობლებს მიუვარდნენ სახლში. ამ ყველაფერზე თურმე, ნულოვანი უნდა იყოს რეაქცია. ახლა, როდესაც ძალადობამ გამოიწვია ძალადობა და მათ მიერ დათესილ სიძულვილს მოჰყვა უკურეაქცია, ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ თურმე ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან. ამის უკან ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით, ეს არ შედის სახელმწიფოს და არც მმართველი გუნდის ინტერესში, რომ ასეთი ფონი იყოს საზოგადოებაში. ეს ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ და მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, კანონთან დაკავშირებით ოპონენტებმა დახურეს დისკუსია, რათა საზოგადოებას არ გაეგო არგუმენტები და კანონის მიღების მიზანი.

„პრემიერ-მინისტრმა ღია საჯარო დისკუსია შესთავაზა დიპლომატიურ კორპუსს, ახალგაზრდებს, პარლამენტი იყო გახსნილი განხილვებისთვის. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეხურათ სადისკუსიო სივრცე, რომ მოქალაქეებს არ გაეგოთ პასუხები იმაზე, თუ რატომ არის ანტიევროპული საქართველოსთვის ის, რაც ევროპაში არის ევროპული. ევროკავშირში 15 ქვეყანას აქვს გამჭვირვალობის რეესტრები, ეს არის ევროპული სტანდარტი დღეს, საქართველოში გამჭვირვალობის რეესტრის შექმნა რატომ უნდა იყოს ანტიევროპული?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იყო მცდელობა, გამოეყენებინათ ახალგაზრდობა და საზოგადოების პროტესტი ძალადობრივი მოვლენებისთვის.

„ეს არ გამოუვიდათ, რადგან სახელმწიფო იდგა თავის სიმაღლეზე, პოლიციელებმა დაიცვეს წესრიგი, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ კანონის ერთადერთი მიზანი გახლავთ ჩვენი დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“დებატები “აგენტების კანონზე”: საქართველოს პრემიერმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა”-Der Spiegel

გერმანულ ცნობილ და გავლენიან ჟურნალში „შპიგელში“ (Der Spiegel) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით “დებატები „აგენტების კანონზე“: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩი გააკრიტიკა”.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

პოპულარული და საქართველოს პარლამენტმა, მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, სადაო კანონპროექტი [არასამთავრობო ორგანიზაციების] კონტროლის თაობაზე მაინც მიიღო. გერმანიის ელჩმა თბილისში კანონის მიღება გააკრიტიკა, რითაც ქვეყნის მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის რისხვა დაიმსახურა.

არასასურველი ელჩი?

პრემიერი აგდებულად გამოეხმაურა გერმანელი ელჩის პეტერ ფიშერის მოქმედებას და აღნიშნა, რომ „გერმანია ტრადიციულად, გავლენიან სახელმწიფოდ ითვლება, მაგრამ ასეთი ელჩი ბერლინს საქართველოში არ უნდა გამოეგზავნაო“.

ირაკლი კობახიძე იმოწმებს პეტერ ფიშერის ამასწინანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ელჩმა საეჭვოდ ჩათვალა საქართველოს მიღება ევროკავშირში მანამ, სანამ სადაო კანონპროექტი ძალაში იქნება. ამ სამართლებრივი აქტის მიხედვით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ბიუჯეტი საზღვარგარეთიდან ფინანსდება მინიმუმ 20%-ით მაინც, „უცხოური გავლენის გამტარებელ“ იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდნენ. ანუ ისინი ხელისუფლების კონტროლს უნდა დაექვემდებარონ.

ქართული კანონი ეფუძნება რუსული ანალოგიურ კანონის დებულებებს, რის გამოც ათეულ ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში, კანონის გაუქმების მოთხოვნით. კანონი გააკრიტიკეს საერთაშორისო დონეზეც, ევროპული ქვეყნების დიპლომატებმაც, მათ შორის პეტერ ფიშერმაც.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იგი გერმანიის ელჩის არასერიოზულ განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებს. ირაკლი კობახიძემ გაიხსენა, რომ ელჩი ოპოზიციასაც ხვდებოდა, რაც „არასერიოზულ მოქმედებას წარმოადგენს“.

კენჭისყრა ხალხის წინააღმდეგ

კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც „უცხოური აგენტების“ კანონპროექტსაც უწოდებენ, პროევროპულად განწყობილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო და განაცხადა, რომ ის რუსულ კანონს წარმოადგენსო, მაგრამ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო გადალახა. ოპოზიციურად განწყობილმა დეპუტატებმა კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, რომ ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. პარლამენტის წინ თავმოყრილი ადამიანები ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მისამართით გაჰყვიროდნენ – „რუსეთის მონებო!“.
კენჭისყრის შემდეგ აქციის მონაწილეებს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა, ისინი ევროკავშირისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებდნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და მათი პროტესტისადმი თანადგომა გამოხატა. რომელი გვინდა – ევროპული მომავალი თუ რუსეთის მონობა?, – იკითხა პრეზიდენტმა, – „ქართული ოცნების“ 84 დეპუტატმა ქვეყნის ბედი არ უნდა გადაწყვიტოს, ამას ჩვენ – ყველა ერთად – გადავწყვეტთ“.

საქართველოს პერსპექტივა

გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურს.
საქართველოს ფორმალურად ევროკავშირში წევრობის კანდიდატ ქვეყნად ითვლება, გასული წლის დეკემბრიდან, მაგრამ დღევანდელ მთავრობას, ირაკლი კობახიძის პრემიერობით, იმაში ადანაშაულებენ, რომ ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის კვლავ რუსეთთან დაახლოებას ცდილობს.

საეჭვოა, რომ გერმანელ ელჩზე პეტერ ფიშერზე საქართველოს პრემიერის კრიტიკამ იმოქმედოს და მასზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ელჩი იგივე კურსს ატარებს, რასაც მისი ხელმძღვანელი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. კანონპროექტი მინისტრმაც მკვეთრად გააკრიტიკა: „დოკუმენტით უარყოფილია ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნება, რომელიც ყოველდღე გამოდის ქუჩაში ევროპული მომავლის იმედით“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა „X-ქსელში“.

კავკასიური ქვეყანას მთავრობა ევროპისაგან აშორებს, მაგრამ კურსის შეცვლა შესაძლებელია და ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

წყარო:

ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა – შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, შინაარსი რა იყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტიქართული ქცევა საქართველოში, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ანტიქართული განცხადებების ავტორი როდესაც არის საგარეო საქმეთა მინისტრი, გასაკვირი არ არის, რომ შეიძლება, ასეთ ქმედებებსაც ჰქონდეს ადგილი.

,,მე მაშინაც ვთქვი, ჩვენ ლიეტუველი, ესტონელი, ლატვიელი ხალხის მიმართ გვაქვს განსაკუთრებული კავშირი და სითბო, თუმცა, როგორც ჩანს, არიან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ვხედავთ, მათ შორის, მოქმედი მინისტრი მოგვიწოდებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ამას სახავდა როგორც ჩვენი ევროპული მომავლის ერთ-ერთ წინაპირობად. მათ რომ ჰკითხოთ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლებენ თავიანთი ხალხის და ჩვენი ხალხის მეგობრობას, მაგრამ ჩვენ როგორც გვერდში ვუდგავართ ლიეტუველ ხალხს, ასე დავუდგებით გვერდში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, აქედან გამომდინარე, ამაზე არ ვაწყობთ ჩვენს დამოკიდებულებას ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს -შალვა პაპუაშვილი

ადამიანი, რომელიც ევროკავშირისგან იღებს ხელფასს, 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. კეთილი ინებოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და დააფიქსიროს მოსაზრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბულინგსა და ტერორში ჩართული „ენჯეოები“ ევროკავშირისა და აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

„ჩვენ, ეს დღეებია, ვხედავთ ტერორს ოპოზიციისა და „ენჯეოების“ მხრიდან. დაბადებით ქართველებმა, რომლებმაც ყველაფერი ქართული უარყვეს, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარებმა გადმოიღეს ოჯახის წევრების, შვილების მიმართ ბულინგი, ადამიანების შეურაცხყოფა. ეს საქართველოსთვის უცხოა, საიდანაც ფინანსდებიან, იქ კი ნამდვილად არის მიღებული. პრობლემა ის არის, რომ ამ ტერორის მიღმა დგანან უცხო ქვეყნები და მათი ფინანსები, ხანდახან ეს პირდაპირ იკვეთება. „ენჯეოები“, რომლებიც ჩართული არიან ბულინგში და ტერორში, ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, აშშ-ის ბიუჯეტიდან. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და დღემდე ვერ ვნახეთ რეაქცია ვერცერთი ქვეყნის წარმომადგენლისა, რომ გამიჯვნოდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ტერორს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება მიმდინარე ტერორის შესახებ.

„გუშინ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი მედიაში, „ჯემნიუსში“ პირდაპირ კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის არც წარმომადგენლობა, არც რომელიმე წევრი ქვეყანა ამას არ გამოეხმაურა. როცა აფინანსებ რადიკალებს, ახლა უკვე ექსტრემისტებს, რომლებიც კეფაში ტყვიით იმუქრებიან და ამაზე რეაქცია არ გაქვს, პასუხისმგებლობას იღებ, რომ გუშინდლის შემდეგ ყოველი დღე, როდესაც მას ფული ჩაერიცხება, იქნება იმ 84 მოსახვედრი ტყვიის ფული. კეთილი ინებოს ყველამ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ამაზე დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, რატომ იხარჯება ევროკავშირის მოქალაქეების ფული რადიკალებში, რომლებიც ტყვიით ემუქრებიან ქართველებს? ეს არის ევროპული ღირებულება? ამას გვეუბნებიან? ეს არის დეპოლარიზაცია? ამიტომ არის ცინიკური განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, თითქოს ეს პოლარიზაციას გამოიწვევს და დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს. აბა, 84 ტყვია უწყობს ხელს დეპოლარიზაციას? ეს არის ევროპა?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ქვეყანა ციხიდან მართოს?-ავთანდილ წულაძე

ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბების 34-ვე ბრალდებით.

მოსამართლე ტრამპის სასჯელის საქმეზე გადაწყვეტილებას 11 ივლისს მიიღებს. ტრამპს აქვს გასაჩივრების უფლება და ასევე ინარჩუნებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას. ექსპერტების თქმით, ტრამპს შესაძლოა პირობითი სასჯელი ან პატიმრობა დაემუქროს.

თუ ტრამპი ციხეში წავა, აშშ-ს ისტორიაში უნიკალური პრეცედენტი შეიქმნება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პარტიის კანდიდატი ციხიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

აშშ-ის კონსტიტუცია არ უკრძალავს ციხეში მყოფ პირს არჩევნებში მონაწილეობას ან თუნდაც პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.

თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, მაშინ მსოფლიო გახდება უნიკალური შოუს მომსწრე, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ აქვს.
დავუშვათ, ტრამპს აქვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პოპულარული კანდიდატები არ ჰყავს. ნიკი ჰეილიმ საარჩევნო რბოლა დატოვა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის კანდიდატურას. რესპუბლიკელები იძულებულნი იქნებიან დონალდ ტრამპი დაასახელონ თავიანთ ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად ივლისის ყრილობაზე.

ტრამპი საარჩევნო კამპანიას ციხიდან განახორციელებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საპრეზიდენტო მოვალეობას ციხის საკნიდანაც შეასრულებს. მასთან ერთად საკანში იქნებიან პრეზიდენტის საიდუმლო სამსახურის წევრები. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტებს გამართავს. არ არის გამორიცხული, სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ტრამპს ციხეში ესტუმროს, რათა ხილი და თბილი ტანსაცმელი გადასცეს და ამავდროულად მსოფლიო პრობლემები განიხილოს.

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ სცენარისტებსაც კი არ მოუფიქრებიათ ასეთი სიუჟეტი, მაგრამ ეს სცენარი საკმაოდ რეალურია.  თუ ეს სცენარი ახდება, ეს იქნება დონალდ ტრამპის კარიერის საუკეთესო შოუ.

ასეთი სცენარი საგრძნობლად ზრდის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკურ წონას. ფაქტია, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც კი, იმპიჩმენტის გამოცხადების დიდი ალბათობაა. ამ შემთხვევაში ტრამპის ადგილს ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებს.

ტრამპს ჯერ არ დაუსახელებია კანდიდატი ამ პოსტზე. ნიკი ჰეილის არჩევნებიდან გასვლა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ტრამპსა და ჰეილის შორის  კულისებში იყო მიღწეული გარკვეული შეთანხმება. ნიკი ჰეილი რესპუბლიკურ პარტიაში „ძველი გვარდიის“ წარმომადგენელია, რომელიც ტრამპისტების რადიკალურ ფრთას ეწინააღმდეგება. მაგრამ ნიკი ჰეილი არ არის საკმარისად პოპულარული, რომ მოიგოს არჩევნები. დონალდ ტრამპი კი გამოცდილი შოუმენი და პოპულისტია. მისი ციხეში ჩასმა მის ირგვლივ „მსხვერპლის“ იმიჯს შექმნის და ტრამპის საარჩევნო კამპანია გადაიქცევა რეალითი შოუდ, რომელიც პოპულარობით ყველა დანარჩენს გადააჭარბებს.

დონალდ ტრამპი არის რესპუბლიკელების „ჯოკერი“, რომელიც მათ არჩევნებში მოგების საშუალებას მისცემს. მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, ტრამპი არ შეეფერება რესპუბლიკური პარტიის „ძველ გვარდიას“. მაშინაც კი, თუ ტრამპის იმპიჩმენტი არ მოხდება, ციხეში ყოფნისას ტრამპი ვერ შეძლებს სახელმწიფოს ოპერატიული კონტროლის განხორციელებას. ამას ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს. შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.

სხვა სცენარის მიხედვით, თუ დონალდ ტრამპი კრიმინალი გახდება, ის დაკარგავს მხარდაჭერას გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის. ამ არჩევნების შედეგს მერყევი ამომრჩეველი გადაწყვეტს.

ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის პირველი დებატები მალე გაიმართება. ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა მოიგო დებატები ტრამპის წინააღმდეგ. ახალი დებატების წინ ბაიდენს აქვს გარკვეული ბერკეტები, რათა ტრამპი ცუდად გამოიყურებოდეს. ჯერჯერობით, ტრამპმა დამარცხება განიცადა იურიდიულ ნაწილში. თუ ის წააგებს პოლიტიკურ ასპარეზზე, „მსხვერპლიდან“ სრულ პოლიტიკურ აუტსაიდერად გადაიქცევა. ამერიკელი ამომრჩევლები  ამას არ აპატიებენ. მათ უყვართ გამარჯვებულები.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში მოხვდა

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეულში მოხვდა. რეიტინგს სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრი CIES Football Observatory აქვეყნებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ათეული ასე გამოიყურება:

  1. გრეგორ კობელი („დორტმუნდი“) – €66 მილიონი
  2. ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“) – €66 მილიონი
  3. დიოგო კოშტა („პორტუ“) – €56 მილიონი
  4. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – €53 მილიონი
  5. ანდრე ონანა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – €51 მილიონი
  6. ბარტ ფერბრუგენი („ბრაიტონი“) – €47 მილიონი
  7. ედერსონი („მანჩესტერ სიტი“) – €43 მილიონი
  8. ანდრი ლუნინი („რეალი“) – €39 მილიონი
  9. მაიკ მენიო („მილანი“) – €37 მილიონი
  10. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“) – €37 მილიონი