ეს ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ და მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბოლო პერიოდის ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი გმობს ძალადობის ყველა შემთხვევას.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ნებისმიერ შემთხვევას – განურჩევლად და არა ისე, როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიცია აკეთებს, რომ მაგალითად, „იმედის“ ჟურნალისტზე როცა იყო წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და თავდასხმა, ხმა არ ამოიღეს იმიტომ, რომ ეს იყო „იმედის“ ჟურნალისტი და არ იყო თურმე ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზია. როდესაც დეპუტატების არასრულწლოვან შვილებს ემუქრებოდნენ, როდესაც ჩვენი კოლეგების ასაკოვან მშობლებს მიუვარდნენ სახლში. ამ ყველაფერზე თურმე, ნულოვანი უნდა იყოს რეაქცია. ახლა, როდესაც ძალადობამ გამოიწვია ძალადობა და მათ მიერ დათესილ სიძულვილს მოჰყვა უკურეაქცია, ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ თურმე ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან. ამის უკან ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით, ეს არ შედის სახელმწიფოს და არც მმართველი გუნდის ინტერესში, რომ ასეთი ფონი იყოს საზოგადოებაში. ეს ჩვეულებრივი „ჰეითერული“ კამპანიაა ჩვენს მიმართ და მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ტყუილად ნუ ეცდებიან, არავის არ ეშინია ამ ტერორისტული შეძახილების და მათი დაანონსებული დისკომფორტის“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი შეფასებით, კანონთან დაკავშირებით ოპონენტებმა დახურეს დისკუსია, რათა საზოგადოებას არ გაეგო არგუმენტები და კანონის მიღების მიზანი.
„პრემიერ-მინისტრმა ღია საჯარო დისკუსია შესთავაზა დიპლომატიურ კორპუსს, ახალგაზრდებს, პარლამენტი იყო გახსნილი განხილვებისთვის. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეხურათ სადისკუსიო სივრცე, რომ მოქალაქეებს არ გაეგოთ პასუხები იმაზე, თუ რატომ არის ანტიევროპული საქართველოსთვის ის, რაც ევროპაში არის ევროპული. ევროკავშირში 15 ქვეყანას აქვს გამჭვირვალობის რეესტრები, ეს არის ევროპული სტანდარტი დღეს, საქართველოში გამჭვირვალობის რეესტრის შექმნა რატომ უნდა იყოს ანტიევროპული?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იყო მცდელობა, გამოეყენებინათ ახალგაზრდობა და საზოგადოების პროტესტი ძალადობრივი მოვლენებისთვის.
„ეს არ გამოუვიდათ, რადგან სახელმწიფო იდგა თავის სიმაღლეზე, პოლიციელებმა დაიცვეს წესრიგი, სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ კანონის ერთადერთი მიზანი გახლავთ ჩვენი დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.