Home Blog Page 4

“გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის”-ანრი ოხანაშვილი

პრეზიდენტის ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი კრიტიკა არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

„გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შესაბამისად ჩვენი ეს პოზიციაც უცვლელია. ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული. გავაკეთეთ შეთავაზება, რომ მზად ვართ კომუნიკაციისთვის, თუ ამის ინტერესი იქნება. რაღაცას როცა აკრიტიკებ და არ მოგწონს, ეს უბრალოდ შენი სუბიექტური აზრი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს არგუმენტი, დასაბუთება. ნებისმიერი კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან იმსჯელოს, გამართონ დისკუსია საზოგადოების თვალწინ.

„მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ არ არის არგუმენტი, დასაბუთება. მზად ვართ და გვექნება დამატებით შეხვედრებიც, კომუნიკაციაც  პარტნიორებთან და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ღია. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შეთავაზება. რაღაცას არასწორად თუ ვაკეთებთ, დავსხდეთ საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, გავმართოთ დისკუსია. დებატებს კი არ ვეუბნებით პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, არამედ დისკუსიას. ხომ ამბობენ, რომ რაღაც არასწორია, საზოგადოებამ იხილოს ეს ჯანსაღი დისკუსია, მსჯელობა კანონპროექტთან დაკავშირებით და საზოგადოება ნახავს, რომ ჩვენს მხარეს, „ქართული ოცნების“ მხარეს, ჩვენი ხალხის მხარეს არის სიმართლე. სამწუხაროა, როდესაც ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში -ხატია დეკანოიძე  

“ვეროპტიმისტების” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში. რაც მისი თქმით, იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

„ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას დავსწრებოდით, რადგან პოლიციელებმა გარეთ შეგვაყოვნეს. სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ანუ ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და რამდენიმე ადამიანი, ვითომ, ლეგიტიმაცია მიანიჭეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა გარეთაა, უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პარლამენტი, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას აპირებს არალეგიტიმაციით, არალეგიტიმური სხდომებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით. გუშინ, ღამე, საქართველოს პარლამენტის შენობაში არ შემიშვეს საქართველოს პარლამენტის წევრი, სამაგიეროდ, უშვებდნენ „ქართული ოცნების“ ფრაქციის წარმომადგენლებს, ასეთი უკანონობა და არასამართლიანობა ხდება. მესმის, რომ წვიმაა, სიცივეა, მთელი ღამე გარეთ ვიდექით, იდგნენ ადამიანები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა არის ისტორიული დრო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ისტორიული დრო არის ყველას, ჩვენი თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა ჩვენი გამარჯვებით უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატები იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ – ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატები იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ. კამერებით იყვნენ, კამერები ჰქონდათ ჩართული და აშუქებდნენ. დაკავებულები იყვნენ კადრების გადაღებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე ძალიან ბევრჯერ დაწყებულა.

„რას მეუბნებით, რომ ოპოზიციას ჩვენ უნდა დავლოდებოდით დათქმულ ვადაზე მეტად, რომ კეთილი ენებათ და შემოსულიყვნენ? ამ პრეტენზიას გვიყენებთ? ვინ აქცევდათ ალყაში მერე, კითხვას ამაზე რატომ არ სვამთ? ალყაში რატომ აქცევენ და რატომ სურთ პიკეტირება, რატომ სურთ ისეთი ქმედებები, რომელიც შესაძლოა დანაშაულს შეიცავდეს?

მარტივად არის საკითხი, თუ ვინმეს სურს გაპროტესტება, არის ამის სივრცე, არის პარლამენტის წინა მხარე, არის ასევე უკანა მხარე, გააპროტესტონ, გამოხატონ თავისი აზრი, ვინ უშლის ხელს? მაგრამ როდესაც ხდება კანონდარღვევა, პიკეტირება, უხერხულობას იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა უქმნიდეს. თქვენ თუ ქაოსი გინდათ, ქაოსის საშუალებას არ მოგცემთ“,-აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს-მამუკა მდინარაძე

ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“, – აღნიშნავს მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია. მათი მტკიცებით, სხდომა იმდენად სწრაფად ჩატარდა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა.

წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს -თეონა აქუბარდია

x

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ზუსტად წუთნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ მიეღოთ.

მისი თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას.

„ივანიშვილმა, რომელიც გვპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, იმგვარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპას გააოცებდა, ნამდვილად შეასრულა. კანონი შემოიტანა, რომელიც ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ზუსტად 09:01 საათზე, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები შედიოდნენ დარბაზში და ჩვენც [ოპოზიცია] ვაპირებდით შესვლას, კომიტეტის სხდომა დაასრულეს. ზუსტად წუთ-ნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ და სწორედ ესეც აჩვენებს „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გავლენის ქვეყნად, რასაც დარწმუნებული ვარ, საქართველოში არავინ შეეგუება და არ დაუშვებს. წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას“, – განაცხადა აქუბარდიამ.

აქციაზე დაკავებულია 20 პირი, მათგან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შსს

პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ამ ეტაპზე აქციის მონაწილე 20 პირია დაკავებული. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

“12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.

ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება.

მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული.

დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.

აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

x

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს განვიხილავთ მესამე მოსმენით დადგენილი წესით, რედაქციულად პაკეტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მოგეხსენებათ, რომ მესამე მოსმენის ფარგლებში შინაარსობრივი ცვლილებების განხილვა არ ხდება. როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები. წარმოდგენილია ტექსტი გარკვეული რედაქტირებებით, მხოლოდ რედაქციულად, გრამატიკულად. დარიგებულია. შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრებები არ არის. კოლეგებო, დავაყენოთ საკითხი მაშინ კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ ტექსტს? დიდი მადლობა, კომიტეტის დამსწრე წევრთა მიერ პროექტი მხარდაჭერილია, კომიტეტის სხდომა დასრულებულია“,-განმარტა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA))1 ; 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA))2 ; ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ3 . ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი განმარტავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება კანონპროექტის ძირითად არსს, წესრიგდება შემდეგი საკითხები:

• უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;

• სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი;

• უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;

• უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;

• უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;

• უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;

• უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი“,- ნათქვამია დოკუმენტში.

“პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქცია 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს და მონაწილეები განთავსებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საპარლამენტო ორგანოს შესასვლელებთან.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, დაემორჩილონ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.

ასევე, მოვუწოდებთ ადგილზე მომუშავე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელს, რომ დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და ხელი არ შეუშალონ მათ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში

„ნაციონალურ მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩასაფრებულია, როგორ არიოს ქვეყანა და ძალით დაითრიოს ხელისუფლება -ირაკლი რუხაძე

„ნაციონალურ მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩასაფრებულია, როგორ არიოს ქვეყანა და ძალით დაითრიოს ხელისუფლება. სანამ ეს არსებობს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გაიაროს გამთლიანების პროცესი, რაც ბევრმა ქვეყანამ გამოცადა, სადაც ასევე მასობრივად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები იყო.

„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს მთავარი დომინანტური ოპოზიციური ძალა ეს არასდროს დასრულდება, რადგან მათი ერთადერთი შანსი, რომ დაბრუნდნენ უკან, არის ასეთი არეულობა. ბოლო-ბოლო ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხი მათ ხმას არ მისცემს. შესაძლოა, 50 წლის მერე მისცენ, მაგრამ მაშინ ესენი არ იქნებიან და აღარ მადარდებს, მაგრამ ახლა არ მისცემენ. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩასაფრებულია, როგორ არიოს ქვეყანა და ძალით დაითრიოს ხელისუფლება. სანამ ეს არსებობს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს არის გასაკეთებელი. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა გაეკეთებინა 2012-13 წლებში. ახლა როგორ გააკეთებენ, არ ვიცი, შევხედოთ“, – განაცხადა რუხაძემ.

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ. კარგი ის არის, რომ შეგიძლიათ ამ საუბრებით ისარგებლოთ – მაგალითად, რაღაც ახალი ისწავლოთ, ასე რომ, თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინეთ. საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება მოგიწევთ. სხვების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მით უმეტეს, თუ ამისთვის მადლობას იღებთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ტყუპები

თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. ამ დღეს სწავლას და ახალი ინფორმაციის ათვისებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგებები.

კირჩხიბი

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ოჯახური საკითხების განსახილველად.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის – შესაძლოა, წარსულის გახსენების გარდა, გართობასა ან მოგზაურობასთან დაკავშირებული, ერთობლივი გეგმებიც განიხილოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ. ასევე შესაძლებელია თანამშრომლობის მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული

კარგი დღეა რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებზე მუშაობისთვის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს გარემოს შეცვლა ელის, რაც სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც – თქვენთვის საინტერესო საკითხებსა განიხილავთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. გირჩევთ, საოჯახო საქმეები ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად უმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რთული საქმეები სამომავლოდ გადადოთ. თქვენს პირად ცხოვრებას სხვა ადამიანებთან ნუ განიხილავთ.

მშვილდოსანი

ენერგიული და მიზანდასახული ხართ და სიახლეების არ გეშინიათ. სხვების რჩევებსა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევთ და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ თქვენზე გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგი მშვილდოსანი მიიღებს იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ურთიერთობა გელით. ხელსაყრელი დღეა სწავლის დასაწყებად. პირველ წარმატებებს დიდი ლოდინი არ დასჭირდება.

თხის რქა

რთული და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად არახელსაყრელი დღეა – წინ ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ. სამაგიეროდ, შანსი გაქვთ, მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. გირჩევთ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

მერწყული

მცირე გაუგებრობები და უსიამოვნო მოვლენები გელით, მაგრამ ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემების სხვებისთვის გასაზიარებლად – შეიძლება მხარდაჭერის ნაცვლად, ბევრი კრიტიკა მიიღოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

ამ დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. გარდა ამისა, ბევრს ისწავლით და ეს ცოდნა მალე გამოგადგებათ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის. შესანიშნავ ფორმაში ხართ და დაღლას ვერ გრძნობთ, ამიტომ „უიმედო“ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით

 

 

„ოპოზიციას აქვს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი”- მიხეილ სარჯველაძე

„ოპოზიციას აქვს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი, მათ მიაჩნიათ რომ მთელი პოლიტიკური კარიერა უნდა მოხმარდეს ვინმეს სამსახურში საქართველოს ჩაყენებას – ამაშია ზუსტად აბსურდულობა და ეს მინდა ამ ახალგაზრდობამ კარგად გაიგოს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ვინც შეიძლება ეგზალტირებული იყოს, ზედმეტი ემოციით იყოს აღტყინებული. აი ეს არ გამოეპაროთ მხედველობიდან, ვინ ვისთვის იბრძვის“, – აღნიშნულის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპული ინსტიტუციები – სტრასბურგის, ლუქსემბურგის სასამართლოები ამბობენ, რომ ნებისმიერი საზოგადოება უფლებამოსილია ფლობდეს ინფორმაციას ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან, როგორც პოლიტიკური, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ემსახურება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

„ეს უფლება ყველა საზოგადოებას დეიურე გააჩნია და ნახეთ რისთვის არის ბრძოლა, რომ ქართველ ხალხს ეს უფლება ჰქონდეს აყრილი. ისინი იძახიან რომ ტრანსფარენტულობა არ არის ის რაც ჩვენ გვჭირდება, გამჭვირვალობა არ შეიძლება ქართველ ხალხს ჰქონდეს. ესეც გამომდინარეობს იმ ეროვნული არასრულფასოვნების ერთგვარი კომპლექსიდან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას გააჩნია და მიაჩნიათ რომ კუბილიუსი უკეთ გადაგვიწყვეტს საკითხს ვიდრე აქ ჩვენი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკოსი.

რამხელა მარაზმია როდესაც სააკაშვილი იჩემებს პატრიოტიზმს, ადამიანის უფლებების დაცვას, იჩემებს ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას. ილუზია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ადამიანი იყო თვითონ მის მომხრეებს არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ ეს ასე არასოდეს ყოფილა. ის იყო მმართველი, რომელსაც ჰქონდა ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც თვლიდა რომ საქართველო არის შეუმდგარი სახელმწიფო და გარკვეული გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ვინმეს მორჩილება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.