Home Blog Page 4

 გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც -გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ მიზეზია ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების წარმართვისთვის.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ კანონში არაფერია რუსული და ამ თემას სპეკულაციებისთვის იყენებენ.

ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, არ არსებობს კანონის აუცილებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი და ამაზე მიუთითებს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც.

„ეს არის დამოკიდებულება და ევროდირექტივა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნებმა. გერმანია ამის წინააღმდეგია, საფრანგეთმა უკვე სენატში წარადგინა და ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურების ჩართვას ამ საკითხებში, მათ შორის ფარული მიყურადებით. არის მეორე საკითხი, რომელსაც ჰქვია ორმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მთავარი არაა ამ კანონის აუცილებლობაზე საუბარი, საქართველოში მთავარია იმ გზის გაყოლა, რაც თავიდანვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას. ესაა პროცესების რევოლუციური გზით, დესტაბილიზაციისკენ წარმართვა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და შემდეგ იმის განხორციელება, რაც ჯერ კიდევ 2022 წელს მოითხოვა ზელენსკიმ, როდესაც მიმართა საპროტესტო აქციას და რისთვისაც ელჩი გაიწვია. ესაა ჩვენი ჩართვა იმ პროცესებში, რასაც საომარი მდგომარეობა ჰქვია. საქართველოს უკრაინიზაცია, როგორც უკრაინას, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, არის ის ამოცანა, რისი რეალიზაციის მცდელობასაც ახლა ვადევნებთ თვალს.

არ იქნება ეს კანონი, იქნება სხვა მიზეზი, მაგრამ დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს არც პათოსი, არც ფორმულირება, არაფერი რუსული აქვს და ეს ყბადაღებული თემაც სპეკულაციებისთვისაა გამოყენებული. არ შეიძლება, გულწრფელი ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთისკენ მიდის. 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის სასარგებლოდ არცერთი ნაბიჯი არ გაუკეთებია. ვინც ითხოვს ხელისუფლების შეცვლას, ყველას ჩადენილი აქვს მთავარი დანაშაული ხალხის მიმართ, ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსეთს უპირატესობა ჰქონოდა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტები განლაგებული ყოფილიყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს“.

პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული, კანონზე მოლაპარაკებები არა სალომე ზურაბიშვილმა, არამედ “ქართულმა ოცნებამ” ჩაკეტა -გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძეს განაცხადა.

„აღნიშნულმა რუსულმა კანონმა იცით, როგორი პოლარიზაცია და დაპირისპირება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული. „ქართული ოცნება“ რას გადაწყვეტს და ვეტოს დაძლევას როდის გადაწყვეტს, შემდგომი ნაბიჯები მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტმა ჩაკეტა თუ არა დიალოგი, მსხილაძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტს არაფერი ჩაუკეტავს“.

„პრეზიდენტი მეორე მოსმენაზე მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტს, რომ აღნიშნული საკითხი განეხილათ, დაბრუნებოდნენ, თავიდან ბოლომდე გაერკვიათ კანონი და ისე მომხდარიყო მისი განხილვა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, პრეზიდენტმა რატომ ჩაკეტა, ვერ ვხვდები. ჩვენ რას უნდა დავლოდებოდით? კანონპროექტში შენიშვნები იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ეს კანონი არის რუსული და მთლიანად მიუღებელია. კანონზე მოლაპარაკებები „ქართულმა ოცნებამ“ ჩაკეტა, სალომე ზურაბიშვილს არ ჩაუკეტავს“,- აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.

ოპოზიციის ფანჩატურიზაციას მივესალმებით. მათი პოლიტიკიდან გაქრობისთვის ეს შეუქცევადი იქნება-რატი იონათამიშვილი

x

ოპოზიცია შეპყრობილია ფანჩატურის სინდრომით. ჩვენ ოპოზიციის ფანჩატურიზაციას მივესალმებით. მათი პოლიტიკიდან გაქრობისთვის ეს შეუქცევადი იქნება, რასაც იმსახურებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილს ოპოზიციის საერთო სიის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„მათ თავი დაგვამახსოვრეს არეულობა-დესტაბილიზაციით. ეროვნული ხედვა არაფრის მიმართ აქვთ. ოპოზიციაში მათი ფანჩატურიზაცია რაც უფრო გაძლიერდება, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისასალმებელია თუ ევროკავშირი გარედან შესული ფულის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როცა არჩევნებში გარედან დაფინანსებულები პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ, ხან ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ -ზაალ ანჯაფარიძე

“ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა რუსეთი და ამას საარჩევნო თემად აქცევს”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მისასალმებელია, თუ ევროკავშირი გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, მაგრამ, გასათვალისწინებელია საქართველოც, სადაც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან კი ხელისუფლებას გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ.

“ევროკომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპა არ არის საკმარისად მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს [არჩევნებში] ისეთი მტრების ჩარევას, როგორიცაა რუსეთი და ამას საარჩევნო თემად აქცევს. რუსეთი ვინც არის და რაც არის ევროპელებზე ბევრად უკეთ ვიცით და მხოლოდ მისასალმებელია, თუ ევროკავშირი მის ქვეყნებში გარედან შემოსული ფულის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? როდესაც ჩვენს არჩევნებში ასევე გარედან (არა რუსეთიდან!) დაფინანსებული ორგანიზაციები ხან პარალელური დათვლის შედეგებს გვიყალბებენ და ამით რევოლუციურ პროცესებს ახალისებენ, ხან ხელისუფლებას ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის გამოგონილი ბრალდებებით არჩევნების ფალსიფიკაციას აბრალებენ?!” – წერს ანჯაფარიძე.

პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, განზრახ დახურა დიალოგის ყველანაირი შესაძლებლობა -თეა წულუკიანი

საქართველოს პრეზიდენტმა კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის, რითაც ყველანაირი დისკუსია დახურა.

მისივე თქმით, „საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი მავნებლობა ჩაიდინა“.

„გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ კანონის მიღებით არ სრულდება და არ დაწყებულა ყველაფერი მათთან ურთიერთობაში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა. მისი მხრიდან ეს არის განზრახი აქტი. იცოდა, რომ ლამის ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი, ავტომოპასუხესავით ყველა ვიმეორებდით, რომ დიალოგის სივრცე კვლავ არის და ეს შეიძლება გაიმართოს მოტივირებული, ანუ არგუმენტებიანი ვეტოს გარშემო საუბრისას. რა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა? საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროცედურის საწინააღმდეგოდ, შეუსაბამოდ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის. ამით დახურა ყველანაირი დისკუსია. რატომ დახურა? პრეზიდენტი შენიშვნებს თუ არ მოიწერებოდა, პარლამენტი სამართლებრივად მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას, დისკუსია გამართოს იმის მიღმა, რაც წერია ვეტოში. ეს ალბათ კარგად უნდა ავუხსნათ ყველას, ვინც ვეტოს პროცედურებში ასე კარგად ჩახედული არ არის. პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, რომლებიც იქნებოდა მისი ან არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორების ან ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქის, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ამ არგუმენტებზე მსჯელობას შეძლებდა. დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის, საუბრის. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, თითქოს ეს საკუთარ წარმატებად მიაჩნია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს.

„ვეტო აუცილებლად დაიძლევა, მაგრამ იმისთვის, რომ პარტნიორებს კანონის მიღების შემდეგ და ვეტოს გადალახვის პროცესშიც ავუხსნათ, რატომ არ არის და ვერ იქნება ეს კანონი წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, რისთვისაც მზად ვართ. როდესაც სიკეთეებს შორის უნდა გადაწყვიტო კანონის მიღება და სუვერენიტეტის გაძლიერება, ამ ეტაპზე არის ძალიან დიდი სიკეთე, რომელსაც დაცვა ჭირდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო. „ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა ალბათ, არ იქნება მიღებული – ლევან დავითაშვილი

გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა [კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით], ალბათ, არ იქნება მიღებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ.

„ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებში და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება ორი ქვეყნისთვის და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს. ეს თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ნდობასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ, არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ტერმინი „რუსული კანონის“ გამოყენება, გეტყვით, რომ არასწორი და არაკორექტულია. ეს არის კლიშე და არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში. შეცდომაში შეჰყავს ოპოზიციას, პოლიტიკურ ძალებს მოსახლეობა და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს გაზიარებული იქნა რამდენიმე უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდანაც.

მე გეტყვით, რომ კანონი ცალსახად არ არის რუსული, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. როდესაც მასობრივად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს განმეორებული იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ, თუმცა, სამწუხაროდ, არ იქნა პრინციპულ განსხვავებებზე მსჯელობა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას – თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

კულტურის მინისტრს მედიამ კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს მოსახლეობის 60% უჭერს მხარს.

წულუკიანმა აღნიშნული ორგანიზაცია არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ უპასუხა, რომ კვლევა ჩაატარა რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ. რესპექტაბელობაში კი, წულუკიანის განმარტებით, იგულისხმება პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და დიდი გამოცდილება სოციოლოგიური კვლევების ჩატარების სფეროში

„ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე ორგანიზაცია მაღალი რეპუტაციის მქონე“, -განაცხადა წულუკიანმა.

გარდა ამ საკითხისა, კულტურის მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა „ქართული ოცნების“ დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ The News Agents-თან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ “გლობალური ომის პარტია” მასონების მსგავსი ძალაა“.

„არ მომისმენია, ბოდიშს გიხდით, მოვისმენ და გიპასუხებთ. არ მომისმენია, რა შუაში არიან მასონები? მოვისმენ და გიპასუხებთ“, – აღნიშნა წულუკიანმა

დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს -Politico

დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ, მათ მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, სანქციების სამიზნე იქნებიან როგორიც მმართველი პარტიის კანონმდებლები და სამართალდამცავები, ასევე ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსი აგენტებიც.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დაავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მიაწოდოს ინფორმაცია კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის თაობაზე“; ასევე, ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კანონპროექტი აშშ-ის ხელისუფლებას მისცემს მანდატს, სანქციები დააწესოს „მთავრობის ოფიციალური პირებისა და სხვების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“. აშშ-ში მოგზაურობა შეეზღუდებათ იმ პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია „რუსული სტილის კანონის მიღებაზე“.

გამოცემის ცნობით, სანქციები ასევე შეეხება ქართველ სამართალდამცავებს და უსაფრთხოები სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობდნენ. „პოლიტიკო“-ს ინფორმაციით, პროექტში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად ატარებს რუსეთთან ე.წ. შეგუების პოლიტიკას, რაც „არალიბერალური პოლიტიკისკენ შებრუნების ნაწილია“.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობენ. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და, ასევე, ჩინეთთან“. როგორც „პოლიტიკო“ წერს, სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აღნიშნულ პროექტს დღეს წარადგენს.

წყარო

პრეზიდენტი სწორად მოიქცა – კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია – გიორგი ვაშაძე

პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთელი მისი შინაარსით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არის რუსული და მისი 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან.

“პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ტელეარხებმა, რომლებიც საერთოდ არ უშვებენ იმ ინფორმაციას, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვასაბუთებთ. მთელი მისი შინაარსით ეს კანონი არის რუსული, 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი მოდგომა გამოიყენა, როდესაც “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი: ან უარს ამბობს ამ კანონის მიღებაზე ან იღებს ამ კანონს. ამ კანონის გაპატიოსნება არის შეუძლებელი, რასაც აბსოლუტურად ყველას ამბობს”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

პრეზიდენტისგან ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორია, რადგან „რუსული კანონი“ შელამაზებას არ ექვემდებარება- თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ “რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ “რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება. მისი გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან არ გაიწვია ივანიშვილის პარტიამ და მიიღო 3 მოსმენით, პრეზიდენტს გააჩნდა ერთი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ბლანკეტურად, ანუ სრულად დაედო ამ კანონისთვის ვეტო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. ამიტომ ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ არ დაძლიოს ვეტო და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ ასე თუ ისე ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესები. ბუნებრივია, რომ ნორმალიზებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი ნაცემი და დაკავებულია, ძალიან რთულია, მაგრამ თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო”,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

ადამიანები, რომლებიც გვთხოვდნენ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში, გვწირავდნენ ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის-პაპუაშვილი

ადამიანები, რომლებიც ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული და ჩვენ გვთხოვდნენ, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თვითმფრინავით გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში, ყველა გვწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხის ინტერესს საქართველოს მთავრობაზე მეტად არავინ გაითვალისწინებს.

მთავარია, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესში რა არის. ჩვენ ევროპული ქვეყანა და ევროპელი ხალხი ვართ. ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, ის არის ჩვენი ევროპული მომავლის ინტერესში და არა ის, რაც რომელიღაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიღაც მინისტრის ინტერესშია. არანაირად არ გვაინტერესებს რომელიღაც მინისტრის ინტერესი. მათი ინტერესები რაცაა, მოვისმინეთ, ესაა სააკაშვილის გათავისუფლება. რა ვქნათ, ამ ინტერესებს ვერ ავყვებით, ეს ინტერესები ჩვენთვის გასაზიარებელი არ არის. ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა, ან დაუწესებთ რუსებს სანქციებს, ან დაივიწყეთ კანდიდატის სტატუსიო. ხომ არ დავაწესეთ, ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რატომ? თვითონაც მიხვდნენ, ჩვენ რომ დაგვეწესებინა, ევროკავშირსაც დააზიანებდა. ხან მოხალისეების თვითმფრინავით გაშვების, ხან სააკაშვილის გამოშვების საკითხი იყო. ჩვენზე კარგად ჩვენს საქმეს არავინ განიხილავს, ჩვენზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესს არავინ გაითვალისწინებს. უცხოელი წარმოადგენს თავისი ქვეყნის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს. უცხოელი პოლიტიკოსები მიტინგზე რომ დაგიდგებიან და სიყვარულს გეფიცებიან, ისინი უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ხალხის ინტერესს წარმოადგენენ. ერთ წუთში გაგვწირავენ, თუკი დასჭირდათ. როგორც გაგვწირეს, როცა გვეუბნებოდნენ, კარგით რა, ერთი-ორი თვითმფრინავით მაინც გაუშვით მოხალისეებიო. ასეთი ადამიანი ხომ სწირავდა ქართველ ხალხს ომისთვის. ისევე როგორც, გვეუბნებოდნენ, ყველა უწესებს სანქციებს და თქვენც დაუწესეთ სანქციები რუსეთსო. რომ ვეკითხებოდით, თქვენ ნატო-ს წევრი ხართ და დაცული ხართ, გვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას? არა, არ გაძლევთ, მაგრამ დაუწესეთ სანქციებიო. ხომ გვწირავდა ასეთი ადამიანი, ვინც გვთხოვდა, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თვითმფრინავით გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში. ადამიანები, რომლებიც არ გვთავაზობდნენ უსაფრთხოებას, თვითონ კი ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული, ყველა გვწირავდა ეკონომიკური კოლაფსისთვის და, დიდი ალბათობით, ომისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსეთმა ახლა უფრო მეტი მიწა ჩაიგდო ხელში, ვიდრე უკრაინამ გაათავისუფლა 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს – უცხოური პრესა

„რუსეთმა ახლა უფრო მეტი მიწა ჩაიგდო ხელში, ვიდრე უკრაინამ გაათავისუფლა 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის დროს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები – ლარის კარლისი და ჯულია ლედური), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ხარკოვის ფრონტზე შექმნილი ვითარების მიმოხილვა-ანალიზია გადმოცემული.


გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:


რუსეთი ათასკილომეტრიანი ფრონტის გასწვრივ არსებულ რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინის არმიას „აწვება“, პოზიციას იმტკიცებს, კიევი ჯარები კი ცოცხალი ძალის შემატების იმედი აქვთ, თან კიდევ იარაღს ნატრობენ: ამერიკული დახმარება წინა ხაზზე ჯერ კიდევ სრულად არ არის მიღწეული.


ათი დღის წინ დაწყებულმა რუსეთის შეტევამ ხარკოვის ოლქში ათასობით მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან აყრა გამოიწვია – ისინი იძულებით ქვეყნის უსაფრთხო ადგილებზე იქნენ გადაყვანილნი. ვოლჩანსკისა და ლიპცის რაიონების ნაწილობრივი ოკუპაცია რუსების სამხედრო ქვედანაყოფებმა უკვე მეორედ განახორციელეს 2022 წლის შემდეგ. ზოგიერთმა სამხედრო დამკვირვებელმა ამჟამინდელ საომარ მოქმედებებს „უფრო მწვავე“ უწოდეს, ვიდრე ორი წლის წინანდელს.


მართალია, ობიექტურად თუ შევაფასებთ, რუსეთის წარმატებები მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ მოსკოვის ჯარების ოპერაცია დნეპრის მარცხენა ნაპირის მთელ პერიმეტრზე უკრაინის ჯარების დაუგეგმავ და სწრაფ გადაადგილებებს, ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადასროლას და პოზიციების შესუსტებას გასწვრივ.


„ისინი ყველა მხრიდან აწვებიან და ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვაში მოწყვლადი ადგილები იპოვონ“, – ამბობს ბერლინის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ევრაზიული პროგრამების დირექტორი მაქს ბერგმანი, – „შეტევითი ოპერაციის შედეგად ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით იმდენივე ტერიტორია დაიკავა, რამდენიც უკრაინის არმიამ შარშან ზაფხულში (თითქმის სამი თვის განმავლობაში)“.


ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ მიაღწია წარმატებას რუსეთის არმიამ შეტევის შედეგად:
ა) უკრაინის გენერალურ შტაბში სწორად ვერ შეაფასეს რუსეთის არმიის მზადყოფნა და სავარაუდო შეტევის მიმართულება;
ბ) ხარკოვის ოლქში დისლოცირებული უკრაინის ჯარების ქვედანაყოფები ძირითადად გამოუცდელი და გაუწვრთნელი ახალწვეული ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომ მათ რუსებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს;


გ) უკრაინის არმიის საინჟინრო ნაწილებმა და მოიჯარე ორგანიზაციებმა დროულად ვერ განახორციელეს თავდაცვითი-საფორტიფიკაციო ობიექტების (თხრილები, სანგრები, საცეცხლე წერტილები, ტოტები, დანაღმული ველები და ა.შ.) მშენებლობა;


დ) უკრაინის არმიაზე ნეგატიურად აისახა ამერიკული სამხედრო დახმარების დროებითი შეწყვეტა, რომელიც აშშ-ში შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ გამოიწვია – კონგრესში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დაპირისპირებამ;


„რუსეთის შეტევის გამო უკრაინის ჯარების სარდლობა იძულებული გახდა ისედაც მცირე რეზერვები გამოეყენებინა, აგრეთვე ფრონტის სამხრეთი მონაკვეთიდან სამხედრო ნაწილები მოეხსნა და ჩრდილოეთით გადაესროლა, რაც ხელს შეუშლის კიევის ზაფხულის კონტრშეტევის მომზადებას“, – ამბობს ამერიკული ანალიტიკური ცენტრის RAND Corporation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯონ ჯენტილე.


მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ყოფნისას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის არმიას ხარკოვის დაკავება დაგეგმილი არ აქვს, მხოლოდ ბუფერული ზონის შექმნისთვის ზრუნავსო, მაგრამ რადგანაც უკვე ხორციელდება ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია, ადამიანებისთვის წინაშე ნაცნობი დილემა დადგა: ან დატოვონ სახლები, ან სიკვდილის რისკის ქვეშ მოექცნენ. ამჯერად ის მცხოვრებლებიც კი გარბიან, რომლებმაც 2022 წელს რუსეთის ოკუპაცია გამოცადეს და გარკვეულწილად სიტუაციას მიჩვეულები იყვნენ. მათ არ სჯერათ, რომ რუსები შეჩერდებიან და და ხარკოვამდე არ მივლენ.


„ნუთუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ რუსებს მხოლოდ ჩვენი სოფლებს დაკავება უნდოდათ?“, – რიტორიკულად უსვამს კითხვას კითხვას გაზეთის ჟურნალისტებს ვოლჩანსკი რაიონის ერთ-ერთი ევაკუირებული სოფლის მცხოვრები ვალენტინა ივლენკო, – „ჩვენი სოფლები დიდი ხანია უკვე გადამწვარი და განადგურებულია. რუსეთის არმიის ჯარისკაცებს წინსვლა აქვთ განზრახული“.


წყარო