Home Blog Page 34

ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში? – The Guardian

—————

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში?“ (ავტორი – საიმონ ჯენკინსი), რომელშიც განხილულია გაერთიანებული სამეფოს კოლონიური წარსულის გადმონაშთების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა აცხადებს, რომ უარს არ იტყვის „ზღვისიქითა ტერიტორიებზე“, მაგრამ რატომ? კოლონიური ეპოქტის დროინდელი ასეთი ოცნებები ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.

ვისია დიეგო-გარსია?

უცნაური და ჭკუის ამრევი ფაქტია, მაგრამ  ბრიტანეთის იმპერია გარკვეული სახით დღემდე არსებობს. ლეიბორისტების მთავრობის მინისტრმა, რომელიც იმპერიის ნაფლეთების მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი, ახლახან განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში ჩაკარგული ჩაგოსის არქიპელაგი მავრიკს დაუბრუნდა და ახლა კუნძული დიეგო-გარსია პორტ-ლუის – მავრიკის დედაქალაქის დაქვემდებარებაში იმყოფება.

დეკოლონიზაციის ეს მოკრძალებული აქტი ფრიად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა ერთი მინუსი მაინც მოჩანს: მთავრობას იქ მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს. კი მაგრამ, რატომ? ჩვენ ხომ აღარ ვმართავთ არც ინდოეთს და არც სინგაპურს. ესე იგი, სამხედრო ბაზის შენარჩუნება, რომელიც ინდოეთის ოკეანეში გვაქვს, თუნდაც აშშ-სთან ერთად, სუფთა იმპერიულ შოუს ჰგავს.

იმპერიის ნამსხვრევები – წმ. ელენეს კუნძულიდან ბერმუდებამდე

ჩვენი „იმპერიული“ მინისტრის სტივენ დაუთის დაქვემდებარებაში 14 „ზღვისიქითა ტერიტორია იმყოფება, მათ შორის ბევრი არქიპელაგებს (კუნძულთა გროვას) კუნძულებს წარმოადგენენ – ბერმუდის, პიტკერნის, მონსერატისა და კაიმანის, აგრეთვე წმინდა ელენეს (გახსოვთ ნაპოლეონ ბონაპარტი?), ამაღლებისა და ტრისტან დ’აკუნიას  კუნძულები, რომლებზეც ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებენ გაერთიანებული სამეფოს დროშები. მათ იცავს სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, იქაური მოსახლეობა კი ძველებურად ბრიტანეთის ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრმა „ზღვისიქითა ტერიტორიებმა“ – ისეთებმა, როგორებიცაა ბელიზი, ტუვალუ, სეიშელი და ბაჰამი – მშვიდად და ჩუმად მოიპოვეს დამოუკიდებლობა. სხვები „დამოკიდებულ“ ტერიტორიებად დარჩნენ – დამოკიდებულნი მეფეზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე და სამეფოს მიერ უზრუნველყოფილ სამხედრო დაცვაზე.

ოფშორული „შავი ხვრელები“

ზოგიერთი ამ ტერიტორიის ასეთი „დაჩაგრული“ (ნახევრადსუვერენული) მდგომარეობა კომპენირებულია იმ გარემოებით, რომ ბრიტანეთმა უფლება მისცა მათ გადაქცეულიყვნენ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ (სპარსეთის ყურის ქვეყნების შემდეგ) თავშესაფრად – ოფშორულ ფინანსურ ცენტრებად – უკანონო და დაუბეგრავი სიმდიდრისათვის, ანუ ისეთი ქონებისათვის, რომლის წარმომავლობა უცნობია. ეს არის ნამდვილი საფრთხე-მუქარა მსოფლიოს ხაზინებისათვის: ყოველწლიურად ჩამოთვლილი კუნძულები ბრიტანელ და სხვა ქვეყნების გადასახადების გადამხდელთ მილიარდებიან შემოსავლებს ართმევენ.

ლონდონის საბანკო ლობის ძლიერება და ძალაუფლება ისეთი ფართოა, რომ კაიმანებს, ბერმუდებს და სხვებს ვერავინ ვერაფერს უბედავს. სადღაც კაიმანის კუნძულებსა და ბრიტანულ ვირჯინის კუნძულებს შორის რეალურად არსებობს დიდი ბრიტანეთის სამეფო ხაზინის „შავი ხვრელი“, სადაც ყოველწლიურად 22 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჩინარდება.

გიბრალტარი – „ბრიტანული მონაკო“

ორი „დამოკიდებული“ ტერიტორია დიდ პრობლემებს ქმნის – გიბრალტარი და ფოლკლენდი. ის, რომ ბრიტანეთმა ნება მისცა 1704 წელს მიტაცებული და სამხედრო ბაზად გადაქცეული გიბრალტარს ესპანეთთან ურთიერთობა გაეფუჭებინა, ეს სრულ აბსურდს წარმოადგენს.  რა თქმა უნდა, ამ კოლონიის მოსახლეობას მოსწონთ თავიანთი ანკლავი დაბალი გადასახადებით, მაგრამ გეოგრაფიულად „ბრიტანული მონაკო“ – როგორც გიბრალტარს უწოდებენ –  ესპანეთის (იბერიის ნახევარკუნძულის) კონტინენტურ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, უკვე დროა, რომ ლონდონმა მადრიდთან გიბრალტარის სუვერენიტეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ აპრილში წინა კონსერვატიული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი განიხილავდა რაღაც შეთანხმების პროექტს, რომელიც გიბრალტარის სტატუსს ითვალისწინებდა ბრექსიტის შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოლაპარაკება შეწყდა.

ბრძენი მარგარეტ თეტჩერი: ფოლკლენდის ბედი

გასულ კვირას სტივენ დაუთიმ თავს ნება მისცა ირონიული რეგირება მოეხდინა არგენტინის მორიგ მოთხოვნაზე, რომ ბრიტანეთს მისთვის ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები დაებრუნებინა. დღეს არავის აღარ ახსოვს, მაგრამ შეგახსენებთ: 1982 წლამდე, სანამ არგენტინა კუნძულებზე სამხედრო დესანტს გადასხამდა და ბრიტანეთ-არგენტინის ომი დაიწყებოდა, მარგარეტ თეტჩერის მთავრობა ბუენოს-აირესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მათი არგენტინისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა კუნძულელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ისევე როგორც ჰონკონგთან მიმართებით, სპეციფიკური ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ასეთი გარიგება სრულიად ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნებოდა,  ხოლო გაეროს ძალების ყოფნა კუნძულელთა თვითმმართველობის გარანტი გახდებოდა. მაგრამ არგენტინის სამხედრო ხუნტის გაუაზრებელი მოქმედების გამო მოლაპარაკებამ ფიასკო განიცადა. თუმცა ეს 42 წლის წინათ იყო…

დღეს ფოლკლენდის კუნძულების 3600-კაციანი მოსახლეობის დასაცავად დიდი ბრიტანეთი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს. ამ კუნძულებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ერთი გონივრული მომავალი აქვთ – იარსებოს ახლოს მდებარე კონტინენტთან ინტეგრაციაში, ანუ სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან – არგენტინასთან ერთად. თუ ეს კონსერვატიულმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა შორეულ 1982 წელს გააცნობიერა (მან იმავე პერიოდში იგივე განაცხადა ჰონკონგის დეკოლონიზაციასთან მიმართებითაც), რატომ არ შეუძლია ამის გადნობიერება ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრს კიტ სტარმერს და მის მთავრობას? ამის ნაცვლად იგი მზადაა ფული ატლანტის ოკეანის ქარს გაატანოს და ისეთი სახე მიიღოს, თითქოსდა დიდი ბრიტანეთი ძველებურად კოლონიურ იმპერიას – მეტროპოლიას წარმოადგენს, რომლის ტერიტროიები ინდოეთის ოკეანეშიც არის და ატლანტის ოკეანეშიც. ჭეშმარიტად, განდიდების მანიამ საზღვრები არ იცის.

წყარო

საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ სათაურით „საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის // პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან“ (ესაუბრება ჟურნალისტი კაპილ კომირედი).

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას  პრეზიდენტის კაბინეტის შესახებ (ძაღლითურთ), განხილულია სალომე ზურაბიშვილის კარიერა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში – როგორ დაინიშნა იგი საგარეო საქმეთა მინისტრად. საყბარია მის როლზე საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საქმეში – „იგი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მინისტრად გადაიქცა“. მაგრამ… „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ვერ შეეგუა სალომე ზურაბიშვილის წარმატებას და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის მსხვერპლი გახდა. მან ობიექტურად ვერ გააცნობიერა დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა, კრემლის ხაფანგში მოხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელშიც საქართველოს გამარჯვება შეუძლებელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები დაკარგა და მარცხისაგან დამცირებულმა, საკუთარი ხალხის ჩაგვრა გააძლიერა: ბიზნესმენებს და ოპოზიციას დევნიდა, ფართოდ გავრცელდა კორუფცია და ადამიანთა წამება. დღესაც კი ბევრი შიშით თრთის სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლების საშინელებების გახსენებაზე“, – წერს ჟურნალისტი და ციტირებს თბილისელი ბიზნესმენის გამონათქვამს: „თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა იმედის სხივს ჰგავდა, შემდეგ კი იგი ლავრენტი ბერიას დაემსგავსა, ნამდვილ ნაძირალად იქცა“.

ბიძინა ივანისვილი, განდეგილი პლუტოკრატ-მილიარდერი, რომელსაც ანონიმური ფილანტროპის რეპუტაცია ჰქონდა, თავისი ქვეყნის დეგრადაციას მთაწმინდაზე მდებარე მინის სასახლიდან აკვირდებოდა. ქართველები მას დიდ პატივს სცემდნენ ქველმოქმედებისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეუწყნარებელი მმართველობის ფონზე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მხსნელის როლის შესრულება გადაწყვიტა: შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სააკაშვილის მემკვიდრეობისაგან ქვეყნის გაწმენდას შეუდგა.

2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მხარის დაუჭირა დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის არჩევას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე – მმართველი პარტია იმედოვნებდა, რომ იგი დამთმობი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ძირითადად მხოლოდ ცერემონიალური უფლებები ჰქონდა, ხელისუფლებას იმედები გაუცრუა. მან განამტკიცა პრეზიდენტის როლი და თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ აჩვენა, რომ იგი ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტია.

სალომე ზურაბიშვილი პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსს წარმოადგენს. იგი, საქართველოს მთავრობისაგან განსხვავებით, რომელიც დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებს დასავლეთის მიმართ, აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. როცა ქვეყანაში მღელვარება დაიწყო ე.წ. „პრორუსული კანონების“ წინააღმდეგ, პრეზიდენტმა მათ ვეტო დაადო, თუმცა მისი ვეტო იოლად იქნა გადალახული. კაცმა რომ თქვას, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი კრემლის კარნახით იქნა მიღებული – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ კერძო საუბრებში, რომ „მილიარდერი საკუთარი თავის პატრონია“ და „ქართულ ოცნებასაც“ დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც გმობს „რუსული კანონის“ მიღებისათვის.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ორი თვის შემდეგ უმთავრდება – მისი მემკვიდრე უკვე საყოველთაოდ არჩეული აღარ იქნება. იგი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის საბედისწერო იქნება და ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი უარყოფს პროგნოზებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების თაობაზე და მობილიზაციას უკეთებს საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. ჩვენი საუბრის დროს იგი შეეხო საკითხების ფართო წრეს – რუსეთიდა და კავკასიიდან ევროპამდე და ჩინეთამდე, თუმცა მის მთავარ მიზანს საქართველოსათვის ევროპისაკენ მიმართული გზის გაწმენდა წარმოადგენს“ – წერს „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტი.

გთავაზობთ ზოგიერთ შემოკლებულ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

– არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მმართველი პარტია არჩევნებს ან გააყალბებს ამ ჩაშლის?

– იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი გაყალბებას არ დაუშვებს, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს – საქართველოს ხომ არჩევნების გაყალბების დიდი ისტორია აქვს. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს უცხოურმა დიასპორამაც.

– საკმაოდ ნათელია, თუ ვის მხარეზე ხართ – თქვენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოდიხართ…

– დიახ, ასე იქნება, სანამ მმართველი პარტია ევროპის წინააღმდეგ გამოდის, მე მათ ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერა შევთავაზე, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპულად არ არის განწყობილი და თუ ასეთნი არ არიან, გამოდის, რომ ხელისუფლება რუსულ თამაშშია ჩართული.

– ისინი აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან…

– მე ვმსჯელობ არა მათი განცხადებების, არამედ ფაქტების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო ანტიევროპულია, მათი მოქმედება რუსეთისათვის სასიამოვნო მოქმედებას ჰგავს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველომ, რომლის მიწა-წყლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასეთ პრორუსულ როლს ასრულებდეს. მესმის სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა – საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრ იმპერიასთან უხდებოდა ფრთხილი ურთიერთობა, მაგრამ „ფრთხილი“ პოლიტიკა და „კოლაბორაციონისტური პოლიტიკა“ ერთმანეთისაგან განსხვავდება. დღეს სწორედ კოლაბორაციონზმის მოწმენი ვართ.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობს?

– სწორედ ასე ჩანს მთავრობის მოქმედება საქართველოს მოსახლეობის თვალში, რადგან ხელისუფლება ყოველ ნაბიჯს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დგამს და არა საქართველოს ინტერესებისათვის, თუნდაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ან 2008 წლის ომის მიმართ, ან რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტების მიღებაში. ეს ყველაფერი რუსეთთან თანამშრომლობის სწრაფვაზე მიუთითებს.

(…)

– თქვენ ამბობთ, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ მისი ალტერნატივაა მიხეილ სააკაშვილის პარტია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა], რომელთანაც თქვენ გარკვეული ისტორია გაკავშირებთ…

– არა, ის ალტერნატივას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი უკვე აქტუალური აღარ არის. მისი პარტია, მართალია, ევროპულ პლატფორმას ემყარება, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია. არის კიდევ ორი-სამი პოლიტიკური ძალა, რომლებთაც ევროპული პლატფორმები აქვთ. სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი [მთავრობა] სწორედ ამ პარტიების კოალიციით იქნება ჩამოყალიბებული.

(…)

– საქართველო ჩინეთთან მეგობრობას ესწრაფვის, რომელიც, თავისი პოლიტიკით, დასავლეთის წინააღმდეგ გამოდის. საოცარია ჩინეთის შეღწევის დონე საქართველოში. როგორ უყურებთ სიტუაციას? გაქვთ თუ არა საფრთხის შეგრძნება ჩინეთთან მიმართებით?

– მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ჩვენ თამაშიდან უნდა გავიდეთ. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვმდებარეობთ, [სადაც ბევრი ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს]. მახსოვს, როცა 2004 წელს საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში ირანის პრეზიდენტიც ჩამოვიდა. ამერიკელებს ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ, რადგან მათ იციან, რომ ირანთანაც ურთიერთობა აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩინეთთან გარკვეული ბიზნესურთიერთობები უნდა გვქონდეს. მთელ მსოფლიოს აქვს ასეთი ფორმით ურთიერთობა პეკინთან. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომლის გავლენა მსოფლიოს ყველა კუთხეში შეიმჩნევა. თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, როცა ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან ჩინური კომპანიები პატარა ქვეყნებში, როცა ისინი ვალებს არ იხდიან, ჩვენ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვთქვათ, კონტრაქტების დადების დროს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საკითხი ეხება მსხვილ ობიექტებს… უნდა ვიმოქმედოთ გრძელვადიანი პერსპექტივით და არა წუთიერი სარგებლობის მიღების იმედით.

– თქვენ საქართველოს ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ გამოდიოდით, როცა საქმე ეხებოდა უკრაინის ომს და აცხადებდით, რომ ამ საკითხში ქვეყანამ განსაზღვრული მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოსო. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ: განა საქართველო ნეიტრალიტეტს არ იცავდა იმ დროს, როცა თქვენმა მეზობელმა სომხეთმა 2020 წელს თავდასხმა განიცადა?

– ეს სხვა ტიპის ნეიტრალიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვიცავთ ნეიტრალიტეტს ჩვენი უშუალო მეზობლების მიმართ, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში კეთილი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენთან გვერდი-გვერდ ცხოვრობს ასი ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი… ჩვენ მათთვის მშვიდობის გარანტი ვართ. ჩვენს ტერიტორიაზე არასოდეს მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. კავკასიაში ასეთი ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

წყარო

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – ირაკლი ღარიბაშვილი

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება განაგრძოს.

„ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში. ჩვენი გუნდის წევრებს შევხვდი. თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის.

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს. ესაა ჩემი მთავარი გზავნილი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, ღირსეულ მომავალს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და მჯერა, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.

დოკუმენტს 495 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86 თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ევროპელი დეპუტატები კვლავ ითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ.

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი  წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.

დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას  და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ  ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უკვე აქტიურად ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას და მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.

6 ოქტომბრის მდგომარეობით 3031 საარჩევნო უბანში სულ არჩეულია/დანიშნულია  საუბნო საარჩევნო კომისიების 51 256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26 044 (3031 კომისიის თავმჯდომარე, 3029 თავმჯდომარის მოადგილე, 3028 მდივანი, 16 956 წევრი), ხოლო შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25 212 წევრი.

აქედან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანიშნულია 3030 წევრი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ – 3024, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ -2952, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3002, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 3013; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“) – 1295; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 3015; „ევროპელი სოციალისტები“ – 2997; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – 2884.

ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1245 წევრი.

თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონალი დანერგა

თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა.

თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი იმ ვალუტაში, რომელშიც იყო გამოგზავნილი, მხოლოდ ამის შემდეგ მოახდენდი თანხის კონვერტაციას, ამჯერად გზავნილების განაღდების პროცესი შეიცვალა. განახლებულ პროცესში თანხის კონვერტაცია ავტომატურად მოხდება და მომხმარებელი სასურველ ვალუტაში შეძლებს თანხის განაღდებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ გზავნილის კონვერტაციის კურსი თიბისის მობაილბანკში ფილიალთან შედარებით ბევრად უკეთესია, ხოლო განაღდების პროცესი გაცილებით მარტივი.

ვიდეო კამპანიის შესახებ: https://www.facebook.com/tbcbank/videos/1248351506321342/

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.

“არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე.

„ავერსის კლინიკამ“ ლაბორატორიის ახალი ფილიალი გახსნა

7 ოქტომბერს „ავერსის კლინიკამ“ ოფიციალურად გახსნა მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ანალიზატორებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზაციას, ავტომატიზაციასა და სიზუსტეს. ავტომატიზაცია გულისხმობს ლაბორატორიული ამოცანების შესრულებას ისეთი ნატიფი ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც ადამიანის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს.

„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც ლაბორატორიის საქმიანობაში რობოტები ჩართო: რობოტ-ოფიცრებს ანას და ლიზას საანალიზო ნიმუშები სწრაფად მიაქვთ ლაბორანტამდე.

„ავერსის კლინიკის“ პირველი ლაბორატორია 2007 წელს გაიხსნა. დღეს მას მთელ საქართველოში 30 ფილიალი აქვს.

2013 წელს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ISO9001, ხოლო 2014 წელს მან, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO15189-ის მიხედვით.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია მულტიპროფილურია. აქ ტარდება ყველა მიმართულების 500-ზე მეტი კვლევა და ყველა ეს კვლევა აკრედიტაციის სფეროს ნაწილია. ლაბორატორიაში დანერგილია და წარმატებით სრულდება ისეთი კვლევებიც, რომლებიც აქამდე საქართველოს ლაბორატორიებში არ ტარდებოდა და რომელთა ჩასატარებლადაც მასალა იგზავნებოდა საზღვარგარეთ.

მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით „ავერსის კლინიკა“ იწყებს კამპანიას „გააანალიზე შენი ჯანმრთელობა“.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ანალიზით იწყება. „ავერსის კლინიკა“ ზედმიწევნით აანალიზებს მომხმარებელთა საჭიროებებს. სწორედ ამ ანალიზის შედეგია ზუსტი დიაგნოსტიკა, რაც გამოჯანმრთელების წინაპირობაა.

როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? – ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ – კახა კალაძე

როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ… ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ, რეალობას მოწყვეტილები არიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.

„როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ… ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტმოქმედებით იყო დაკავებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? თქვენ კი გინდათ, რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. 2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაში დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. როგორ შეიძლება, შეადარო 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? რას შვრებოდნენ მაშინ? ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს; ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს; ციხეებში რას აკეთებდნენ… როგორ შეიძლება, შეადარო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელ ხელისუფლებას? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება – 2008 წელს შემოიყვანეს რუსული ჯარი და ჩააბარეს ტერიტორიები. ამ ყველაფერზე მათ მოუწევთ პასუხისგება. აუცილებლად უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ რა მოხდა რეალურად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ქვეყნის სათავეში.

„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს რეალური შესაძლებლობა, არათუ უმრავლესობით, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განწყობა და ამას აქვს ახსნა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის „ომის პარტია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენი ქვეყნის მოქალაქე რომ გამოდის და ამბობს, რომ მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, ეს დამოკიდებულება ნორმალურია? ეს არის „ომის პარტია“, რომელსაც სურვილი აქვს, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ამას საკუთარი ქვეყნის ინტერესი შესწიროს, გაანადგუროს, დაანგრიოს ქალაქები და სოფლები, მოსპოს ინფრასტრუქტურა, ცეცხლში გახვიოს ქვეყანა. ერთხელ ხომ გავიარეთ უკვე ეს ყველაფერი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, წინაპრებს იმისთვის არ შეუწირავთ სიცოცხლე, რომ „ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ“.

„ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირი ფასი არ აქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული – წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათეული დემოკრატია, მათი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და თუნდაც კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ, ან ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ?! რისთვის იბრძოლა წინა თაობებმა? იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და სუვერენული. ამისთვის ვიბრძოლეთ და არა ის, რომ იქ მითითებები მოგვცენ, სანქციებს მივუერთდეთ. სანქციებზე ხომ არ იყო საუბარი? თვითონ ხომ არ საუბრობდნენ, მეორე – მესამე პირებს ალაპარაკებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი და მძიმე თემები იყო, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო, ისე მოვქცეულიყავით და გადაგვედგა ნაბიჯი…

დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში. ეს არის მძიმე. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენს სამშობლოში მშვიდობის შენარჩუნება გვინდა! ვიცით, რა არის ომი, რამხელა უბედურების მომტანია. ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ სუსტი ხელისუფლება ვყოფილიყავით, ვიღაცების შეგვშინებოდა და სანქციებს მივერთებულიყავით დაზარალდებოდა ის გლეხი ვინც შრომობს, ის ადამიანი, ვისაც რესტორანი, კაფე აქვს. ეს აისახებოდა ქვეყანაზე, ეკონომიკაზე. შესაძლოა მიზანი ესეც იყო“,- აღნიშნა კალაძემ.

არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარეა – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევის თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, არის საზოგადოების განწყობიდან და დამოკიდებულიდან გამომდინარე, რასაც, მისივე თქმით, პირადად ყოველდღიურ შეხვედრებში ხედავს.

„ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ისინი ხედავენ რა პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქში. რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობა. სწორედ ეს არის საზოგადოების გამოხატულება და დამოკიდებულება, თუ რომელ კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს. ასევე, როგორც კვლევებში ჩანს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი. დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო ბარიერთან მიახლოებისთვის და იმისთვის, რომ რამდენიმემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამარცხვინოა, რომ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ – პაპუაშვილი

სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ქართველი ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

„იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით (საქმე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ) საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი.

მისი თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ აღიარონ და საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნან.

„მთლიანად ეს რეზოლუცია გამსჭვალულია ცრუ ნარატივების სულისკვეთებით. თავად ის, რომ მოხდა ინიცირება ამ რეზოლუციის, ეს არის ნაწილი იმ საარჩევნო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციისთვის გარედან ხორციელდება. ჩვენ ხომ ვაკვირდებით, რომ ოპოზიცია აქ თავად არც კი მუშაობს, თემებს ვერ ქმნიან, ერთადერთი რაც ხდება ყოველ დღე, არის ერთი ორი განცხადება თუ გამოხმაურება, რომელიც შემდგომ საარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება საქართველოში. ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ ვინ არიან ინიციატორები, ეს ხალხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მფარველი. ესენი არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და, რა თქმა უნდა, მათგან რაიმე სიკეთეს ქართველი ხალხი არ მოელის. ერთ-ერთი რისკი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის, განსაკუთრებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებს ჩვენ ამაზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ არის მზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები თავად მათ და შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში, მათ შორის ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით და ეს განცხადებებიც ამისკენ მიგვანიშნებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ყველამ, მათ შორის, ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.