ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.
დოკუმენტს 495 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86 თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ევროპელი დეპუტატები კვლავ ითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ.