Home Blog Page 34

მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის, 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას-ირაკლი კობახიძე

ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას.

„ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა ოთხი წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა. არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ ძალიან მყარი ნდობა გამოგვიცხადა, 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო -ირაკლი კობახიძე

ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის განვითარების ბედი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, დაახლოებით 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა, მათ შორის, ომისა და მშვიდობის ბედი. რა თქმა უნდა, ყველას მადლობა, ვინც მხარს გვიჭერდა ამ ბრძოლაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, მეტი, ვიდრე არჩევნები და თქვენს ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხადო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძალიან თავდაჯერებულად ვარ, როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს – არჩევნები დაძაბულიც კი არ იქნება – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის “დარწმუნებულია” , რომ მოიგებს და საპრეზიდენტო არჩევნები “დაძაბულიც კი არ იქნება”. ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ტრამპმა ხმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გამოჩნდა.

“ძალიან თავდაჯერებულად ვარ. როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს… ის [არჩევნები] დაძაბულიც კი არ იქნება, მაგრამ სერტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება,” – განაცხადა ტრამპმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, სამი წინასაარჩევნო კამპანიიდან (2016-ში, 2020-ში, 2024-ში) ეს “საუკეთესო” იყო.

მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო, შეეშვით მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებლებს, თქვენს საქმიანობას. ესენი ისევ შემოვლენ პარლამენტში – ირაკლი ზარქუა

მცდელობა აქვთ რამენაირად მოხვდნენ პარლამენტში ისე, რომ თავისი ამომრჩევლებისგან მიიღონ ლეგიტიმაცია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ

„მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო, შეეშვით მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებლებს, თქვენს საქმიანობას. ესენი ისევ შემოვლენ პარლამენტში, დასკუპდებიან და შემდეგ დაიწყებენ ხელფასი ჩაგვერიცხოსო და იმ მანქანებზეც დასხდებიან, რომელიც არ უნდოდათ.ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას, 2020-ში რომ ამბობდნენ ვინც პარლამენტში შევა პუფი იქნებაო და კი დასხდნენ პუფები.

2020 წელს არანაკლებ იყო მონდომება პატრონებისგან, რომ აქ რევოლუცია განეხორციელებინათ, მაშინაც ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ დადგა ქაოსის და რევოლუციის მხარეს. ახლაც იგივე სიტუაცია იყო. იგივე პატრონები, იგივე მცდელობა, რომ აქ აგენტურა დასვან ხელისუფლებაში. უბრალოდ ქართველი ხალხი არის ბრძენი. ერი, ბერი გავერთიანდით და უარი ვუთხარით ომს, უარი ვუთხარით ლგბტ პროპაგანდას, უარი ვუთხარით ამ აგენტურის ხელისუფლებაში დასმას. მცდელობა ახლაც და მაშინაც ერთი და იგივე იყო.

ტოპ ტვინები ამბობენ, რომ დასავლეთმა არ აღიარაო არჩევნები. ევროკავშირის ქვეყნები გვაღიარებენ, ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი გვაღიარებს. 21 ნოემბრის შემდეგ აღიარებებიც იქნება დასავლეთიდან და არა მხოლოდ მათგან და ამის შემდეგ ეს რადიკალები და უსამშობლოები მშვენივრად შემოვლენ რამდენიმე თვეში პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბუნდესტაგში 6 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.

ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი.

განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.

ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც “აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული”.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, “ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა”, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით “ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია”.

„ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა.

მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია.

ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო.

ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”!

იხილეთ ცესკოს მიერ გავრცელებული ვიდეო“, – წერს ანრი ოხანაშვილი.

აშშ-ის არჩევნები და ლარი – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება  მთავარი ეკონომისტისგან

დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, რაც მოვლენათა ასეთი განვითარებისას მის დასუსტებას იწვევს. ისევე, როგორც უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს.

სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა. სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია. ამ კუთხით, საინტერესო პარალელია, რომ, როგორც ცნობილია, საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე განხორციელდა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის. თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, სადღეისოდ, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი.

რაოდენობრივ შეფასებას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეს ე.წ. უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სწორედ ეს ფაქტორი არის ყველაზე მეტად მატერიალური.

თავად აშშ-ის არჩევნების კუთხით, თავისთავად, არაერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. საკუთრივ, ბუნებრივია, აშშ დოლარის გამყარება ლარისთვის ნეგატივია.

ასევე, მართალია ნავთობის ფასების შესაძლო შემცირება საქართველოში იმპორტისა და ფასების კლებაში აისახება, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორების შემოსავლები საქართველოს ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და ინვესტიციების მხრივ. ეჭვგარეშეა, რომ კონფლიქტების დეესკალაცია პოზიტივია, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით მიგრაციის ეფექტიც საყურადღებოა, ისევე, როგორც ასეთ შემთხვევაში ევროს სავარაუდო გამყარება, რაც ისტორიულად საქართველოსათვის უფრო პოზიტიურ დროს ხდება.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო – გიორგი კახიანი

26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა – ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, მას ამ მომენტში არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს , – ეს განმარტება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანის აზრით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, პირველ რიგში, ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა თუ არა.

კახიანის განცხადებით, მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

“რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, რომ თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო. ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა.

ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არც ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ზოგადად, არ არსებობს არჩევნები, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო.

ამ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – წერია ინფორმაციაში.

 ცესკომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით წარმატებით მოახერხა საარჩევნო პროცესის მოდერნიზება -“სმარტმატიკი”

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კომპანია „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიებისა და სერვისების გამოყენებით წარმატებულად მოახდინა საკვანძო საარჩევნო პროცესის მოდერნიზება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

სტატიას ამ შინაარსით „სმარტმატიკი“ აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სმარტმატიკთან“ ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებისა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის მოწყობილობების დანერგვა 2021 წლიდან ხუთი საპილოტო პროექტით დაიწყო.

„ელექტრონული ტექნოლოგიები ორგანულად დაინერგა საქართველოს საარჩევნო პროცესში“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა. „საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის ორწლიანი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ამ დანერგვის თითოეული ეტაპი წარმატებით შესრულდა“.

„სმარტმატიკმა“ ცესკოს 4 876 ოპტიკური სკანერი გადასცა, რომელსაც ხელით შევსებული ბიულეტენის წაკითხვა შეუძლია. ამ მოწყობილობებს ზუსტად შეუძლიათ ამომრჩევლის ნების სკანირება, ხმების დათვლა და შედეგების კონსოლიდირება.

„სმარტმატიკმა“ აგრეთვე ცესკოს მიაწოდა 7 508 ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატი და მონაცემთა გადაცემისთვის საჭირო ციფრული პლანშეტები.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახალი ტექნოლოგიების ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოწყობილობების 99,87% უნაკლოდ იმუშავა, ხოლო შედეგების 100% ელექტრონული სახით არჩევნების დასრულებიდან ორ საათზე ნაკლებ დროში გამოქვეყნდა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ტექნოლოგიების საიმედოობა აღნიშნეს: „საერთო ჯამში საარჩევნო უბნები კარგად ორგანიზებული იყო, ხოლო კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ ჩაიარა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო“, – მოყვანილია სტატიაში ამონარიდი IRI-ის წინასწარი დასკვნიდან.

ტექნოლოგიების საიმედოობის გასამყარებლად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელი ამერიკული კომპანია Pro V&V დაპატიჟა, რომელმაც ახალ ტექნოლოგიებს აუდიტი ჩაუტარა. შემოწმებამ დაამტკიცა, რომ „სმარტმატიკის“ ოპტიკური სკანერები და იდენტიფიკაციის მოწყობილობები გამართულად ფუნქციონირებდა.

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეპოქაა, რადგან ეს იყო პირველი არჩევნები, რომლის დროსაც მოსახლეობის 90% თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ჰქონდა, – აღნიშნულია სტატიაში.

„მრავალ საარჩევნო უბანზე პირველად გამოიყენეს ელექტრონული მოწყობილობები და ამომრჩევლის იდენტიფიკაციის, ხმების დათვლის და წინასწარი შედეგების გადაცემის აპარატები. ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ იყო მხარდაჭერილი“, – ნათქვამია ეუთოს წინასწარ დასკვნაში.

„სმარტმატიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტონიო მუგიკამ საქართველო შეაქო: „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ექსტრაორდინარული ამოცანა შეასრულა. მოწინავე პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მათ წარმატებით განახორციელეს ტექნოლოგიების პირველი საერთო-საყოველთაო გამოყენება. ჩვენთვის დიდი პატივია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოდერნიზაციის ამ საქმეში“.

ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო, ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა? -მამუკა მდინარაძე

ტოპტვინებმა, საიდან ვიცოდით წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგას ალეკო გეტყვითო. ამ დროს ალეკოც არაფერს ამბობს და თენგო სადაა?“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა შინაარსი, სასამართლოს საიდუმლოება დარღვეულია“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9677 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.