მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ ძალიან მყარი ნდობა გამოგვიცხადა, 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო -ირაკლი კობახიძე

19
spot_img

ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის განვითარების ბედი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, დაახლოებით 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა, მათ შორის, ომისა და მშვიდობის ბედი. რა თქმა უნდა, ყველას მადლობა, ვინც მხარს გვიჭერდა ამ ბრძოლაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, მეტი, ვიდრე არჩევნები და თქვენს ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხადო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.