Home Blog Page 33

,,ცეკვის მასწავლებელს, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს – მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება”- არჩილ გორდულაძე

როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია და ასე იქნება არჩევნების შემდეგ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს ის არ ხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირიქით, მუდმივი კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე.

„ეს ასეა, ყოველთვის გვაქვს [ელჩთან] კომუნიკაცია. როგორც ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ გვაქვს კომუნიკაცია, ელჩმა ჰერჩინსკიმაც თქვა, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს [„ქართული ოცნების“] ხელისუფლებასთან არ ჰქონდეს კომუნიკაცია. ეს ორი [განცხადება] ხომ ერთმანეთთან შეუსაბამოა?! ქალბატონი დანიგანი ნამდვილად პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის სტაბილიზაცია მოხდეს, მაგრამ არსებობს ძალიან სამწუხარო მონაცემებიც, როგორიც მაგალითად საელჩოს ქარდები იყო, რაც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ერთი სიმართლე არ ეწერა. როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა. შესაბამისად, გვაქვს მცირე დრო, რომ გავძლოთ, ვიდგეთ მყარად, მიუხედავად იმისა, რა შანტაჟი, თუ ჩარევა იქნება მათ შორის საერთაშორისო აქტორებისგან და როგორ აუწყობენ მხარს მათ ჩვენი შიდა მტრები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – აღნიშნა გორდულაძემ.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება” – არასამთავრობო ორგანიზაციები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს , – ამის შესახებ ნათქვამია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

არასამთავრობო სექტორის განცხადების თანახმად, სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა.

ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

ცეკვის მასწავლებელს, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა:

“საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

 ნეთანიაჰუ და ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო რეაქციას დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილავენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო რეაქციას დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილავენ, – ამის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სიენენის“ ცნობით, ეს იქნება ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი ბოლო 49 დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი შეერთებულ შტატებში უახლოეს საათებში უნდა გაფრენილიყო. მას შეხვედრები უნდა გაემართა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გალანტის ვიზიტს ბლოკავს, რადგან მას სურს, ჯერ ბაიდენთან ისაუბროს ისრაელის დაგეგმილი საპასუხო მოქმედების შესახებ ირანის წინააღმდეგ.

საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო ევროკავშირთან შესაბამისობაშია

საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებას აქვს მაღალი პოტენციალი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ფინანსების ახალი გრძელვადიანი წყაროებისა და საინვესტიციო რეიტინგის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რადა ტომოვამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, ევროკავშირთან შესაბამისობაშია.

„სხვა ქვეყნების მსგავსად, რომელთაც მხარი დავუჭირეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფორმაში, EBRD-ი საქართველოშიც მოუთმენლად ელოდება პირველი ემისიების გამოშვებას. საკანონმდებლო ბაზა ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ასევე აქვს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასება. ახლა მთელი ყურადღება ინდუსტრიაზეა მიპყრობილი, ვინაიდან ბანკები მზად არიან ქართული ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტის გამოშვებისთვის“, – განაცხადა EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართული იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც 2010 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე ტრადიციად იქცა, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი დღეს იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილმა მოაწერა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გავლილი აქვთ რეგისტრაცია. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა იქნება ღია და დარეგისტრირების შემდგომ ყველა მსურველს ექნება საშუალება შემოუერთდეს მას. 

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7257 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7257 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7230 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9885 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9909 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.

დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან წინსვლა აღარ მოხდეს და გამოვლინდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს – ბუნდესტაგის რეზოლუციის პროექტი

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს.

რეზოლუცია გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გერმანიის ბუნდესტაგი ადგენს:

პირველ რიგში, საქართველოს გაბედული სამოქალაქო საზოგადოების და მისი დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბრძოლის დამსახურება არის ის, რომ საქართველო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რეგიონული მასშტაბით პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპის კავშირს დაუახლოვდა. ამასთანავე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ისევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, წინსვლაც იყო და უკუსვლაც. თუმცა, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსით, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საქართველოს მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. კანონით, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აისახა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში, რომელიც ევროპის კავშირში შესვლას სახელმწიფო მიზნად აცხადებს. საქართველოს ამ მისწრაფებას ევროპის კავშირმა ანგარიში გაუწია: საქართველო არის აღმოსავლეთის პარტნიორობისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, მან ევროკავშირთან გააფორმა შეთანხმება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც 2016 წ. 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში. საქართველომ 2022 წ. 3 მარტს შეიტანა განაცხადი ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე. ევროპული საბჭოს 2023 წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ პირობით მოხდა, რომ საქართველო განახორციელებდა პრიორიტეტულ ღონისძიებებს, მათ შორის, სასამართლოს ყოვლისმომცველ რეფორმას და ანტიკორუფციული უწყებების გაძლიერებას იქამდე, სანამ ინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ამით ევროპის კავშირმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ოცდაათიოდე წლის შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზა გაუხსნა. ახლა მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკაში გადაწყვეტილებებს იღებს, უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები, რათა შეასრულონ მოსახლეობის სურვილი და კონსტიტუციაში დასახული მიზანი და ევროპული გზა ბოლომდე გაიარონ.

წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სოლიდარობის გამოხატულებაც იყო საქართველოს მოსახლეობისადმი, რომელიც, უახლესი ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ გამოსულა თავისი ქვეყნის სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის დასაცავად. საქართველო იყო და დღემდე არის იმპერიალისტური, რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წ. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსული ჯარი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დე ფაქტო აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, დიპლომატიური გზით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია 2008 წ. 15 აგვისტოს ექვსპუნქტიანი გეგმის ვალდებულებები, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობდა. გერმანიის ბუნდესტაგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის დანაშაულებრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოშიც აღვივებს რუსეთის მიერ საქართველოში კიდევ ერთი ომის დაწყების შიშს. საქართველოში ადამიანები დიდი სოლიდარობით და თანაგრძნობით ადევნებენ თვალყურს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარსულში საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის დეკლარირებული მიზანი იყო. იმავდროულად, წლების განმავლობაში იზრდებოდა პოლარიზაცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. „ქართული ოცნების“ სულ უფრო ავტორიტარული და საზოგადოების გახლეჩისაკენ მიმართული მმართველობის სტილი არის პოლიტიკური დაპირისპირების გამყარების მიზეზი 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტიის დამაარსებლის და საპატიო თავმჯდომარის, ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპული მომავალზე და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

გერმანიის ბუნდესტაგს უხეშ შეცდომად მიაჩნია, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღება. ეს მოხდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის გაზაფხულზე საწინააღმდეგო დაპირების, მოსახლეობის მასიური და მრავალთვიანი პროტესტების, ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს, ევროპის კავშირის მკაფიო პოზიციის და კანონის გაწვევის შესახებ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მკაფიო რეკომენდაციის მიუხედავად. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ცენტრალურ ფასეულობებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის კონკრეტულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ორ პრიორიტეტულ ნაბიჯს, კერძოდ, სამოქალაქოს საზოგადოების თავისუფალი მოქმედების უზრუნველყოფას (მე-9 ნაბიჯი) და ევროკავშირისა და მისი ფასეულობების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას (1-ლი ნაბიჯი). ეს კანონი თავისი სულისკვეთებით შეესაბამება რუსულ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“.

ამით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს ზურგი შეაქცია, რაც ეწინააღმდეგება ევროპული ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და მოსახლეობის სანუკვარ სურვილს. საქართველოს მოსახლეობა თაობათაშორისი, მრავალკვირიანი, ერთსულოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით მოითხოვდა კანონის გაწვევას. ბუნდესტაგი სოლიდარობას და აღიარებას უცხადებს მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეებს.

თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირთათვის თავისუფალი გარემოს შექმნა გადამწყვეტია გამართული დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული კურსისათვის. გამჭვირვალეობის მოთხოვნა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის და მათი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის საბაბად. გერმანის ბუნდესტაგი მოელის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდება და სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება დაშინების, მუქარის და ძალადობის შემთხვევები სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, LGBTQIA+ თემის, ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, ისევე როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია სტაბილური დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის უსათუო, ძირეული რეფორმების კრიტიკული გაშუქებისათვის.

საქართველოს კულტურის დამოუკიდებელი სექტორი დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძალაა და ღია და დემოკრატიული საზოგადოების ცენტრალური შემადგენელი ნაწილია. გერმანიის ბუნდესტაგი ხაზს უსვამს, რომ კულტურის მოღვაწეთა უფლებების დაცული, ხოლო ხელოვნების თავისუფლება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ამასვე განეკუთვნება სახელმწიფო კულტურული დაწესებულებების დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა.

გარდა ამისა, გერმანიის ბუნდესტაგი გმობს ძალადობას და დაშინების ატმოსფეროს თბილისის ქუჩებში. დემონსტრანტების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს თავიანთი მკაფიო არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ, უნდა ჰქონდეთ შეკრებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებით მშვიდობიანად სარგებლობის შესაძლებლობა. მიუღებელია გამიზნული მუქარა, დაშინების მიზნით ძალადობა, ისევე, როგორც საჯარო და კერძო სივრცეში ფართომასშტაბიანი ცილისმწამებლური კამპანიები სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული პირების, მედიების, ოპოზიციის, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ. ზეწოლა სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, არ გამოვიდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მას საჯაროდ დაუჭირონ მხარი — სამსახურიდან გათავისუფლების მუქარითაც კი — ასევე ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომლებზეც საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელისმომწერმა და ევროსაბჭოს და ევროპაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ცდილობს, სულ უფრო ავტორიტარული მოქმედებით და საზოგადოების მეგობრებად/პატრიოტებად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით, შიშის ატმოსფეროს გაღვივებას. პოლარიზაციის გადალახვის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ.

დამატებით, „ქართული ოცნება“ აღივებს შიშს სექსუალური უმცირესობების მიმართ და საარჩევნო მიზნებისათვის იყენებს დეზინფორმაციას და დევნას LGBTQIA+-ს წინააღმდეგ. გერმანიის ბუნდესტაგი დაუშვებლად მიიჩნევს LGBTQIA+ ადამიანების პოლიტიკური ანგარიშით ნაკარნახევ სტიგმატიზაციას და მათი უფლებების ბოლოდროინდელ მასიურ შეზღუდვას. ეს საქართველოს საზოგადოების დამატებით გახლეჩას უწყობს ხელს.

საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ. შეტევები დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის უარყოფითი გავლენა მათ შრომისუნარიანობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები. ამის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგი მიესალმება საქართველოს მიერ ODIHR-ის მიწვევას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებულია, ზედმიწევნით დააკვირდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პრინციპების დაცვას. გერმანიის ბუნდესტაგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში.

  1. გერმანიის ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინებით,
  • ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს ევროპული კავშირის 2024 წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებების სრულყოფილ განხორციელებას;
  • ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია კანონი ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. კანონის გაწვევა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამაც მოითხოვა;
  • ევროპული საბჭოს 2024 წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებების სულისკვეთებით ხელი შეუწყოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ეუთოს (ODIHR-ის) და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მხარდაჭერის გზით და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობების ფორმირება საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობაზეც გახადოს დამოკიდებული;
  • ეუთოს და ევროკავშირის ანგარიშების საფუძველზე არჩევნების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, აყენებენ თუ არა ეჭვქვეშ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილი არადემოკრატიული პრაქტიკები, მაგ. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდასაჭერად, არჩევნების ლეგიტიმურობას;
  • მოუწოდოს საქართველოს ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეთა პოლიციის და პროკურატურის მიერ უკანონო სამართლებრივი დევნა;
  • ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ საქართველოს ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების პროცესში წინაპირობად ასევე იქცეს იმ კანონების გაწვევა, რომლებიც LGBTQIA+ პირების უფლებების მასიურად ზღუდავენ, ისევე, როგორც დაბეჯითებით მოუწოდოს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას, გაიწვიოს ეს კანონები. რადგანაც, დაგეგმილი ცვლილებები კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში არა მარტო თავდასხმაა LGBTQIA+ თემზე, არამედ ადამიანის უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზეც;
  • ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას მოეწოდოს, გაიწვიოს 2024 წ. მაისში მიღებული „კანონი ოფშორების შესახებ“, რომელიც ეკონომიკურ გამჭვირვალეობას და კორუფციასთან ბრძოლას ასუსტებს და სანქციებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა შეიძლება შექმნას;
  • მოუწოდოს რუსეთს, უპირობოდ სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გადაჭრით დაგმოს რუსეთის ყოველგვარი ჩარევა რუსეთის ჯარების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით დე ფაქტო კონტროლირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საქართველოს შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობები;
  • ევროპულ დონეზე ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და ამით პრო-ევროპულ ძალებსაც შეეხებოდა;
  • არაბიუროკრატიულად დაუჭიროს მხარი სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებულ აქტივისტებს და LGBTQIA+პირებს და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს მათ დასაცავად მიმართული ზომების ადაპტაცია;
  • ზედმიწევნით ადევნოს თვალყური სიტუაციას საქართველოში, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს;
  • უფრო ინტენსიური გახადოს კულტურული გაცვლა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყურადღება მიაქციოს ფედერალური სახსრების საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის გაცემისას იმას, რომ ისინი არ იქნას გამოყენებული ქვეყნის დემოკრატიული სტანდარტებისაგან დასაშორებლად,“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში? – The Guardian

—————

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბრიტანეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ილუზიებზე: რატომ ინარჩუნებს ლონდონი კოლონიური იმპერიის ნამსხვრევებს ინდოეთ-ატლანტის ოკეანეებში?“ (ავტორი – საიმონ ჯენკინსი), რომელშიც განხილულია გაერთიანებული სამეფოს კოლონიური წარსულის გადმონაშთების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა აცხადებს, რომ უარს არ იტყვის „ზღვისიქითა ტერიტორიებზე“, მაგრამ რატომ? კოლონიური ეპოქტის დროინდელი ასეთი ოცნებები ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.

ვისია დიეგო-გარსია?

უცნაური და ჭკუის ამრევი ფაქტია, მაგრამ  ბრიტანეთის იმპერია გარკვეული სახით დღემდე არსებობს. ლეიბორისტების მთავრობის მინისტრმა, რომელიც იმპერიის ნაფლეთების მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი, ახლახან განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში ჩაკარგული ჩაგოსის არქიპელაგი მავრიკს დაუბრუნდა და ახლა კუნძული დიეგო-გარსია პორტ-ლუის – მავრიკის დედაქალაქის დაქვემდებარებაში იმყოფება.

დეკოლონიზაციის ეს მოკრძალებული აქტი ფრიად გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა ერთი მინუსი მაინც მოჩანს: მთავრობას იქ მდებარე ბრიტანეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს. კი მაგრამ, რატომ? ჩვენ ხომ აღარ ვმართავთ არც ინდოეთს და არც სინგაპურს. ესე იგი, სამხედრო ბაზის შენარჩუნება, რომელიც ინდოეთის ოკეანეში გვაქვს, თუნდაც აშშ-სთან ერთად, სუფთა იმპერიულ შოუს ჰგავს.

იმპერიის ნამსხვრევები – წმ. ელენეს კუნძულიდან ბერმუდებამდე

ჩვენი „იმპერიული“ მინისტრის სტივენ დაუთის დაქვემდებარებაში 14 „ზღვისიქითა ტერიტორია იმყოფება, მათ შორის ბევრი არქიპელაგებს (კუნძულთა გროვას) კუნძულებს წარმოადგენენ – ბერმუდის, პიტკერნის, მონსერატისა და კაიმანის, აგრეთვე წმინდა ელენეს (გახსოვთ ნაპოლეონ ბონაპარტი?), ამაღლებისა და ტრისტან დ’აკუნიას  კუნძულები, რომლებზეც ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებენ გაერთიანებული სამეფოს დროშები. მათ იცავს სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, იქაური მოსახლეობა კი ძველებურად ბრიტანეთის ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრმა „ზღვისიქითა ტერიტორიებმა“ – ისეთებმა, როგორებიცაა ბელიზი, ტუვალუ, სეიშელი და ბაჰამი – მშვიდად და ჩუმად მოიპოვეს დამოუკიდებლობა. სხვები „დამოკიდებულ“ ტერიტორიებად დარჩნენ – დამოკიდებულნი მეფეზე, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობაზე და სამეფოს მიერ უზრუნველყოფილ სამხედრო დაცვაზე.

ოფშორული „შავი ხვრელები“

ზოგიერთი ამ ტერიტორიის ასეთი „დაჩაგრული“ (ნახევრადსუვერენული) მდგომარეობა კომპენირებულია იმ გარემოებით, რომ ბრიტანეთმა უფლება მისცა მათ გადაქცეულიყვნენ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ (სპარსეთის ყურის ქვეყნების შემდეგ) თავშესაფრად – ოფშორულ ფინანსურ ცენტრებად – უკანონო და დაუბეგრავი სიმდიდრისათვის, ანუ ისეთი ქონებისათვის, რომლის წარმომავლობა უცნობია. ეს არის ნამდვილი საფრთხე-მუქარა მსოფლიოს ხაზინებისათვის: ყოველწლიურად ჩამოთვლილი კუნძულები ბრიტანელ და სხვა ქვეყნების გადასახადების გადამხდელთ მილიარდებიან შემოსავლებს ართმევენ.

ლონდონის საბანკო ლობის ძლიერება და ძალაუფლება ისეთი ფართოა, რომ კაიმანებს, ბერმუდებს და სხვებს ვერავინ ვერაფერს უბედავს. სადღაც კაიმანის კუნძულებსა და ბრიტანულ ვირჯინის კუნძულებს შორის რეალურად არსებობს დიდი ბრიტანეთის სამეფო ხაზინის „შავი ხვრელი“, სადაც ყოველწლიურად 22 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჩინარდება.

გიბრალტარი – „ბრიტანული მონაკო“

ორი „დამოკიდებული“ ტერიტორია დიდ პრობლემებს ქმნის – გიბრალტარი და ფოლკლენდი. ის, რომ ბრიტანეთმა ნება მისცა 1704 წელს მიტაცებული და სამხედრო ბაზად გადაქცეული გიბრალტარს ესპანეთთან ურთიერთობა გაეფუჭებინა, ეს სრულ აბსურდს წარმოადგენს.  რა თქმა უნდა, ამ კოლონიის მოსახლეობას მოსწონთ თავიანთი ანკლავი დაბალი გადასახადებით, მაგრამ გეოგრაფიულად „ბრიტანული მონაკო“ – როგორც გიბრალტარს უწოდებენ –  ესპანეთის (იბერიის ნახევარკუნძულის) კონტინენტურ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, უკვე დროა, რომ ლონდონმა მადრიდთან გიბრალტარის სუვერენიტეტის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ აპრილში წინა კონსერვატიული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი განიხილავდა რაღაც შეთანხმების პროექტს, რომელიც გიბრალტარის სტატუსს ითვალისწინებდა ბრექსიტის შემდგომ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოლაპარაკება შეწყდა.

ბრძენი მარგარეტ თეტჩერი: ფოლკლენდის ბედი

გასულ კვირას სტივენ დაუთიმ თავს ნება მისცა ირონიული რეგირება მოეხდინა არგენტინის მორიგ მოთხოვნაზე, რომ ბრიტანეთს მისთვის ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები დაებრუნებინა. დღეს არავის აღარ ახსოვს, მაგრამ შეგახსენებთ: 1982 წლამდე, სანამ არგენტინა კუნძულებზე სამხედრო დესანტს გადასხამდა და ბრიტანეთ-არგენტინის ომი დაიწყებოდა, მარგარეტ თეტჩერის მთავრობა ბუენოს-აირესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მათი არგენტინისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა კუნძულელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ისევე როგორც ჰონკონგთან მიმართებით, სპეციფიკური ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო ასეთი გარიგება სრულიად ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნებოდა,  ხოლო გაეროს ძალების ყოფნა კუნძულელთა თვითმმართველობის გარანტი გახდებოდა. მაგრამ არგენტინის სამხედრო ხუნტის გაუაზრებელი მოქმედების გამო მოლაპარაკებამ ფიასკო განიცადა. თუმცა ეს 42 წლის წინათ იყო…

დღეს ფოლკლენდის კუნძულების 3600-კაციანი მოსახლეობის დასაცავად დიდი ბრიტანეთი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავს. ამ კუნძულებს, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ ერთი გონივრული მომავალი აქვთ – იარსებოს ახლოს მდებარე კონტინენტთან ინტეგრაციაში, ანუ სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან – არგენტინასთან ერთად. თუ ეს კონსერვატიულმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ თეტჩერმა შორეულ 1982 წელს გააცნობიერა (მან იმავე პერიოდში იგივე განაცხადა ჰონკონგის დეკოლონიზაციასთან მიმართებითაც), რატომ არ შეუძლია ამის გადნობიერება ლეიბორისტ პრემიერ-მინისტრს კიტ სტარმერს და მის მთავრობას? ამის ნაცვლად იგი მზადაა ფული ატლანტის ოკეანის ქარს გაატანოს და ისეთი სახე მიიღოს, თითქოსდა დიდი ბრიტანეთი ძველებურად კოლონიურ იმპერიას – მეტროპოლიას წარმოადგენს, რომლის ტერიტროიები ინდოეთის ოკეანეშიც არის და ატლანტის ოკეანეშიც. ჭეშმარიტად, განდიდების მანიამ საზღვრები არ იცის.

წყარო

საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ სათაურით „საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის // პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან“ (ესაუბრება ჟურნალისტი კაპილ კომირედი).

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას  პრეზიდენტის კაბინეტის შესახებ (ძაღლითურთ), განხილულია სალომე ზურაბიშვილის კარიერა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში – როგორ დაინიშნა იგი საგარეო საქმეთა მინისტრად. საყბარია მის როლზე საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საქმეში – „იგი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მინისტრად გადაიქცა“. მაგრამ… „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ვერ შეეგუა სალომე ზურაბიშვილის წარმატებას და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის მსხვერპლი გახდა. მან ობიექტურად ვერ გააცნობიერა დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა, კრემლის ხაფანგში მოხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელშიც საქართველოს გამარჯვება შეუძლებელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები დაკარგა და მარცხისაგან დამცირებულმა, საკუთარი ხალხის ჩაგვრა გააძლიერა: ბიზნესმენებს და ოპოზიციას დევნიდა, ფართოდ გავრცელდა კორუფცია და ადამიანთა წამება. დღესაც კი ბევრი შიშით თრთის სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლების საშინელებების გახსენებაზე“, – წერს ჟურნალისტი და ციტირებს თბილისელი ბიზნესმენის გამონათქვამს: „თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა იმედის სხივს ჰგავდა, შემდეგ კი იგი ლავრენტი ბერიას დაემსგავსა, ნამდვილ ნაძირალად იქცა“.

ბიძინა ივანისვილი, განდეგილი პლუტოკრატ-მილიარდერი, რომელსაც ანონიმური ფილანტროპის რეპუტაცია ჰქონდა, თავისი ქვეყნის დეგრადაციას მთაწმინდაზე მდებარე მინის სასახლიდან აკვირდებოდა. ქართველები მას დიდ პატივს სცემდნენ ქველმოქმედებისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეუწყნარებელი მმართველობის ფონზე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მხსნელის როლის შესრულება გადაწყვიტა: შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სააკაშვილის მემკვიდრეობისაგან ქვეყნის გაწმენდას შეუდგა.

2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მხარის დაუჭირა დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის არჩევას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე – მმართველი პარტია იმედოვნებდა, რომ იგი დამთმობი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ძირითადად მხოლოდ ცერემონიალური უფლებები ჰქონდა, ხელისუფლებას იმედები გაუცრუა. მან განამტკიცა პრეზიდენტის როლი და თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ აჩვენა, რომ იგი ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტია.

სალომე ზურაბიშვილი პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსს წარმოადგენს. იგი, საქართველოს მთავრობისაგან განსხვავებით, რომელიც დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებს დასავლეთის მიმართ, აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. როცა ქვეყანაში მღელვარება დაიწყო ე.წ. „პრორუსული კანონების“ წინააღმდეგ, პრეზიდენტმა მათ ვეტო დაადო, თუმცა მისი ვეტო იოლად იქნა გადალახული. კაცმა რომ თქვას, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი კრემლის კარნახით იქნა მიღებული – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ კერძო საუბრებში, რომ „მილიარდერი საკუთარი თავის პატრონია“ და „ქართულ ოცნებასაც“ დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც გმობს „რუსული კანონის“ მიღებისათვის.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ორი თვის შემდეგ უმთავრდება – მისი მემკვიდრე უკვე საყოველთაოდ არჩეული აღარ იქნება. იგი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის საბედისწერო იქნება და ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი უარყოფს პროგნოზებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების თაობაზე და მობილიზაციას უკეთებს საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. ჩვენი საუბრის დროს იგი შეეხო საკითხების ფართო წრეს – რუსეთიდა და კავკასიიდან ევროპამდე და ჩინეთამდე, თუმცა მის მთავარ მიზანს საქართველოსათვის ევროპისაკენ მიმართული გზის გაწმენდა წარმოადგენს“ – წერს „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტი.

გთავაზობთ ზოგიერთ შემოკლებულ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

– არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მმართველი პარტია არჩევნებს ან გააყალბებს ამ ჩაშლის?

– იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი გაყალბებას არ დაუშვებს, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს – საქართველოს ხომ არჩევნების გაყალბების დიდი ისტორია აქვს. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს უცხოურმა დიასპორამაც.

– საკმაოდ ნათელია, თუ ვის მხარეზე ხართ – თქვენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოდიხართ…

– დიახ, ასე იქნება, სანამ მმართველი პარტია ევროპის წინააღმდეგ გამოდის, მე მათ ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერა შევთავაზე, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპულად არ არის განწყობილი და თუ ასეთნი არ არიან, გამოდის, რომ ხელისუფლება რუსულ თამაშშია ჩართული.

– ისინი აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან…

– მე ვმსჯელობ არა მათი განცხადებების, არამედ ფაქტების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო ანტიევროპულია, მათი მოქმედება რუსეთისათვის სასიამოვნო მოქმედებას ჰგავს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველომ, რომლის მიწა-წყლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასეთ პრორუსულ როლს ასრულებდეს. მესმის სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა – საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრ იმპერიასთან უხდებოდა ფრთხილი ურთიერთობა, მაგრამ „ფრთხილი“ პოლიტიკა და „კოლაბორაციონისტური პოლიტიკა“ ერთმანეთისაგან განსხვავდება. დღეს სწორედ კოლაბორაციონზმის მოწმენი ვართ.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობს?

– სწორედ ასე ჩანს მთავრობის მოქმედება საქართველოს მოსახლეობის თვალში, რადგან ხელისუფლება ყოველ ნაბიჯს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დგამს და არა საქართველოს ინტერესებისათვის, თუნდაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ან 2008 წლის ომის მიმართ, ან რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტების მიღებაში. ეს ყველაფერი რუსეთთან თანამშრომლობის სწრაფვაზე მიუთითებს.

(…)

– თქვენ ამბობთ, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ მისი ალტერნატივაა მიხეილ სააკაშვილის პარტია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა], რომელთანაც თქვენ გარკვეული ისტორია გაკავშირებთ…

– არა, ის ალტერნატივას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი უკვე აქტუალური აღარ არის. მისი პარტია, მართალია, ევროპულ პლატფორმას ემყარება, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია. არის კიდევ ორი-სამი პოლიტიკური ძალა, რომლებთაც ევროპული პლატფორმები აქვთ. სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი [მთავრობა] სწორედ ამ პარტიების კოალიციით იქნება ჩამოყალიბებული.

(…)

– საქართველო ჩინეთთან მეგობრობას ესწრაფვის, რომელიც, თავისი პოლიტიკით, დასავლეთის წინააღმდეგ გამოდის. საოცარია ჩინეთის შეღწევის დონე საქართველოში. როგორ უყურებთ სიტუაციას? გაქვთ თუ არა საფრთხის შეგრძნება ჩინეთთან მიმართებით?

– მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ჩვენ თამაშიდან უნდა გავიდეთ. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვმდებარეობთ, [სადაც ბევრი ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს]. მახსოვს, როცა 2004 წელს საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში ირანის პრეზიდენტიც ჩამოვიდა. ამერიკელებს ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ, რადგან მათ იციან, რომ ირანთანაც ურთიერთობა აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩინეთთან გარკვეული ბიზნესურთიერთობები უნდა გვქონდეს. მთელ მსოფლიოს აქვს ასეთი ფორმით ურთიერთობა პეკინთან. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომლის გავლენა მსოფლიოს ყველა კუთხეში შეიმჩნევა. თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, როცა ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან ჩინური კომპანიები პატარა ქვეყნებში, როცა ისინი ვალებს არ იხდიან, ჩვენ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვთქვათ, კონტრაქტების დადების დროს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საკითხი ეხება მსხვილ ობიექტებს… უნდა ვიმოქმედოთ გრძელვადიანი პერსპექტივით და არა წუთიერი სარგებლობის მიღების იმედით.

– თქვენ საქართველოს ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ გამოდიოდით, როცა საქმე ეხებოდა უკრაინის ომს და აცხადებდით, რომ ამ საკითხში ქვეყანამ განსაზღვრული მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოსო. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ: განა საქართველო ნეიტრალიტეტს არ იცავდა იმ დროს, როცა თქვენმა მეზობელმა სომხეთმა 2020 წელს თავდასხმა განიცადა?

– ეს სხვა ტიპის ნეიტრალიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვიცავთ ნეიტრალიტეტს ჩვენი უშუალო მეზობლების მიმართ, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში კეთილი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენთან გვერდი-გვერდ ცხოვრობს ასი ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი… ჩვენ მათთვის მშვიდობის გარანტი ვართ. ჩვენს ტერიტორიაზე არასოდეს მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. კავკასიაში ასეთი ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

წყარო

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – ირაკლი ღარიბაშვილი

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს – ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს, ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება განაგრძოს.

„ჩამოვედი ჩემს მშობლიურ მხარეში, კახეთში. ჩვენი გუნდის წევრებს შევხვდი. თითოეული შტაბის მუშაობას გავეცანი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ძლიერად, დამაჯერებლად. მჯერა, რომ კახეთი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის.

საჭიროა მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლების, მხარდამჭერების, რათა ყველა რეგიონში მაქსიმალური შედეგი დაიდოს. ესაა ჩემი მთავარი გზავნილი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული იმის საჭიროება, თუ რა შედეგი უნდა დადგეს ამ არჩევნებით. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს მშვიდობას, სტაბილურობას, ღირსეულ მომავალს. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმის, რომ ჩვენს გაკოტრებულ ოპოზიციას ამ არჩევნებში არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ისინი კიდევ ერთხელ დამარცხდებიან და მჯერა, ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ყველა პარტიას ეძლევა ამის საშუალება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებში მაქსიმალური შედეგის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.

დოკუმენტს 495 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 73 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86 თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ევროპელი დეპუტატები კვლავ ითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ.