Home Blog Page 3

პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია – თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის”- შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, პირველ მაისს, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა პირველ მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. შეკრების პარალელურად, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები.

მოგვიანებით, დაახლოებით 18:00 საათიდან, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, როგორც პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ასევე, რუსთაველის გამზირზე. ვინაიდან არსებობდა რისკი პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციის კორდონი განგვეთავსებინა ჩიტაძის ქუჩაზე, ამავე დროს, პარლამენტის უკან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ მოუწოდა, რომ მათ გადაენაცვლათ ჭიჭინაძის ქუჩაზე და იქ გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩიტაძის ქუჩიდან უზრუნველყო პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა.

მას შემდეგ, რაც სრულად მოხდა პარლამენტის შენობის დატოვება და აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმების რისკი, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად გაეთავისუფლებინა დაკავებული ტერიტორია და პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილებისა, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეთა ჯგუფი ძალადობით ცდილობდა ჩიტაძის მხრიდან არსებული პარლამენტის შესასვლელის რკინის კარის დაზიანებას.

მიუხედავად პოლიციის და ასევე, თავად აქციის სხვა მონაწილეების არაერთი მოწოდებისა, ძალადობრივი ჯგუფები აგრძელებდნენ საკანონმდებლო ორგანოს კარის დაზიანებას და ცდილობდნენ უნებართვოდ შეღწევას პარლამენტის ტერიტორიაზე.

პოლიციამ კანონით დადგენილი წესით გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი, თუმცა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ჩიტაძის ქუჩაზე არსებული სამშენებლო დამცავი ბარიერების დემონტაჟი და მისი მეშვეობით ცდილობდნენ პარლამენტის შესასვლელი კარის დაზიანებას.

ვინაიდან აშკარად იყო გამოკვეთილი ძალადობრივი ხასიათის ქმედებები, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი“,- განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე აქციებზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი.

„საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების გამოყენებით, ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ცდილობენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და ახორციელებენ თავდასხმებს პარლამენტის შენობის ეზოში მყოფ პოლიციელებზე.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს, ცრემლსადენ აირს და მხუთავ აირებს ესვრიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც განთავსებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან. ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს სესიაზე, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია-მამუკა მდინარაძე

ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა, ჩემია – ამის შესახებ საპარლამენტო უმმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„დილით ფეხი ვეღარ დავდგი, გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ეს პერიოდი, როგორც ექიმებმა ამიხსნეს, 12 მილიმეტრიანი სეკვესტრირებული თიაქარით დავდიოდი. აღარ მიშვებენ და ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, 84-ე ხმა ჩათვალეთ ჩემია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, წარმოჩნდება თქვენი ლიდერის თვისებები და იოლად შეძლებთ, აიყოლიოთ ნებისმიერ წამოწყებაში კოლეგები. სწორად არჩეული მიმართულება კი გზას გაგიხსნით კარიერული წინსვლისკენ.

კურო

შესაძლებელია, გაოცებული დარჩეთ კარგად ნაცნობი ადამიანის მოულოდნელად გამოვლენილი თვისებებით და იძულებული გახდეთ, აზრი შეიცვალოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება.

ტყუპები

ნებისმიერი მოულოდნელობისთვის იყავით მზად და ნუ მიუშვებთ მოვლენებს თვითდინებაზე. აუცილებელია ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება. შესაძლოა, ეს გარდამტეხი მომენტი იყოს თქვენს ცხოვრებაში.

კირჩხიბი

ყურადღება გამოიჩინეთ სიზმრების და მინიშნებების მიმართ, უსმინეთ ინტუიციას და მიხვდებით სად, რა და როდის გააკეთოთ და სად მოიძიოთ პრობლემური სიტუაციის გასაღები.

ლომი

შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო რამ შეიტყოთ ადამიანზე, რომელიც გაინტერესებთ და მრავალი კითხვა გაჩნდეს მის წარსულთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ დასკვნებს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ქალწული

გახალისდით, გალაღდით და თამამად წარმოაჩინეთ საუკეთესო თვისებები და შესაძლებლობები. დიდია პერსპექტიული, მნიშვნელოვანი ნაცნობობის ალბათობა.

სასწორი

დღეს რაღაც მნიშვნელოვანის და მშვენიერის შეცნობას დაუთმობთ. შესაძლოა, ნახოთ მეტად უჩვეულო გამოფენები ან ესტუმროთ ისტორიულ ადგილებს. არჩევანი თქვენზეა.

მორიელი

ნუ იზარმაცებთ და არ შეანელოთ საქმიანი რიტმი, ნუ ილაპარაკებთ თქვენს მიზნებზე, მაგრამ მეტი ყურადღება დაუთმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რადგან ის ახალი შესაძლებლობების მომტანი შეიძლება გახდეს.

მშვილდოსანი

ფინანსური შემოსავლები ფრთებს შეგაბამთ, შესაძლოა, გამდიდრების ახალი იდეა ან წყაროც აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ახალი საქმიანი შემოთავაზებებიც მიიღოთ. ყურადღებით მოეკიდეთ ახალ შანსებს.

თხის რქა

არასტაბილური და ემოციებით დატვირთული დღეა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, ვინმეს დახმარების ხელი გაუწოდოთ, მაგრამ მეორე წუთში რისხვა დაატეხოთ თავს. დღეს, გაგიჭირდებათ  საკუთარი ემოციების მართვა.

მერწყული

ნურავის დაუპირისპირდებით და ენდეთ სამყაროს. ნუ აღშფოთდებით, თუ ინიციატივას სხვები ჩაიგდებენ ხელში და მათზე ზეგავლენას ვერ მოახდინეთ, ბრძნული საქციელი იქნება, დინებას მიჰყვეთ და ძალები დაზოგოთ.

თევზები

პირად სასიყვარულო საკითხებში, მოულოდნელობებსა და სასიკეთო ცვლილებებს უნდა ელოდოთ, კორექტირება თქვენს გეგმებსაც დასჭირდება, რადგან შესაძლოა, შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. იმოქმედეთ, იაქტიურეთ.

,,ის რაც ახლა აქციაზე ხდება, არის ვანდალიზმი და უხეში პროვოკაცია”- რატი იონათამიშვილი

პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციის გაგრძელებაა ის, რასაც დღეს ვხედავთ და რაც ხდება ახლა განსაკუთრებით ჩიტაძის ქუჩაზე. ეს არის ვანდალიზმი და უხეშ პროვოკაცია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „ქრონიკასთან“ განაცხადა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ქმედებების შეფასებისას.

„აქ საინტერესო ისა, რომ ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსები – „ნაციონალური მოძრაობა“ გატრუნულია. ისინი არ მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ პარლამენტის შენობა არ აჯანჯღარონ, რადგან მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე ძალადობის ფორმებში გადაიზარდოს. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა, მაგრამ ამას ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს და აფასებს. ცეცხლის კერების გაჩენას ცდილობენ რუსთაველის გამზირზე, ამათ რომ შესაძლებლობა მისცე, ალბათ ქალაქსაც ცეცხლს წაუკიდებენ, რადგან როცა ასე იქცევი, ეს ნიშნავს, რომ შენთვის არაფერია წმინდა ამ ქალაქში და ალბათ უხერხულიც იქნება იმაზე საუბარი, ამ ადამიანებს წაკითხული აქვთ თუ არა კანონი – რა თქმა უნდა არა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

,,პოლიციელები საერთოდ აღარ იყვნენ ქუჩაზე და დაიწყეს ქვების სროლა, პარლამენტის ჭიშკრის მონგრევა”- მდინარაძე

პოლიციელი საერთოდ აღარ იყო ქუჩაზე და ახლა პირდაპირ ეთერში ვუყურებ, რომ დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა და რაღაზე ვლაპარაკობთ? როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ ეს დემონსტრაცია სამწუხაროდ მშვიდობიანი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რომ აქციაზე მყოფმა პოლიტიკოსებმა აიღონ პასუხისმგებლობა და მოუწოდონ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ.

„ვუყურებდი ახლა, ამხელა აგურებს რომ ესვრიან და ამით ზიანდებიან პოლიციელები, ეს ხალხი ადამიანები არიან, გმირები არიან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ. ასეთი რამ არ შეიძლება. გუშინ კიდევ ჰქონდათ ინტერპრეტაციის საშუალება, რადგან ასეთი უშუალო შეხება იყო, ეთქვათ, რომ არა პირველმა ამან დაარტყა. დღეს კი საერთოდ არ იყო პოლიციელი და გადავიდნენ პარლამენტის ჭიშკრის მონგრევაზე. რომ აუხსნან და უთხრან, რომ პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ პოლიციელს თავში აგური არ უნდა გაარტყან, ხომ შეიძლება მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ამ დროს გამოდის ვაშაძე და ამბობს, რომ მე ვერ ვნახე ასეთი რაღაცო, წიწაკის სპრეი ვნახე მარტოო. ამ დროს ელემენტარული პასუხისმგებლობის აღების თავი უნდა ჰქონდეს ვინმეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ბრძოლის ხაზი ახლა უკვე არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, არამედ არჩევნებზე გადის”- პრეზიდენტი

მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრძოლის ხაზი ახლა უკვე არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, არამედ არჩევნებზე გადის.

„თვალყურს ვადევნებ ამ საღამოს მიმდინარე მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს ქართველი ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას., ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი.

ამავე დროს მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან. ესაა ჩვენი მიზანი და კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა გაზის გაშვებისა და ძალადობისა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე. დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას“, – განაცხად სალომე ზურაბიშვილმა.

,,პროვოკაცია არის პოლიციის კორდონის მოხსნა, იმიტომ რომ სპეციალურად მოაშიშვლეს აქ ტერიტორია”- ვაშაძე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოჩნდა.

„გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ მშვიდობიან, ქართველ ერს ვერავინ დაუპირისპირდება. თუ ვინმე არის პროვოკატორი, ეს არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. პროვოკაცია არის პოლიციის კორდონის მოხსნა, იმიტომ რომ სპეციალურად მოაშიშვლეს აქ ტერიტორია. პროვოკაცია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ კანონის ინიცირება და კობახიძის დღევანდელი განცხადებები. ჩვენ, ოპოზიცია ვგდავართ ხალხის გვერდით და რასაც ხალხი გვეტყვის, იმას გავაკეთებთ ყოველთვის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

,,აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია?”- გურამ მაჭარაშვილი

x

აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტები დააკავა პოლიციამ, შემდეგ თეთრ სახლში გამოვიდა სპიკერი და პოლიცია გაამართლა, იმიტომ რომ ეს წესრიგის დაცვა იყოო. აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს რადიკალიზაცია ფულის გარეშე ვერ ხდება. კარგად ვიცით, რომ ფული სჭირდება აქციასაც, მონაწილეების შეიარაღებასაც – პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ეს ის შავი ფულია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. 4-5 თვეში არის არჩევნები, თუ ასეთი მოლოდინი აქვთ, როგორც ამბობენ, რომ არჩევნებს იგებენ, თუ უმრავლესობა მათ უჭერთ მხარს, მაშინ ეს კანონი კი არა, ბევრი სხვა კანონი გააუქმონ, თუ მოვლენ ხელისუფლებაში ოქტომბერში, მაგრამ ლოგიკა ამას გვეუბნება, რომ არჩევნებზე არ ელოდებიან არანაირ მხარდაჭერას საზოგადოებისგან. ეს კანონი სამი თვის შემდეგ ამოქმედდება, სექტემბერ-ოქტომბერში დადგება ეს ვალდებულებები. თუ დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს იგებენ, ეს კანონიც გააუქმონ, სხვა კანონებიც გააუქმონ და ა.შ., მაგრამ იციან, რომ ვერაფერს იგებენ. მცირე პოლიტიკური ჯგუფი ატარებს ძალადობრივ აქციებს. პოლიციელები არ მიდიან აქციის მონაწილეებთან. აქციის აგრესიული მონაწილეები მიდიან პოლიციელებთან – ზოგი აფურთხებს, ზოგი აგინებს, ზოგი ქვებს ესვრის, ძალადობს – ვნახეთ აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტები დააკავა პოლიციამ, შემდეგ თეთრ სახლში გამოვიდა სპიკერი და პოლიცია გაამართლა, იმიტომ რომ ეს წესრიგის დაცვა იყოო. აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”- მიხეილ სარჯველაძე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ – სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მათი შრომა ძალიან დასაფასებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელმისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

„მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშვუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტად დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული.

„ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა. მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 – მოქალაქე. მათი მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა პატრიარქის და მით უმეტეს სინოდის – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს 27 აპრილის განცხადებას ეხმაურება. სასულიერო პირი წერს, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება:

“ერთი წლის წინ ჩვენ მომსწრე გავხდით საზოგადოებაში განვითარებული მღელვარებისა და დაძაბულობისა, რაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტში შეტანილი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვებმა. მაშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობის სირთულე და მოსალოდნელი შედეგები, უკან გაიწვია ეს კანონპროექტი, რაც ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება იყო და საზოგადოებამაც ეს ნაბიჯი სწორად და დადებითად შეაფასა.

დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; …და კვლავ, ამ საზოგადოების ავანგარდშია ახალი თაობა, შვილებისა და შვილიშვილების თაობა; ადამიანები კი ძირითადად გაიყო ამ კანონპროექტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. …და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება. ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა, თუ რა შეიძლება მოყვეს მდგომარეობის შემდგომ დაძაბვას და ვინ იხეირებს ამით; ამის გამოცდილება ხომ საკმაოდ დაგროვდა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან გვესმის, რომ ამ კანონის მიღმა მოიაზრება ეგზისტენციური, ღირებულებითი საფრთხეები, დაპირისპირება წარსულსა და მომავალს შორის, ორსაუკუნოვან მძიმე გამოცდილებასა და ხალხის ისტორიულ არჩევანს შორის.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.), რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი: „განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში,“ რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული, რადგან მედიამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს განცხადება ჩათვალა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებად, ხოლო სინამდვილე კი ის არის, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა საპატრიარქოს განცხადება, ეს არ იყო არც კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, და, მით უმეტეს, არც წმიდა სინოდის განცხადება, რომელიც აყალიბებს ეკლესიის კრებსით აზრს და პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, შვილებო! საქართველოს კონსტიტუცია თქვენ ნამდვილად განიჭებთ პროტესტის გამოხატვის უფლებას, და ამაში ვერავინ შეგეკამათებათ, თუმცა, აქვე გთხოვთ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მშვიდობიანი სულისკვეთება, რათა გასაქანი არ მისცეთ იმ ემოციას, რამაც შესაძლოა ძალადობისკენ უგიბიძგოს ადამიანს; თქვენ ისეთ ღირებულებებს დეკლარირებთ, რომ არა თუ შეურაცხყოფა ვინმესი, არა თუ შეგინება, არამედ დიდი შინაგანი რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება გჭირდებათ.

უფალი ბრძანებს, „ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ“ (ლკ.11,9-10).

იოანე ოქროპირი ამბობს, – შენ აუცილებლად მიიღებ, თუ მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემა ღვთისათვისაც სასურველია და შენთვისაც მისი მიღება სასარგებლოა.

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებო!

ჩვენს თვალწინ მატულობს საზოგადოებრივი პროტესტის დუღილის ტემპერატურა და არავინ არის დაზღვეული გადაცდომისა თუ შეცდომისგან; თქვენ, რა თქმა უნდა, თმენის განსაკუთრებული ვალდებულება გაქვთ, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანები ბრძანდებით და არც თქვენ ხართ დაზღვეული (ადამიანური ემოციებიდან გამომდინარე!) გადაცდომისგან. უაღრესად მტკივნეულია, როცა ყველა მოღალატეს ეძახის საპირისპირო პოზიციის ადამიანს; ნუთუ ეს არის საქართველო?!

წინა თაობებთან ერთად, უშუალოდ თქვენი დიდი შრომაც არის იმ პერსპექტივის მშენებლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული?! ნუ გავხდით სათუოდ ამ მონაპოვარს, და მოსაპოვებელს! ხალხი უფრო დაგაფასებთ, ხოლო თქვენი თაყვანისმცემელნი კი უფრო მეტად იამაყებენ თქვენით; ჩვენ, ყველას გვაერთიანებს მამული, ენა და სარწმუნოება?! მაშ დავეთანხმოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ ტრიადას:

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!

ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვას დიდაქტიკურ შეგონებად, არამედ მიიღეთ როგორც თხოვნა ერთი თქვენი თანამემამულისა და თანამოქალაქისა.

გავუფრთხილდეთ ადამიანს, ერთად ვიზრუნოთ სამშობლოზე და თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.” ნათქვამია მიმართვაში.

https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/posts/pfbid0jTAUf552giPNeCt957b2HyJRp8E3kFdhW9U1qkco7ajEaDyPeYMvex6Wj1xZhoCDl

 ,,პოლიციელებმა სპეციალურად დატოვეს ტერიტორია, თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას”- ზურაბ ჯაფარიძე 

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარს ეჯაჯგურებიან და პროტესტის ნიშნად ხელებს კვლავ აბრახუნებენ.

მათთან მივიდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კართან იმყოფებიან, სთხოვა კარები არ დააზიანონ.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.

ამასთან, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, პოლიციელებმა ტერიტორია სპეციალურად დატოვეს.

„[პოლიციელებმა] სპეციალურად დატოვეს, რა თქმა უნდა, [ტერიტორია]. თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას – არაფერი ეგეთი არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა იმათზეა [შსს-ზე] და არა ჩვენზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შემთხვევაში ასე იქნება“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „აქციის მონაწილეები არანაირ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ, არცერთ შემთხვევაში“ .

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოში იმყოფება და აქციის მონაწილეებს, რომლებიც გვერდითა შესასვლელთან იმყოფებიან, ვიდეოკადრებს უღებს.

კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.