პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი აქციის გაგრძელებაა ის, რასაც დღეს ვხედავთ და რაც ხდება ახლა განსაკუთრებით ჩიტაძის ქუჩაზე. ეს არის ვანდალიზმი და უხეშ პროვოკაცია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „ქრონიკასთან“ განაცხადა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ქმედებების შეფასებისას.
„აქ საინტერესო ისა, რომ ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსები – „ნაციონალური მოძრაობა“ გატრუნულია. ისინი არ მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, რომ პარლამენტის შენობა არ აჯანჯღარონ, რადგან მათი მიზანია, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე ძალადობის ფორმებში გადაიზარდოს. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა, მაგრამ ამას ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს და აფასებს. ცეცხლის კერების გაჩენას ცდილობენ რუსთაველის გამზირზე, ამათ რომ შესაძლებლობა მისცე, ალბათ ქალაქსაც ცეცხლს წაუკიდებენ, რადგან როცა ასე იქცევი, ეს ნიშნავს, რომ შენთვის არაფერია წმინდა ამ ქალაქში და ალბათ უხერხულიც იქნება იმაზე საუბარი, ამ ადამიანებს წაკითხული აქვთ თუ არა კანონი – რა თქმა უნდა არა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.