Home Blog Page 3

 სპეცრაზმსა და „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაიძაბა

ამ წუთებში პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ჭიჭინაძის ქუჩის კუთხეში სპეცრაზმსა და „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაიძაბა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის იმ შესასვლელთან მიახლოებას ცდილობენ, საიდანაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვონ. თუმცა, ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და პროტესტის მონაწილეებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელთან კვერცხები ისროლეს.

„ახალის“ თავმჯდომარეებმა, ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მოახდინონ და არ მისცენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს თავისუფლად გამოსვლის შესაძლებლობა.

პოლიტიკოსები და აქტივისტები პარლამენტის ბლოკირებას აპირებენ, რაშიც მათ ხელს სპეცრაზმი და სამართალდამცველები უშლიან ხელს. დაპირისპირება გრძელდება, პოლიციას აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩაჰყავს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სპეციალური ტექნიკა.

პარლამენტის სხდომა უკვე დასრულდა და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.­

უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,გონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? – მამუკა არეშიძე

*

როგორ შეიძლება რუსეთს თავი მოაწონო, როცა დღედაღამ ამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში ყველა ანტირუსულ რეზოლუციას მხარს უჭერ. მე ვიცნობ მოსკოვური პოლიტიკური ელიტის მანერებსა და აზროვნების ლოგიკას, დიდხანს მქონდა მათთან ურთიერთობა, უაღრესად გაღიზიანებული არიან, – ასე უპასუხა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრის” შეკითხვას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა, რომ რუსეთს თავი მოაწონოს.

როგორც არეშიძემ განმარტა, არ არის გამორიცხული, მოსკოვის პოლიტიკური ელიტა კანონის მხარდამჭერი განცხადებებით განგებ ცდილობდეს საქართველოში ვითარების დაძაბვას, ვინაიდან, კარგად იციან, რომ მათი დადებითი პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

„თქვენ გგონიათ, რადგან ისინი დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა! არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტორს, რომ სიტუაციის გასამწვავებლად ლაპარაკობენ. ძაბავენ ვითარებას, იმიტომ, რომ იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და განცხადებებით ამძიმებენ მდგომარეობას. როცა საზოგადოება დაპირისპირებულია, მაშინ სახელმწიფოს მშენებლობა დამუხრუჭებულია“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდეს

გახმაურებულ საქმეზე – 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობზე დედას – ეგანა მაგარამოვასა და ბიძას –  ნატიკ მაგარამოვის  სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დედას 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბიძას კი – 3,6 წლიანი პატიმრობა.

ისინი სასამართლომ დამნაშავებ ცნო როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

„რა დავაშავე, რაზე უნდა ვიგრძნო თავი, რომ დამნაშავე ვარ”, – ამბობდა  მაგარამოვმა სასამართლოზე.

რც შეეხება დედას, მისი თქმით, ის უდანაშაულოდ არის დაპატიმრებული.

„რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა. ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი..“- მიმართა მან მოსამართლეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ამ კანონპროექტს დღეს ვერ ამოვწურავთ. ხვალ 11:45-ზე გვექნება ბიუროს ხდომა, 12:00-ზე კი პლენარულ სხდომას ამ კანონის განხილვით განვაახლებთ, შესაბამისად დღეს კენჭისყრა არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მისი ადგილია”- ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის კლინიკაში ყოფნის საჭიროება არ არსებობს.

„ჩვენ განცხადებებს ვისმენდით, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციონერი ლიდერი არის კრიმინალი მელიაო, მართალია, სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ შტურმს, პარლამენტის შენობაში შეჭრას აპირებდა, მაგრამ ხელი არ უნდა დაადოთო. ამ ხალხმა უღალატა კონსტიტუციას, გადადგნენ და ახალ გველაპარაკებიან მორალურ ფასეულობებზე. ჩვენ ამიტომ არ გავიზიარეთ ეს განცხადებები ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების საპროტესტო ნოტა, ვითომ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი. დარჩა იქ, სადაც მას ეკუთვნის ყოფნა და მოუწევს კიდევ ყოფნა. სხვათა შორის გამოიტანა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოდან, იზრუნა იუსტიციის სამინისტრომ, კარგ მდგომარეობაში ვარო. დემენეცია განიკურნა, საქართველოში პირველად მოხდა, მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანიც უნდა დაუბრუნდეს დისლოკაციის ადგილს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც არის მისი ადგილი. კლინიკაში მისი ყოფნის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.
აღინიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირის საიმედო მოკავშირეა, რომელიც განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობას .
პრემიერ-მინისტრმა ჟან-ფრანსუა რაპენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება”- სუბარი

,,შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სუბარმა გაიხსენა ის საერთაშორისო დოკუმენტები, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ქართული მხარეა დადანაშაულებული და რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე თავის დიდ გამარჯვებად ასაღებდა. “ქართულ ჯარს, ქართველ გმირ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. ამ თარიღთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო 2008 წლის ომი და ის ღალატი, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა – მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. მე აღარ ვილაპარაკებ ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე, „1633-ის“ სახელით რომ არის ცნობილი, რომელზედაც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა რატი იონათამიშვილმა ვრცლად ისაუბრა და სადაც ამ ღალატის დოკუმენტური გაფორმება მოხდა ომის დამთავრებიდან ორ თვეში. სამაგიეროდ, წავიკითხავ ერთ ციტატას, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციის დღევანდელ ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს: „იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე, ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა. გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებასა და ტერიტორიების გეგმურ დაკარგვას. სააკაშვილი ამ დანაშაულისთვის ჯერ კიდევ არ არის გასამართლებული და სანამ არ გასამართლდება, მანამდე საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და ვერც რუსეთს მოვთხოვთ პასუხს ჩადენილ ძალადობასა და ოკუპაციაზე.“ დღეს ამ სიტყვების ავტორი იმ ძალებთან ერთად, რომელთაც ომის დაწყებასა და ქვეყნის გაყიდვაში ადანაშაულებდა, სათავეში უდგას საქართველოს და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნდა აგვისტოს ომის გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რაც სააკაშვილმა პირდაპირ გამოაცხადა საქართველოსა და პირადად მის უდიდეს გამარჯვებად. არადა, ამ დასკვნაში წერია, რომ „ომი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველო თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გვიან ღამე, 2008 წლის 7-8 აგვისტოს. უფრო მეტიც, მისიამ განაცხადა, რომ როდესაც საქართველომ ცხინვალის დაბომბვა დაიწყო, არავითარი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლადაც თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა. ამ სიტყვებს რომ საქართველოს დიპლომატიურ გამარჯვებად გამოაცხადებ, ამას ერთადერთი სახელი აქვს – სამშობლოს ღალატი. ნაციონალურმა მოძრაობამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რამდენად დამაზიანებელი იყო ეს დასკვნა საქართველოსთვის. ამიტომ მათ უარი თქვეს მის თარგმნასა და გამოქვეყნებაზე, რათა ის, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, არ გაეგო ქართველ ხალხს. წავიკითხავ, რას წერს იმდროინდელი მსოფლიო პრესა ამ დასკვნის შესახებ. სააგენტო „როიტერსი“: “საქართველო მთავარი წაგებული მხარეა ევროკავშირის ომის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ევროკავშირის ანგარიში თბილისს ბევრად უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მოსკოვს.“ „უოლ სტრიტ ჯორნალი“: „საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“.

ეს არის სტატიის სათაური, ტექსტში კი წერია, რომ „მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ანგარიშის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაისროლა პირველმა.“ შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად გააქრო 2008 წლის აგვისტოს ომის დღეების სატელევიზიო არქივები. გააქრეს, რადგან ამ არქივებში, იმ პირდაპირ ეთერებში, რომლებიც უწყვეტად გადაიცემოდა ყველა ტელევიზიაში, კარგად ჩანს სამშობლოს ღალატის ის უპრეცედენტო მასშტაბი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს. სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მიატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ფრონესა და კოდორის ხეობებში, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. ამ ღალატს წინ უსწრებდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრების აღდგენა; ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნების ჩატარება; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა; 2008 წლის ბოლომდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება და უამრავი პროვოკაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ამ ოკუპაციის გაფორმება შესაძლებელი გახადა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პირობას ვდებთ, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„რამდენს გიხდიან, რომ „რუსული“… „რუსული“ იძახოთ? – ოხანაშვილი ოპოზიციას

საკანონმდებლო ორგანოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა ისევ დაპირისპირებით გრძელდება. „რამდენს გიხდიან რომ „რუსული“… „რუსული“ იძახოთ? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას.

„თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იყენებთ. ქალი, რომელმაც საქართველოს მოაქალაქეობა დათმო უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში შესასვლელად, მორალური უფლება არ გაქვთ ვინმეს რამე უთხრათ. მორჩა. რამდენს გიხდიან, რომ „რუსული“… „რუსული“ იძახოთ? მოსმენის კულტურა არ გაქვთ, არ გრცხვენიათ? თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებთ. თქვენთან საუბარს არ ვაპირებ, ვესაუბრები ჩვენს ხალხს. მშვიდობა ხომ გაქვთ? წყალი ხომ არ მოგაწოდოთ? მორალური უფლება არ გაქვთ, აქ რომ საუბრობთ“ – ასე მიმართა ოხანაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

,,ბატონო ანრი, რა განსხვავებაა ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე?”- გოცირიძე

გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ “ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა” – რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის? რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

 

რომან გოცირიძემ ოხანაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ მას არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია და “საკმაოდ ბევრი დრო მოანდომა 20 წლის წინ მომხდარ თემებზე საუბარს”.

 

„ბატონო ანრი, არ გაეცით თქვენ არც ერთ კითხვას პასუხი, მათ შორის, არც ჩემს კითხვას და ნახევარსაათიანი გამოსვლა გქონდათ რაღაც ფილოსოფიურ თემებზე, მათ შორის, ვინ რომელი ჯილდო მიიღო 20 წლის წინ. ამიტომ მიპასუხეთ ერთ შეკითხვაზე – გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე, რომელიც რეგიონიდან ჩამოყვანილი, ძალით მოყვანილი ხალხით ჩაატარეთ, ყოველი მეორე გამომსვლელი ამბობდა, რომ “ცალ ფეხზე არ იხტუნავებდა”. იმავეს ამბობდით აქ პარლამენტში ნახევარი წელია, რაღაც სიტყვა გამოიგონეთ, ვერ გავიგე, „დავგუგლე“, ვეძებე ქართული ხალხური გამოთქმები… რა განსხვავებაა, ბატონო ანრი, ცალ ფეხზე ხტუნაობასა და ორ ფეხზე ხტუნაობას შორის. რომელი უფრო მაგარია – ცალ ფეხზე მოხტუნავე, თუ ორ ფეხზე მოხტუნავე? ცალ ფეხს ხომ მეტი ოსტატობა უნდა?!“- განაცხადა გოცირიძე.

 

რომან გოცირიძეს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა.

 

„ბატონო რომან, ცალ ფეხზე ხტუნაობა ახსენა გიორგი ბურჯანაძემ, რომელიც იყო სახალხო დამცველის მოადგილე. მან პირდაპირ მოგვიწოდა, რომ თუ გვეტყვის ევროკავშირი ცალ ფეხზე იხტუნავეთო, ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაოთ ერთი კვირაო”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

,,შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც თვითონ რამეს წარმოადგენს”- დეკანოიძე

ბატონო ანრი, შეურაცხყოფა ისეთმა ადამიანმა უნდა მომაყენოს, რომელიც თვითონ რამეს წარმოადგენს, ამიტომ არცერთი ჩვენგანი შეურაცხყოფას არ მიიღებს ბიძინა ივანიშვილის მსახურისგან – თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის დამნიშნავი პოლიტიკური ძალა მე მელაპარაკება ღალატზე?, – ასე უპასუხა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც პარლამენტში ხატია დეკანოიძესთან კამათისას ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სთხოვა, გადაეღოთ, “როგორ გამოიყურება ღალატის სახე”.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობაზე საუბრობს, თუმცა როდესაც რამდენჯერმე შემოსავლების სამსახურს „ქართუსთან“ დაკავშირებით წერილით მიმართა, პასუხი არ მიუღია.

„მე შარშან სამჯერ გავაგზავნე შემოსავლების სამსახურში წერილი „ქართუსთან” დაკავშირებით. თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, მე შემოსავლების სამსახურმა რატომ არ გამომიგზავნა წერილი და რატომ არ მოახსენა საქართველოს პარლამენტს, რით არის დაკავებული „ფონდი ქართუ“? სად არის ეს წერილი? თუ თქვენ ბიძინა ივანიშვილის გამჭვირვალობაზე არ ზრუნავთ?“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

,,მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს”- ოხანაშვილი

მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და სხვას მოიხსენიებენ მოღალატედ ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს. ახლა ერთად შევახსენოთ ვინ არის მოღალატე ამ დარბაზში და ვინ გააფორმა ოფიციალურად რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ არიან მოღალატეები და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ მოღალატეთა სია როგორია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ საუბრობს დემოკრატიაზე, ვინ საუბრობს ღალატზე, ვინ საუბრობს რუსეთუმეობაზე.

„ეს არის რეზოლუცია 1633 (2008) საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგები, პუნქტი 5 – ამას გაგიმეორებთ ყველა ჯერზე როგორია მოღალატეობა და ეს უნდა ატაროთ მთელი ცხოვრება, „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით“. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს“. ქალბატონო თინა (ბოკუჩავა) ეს არის თქვენი ძალის ხელმოწერილი მოღალატეობრივი ხელმოწერა. აი ეს არის ჩემი როგორც იურისტის შეფასება რეზოლუციაზე, ამიტომ მოღალატეებმა ხმა არ უნდა ამოიღოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდნენ და არჩევნების შემდგომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გაასამართლებს ოპოზიციას მათი ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის გამო.

„ახლა ვინ გველაპარაკება ჩვენ, გიორგი ვაშაძე 2011 წელს სააკაშვილმა დააჯილდოვა პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით, 2011 წლის 26 მაისს, დარბევიდან მეორე დღეს. სირცხვილის განცდა არ გაქვთ? ქართველების რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდენი როგორ აიღე? აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე თქვენი ბელადი სად იდგა არ გახსოვთ? ვის შემოუძღვა აქ და ვის უკრავდა ტაშს, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოშიო? აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე „ვეტეო“-ში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას რატომ დაუჭირეთ მხარი? ოკუპანტს რატომ დაუჭირეთ მხარი, რომ არა საქართველოს მხარდაჭერა ვერ იქნებოდა რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამიტომ მოღალატეები ხმას ვერ უნდა იღებდეთ, მაგრამ არჩევნების შემდგომ ადგილი თქვენთვის იქნება გამოყოფილი და შესაბამისად ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგასამართლებთ. ქალბატონი ხატია დეკანოიძე არის თურმე ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი – 2016 წელს უცხო სახელმწიფო სამსახურში ჩადგომის გამო უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივარი უცხო სახელმწიფო სამსახურში შესვლის გამო სამშობლოს მოქალაქეობაზე უარს არ ამბობს, ამიტომ თქვენი წარსული არის მტკიცებულება ღალატის და პოლიტიკური სიმძიმის, – აღნიშნა ოხანაშვილმა.