Home Blog Page 3

 ევროკავშირმა საქართველოს არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30-მილიონიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ დახმარებას „ევროპის მშვიდობის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში. ეს იგივე მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს და არ იყენებს ევროკავშირის ბიუჯეტს“, – წერს იოზვიაკი.

“დაკავებები არის პროცესის ნაწილი, ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაცა ერთი წელი ჩაჯდება” -ლაშა ფირცხალაიშვილი

სააგენტო for.ge-ს მიერ  გავრცელებულ კიდევ ერთი ფარულ ჩანაწერებში აქტივისტების – ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

ნატა ფერაძე: საუკეთესო ობიექტი ჩვენი სტრატეგიით არის ვერის ბაღი და გეტყვით რატომ – ვერის ბაღიდან ნაწილს შეუძლია სანაპირო გადაკეტოს, ნაწილს შეუძლია გმირთა მოედანი გადაკეტოს, ნაწილს მელიქიშვილი და ვაკე…

ლაშა ფირცხალაიშვილი: დაკავებებიც არის პროცესის ნაწილი, რომელიც აუცილებელი არის, ჩემი აზრით, რომ მოხდეს. ვიღაცა თვალს დაკარგავს, ვიღაცა ერთი წელი ჩაჯდება, აგერ ლაზარე ციხეში, ვიღაცას დაიჭერენ.. და მოკლედ, ოქეი არის ეს ჩემთვის რა. მე ვეცდები, რომ ჩემი თავი პირადად არ დავაჭერინო.

იქამდე, for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.

მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.

მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!”-პაატა მანჯგალაძე

სუს-ის და შსს-ს განცხადებამ 1989 წელი გამახსენა, როდესაც 9 აპრილის მოვლენებამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით იმავეს იძახდნენ, ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნას ცდილობენო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სუს-ი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად.

„9 აპრილამდე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან დაკავშირებით იმავეს იძახდნენ. ამბობდნენ, ექსტრემისტულად განწყობილი რადიკალური ჯგუფები ცდილობენ სასიცოცხლო ობიექტებისთვის პრობლემის შექმნასო. იგივე განცხადება არ არის? მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, საქართველო თავისუფალი და უფრო ძლიერია, ვერაფერს გაბედავს სუს-ი, რომელსაც თვითონ ეშინია საკუთარი განცხადებების. სუს-ი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, თავად გადაიქცა მთავარ საფრთხობელად. ასეთმა სტრუქტურამ რა უნდა გააკეთოს. ის დროა, სუს-იც და პოლიციაც გადმოვიდეს ხალხის მხარეს. მივმართავ სუს-ის უფროსს, ლილუაშვილს, ასევე, კობახიძეს – ჩაშალეთ რევოლუციური სცენარის მცდელობა, გაიწვიეთ “რუსული კანონი!” სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ეს არის “ბიძინას უსაფრთხოების სამსახური”. შესაბამისად, ბიძინად უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ დემოკრატია არის საქართველოსთვის საფრთხე, ხელისუფლების ცვლილება და ხალხის აზრის გამოხატვა საფრთხე ჰგონიათ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები-სუსი

როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო -ლევან ნიკოლეიშვილი

ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც აქტივისტი ნატა ფერაძე და ლევან ფირცხალაიშვილი „გამჭვირვალობის კანონპროექტის” საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.

ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული პირები ხელისუფლების და ხალხის მოთმინების გამოცდას ცდილობენ.

„ამათ, როგორი გეგმები დაუწყვიათ?! ეს გადაკეტოთო, მერე ისო, თან დაკავებებიც პროცესიაო, ზოგი თვალს დაკარგავსო, ზოგიც ქალიშვილობას და ზოგიც ვაჟიშვილობასო, არც ტერიტორიების 20 % დაკარგვაც არ არის პრობლემაო. თავი რომ აქვთ დაკარგული ამაზე არაფერს არ ამბობენ. ძალიან, ძალიან ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის მოთმინების გამოცდას…” – წერს ნიკოლეიშვილი.

კულტურის სამინისტრომ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანსამბლს გადაეცა 20 „ხევსურულის“ კომპლექტი ვაჟებისთვის (ჩოხა, გულისპირი, ქუდი, პაჭიჭი) და 10 „ხევსურულის“ კომპლექტი ქალებისთვის (კაბა, მოსასხამი, ქუდი).

„ანსამბლისთვის სასცენო სამოსი ტენდერის შედეგად შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა.

ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტიის ფუძემდებელი გელოდი ფოცხიშვილი იყო. 1963 წლიდან მოყოლებული, მისი ხელმძღვანელობის პერიოდშიც და დღესაც, ანსამბლი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე მართავს კონცერტებს, ავითარებს ქართულ ქორეოგრაფიას და ემსახურება ქართული კულტურის განვითარებას. ქორეოგრაფიასთან ფოცხიშვილების მჭიდრო კავშირი 1955 წლიდან იწყება, პროფესიონალურ სცენაზე მოღვაწეობა კი – 1963 წლიდან, რაც უკავშირდება ცეკვის თეატრ „მეტეხის“ დაფუძნებას, დღეს კი უკვე – „სამეფო ნაციონალურ ბალეტს“. ანსამბლი რამდენიმე ათეული წელია გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. ფოცხიშვილების ქორეოგრაფიული დინასტია აერთიანებს სასწავლებლებს – „ფოცხიშვილების ცეკვის აკადემიას“ და ცეკვის სტუდია „პატარა ვარსკვლავებს“, რომლებიც ასევე დიდი წარმატებით საქმიანობს და სადაც მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას ასწავლიან.

2008 წელს გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის იდეით ჩამოყალიბდა „საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი”, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერია გელა ფოცხიშვილი. ანსამბლის მთავარი ბალეტმეისტერია მაია კიკნაძე.

მნიშვნელოვანია, რომ „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ კვლავ მონაწილეობს 2024 წლის ლევილის ქართულ ფესტივალში, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მეორედ იმართება.

ინფორმაციისთვის: შესაფერისი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებული ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

დაახლოებით 15 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოაცხადა პირველი ტენდერი.

შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისა და ორი სოლისტისთვის, კერძოდ, ანსამბლების: „ბერმუხას“, „ბასიანის“, „დიდგორის“, „სახიობის“, „ძირიანის“, „შილდის“, „ჩვენებურების“, „რიჰოს“, „ერისიონის“, „რუსთავის“, „სუხიშვილების“, მესტიის სალოტბარო სკოლისა და სოლისტების – ტრისტან სიხარულიძისა და ლელა თათარაიძისთვის.

იმავე წელს სამინისტრომ გამოყო 133 360 ლარი და მომდევნო წელს დამზადდა სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, „სათანაოსა“ და ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისთვის.

2023 წელს სასცენო სამოსი დამზადდა (117 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი, ექვსი ხევსურული ჯუბა და 52 კაბის კომპლექტი) კიდევ ათი ანსამბლისთვის.

2023 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება სამინისტრომ 2024 წლიდან დაიწყო.

მიმდინარე წელს სასცენო სამოსი უკვე გადაეცა: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს, კვინტეტ „ურმულს“ (ფიზიკური პირი ნუგზარ ქავთარაძე), სსიპ საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“, ა(ა)იპ „თუთარჩელა 2004“-ს, ა(ა)იპ-ს, ანსამბლს – „მე, რუსთველი“, ა(ა)იპ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ნართებს“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და ა(ა)იპ ქ. ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს.

ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის

გავრცელდა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

ფარულ ჩანაწერებს  საინფორმაციო სააგენტო for.ge ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორებისთვის სპორტსმენების მხრიდან მათი პოზიციის გაზიარება.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე საუბრობენ. როგორც აქამდეც იყო ცნობილი, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მათთვის ხვიჩა კვარაცხელიას გამოხმაურება საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაბამისად, ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

სააგენტო for.ge-ს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მეორე ფარულ ჩანაწერში ერთი ეპიზოდი ეთმობა ევროკავშირის ელჩზე საუბარს.

for.ge-ს ინფორმაციით, მოსაუბრეები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან. პაველ ჰერჩინსკის შეურაცხმყოფელი სიტყვებით ნიკა გვარამია მოიხსენიებს.

ფარული ჩანაწერების ავთენტიკურობა, ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის.

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, 2019 წლის 20 ივნისის საქმე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც სახალხო დამცველი აპარატში აღნიშნავენ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა 2019 წლის 20-21 ივნისს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ შეკრების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მომიტინგეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიების გამო.

საგულისხმოა, რომ ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის სპეციალურ და საპარლამენტო ანგარიშებში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე მიუთითებს.

სასამართლოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისსა და 2020 წლის მარტში გაუსვა ხაზი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოვლენების სისტემური ანალიზის ჩატარების აუცილებლობას, ჯერჯერობით ასეთი ანალიზი არ გაკეთებულა; არ მომზადებულა არც ოფიციალური ანგარიში, მოვლენების დეტალური ქრონოლოგიის, აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპების აღწერის შესახებ – მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის. სახალხო დამცველის მკაფიო რეკომენდაციების მიუხედავად, სათანადოდ არ განხილულა და არ შეფასებულა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ევროპულმა სასამართლომ ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე – ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. (საუბარია ნიღბიანი პოლიციელების თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშნებზე).

რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლის არსებით ასპექტს, ამ ეტაპზე ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილების მიღებისგან, იმ მიზეზით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შესრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და საგამოძიებო ორგანომ დაადგინოს აქციის დაშლისას მოვლენების სრულყოფილი სურათი და შეაფასოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“,- აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ მაისაიას სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფოს მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 15 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე შეეხება 2009 – 2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, მომჩივანი – ვახტანგ მაისაია, 2009 წლის 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მომჩივნის განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა.

სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაყრდნობით მიუთითა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ამასთან, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

რაც შეეხება გამოძიების ეფექტიანობას, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მომჩივანმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული პრეტენზიები ჯერ კიდევ 2010 წელს დააყენა, თუმცა გამოძიება წარიმართა ხარვეზიანად. კერძოდ, მას არ ჰქონდა პროცედურული შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში და თვალი ედევნებინა მისი პროგრესისთვის. ამასთან, გამოძიების პროცესში იყო გაუმართლებელი უმოქმედობის პერიოდები საგამოძიებო უწყების მხრიდან.

სახელმწიფოს დაევალა მომჩივნისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15,000 ევროს მოცულობით.

სოფელ კავთისხევში ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთს კი მაშველები მდინარეში ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. 35-წლამდე კაცს კი მაშველები მდ. კავთურაში ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი და დრონებით დათვალიერება.

წყარო: იმედინიუსი

რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად? – უცხოური პრესა

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად?“ (ავტორი – არპან რაი), რომელშიც საუბარია ექსკლუზიურად მიღებულ ფაქტებზე. „მოსკოვი ცდილობს, რომ უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის ქვედანაყოფების იარაღით და სხვა მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად, ქერჩის სრუტეზე გადებული ყირიმისა და ტამანის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდით აღარ ისარგებლოს“, – ნათქვამია სტატიაში.

რატომ მიიღო მოსკოვმა ასეთი გადაწყვეტილება და რომელი ალტერნატიული გზებით უნდა განხორციელდეს რუსეთის არმიის მომარაგება?

როგორც კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათები აჩვენებენ, ხიდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს – ყირიმის ანექსიის შემდეგ – ააშენა, სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის  აღარ შეიმჩნევა.

როგორც უკრაინის კერძო სადაზვერვო სააგენტო „მოლფარის“ ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მასზე მხოლოდ ერთმა სატვირთო მატარებელმა გაიარა – 29 თებერვალს, საწვავის 55 ცისტერნით, ხოლო მარტ-აპრილში ხიდის მეშვეობით რუსეთის სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ გადაადგილებულა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქერჩის ხიდი უკვე აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს რუსეთის ჯარების მომარაგებაში და უკრაინის არმიისათვის ეფექტურ სამხედრო სამიზნეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. საინტერესოა, რომ ხიდის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებმა 2023 წლის 17 ივლისს მისი საავტომობილო ნაწილი და სარკინიგზო ხაზი დააზიანეს.  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმისა და ტამანის დამაკავშირებელ საკომუნიკაციო ობიექტს „კანონიერი სამხედრო სამიზნე“ უწოდა – „ყირიმის ხიდს ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ამიტომ მისი ნეიტრალიზება უცილებელია“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მალიუკას განცხადებით, სანამ 17 ივლისს ქერჩის (ყირიმის) ხიდზე აფეთქებები განხორციელდებოდა, ყოველდღიურად მასზე იარაღით დატვირთული დაახლოებით 40 სამხედრო ეშელონი გადადიოდა. ამჟამად კი დღეში მხოლოდ ოთხი სამგზავრო მატარებელი დადის.

დაკვირვების შედეგები აჩვენებს, რომ მოსკოვი სახმელეთო მარშრუტების გამოყენებაზე გადავიდა და სარგებლობს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებზე არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციებით. მკვეთრად არის გაზრდილი ტვირთების მოძრაობა ტამანიდან როსტოვის ოლქის მიმართულებით.

როგორც „ინდეფენდენთის“ კორესპონდენტს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორმა არტემ სტაროსეკმა შეატყობინა, ახლა კიევს მოუწევს თავისი ყურადღება გაამახვილოს დონბასის სამხრეთით მდებარე მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე და მარიუპოლზე, სადაც სახმელეთო კომუნიკაციები – საავტომობილო გზატკეცილები მოქმედებენ და რუსეთის სარკინიგზო ჯარები რკინიგზის დაზიანებულ ხაზს არემონტებენ (140 კილომეტრიან მონაკვეთს) და ახალი გაჰყავთ (63-კილომეტრიანი მონაკვეთი). მოსალოდნელია, რომ გზის მშენებლობა ზამთრის დაწყებამდე დასრულდება.

ვასილი სტაროსეკის თქმით, უკრაინისათვის უფრო მომგებიანი იქნება სახმელეთო მარშრუტების განადგურებაზე გადავიდეს იმის ნაცვლად, რომ თავისი რესურსები ყირიმის ხიდზე დახარჯოს. „დღეს სწორედ სახმელეთო გზები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს, ვიდრე სამხედრო ტვირთების გარეშე დარჩენილი ყირიმის ხიდი“, – ამბობს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორი, – დასავლეთისაგან მიღებული იარაღი იმ გზების დაზიანება-განადგურებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, რომლითაც რუსეთის არმია საბრძოლო მასალებს იღებს“.

წყარო

კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია-შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის [მისი შეჩერების] შანსი, ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებდნენ, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი კვლავ იხდის სასჯელს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ქვეყანამ სტატუსი მაინც მიიღო.

„ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციების ტექსტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტები წერდნენ, რაც „ამერიკაში მოქმედი ქართული კანონით“ (FARA) დადასტურდა.

„პირდაპირ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტების მომზადება იყო ერთ-ერთი საქმიანობა, რომელსაც ამერიკელი ლობისტები ეწეოდნენ. ასე რომ, როდესაც ჩვენ აქ, ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციის პირდაპირ მინიშნებებს, ამ ხალხის მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებისა, ეს ერთი. და მეორე – ევროკომისიის მხრიდანაც არის ცხადი პოზიცია, რომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტარების განცხადებებს. ეს არის მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობა, მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ექნებათ არჩევნები და ამ პარლამენტარიდან, რომელი დარჩება ევროპარლამენტში და რომელი არა, ჯერ კიდევ საკითხავია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს”- გერმანელი ექსპერტის აზრით, ქართული კანონპროექტის უკან კრემლი დგას”- რას წერს უცხოური პრესა?

გერმანული ჟურნალის „მერკურის“ (Merkur) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია/კომენტარი სათაურით „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს“: გერმანელი ექსპერტის აზრით, ქართული კანონპროექტის უკან კრემლი დგას“ (ავტორი – ვიქტორია კრუმბეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თბილისში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ (სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რომლის მიღება ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი: საკანონმდებლო დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისტრირდნენ და ანგარიში გააკეთონ მიღებული თანხების წარმომავლობის თაობაზე. გერმანელი ექსპერტების ვარაუდით, კანონპროექტის უკან შეიძლება კრემლი იდგეს.

„ვამბობთ კანონს, ვგულისხმობთ კრემლს?“

თბილისში დემონსტრაციების მთავარი ლოზუნგები ასეთია: „არა რუსულ მთავრობას!“, „არა რუსულ კანონს!“, „ჩვენ არ დავიღლებით, უკან არ დავიხევთ!“. პოლიციელები მიტინგის დაშლას ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით ცდილობდნენ.

ოპონენტები საქართველოს მთავრობას რუსეთთან დაახლოების გამო აკრიტიკებენ: მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონი თავისი არსით და მიზნებით ძალიან ჰგავს რუსულ საკანონმდებლო აქტს „უცხოური აგენტების შესახებ“.
როგორც კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი თბილისში შტეფან მალერიუსი ამბობს, „სინამდვილეში საქართველოში ამ კანონის არანაირი საჭიროება არ არის. იგივე კანონპროექტის მიღებას ხელისუფლება შარშანაც ცდილობდა, მაგრამ შემდეგ, სახალხო პროტესტის გამო, მთავრობამ უკან გაიწვია. ახლა კი მისი ხელახლა დაბრუნება მოულოდნელად მოხდა“.

ჩარევა გარედან: „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს…

შტეფან მალერიუსს დიდი ეჭვი აქვს, რომ კანონპროექტის განმეორებითი შეტანა პარლამენტში გარედან ჩარევის შედეგად მოხდა, დიდი ალბათობით – რუსეთიდან. „ალბათ, კრემლიდან დარეკეს, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან… ეჭვი მაქვს, რომ ამ კანონის უკან რუსეთი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას – იგი მილიარდერია, მმართველი პარტიის დამფუძნებელი და კულისური ლიდერი… მას რუსეთიდან უთხრეს და მიანიშნეს, რომ ეს კანონპროექტი სწორედ ახლა უნდა იქნეს მიღებული“.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ გაიმართება. მოსალოდნელია, რომ საქართველოს პროევროპელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში საკმაო უმრავლესობა ჰყავს, რომ პრეზიდენტის ვეტო გადალახონ და ისევ მიიღონ.

მმართველი პარტია კანონის ძალაში შესვლას მაისი შუა რიცხვებში გეგმავს. საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირის მიღების კანდიდატად გასული წლის დეკემბრიდან, თუმცა, როგორც ბუნდესტაგში გერმანიის მწვანეთა პარტიის დეპუტატი ანტონ ჰოფრაიტერი ამბობს, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში აღნიშნული კანონის გამო ეჭვქვეშ დგება, რითაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხე ემუქრება.

წყარო