Home Blog Page 3

“გარიყულთა შეხვედრა”-BBC

“ვლადიმერ პუტინის ვიზიტით კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოიხატა რუსეთის ის უპრეცედენტო დაახლოება აზიურ დიქტატურასთან, რომლის გარიყულობის სტატუსი რამდენიმე წლის წინათ თვით კრემლმაც დაადასტურა, როცა კომუნისტურ კორეას სანქციები გამოუცხადა“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „გარიყულთა შეხვედრა“: რით დასრულდა ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში და რას ფიქრობს ამის შესახებ ჩინეთი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსი პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგები თავის ჩრდილოკორეელ კოლეგასთან.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

ფხენიანში ვლადიმერ პუტინს და უზენაეს ლიდერს კიმ ჩენ ინს „გრძნობიერი შეხვედრა ჰქონდათ, მათ ერთმანეთს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს, შემდეგ კი ორივე დასაძინებლად გაემართა. ამხანაგი კიმ ჩენ ინი, როცა ამხანაგ ვლადიმერ პუტინს საძინებელში მიაცილებდა, მასთან გულისხმიერად საუბრობდა“, – მოწიწებით წერს ჩრდილოკორეული ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო KCNA.
მაგრამ კიდევ რაზე ლაპარაკობდნენ ისინი სინამდვილეში და რას ფიქრობს კრემლის ბინადრის ვიზიტზე ჩინეთი, რომელიც ორივე ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება, ვიდრე ისინი ერთმანეთისათვის?
პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ დამკვირვებელს ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა საბჭოთა ტელევიზიის ქრონიკა გაახსენა: ორივე ლიდერის გიგანტური პორტრეტები შენობების ფასადებზე, სამხედრო აღლუმი და დროშების ფრიალი, ბავშვების გაღიმებული სახეები და მშრომელთა დიდი სიხარული, აგრეთვე ანტიამერიკული შტამპები ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის გამოსვლებში.

(…)

მაგრამ, რიტორიკის და გარეგნული ზიზილ-პიპილების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საბჭოური ტრადიციის გაგრძელება კი არ არის, არამედ მისგან დაშორება, ტრადიციის წყვეტა.

კსდრ არასდროს არ ყოფილა საბჭოთა კავშირისათვის თანასწორი პარტნიორი, უფრო მეტიც – ორი ქვეყანა ყოველთვის არ იყო ერთმანეთის მეგობარი. 1945 წელს საბჭოთა არმიამ და ამერიკის ჯარებმა კორეა იაპონელთა ოკუპაციისაგან გაათავისუფლეს და იოსებ სტალინმა კსდრ-ის ამჟამინდელი ლიდერის პაპა კიმ ირ სენი ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოქმნილი სოციალისტური რეჟიმის ლიდერად დანიშნა.

კიმების დინასტიის დამფუძნებელი თავისი მფარველისა და „მამა-მარჩენალის“ მიმართ ლოიალობას ინარჩუნებდა, მაგრამ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი ამხილა, ორ მეზობელს შორის ურთიერთობა გაუარესდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასეთად რჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი 2000 წელს ვიზიტით იყო ფხენიანში, თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში რუსეთის ლიდერი მაინცდამაინც არ ინტერესდებოდა ჩრდილოეთ კორეით და უფრო მეტად ყურადღებას აქცევდა ჩინეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, მათთან ვაჭრობის განვითარებას.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა: სამხრეთ კორეამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა და კიევისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება დაიწყო, რუსეთს კი ჭურვების შესყიდვა ფხენიანისაგან მოუწია.

(…)
ჯერ-ჯერობით ვიზიტის მთავარი შედეგია ხელშეკრულება, რომელშიც შეტანილია პუნქტი ურთიერთდახმარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს ვინმე თავს დაესხმება. „ხელშეკრულება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს დახმარებას ხელმომწერი მხარისადმი აგრესიის დროს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მაგრამ რადგანაც დოკუმენტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა, კომენტატორები ახლა მკითხაობენ, თუ რა არის გათვალისწინებული კონკრეტულად. ბევრი იხსენებს სსრ კავშირისა და კსდრ-ის თანამშრომლობის იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი ნიკიტა ხრუშჩოვმა მოაწერა 1961 წელს და რომელიც გულისხმობს „სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევას“ რომელიმე ხელმომწერ მხარეზე თავდასხმის დროს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ნამდვილად ახალი ხელშეკრულება ამგვარ ურთიერთგარანტიებს.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინასთან ომში, რაც საფუძველს იძლევა, რომ მასში იურიდიულად არის გაფორმებული უკვე მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა, კერძოდ, ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალების მიწოდება რუსეთის არმიისათვის.
სხვათა შორის, რუსი სტუმარი კორეელ მასპინძელს სანქციების გადახედვას დაჰპირდა გაეროს ჩარჩოებში. მას, ალბათ, დაავიწყდა, რომ რუსეთი იგივე სანქციების მონაწილე ქვეყანას წარმოადგენს. მოსკოვი გაეროს სანქციებს 2010 წელს მიუერთდა – აკრძალვები ეხებოდა ჩრდ. კორეისათვის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას და იარაღით ვაჭრობის ემბარგოს. 2017 წელს კი ვლადიმერ პუტინმა პირადად გააფართოვა აკრძალვის რეჟიმი და ხელი მოაწერა სანქციებს სამეცნიერო, სავაჭრო და საფინანსო სფეროებში.
(…)
როგორც „ბიბისის“ კორეპონდენტი ჩინეთში ლორა ბიკერი აღნიშნავს, ოფიციალური პეკინი ფრთხილად და ეჭვით ეკიდება მოსკოვისა და ფხენიანის ერთმანეთთან დაახლოებას და ნამდვილად არ სურს პეკინ-მოსკოვ-ფხენიანის სავარაუდო ღერძის მონაწილე იყოს.

„ბიბისის“ ჟურნალისტი იხსენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ამასწინანდელი – 17 მაისის – ვიზიტის დროს სი ძინპინი წინააღმდეგი იყო, რომ რუსი ლიდერი პეკინიდან პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებულიყო და მას ურჩია, რომ ფხენიანში ვიზიტი სხვა დროისთვის გადაედო.

ლორა ბიკერი აღნიშნავს, რომ რუსეთსაც და ჩრდილოეთ კორეასაც ჩინეთი უფრო ძალიან სჭირდებათ, ვიდრე მოსკოვს და ფხენიანს ერთმანეთი. ანუ მათთვის პეკინი უფრო ძვირფასია. მაგრამ თავის მხრივ, ჩინეთის კომპარტიის სათავეში მდგომებს არ სურთ მსოფლიოში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ პეკინი მათ დაახლოებას ხელს უწყობს.

კიმ ჩენ ინის „მეომრულ და საბრძოლო სულისკვეთებას“ – კორეელი კომუნისტები 2017 წლიდან რეგულარულად აწყობენ ბირთვული რაკეტების ტესტ-გამოცდებს და აშშ-სა და მის რეგიონულ მოკავშირეებს ემუქრებიან – საქმე მიჰყავს აზია – წყნარი ოკეანის ამ ნაწილში აშშ-ის გააქტიურებისა და ვაშინგტონის გავლენის გაფართოებამდე, რაც უკიდურესად არასასურველია ჩინეთისათვის.

ამ კვირაში, როგორც გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერიოზული დონის მოლაპარაკება გამართეს, რომლის დროსაც უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ნაციონალისტური რიტორიკის მიუხედავად, პეკინი მზად არ არის „გარიყულთა კლუბის“ წევრი გახდეს, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად

მოამზადა სიმონ კილაძემ 
.
წყარო:

აშშ-მა უნდა თქვას რომ მთავრობებს აღარ გადააყენებს, რუსეთმა კი უნდა თქვას, რომ ფეხს არ გადაადგამს დადგენილ საზღვარს, რომელზეც შეთანხმდებიან და ნატო არ გაფართოვდება-ჯეფრი საქსი

პროფესორმა ჯეფრი საქსმა ბრიტანელ წამყვან პის მორგანთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა სურს და მასთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, თუმცა პუტინი არ დაეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ყირიმის არ დათმობს.

მორგანის რეპლიკას „როგორც ჩანს, თქვენ უფრო მეტად ეყრდნობით პუტინის მსოფლმხედველობას და არა მკაცრ რეალობას“ საქსმა ასე უპასუხა: „შესაძლოა იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი შეერთებულ შტატებზე. რადგან პირველი ომი ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო აშშ-ის მიერ ბელგრადის დაბომბვა 78 დღის განმავლობაში, რათა შეეცვალა ევროპული სახელმწიფოს საზღვრები“.

პროფესორის თქმით, საბოლოო მიზანი სერბეთის დაშლა და კოსოვოს, როგორც ანკლავის შექმნა იყო, რათა შემდეგ სამხრეთ-დასავლეთ ბალკანეთში ნატოს უმსხვილესი ბაზა განლაგებულიყო. მისივე თქმით, მსგავსი რამ მოხდა 2014 წელს უკრაინაში და ვაშინგტონმა უკრაინაში გადატრიალება მოაწყო, მას შემდეგ რაც იანუკოვიჩის მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ.

„მეორე დღეს, „ოპოზიცია“ ამბობს: „ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და გადააგდეს იანუკოვიჩი. რამდენიმე საათის შემდეგ აშშ ამბობს, რომ მხარს უჭერს ახალ მთავრობას. ვაშინგტონს არ უთქვამს: „ჩვენ ხომ შეთანხმება გვქონდა, რაც თქვენ გააკეთეთ არაკონსტიტუციურია“. ანუ ჩვენ გადავაგდეთ მთავრობა, ევროკავშირის მიერ დადებული პირობის მიუხედავად და, სხვათა შორის, რუსეთი, შეერთებული შტატები ადა ევროკავშირი იყვნენ ამ შეთანხმების მონაწილეები. ვაშინგტონმა კი რამდენიმე საათში დაუჭირა მხარი გადატრიალებას. ასე, რომ ყველას აქვს რაღაცაზე პასუხი გასაცემი“, – აცხადებს საქსი.

მან შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზეც ისაუბრა.

„პრობლემა იმაშია, რომ ძალიან კარგად ვიცნობ შეერთებული შტატების მთავრობას და არ ვენდობი მას. მინდა ორივე მხარე დასხდეს და მთელი მსოფლიოს წინაშე თქვან – აი ასეთ პირობებს ვაყენებთ. აშშ-მა უნდა თქვას რომ მთავრობებს აღარ გადააყენებს, რუსეთმა კი უნდა თქვას, რომ ფეხს არ გადაადგამს დადგენილ საზღვარს, რომელზეც შეთანხმდებიან და ნატო არ გაფართოვდება. იცით, ხანდახან შეთანხმებები მართლა უძლებს დროს“, – ამბობს საქსი.

 ჩინური მხარე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი -ჩინეთის საელჩო

პეკინი მკაცრად გმობს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიაზე და მას აბსურდულს უწოდებს.

„საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური კომპანია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან.

ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოთაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებული სან-ფრანცისკოს ხედვას.

ჩინური მხარე ასევე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც კანადაში -ჰერმან საბო

გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ევროპაში, ცუდი კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც წესი, ცუდ კანონს აზღვევს წესიერი სასამართლო, რისთვისაც საჭიროა სასამართლო, რომელიც მთავრობას არ ექვემდებარება.

„გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ევროპაში. ცუდი კანონია, ზედმეტი ჩარევაა ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შენს ქვეყანაში რომელიმე უცხო ქვეყანა რაიმე სპეცოპერაციას თუ ახორციელებს, ამას სპეცსამსახურები უნდა უყურებდნენ და არა უცხოური აგენტების შესახებ რეესტრების შექმნა და რაღაც ნეგატიური კონოტაციის სახელების დარქმევა. მაგრამ რეალობა რომ გავითვალისწინოთ, ამ ცუდ კანონს, როგორც წესი, აზღვევს ხოლმე წესიერი სასამართლო, რომ მთავრობამ არ მოახდინოს ამ კანონის ბოროტად გამოყენება. ამისთვის საჭიროა წესიერი სასამართლო, რომელიც არ ექვემდებარება მთავრობას“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მისი თქმით, კანადისგან განსხვავებით, საქართველოში ორმაგი პრობლემა არსებობს, თუ იქ ცუდ კანონს თეორიულად სასამართლო აზღვევს, საქართველოში სასამართლო ისევე კონტროლირებადია, როგორც სხვა ინსტიტუტები.

„ორმაგი პრობლემა გვაქვს, კანადელებისგან განსხვავებით. ცუდ კანონს იქ თუ თეორიულად სასამართლო აზღვევს, ჩვენთან სასამართლოც არ არის და სასამართლოც ისევე კონტროლირებადია, როგორც სხვა ინსტიტუტები. დასავლეთშიც, ევროპაში, ამერიკაში თუ კანადაში კანონი მიმართულია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საწინააღმდეგოდ, ჩვენს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ეს კანონი მივიღეთ ევროპის და ამერიკის საწინააღმდეგოდ. ამ სამი არგუმენტის გაერთიანება გვაძლევს იმ განსხვავებას კონტექსტში, რის გამოც კანადაში შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს კანონის მიღებით, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის – იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის – შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია”, ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისა და „ხალხის ძალის“ განცხადებები ერთმანეთთან თავსებადი არ არის.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება და „ხალხის ძალის“ გუშინდელი განცხადება არ არის ერთმანეთთან შეთავსებადი. ამავე დროს, ყველას ესმის, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ნაწილია და მისი ლოცვა – კურთხევით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი გულწრფელობასთან დაკავშირებით, რაც ამ თემასთან შეიძლება არსებობდეს, ან არ არსებობდეს. ერთის მხრივ, შენი მარჯვენა ხელი გეუბნებოდეს, „დაგმე ამერიკა და ევროკავშირი“ და მარცხენა ხელი გეუბნებოდეს, „იცი რა, გადატვირთვაა საჭირო და ნორმალიზაცია, ჩემი აზრით, არ გამოიყურება სერიოზულად“. ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის გზას. ორივე გზას თავისი მიმართება აქვს, მაგრამ მე მგონი, ისინი არ არიან ერთმანეთთან მაინცდამაინც თანხვედრილი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 30 მაისს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში გაზიარებულია 30 მაისს მიღებული ცვლილებებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.

საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ზურაბიშვილი ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს, დააგროვა ვეტოები და ვეტოვუმენად არის წოდებული – გურამ მაჭარაშვილი

x

სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საქართველოს საზოგადოებას არ წარმოადგენს.

„უნდა შევახსენოთ ზურაბიშვილს ევროკავშირის წარმომადგენლობის, ბატონი დენიელსონის სიტყვები, რომელმაც დაახლოებით ოთხი წლის წინ საქართველოში თქვა, როდესაც არსებობს მაღალი კვორუმი დაწესებული ცესკო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იქვე უნდა არსებობდეს ეგრეთ წოდებული განბლოკვის მექანიზმი, რათა ოპოზიციამ არ გამოიყენოს ეს ხელოვნურად ჩიხში შესასვლელად. ეს არის ბატონი დენიელსონის სიტყვები. ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება ბატონი „იმიტომ”, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკო-ში, დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება, იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს, მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც მათ შორის კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ან სწორი კანონია მიღებული, ის ვეტოს ადებს. დააგროვა აი, ეს ვეტოები. ვეტოვუმენად არის წოდებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას – დავით მათიკაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებს “ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს”, თუმცა ცოტა გაუჭირდება.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შიშები, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას” მედროშე სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ამოძრავებს, შიშებად დარჩება და მათი ფიასკო გარანტირებული იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ვეტოზე ადებს, სხვა საქმე არ აქვს, ძალიან მიეჩვია ამის კეთებას. უბრალოდ ყველაფერი არ არის არგუმენტირებული. ცოტა არგუმენტიც რომ დააყოლოს მისივე მდგომარეობას გააუმჯობესებს, საზოგადოების თვალში მაინც, ცოტა კი გაუჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, ვის ეშინია, როგორ ეშინია და რა კანკალი აქვთ ატეხილი რადიკალურ ოპოზიციაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს შიშები დარჩება შიშებად. ეს საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამართლდება და მათი ფიასკო და საზოგადოების კიდევ ერთი განაჩენი არის გარანტირებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ – ალუდა ღუდუშაური

გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გონჩარენკო ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციაში.

„შეგახსენებთ, ვინ არის გონჩარენკო. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის და ფოკუსშიც ვერ მოხვდა გონჩარენკო, იმიტომ, რომ ის არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი და თქვენ ხედავდით მის სამკერდე ნიშანს, თუ ვის წარმოადგენდა. ამიტომ გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ არც დროს დავხარჯავთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ,” – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.

“რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იმავეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი” – განაცხადა გონჩარენკომ.

დაკავებულია პირი, რომელმაც ბათუმის სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა – სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სუს-ში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 6 მაისს ქალაქ ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განახორციელა შეტყობინება.

„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, კანონმდებლობის შესაბამისად, კონტრტერორისტული პროტოკოლით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სპეციალური ღონისძიებები გაატარეს, რის შედეგადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა გამოირიცხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი.

კონტრტერორისტული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მოქმედებს ცრუ შეტყობინებების უკან მდგომი პირებისა და პირთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიზნით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აქტიურ ფაზაში აგრძელებს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტებზე იქნება საკმაოდ მკაცრი“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ არის წოდებული – გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა დააგროვა ვეტოები – „ვეტოვუმენად“ არის წოდებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნებისმიერ წარმატებას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს.

„რა თქმა უნდა, ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება „ბატონი იმიტომ“, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ 9 პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკოში და დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები. საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ის ვეტოს ადებს. დააგროვა აი, ეს ვეტოები. “ვეტოვუმენად” არის წოდებული,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. საქმე ეხება ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ასევე, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტო აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით დაიძლევა.