პროფესორმა ჯეფრი საქსმა ბრიტანელ წამყვან პის მორგანთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს ომის შეწყვეტა სურს და მასთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, თუმცა პუტინი არ დაეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ყირიმის არ დათმობს.
მორგანის რეპლიკას „როგორც ჩანს, თქვენ უფრო მეტად ეყრდნობით პუტინის მსოფლმხედველობას და არა მკაცრ რეალობას“ საქსმა ასე უპასუხა: „შესაძლოა იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი შეერთებულ შტატებზე. რადგან პირველი ომი ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო აშშ-ის მიერ ბელგრადის დაბომბვა 78 დღის განმავლობაში, რათა შეეცვალა ევროპული სახელმწიფოს საზღვრები“.
პროფესორის თქმით, საბოლოო მიზანი სერბეთის დაშლა და კოსოვოს, როგორც ანკლავის შექმნა იყო, რათა შემდეგ სამხრეთ-დასავლეთ ბალკანეთში ნატოს უმსხვილესი ბაზა განლაგებულიყო. მისივე თქმით, მსგავსი რამ მოხდა 2014 წელს უკრაინაში და ვაშინგტონმა უკრაინაში გადატრიალება მოაწყო, მას შემდეგ რაც იანუკოვიჩის მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას ევროკავშირთან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ.
„მეორე დღეს, „ოპოზიცია“ ამბობს: „ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“, შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და გადააგდეს იანუკოვიჩი. რამდენიმე საათის შემდეგ აშშ ამბობს, რომ მხარს უჭერს ახალ მთავრობას. ვაშინგტონს არ უთქვამს: „ჩვენ ხომ შეთანხმება გვქონდა, რაც თქვენ გააკეთეთ არაკონსტიტუციურია“. ანუ ჩვენ გადავაგდეთ მთავრობა, ევროკავშირის მიერ დადებული პირობის მიუხედავად და, სხვათა შორის, რუსეთი, შეერთებული შტატები ადა ევროკავშირი იყვნენ ამ შეთანხმების მონაწილეები. ვაშინგტონმა კი რამდენიმე საათში დაუჭირა მხარი გადატრიალებას. ასე, რომ ყველას აქვს რაღაცაზე პასუხი გასაცემი“, – აცხადებს საქსი.
მან შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზეც ისაუბრა.
„პრობლემა იმაშია, რომ ძალიან კარგად ვიცნობ შეერთებული შტატების მთავრობას და არ ვენდობი მას. მინდა ორივე მხარე დასხდეს და მთელი მსოფლიოს წინაშე თქვან – აი ასეთ პირობებს ვაყენებთ. აშშ-მა უნდა თქვას რომ მთავრობებს აღარ გადააყენებს, რუსეთმა კი უნდა თქვას, რომ ფეხს არ გადაადგამს დადგენილ საზღვარს, რომელზეც შეთანხმდებიან და ნატო არ გაფართოვდება. იცით, ხანდახან შეთანხმებები მართლა უძლებს დროს“, – ამბობს საქსი.