Home Blog Page 27

,,როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის იბრძვის, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი მის გვერდით დგას”- სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრიდან და მისი უკანონო ანექსიიდან 10 წელი გავიდა და უკვე 900 დღეზე მეტია, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს აწარმოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ მეოთხე სამიტზე მიმართვისას განაცხადა.

„დამთხვევაა, რომ ეს სამიტი 11 სექტემბერს იმართება? რომ 23 წლის წინ ტერორმა თავისუფლებისა და დემოკრატიის შუაგულს დაარტყა, მოკლა და დააზარალა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, და რომ დღეს, ტერორმა ისევ იფეთქა, მაგრამ ამჯერად ევროპის შუაგულში – ლვოვსა თუ პოლტოვაში? ეს გვახსენებს, რომ ჩვენ [ამ ტერორს] არ შევეგუებით, რომ თავისუფლებისთვის, ადამიანის ღირებულებებისთვის, ადამიანის ღირსებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა უკომპრომისოა. მხოლოდ ამის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გრძელვადიან მშვიდობას მივაღწევთ.

უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსული აგრესიის ნამდვილი სახის წინაშე დაგვაყენა – სასტიკი, დაუნდობელი კამპანია, რომელსაც არამხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცები ჰყავს მიზანში ამოღებული, არამედ განსაკუთრებით, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები და უკრაინული საზოგადოება მთლიანობაში.

ეს მხოლოდ უკრაინის ტრაგედია არაა; ეს გაფრთხილებაა მსოფლიოსთვის, რომ თუ რუსეთი შეჩერებული არ იქნება, ამ სასტიკი მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს – იქნება ეს პირდაპირი ტრადიციული ომის მეთოდები, სამხედრო ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, თუ დეზინფორმაციის კამპანიები, რათა თავის იმპერიალისტურ ამბიციებს მიაღწიოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ამ ბარბაროსობის წინაშე, უკრაინამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა საოცარი სიმამაცე და სიმტკიცე და მსოფლიო აღფრთოვანებულია უკრაინელების სიძლიერისა და გამძლეობის შემსწრე, რომელიც შეიძლება მხოლოდ გმირობად შეფასდეს, ეს ჩვენთვის, ყველასთვის შთამაგონებელია“.

„უკრაინამ ყოვლისშემძლე რუსული არმიის სახე დაამსხვრია და დაამტკიცა, რომ რუსეთის დაუმარცხებლობა მითი იყო, რომ რუსეთმა ვერ შეძლო კიევის დაპყრობა ვერც სამ და ვერც 900 დღეში. ვერ შეძლო უკრაინული საზოგადოების დასუსტება, ან უკრაინის დაშორება ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერისგან. ეს იმიტომ, რომ ყველანი ვაცნობიერებთ – უკრაინელები არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან.

უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კრიტიკული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რადგან რუსეთმა საზღვრების პატივისცემა უნდა ისწავლოს – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, მოლდოვაში და დანარჩენ ევროპაში. ძალიან დიდი ხანია მოსკოვი უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ცდილობს ძალისმიერად საზღვრების შეცვლას და მისი მეზობლების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრას. ამგვარი საქციელის დაშვება აღარ შეიძლება.

როგორც ყველამ ვიხილეთ, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის და კონტინენტისთვის გადამწყვეტია, რადგან ის სავაჭრო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციის მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. ის ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, და მისი [შავი ზღვის] სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოებასთან. ამიტომ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ექსპანსია აფხაზეთის ოკუპაციიდან ყირიმის ანექსიამდე, ან მის ბოლოდროინდელ ნაბიჯებამდე – ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნასთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული“,- აღნიშნა ზურაბიშვბილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს ომი მართლაც ეხება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას, საზღვრების პატივისცემასა და ერების უფლებების დაცვას იცხოვრონ მშვიდობიანად.

„და იმ დროს, როცა უკრაინა თავისი და ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლას განაგრძობს, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ხალხი თქვენს გვერდით დგას, მსოფლიო დგას თქვენს გვერდით და ჩვენ ერთად დავანახებთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს ვერ შეაშინებს ის, ვისაც დაყოფა, განადგურება და დაპყრობა სურს. Slava Ukraini!“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს.

,,უნგრეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების”-ვროპარლამენტარი ონდრაშ ლასლო

უნგრეთი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების და მხარს ვუჭერთ ცალსახად საქართველოს მომავალ წევრობას ჩვენს ორგანიზაციაში, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ონდრაშ ლასლომ.

„დიდი იმედი მაქვს, უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ საქართველოს დახმარებას, რათა გადადგას ქვეყანამ ნაბიჯები წევრობისკენ მიმავალ გზაზე. გვჯერა, რომ შედგება გულწრფელი საუბარი.

გაფართოება ყველასთვის პოპულარული თემა არაა, მაგრამ უნგრეთი ცდილობს ეს შეცვალოს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მაგრამ გაფართოება დიდი პოლიტიკური ბრძოლაა ბრიუსელში, წევრ ქვეყნებს შორის.

საქართველოს აქვს ჩვენი მხარდაჭერა. საქართველო ეკუთვნის ევროპას და ევროკავშირს. ახალი კომისია დაიწყებს ნოემბრიდან მუშაობას და ევროპარლამენტში ახალი შემადგენლობაც აქტიური იქნება, რაც საბოლოო ჯამში შემდგომ გაფართოებას ახალ ბიძგს მისცემს. ველოდებით თუ ვინ იქნება გაფართოების მიმართულებით ახალი ევროკომისარი. საქართველოსთვისაც არჩევნების შემდეგ კარგი შანსი იქნება ინტეგრაციის მიმართ ერთგულების დადასტურება, შეხვდეს ახალ კომისარს გაფართოების საკითხებში და მუდმივად საქართველო იყოს ჩვენს დღის წესრიგში. ვისაუბრეთ შეხვედრაზე ბევრ თემაზე. მესმის ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიერ გაწეული ძალისხმევა არჩევნებზე უცხო ძალების ჩარევის მინიმიზაციის მიზნით. არჩევნების პერიოდი ყველა ქვეყანაში მგრძნობიარე ეტაპია და არჩევანი მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა მან.

„პასუხი იქნება შესაბამისი“ – კრემლი დასავლეთს აფრთხილებს

უკრაინისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლების მიცემა გააღრმავებს აშშ-ისა და ევროპის პირდაპირ ჩართულობას ომში და მოსკოვის მხრიდან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართულობის ხარისხს“, – დასძინა პესკოვმა.

 ,,სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის”- პრემიერი

სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, ოპოზიციას ექვსჯერ ჰქონდა შანსი, რომ გამართულიყო საპარლამენტო დებატები, თუმცა ექვსივეჯერ გაექცნენ.

„დებატებში არავითარ პრობლემას არ ვხედავ, პირიქით ისინი გაურბიან დებატებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, რომ საერთოდ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კონსტიტუციას, მათთან დებატებს არავითარი არც ფასი აქვს, არც სირთულე აქვს, რაღაც დებატები უნდა იყოს ცოტა რთული მაინც, იმისათვის, რომ იქ მონაწილეობა ღირდეს.

ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამ პირობებში ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელ ოპოზიციას, ვინც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20 პროცენტამდე. 60/20-ზე თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს რომ არჩეული იყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ის „ნაცმოძრაობამ“ დატოვა პრეზიდენტის პოსტზე, მას შემდეგ, რაც მან დაარღვია კონსტიტუცია, არის დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ვერ გახდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, დაჯდება თუ არა ოპოზიციასთან დებატებში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ თავად მზად არის, თუმცა ოპოზიცია გაურბის დებატებს.

„პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი, ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.

,,ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს”- კობახიძე

არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს.

„ყველას აქვს საშუალება, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ყველა აკვირდება არჩევნებს და აბსოლუტურად შეუფერხებელი არის ის პროცესი, რაც დაკავშირებულია დაკვირვებასთან. პრობლემა არის, რომ არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ NGO-ების ვებგვერდზე და პირდაპირ წარმოებს კამპანია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ასეთ პირობებში რა დაკვირვება უნდა განახორციელონ, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ყველაფერი დევს ხელის გულზე, თან ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს. მათ აქვთ შელახული რეპუტაცია, თუმცა დააკვირდნენ და იყონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერ გაბედეს ამის გაკეთება”- პრემიერი

რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს. რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვართ მყარად, ნებისმიერ ადამიანთან ვართ მზად პოლემიკისთვის, თუმცა, ისინი ცდილობენ ხელიდან გაუშვან ეს შანსი”, – განაცხადა პრემიერმა.

,,საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას – პრემიერი

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევა ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შემთხვევაში რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და უკრაინას.

„ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ, ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. არ გავაკეთეთ არც ერთი, არც მეორე, ანუ არ ჩამოვაქციეთ ეკონომიკა, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამ საბაბით გაწვეულ იქნა უკრაინის ელჩი საქართველოდან, რაზეც საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან. იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმე იყო, ვერავის გავაკრიტიკებ, წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში რჩებოდა უკრაინაში, კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან. ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და ეს სჭირდება ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას,”- აღნიშნა პრემიერმა.

,,ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, არამედ ქვეყნის გარედან”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე

ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან. 

„ხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში ვერ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებასთან და ამ ფონზე გარკვეული მცდელობაა, რომ გარედან დაეხმარონ ოპოზიციას კამპანიის წარმოებაში. ოპოზიციის კამპანია სინამდვილეში წარმოებს არა საქართველოში, საზოგადოების წინაშე, არამედ წარმოებს ქვეყნის გარედან, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ესეც ვერ მოახდენს ვერავითარ გავლენას არჩევნების შედეგებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული დაკომპლექტებულია სხვადასხვა კრიტერიუმით”- კობახიძე

საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული სხვადასხვა კრიტერიუმით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდია და  არიან, როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე – ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესის სფეროს და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. თქვენ ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მე მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ქვეყანაში არავითარი კრიზისი იქნება, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა”- ირაკლი კობახიძე

არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება, ვინმეს თუ უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე. 

„არავითარი კრიზისი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება. თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის სამართალდამცველი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, ეს დაინახა ქართულმა საზოგადოებამ, მათ შორის ამ ბოლო თვეების განმავლობაში. შესაბამისად, ვერავინ შექმნის  ვერავითარ კრიზისს, თუ ვინმეს უნდა გაიმეოროს საქართველოში ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც აბსოლუტურად განწირულია წარუმატებლობისთვის, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, შესაბამისად თუ ვინმეს ასეთი აზრები აქვს, ვურჩევ ყველას, რომ ასეთ აზრები გვერდზე გადადოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების”  ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა”- პრემიერი

პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და სამწუხაროდ არის მათი ერთ-ერთი მარიონეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის უნრერვიუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების”  ხათრით აირჩიეს პრეზიდენტად და მან უღალატა იმ ადამიანებს, ვინც მას ხმა მისცა.

„სალომე ზურაბიშვილი აცდენილია საერთოდ ყველაფერს. თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდა მაინცდამაინც დიდი ნდობით, მაგრამ ჩვენი ხათრით, არჩეულ იქნა შესაბამის თანამდებობაზე და დღეს, რეალურად, პირდაპირ დაუპირისპირდა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს, აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის ბანაკში. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუციის მიხედვით, თუმცა ის პირდაპირ აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის რიგებში და, სამწუხაროდ

“დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს – თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს”-Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს: თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს” (ავტორი – ტიმ ჯუდა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველო დრეიფობს, დინებას მიჰყვება. პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის წინ, რომელიც მომავალი თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ბევრი მოწინააღმდეგე თვლის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წავა, ყველა ღონეს იხმარს ძალაუფლების როგორმე შესანარჩუნებლად. რუსი მაღალჩინოსნები უკვე აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ძალადობრივი პროცესები განვითარდება. ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციას, ახლა კურსს ცვლის: საქართველოს ფაქტობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, იგრძნო რა, რომ ძალაუფლება ხელიდან უსხლტება, მან და მისმა თანამოაზრეებმა დასავლური კურსიდან გადაუხვიეს. ამჟამად საქართველო ერთი შეხედვით ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე, სადღაც დასავლურ და რუსულ სამყაროს შორის არსებულ ქვეყანას წარმოადგენს, მის ირგვლივ თითქმის ყველა სახელმწიფო „ბრიკს“-ის (BRICS) წევრია. დასავლელმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა მოამზადონ გეგმა საქართველოში სრულმასშტაბიანი კრიზისის შემთხვევისათვის.

თბილისში დაძაბული ატმოსფეროა შექმნილი. ზოგიერთებს დღეს არსებული ვითარება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და მისი მმართველობის პირველი ოთხი წელი ოპტიმიზმითა და პროგრესით გამოირჩეოდა, შემდეგ კი, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული რუსული სამხედრო ინტერვენციისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად, მისი ადმინისტრაცია ავტორიტარიზმმა, ძალადობრივმა მოქმედებებმა და კორუფციამ იმსხვერპლა. იგივენაირი ტრაექტორია მეორდება ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პერიოდშიც.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე იმ კანონის მიღების წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისაკენ იყო მიმართული. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სინამდვილეში ხელისუფლების ხელში გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს – თვალი ადევნოს კორუფციას, გააკონტროლოს მთავრობა და მას პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს. მთავრობა ასევე აქტიურად ეწევა პროპაგანდას „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგაც. ეს ყველაფერი ტრაგედიას წარმოადგენს.
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს წინაშე სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რომლის შედეგად თბილისისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნა შეთავაზებული. ალბათ, ქართველთა უმეტესობისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს ამ მოულოდნელი საჩუქრის მიღება ყველაზე მეტად არ სურდა – იმიტომ, რომ ევროკავშირში ინტეგრირება გულისხმობს ქვეყნის მართვის სისტემის სერიოზულ გაუმჯობესებას და მის დემოკრატიზაციას, სასამართლო ელემენტის ჩათვლით. ბრიუსელმა საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი შეუჩერა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას კვლავ ჰპირდება ევროკავშირის შესვლას 2030 წლისათვის.

ოპოზიციური აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარების მიუხედავად, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად უკვე მათ ხელშია, ბიძინა ივანიშვილმა კი უკვე დაკარგა.

„ქართული ოცნება“ მუდმივად აცხადებს ჩრდილოვანი „გლობალური ომის პარტიის“ საფრთხის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს და რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ „მეორე ფრონტში“. უნდა ითქვას, რომ ქართული ოპოზიცია მრავალფეროვანია, რის გამოც მმართველი პარტია მას „კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს (იგულისხმება დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის პარტიის სახელწოდება).

არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის მოსახლეობა რომ იღებდეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია იოლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. მაგალითად, პატარა ქალაქ ახალციხეში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივი ამომრჩევლები თავიანთ ხმას ყოველთვის სახელისუფლო პარტიას აძლევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსგავს ქალაქებში მრავალი სამუშაო ადგილი შექმნილია სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში – მუნიციპალიტეტებში, მერიებში, სამხარეო დაწესებულებებში. ადამიანებს ეშინიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ხელმძღვანელის თანამდებობას გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს და ადმინისტრაციის პერსონალში სამუშაო ადგილებს გადაანაწილებს, კონტრაქტებს გაუფორმებს საკუთარ ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს.
ხელისუფლება მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ აშინებს: თამუნა უჩაძე, რომელიც ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის ახალციხის ფილიალში მუშაობს, ჰყვება, რომ პირადად გახდა მომსწრე იმისა, თუ როგორ მოუწოდებდა ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორი, სტუდენტებს მიტინგზე მისულიყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის მხარდასაჭერად. და თუ ისინი ამაზე უარს იტყოდნენ, მაშინ ლექტორი მათ კარგ შეფასებას არ აღირსებდა.
ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი „ქართული ოცნებიდან“, ირონიულად უყურებს ოპოზიციის აზრს, რომ მმართველი პარტია მოსკოვთან ახლოვდება. „რუსეთი ჩვენი მტერია, – ამბობს იგი, – „ჩვენს ევროპულ კურსს ვერაფერი შეაჩერებს“.

ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების ვარაუდით, „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მხარს უჭერენ ამომრჩეველთა ერთი მესამედი, ხოლო ორ მესამედს ჯერ საკუთარი პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, ანუ ოქტომბრისათვის შეიძლება საარჩევნო სიტუაცია გაუარესდეს. რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს: კრემლიდან აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ამერიკა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს – ერთგვარ „თბილისურ მაიდანს“. რასაკვირველია, [ამერიკის ჩარევაზე ლაპარაკი], უბრალოდ, აბსურდია, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ მართლაც ვერ გაიმარჯვებს, მთავრობას მაინც შეუძლია პრეტენზიები წამოაყენოს და მომხრეები დემონსტრაციებზე გაიყვანოს, ძალადობის პროვოცირების მიზნით.

თუ მმართველი პარტია პატიოსნად და სამართლიანად გაიმარჯვებს, მაშინ თბილისი დასავლეთისაგან დაშორებას გააგრძელებს. თუ არჩევნებს წააგებს, მაგრამ მაინც შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, მაშინ ქართველები იმედის მზერას დასავლეთს მიაპყრობენ… და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი შეიძლება უცხო სახელმწიფოების მოქმედება აღმოჩნდეს.
როგორც ეკა მეტრეველი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველო ამჟამად [თითქოსდა] ნეიტრალიტეტისაკენ იხრება, [სინამდვილეში] კი რუსეთის გავლენის სფეროში ექცევა, რაც ქართველების უმრავლესობას არ სურს

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო