





უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა, გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა.
“მე მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩახედვა მოხდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ, რომ გადაუმოწმებელია,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, ზუგდიდსა და ფოთში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უსასყიდლოდ მოემსახურება. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მერიებმა მიიღეს.
უწყებების ოფიციალურ გვერდებზე კი მოძრაობის გრაფიკი და ავტობუსების გასვლის ადგილებია გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა კატეგორიას, სააღდგომოდ სასურსათო პროდუქტები გადაეცა.
თურქეთის პროვინცია ადანაში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში თურქეთში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრები ცხრა საათის ინტერვალით მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის 11 პროვინციასა და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში.
თებერვლის დასაწყისში მომხდარმა მიწისძვრებმა თურქეთსა და სირიაში 52 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული შუახნის ქალია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, უცნობია.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 15:55 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აგებული კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III გამოიტანა.
მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.51 საათზე დაიხურა.
პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს. კუვუკლიაში შესვლამდე, იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავს სასულიერო პირებთან ერთად სამჯერ ლიტანიობით შემოუარა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. მომლოცველთა ჯგუფი წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებს, რის შემდეგაც იგი ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.
უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა.
მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და 19:00 საათის შემდეგ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე გააგრძელებენ.
როგორც გიორგი წერეთელმა აღნიშნა, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია.
„დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის აღდგა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება . 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას “ტვ ფორმულას” ირგვლივ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით?- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
“დავით კეზერაშვილის სკანდალმა დიდი დარტყმა მიაყენა არა ამათუიმ პარტიას ან მედია-კომპანიას, არამედ ზოგადად დემოკრატიის ისედაც სუსტ ინსტიტუტებს. კეზერაშვილზე გაბრაზება სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია, მაგრამ ამ ვითარების გამო სიხარული – არა.
ცხადია, დამნაშავე ამაში, პირველ რიგში, თავად კეზერაშვილია. ბიბისი მეტისმეტად მაღალი რეპუტაციის ფირმაა, რომ მისი კვლევა უკუვაგდოთ. უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ სასამართლოს (მით უმეტეს, რომ ბრიტანეთის სასამართლო ჩვენსაზე მეტ ნდობას იმსახურებს), მაგრამ რაც უკვე გავიგეთ, საკმარისია, რომ კეზერაშვილი – სასამართლომდე მაინც – მორალური თვალსაზრისით, პერსონა ნონ-გრატად იქცეს.
მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ მისი ასეთი სტატუსი უკანა რიცხვით გავავრცელოთ ყველაზე, ვისაც ოდესმე კეზერაშვილისგან დაფინანსება მიუღია ან რამე საქმეში მისი პარტნიორი ყოფილა. ბევრი ადამიანის თვალში, კეზერაშვილს არც მანამდე ჰქონდა მაღალი რეპუტაცია; კონკრეტულად ქოლ-ცენტრების საქმეზე მასზე მანამდეც დადიოდა ჭორები. მაგრამ სანამ კონკრეტული ფაქტები არ დაიდება, ვერავინ გამოცხადდება კრიმინალად (ივანიშვილის კონტროლირებადი სასამართლოს ბრალდებებს სერიოზულად, ბუნებრივია, ვერ მივიღებ, შემთხვევით ჭეშმარიტების მარცვლის შემცველიც რომ აღმოჩნდეს).
მთავარი ზოგადი პრინციპია: როდის უნდა თქვა დონორის ფულზე უარი, თუ ეს ფული კარგი საქმის გასაკეთებლად გინდა? მხოლოდ სრულიად შეუბღალავი რეპუტაციისა უნდა იყოს დონორი? ეს არარეალისტურია. აშკარა კრიმინალით მოპოვებული ფული უნდა აიღო? ჩემი აზრით, არა (თუმცა 1990-იანებში მრავალი ეკლესია სწორედ კრიმინალების ფულით, რასაც სამართლიანად ვაკრიტიკებდით). ზღვარი სადღაც გადის, მაგრამ კონკრეტულად სად – ეს ჯერ გარკვევით არავის უთქვამს.
ჩვენი უბედურება ისაა, რომ კარგი საქმისთვის დონორი ცოტაა, არჩევანი ძალიან შეზღუდულია. თეორიულად ვიცით, რომ დივერსიფიკაცია და ქრაუდფანდინგი ზოგადად ჯობია, მაგრამ, ყველა პრობლემას ეს ამ ეტაპზე ვერ გადაწყვეტს.
იდეალში კარგი იქნებოდა, მაგალითად, ვინმე იდეალისტი მდიდარი სპონსორი გამოჩენილიყო და ტვ „ფორმულა“ უხერხული მდგომარეობისგან ეხსნა. მაგრამ თუ არ გამოჩნდა, ვამბობთ, რომ უნდა დაიხუროს? თუ პირიქით, თანადგომა უნდა გამოვუცხადოთ სწორედ ამ ძალიან რთული მდგომარეობის გამო? საკითხი ასე დგას.”
აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
„აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა. იესო ჯერ ისევ სამარხში წევს, მაგრამ ყველაფერი გარშემო უკვე სავსეა წინასააღდგომო სიხარულით.
დიდი შაბათი
წმინდა წერილის მიხედვით, ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს მაცხოვარი დაიკრძალა.
რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა უფროსობის ნებართვით შეიძლებოდა მათი დაკრძალვა.
ამიტომ იოსებმა იყიდა რა კვართი – გრძელი ტილო, რომელშიც იუდეველები მიცვალებულებს კრძალავდნენ, ქრისტეს ჯვარცმის და სიკვდილის შემდეგ, მივიდა პილატესთან და სთხოვა პროკურატორს იესოს ცხედარის დამარხვის უფლება მიეცა.
ქრისტეს სხეული ჯვრიდან გადმოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა.
ფარისევლები კი რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველებაზე მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მივიდნენ პილატესთან და სთხოვეს იესოს საფლავთან გუშაგები დაეყენებინა, რადგან ეშინოდათ ცხედარი არავის მოეპარა.
იუდეაში რომის პროკურატორმა განკარგულება გასცა იესოს სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად სამარხი კვირას ცარიელი აღმოჩნდა, რაც უდაოდ ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
დიდ შაბათს მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსაკუთრებული მსახურება ტარდება. განრიგით ისინი პარასკევ საღამოს იწყება, საეკლესიო მსახურება ამ დღეს ერთდროულად სამგლოვიერო და სადღესასწაულო ხასიათისაა, რადგან დიდი შაბათი ასრულებს ვნების კვირეულს და აღდგომის დასაწყისად გვევლინება.
ამ დღეს ტაძრებში ხდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ.
ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში.
სრულდება წირვა,ხოლო – 23:00 საათზე დაიწყება შუაღამის ჟამნი. ღამისთევის მსახურება, რომელსაც მოებმევა 00:00 საათიდან წმ.იოანე ოქროპირის სადღესასწაულო წირვა.
ღვთისმსახურებისას ამ დღეს კითხულობენ ნაწყვეტებს ძველი აღთქმიდან, სადაც საუბარია წინასწარმეტყველებაზე ქრისტეს აღდგომის შესახებ.
ტაძრებში ღვთისმსაზურების დასრულების შემდეგ ხდება კვერცხებისა და პასკების კყრთხევა, საღამოდან კი მორწმუნეებს აღსარების ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ.
დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.
„TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, გენერალ -მაიორ კობა კობალაძესთან ერთად, ბონი ქეროლმა და „TAPS” -ის წარმომადგენელმა, ფატმა მეგრაჰმა შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან. ირაკლი ბერაიამ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება და აღნიშნა მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელ სტუმარს, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ვეტერანთა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, შევხვედროდით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა გვესაუბრა ჩვენი მისიის შესახებ და კიდევ ერთხელ დაგვერწმუნებინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ და ძლიერად დგას ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მთავრობის გვერდით. ამ ძალიან რთული დროის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვართ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში”,-განაცხადა ბონი ქეროლმა.
შეხვედრის შემდეგ, კობა კობალაძემ, სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. შემდეგ წმ.სამების ლავრაში, ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მეომრის, მიხეილ მაზანაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
დღის ბოლოს, კობა კობალაძემ სტუმრებს დაათვალიერებინა: ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნული ცენტრი(გერმანული კონცერნის „ოტტო ბოკი”-ის პარტნიორი საქართველოში).
„ამაღელვებელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰოსპიტლისთვის გაწეული თანადგომა, რომელიც მან გაწია დაჭრილი და დაშავებული მეომრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოში. ჩვენ ამ მხარდაჭერით გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც იმსახურა და მსხვერპლი გაიღო მშვიდობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას; გავუზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს შეერთებულ შტატებში ჩვენს ხელმძღვანელობას, კონგრესს და ვეტერანთა საქმეების დეპარტრამენტს, თუ რამდენს ნიშნავს საქართველოსთვის ეს თანადგომა;- აღნიშნა ბონი ქეროლმა.
ვეტერანთა ჰოსპიტალში, იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამხედრო მოქმედებების დროს დაჭრილ დაშავებული მებრძოლები, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, პირადად გაცნობოდნენ ბონი ქეროლს. ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, “ახალგაზრდული მედია-კავშირის” თავმჯდომარე, ხატია გავაშელი, შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, თეა ერისთავი, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის წარმომადგენელი, ლიკა მეტრეველი.
https://www.youtube.com/watch?v=rRSFD3tDFxo