Home Blog Page 2557

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.

„დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, – წერს ლუბინეცი.

ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვივნენ.

“ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, ისევე როგორც მათი მფლობელები”- ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა ამერიკის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია, მათ მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს შექმნილი და ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, – ამის შესახებ პრემიერმა-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმედგაცრუებული იყვნენ.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ქვეყანაში განვითარდეს ტურიზმი, მეტი ტურისტი შემოვიდეს. რაც მთავარია, თავიდანვე სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ. ჩვენ შევარჩიეთ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი, ისევე როგორც მათი მფლობელები. ეს არის მთავარი. რამდენიმე კვირის წინ ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია ჩამოვიდა, მათ მადლობაც გადაუხადეს მთავრობას, რომ ეფექტური სისტემა გვაქვს შექმნილი და ჩვენი ქვეყნის გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდით ავლისთვის, არამედ პირიქით, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ პოლიტიკას. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ძალიან ბევრი დეზინფორმაციული კამპანია, ვნახეთ იმედგაცრუებული ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. ესეც მორიგი მტკიცებულება იმისა, როგორ არ უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას, მის იმიჯს და რეპუტაციას. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სიტუაცია, მშვიდობა, სტაბილურობა, ძლიერი ეკონომიკური ზრდა, განვითარება. ჩვენ მოვინახულეთ განახლებული რეგიონები. ყველგან მიმდინარეობს მუშაობა და სამუშაო ადგილები იქმნება. ეს არის ჩვენთვის მთავარი, ეს არის მთავარი საზრუნავი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა.

“რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა?”-ირაკლი ღარიბაშვილი

ნატო-ს სამიტზე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია რუსეთთან, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთანო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ღიმილით ვუყურებდი იმ სიუჟეტებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში ისმოდა. თქვენ იცით, რომ თავიდან სურათი წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაული მოხდა ნატო-ს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რა მოხდა, რეალურად რომ ვთქვათ, კითხვა დავსვათ. გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი იქამდე, ვიდრე რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, რუსეთი თუ დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატო-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დავიწყოთ. ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის ნატო. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა-ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა.

ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო. რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ ვიდრე უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა ნატო და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ შეიქმნას.

„ასეთ ვითარებაში, მეგობრებო, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40-მილიონიან ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, ნატო ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ, ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, ნატო-ს და, საბოლოო ჯამში, გახდეს სწორ დროს, როცა ამის დრო იქნება, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უბედურება ხდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე საქართველო ღირსეულად წარმოჩინდა.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, გავაგზავნეთ საგარეო საქმეთა მინისტრი. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ თვითონ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული იმ მთავარ პანელსა და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. გეტყვით ასევე, ჩემთანაც იყო გარკვეული შემოთავაზება, საუბარი იყო ვახშამზე. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი. ხაზგასმით, ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, მინდა, განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო საუბრები და უსაფუძვლო სპეკულაციები“, – განაცხადა პრემიერმა.

“ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით”- პრემიერი

ქვეყნის რეზერვები, ეროვნული ბანკის რეზერვები ხუთ მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. შედარებისთვის, ვახსენე ასევე უმუშევრობა, რომელიც 35%-ზე მეტი იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, რეზერვები იყო 2.8 მლრდ დოლარი, ახლა არის 5.1 მლრდ დოლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება.

„დეპოზიტები და სესხები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების დეპოზიტებზე მინდა რომ ვთქვა, დოლარში იყო დაახლოებით 2.5 მლრდ 2012 წელს და დაახლოებით ამდენივე ლარში 2.6 მლრდ. თქვენ თუ დაინტერესდებით რამდენი არის დეპოტიზები დღეს ჩვენი ხალხის, 25 მლრდ დოლარი დაახლოებით არის დეპოზიტები ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის. 10-ჯერ არის გაზრდილი ამ დეპოზიტების მოცულობა და ლარშიც ასევე 26- 27 მლრდ არის ლარში დეპოზიტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა მდიდრება, ძლიერდება, ვითარდება. მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება წლის ბოლოს უკვე 30 მლრდ ლარით. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პროგრესია და ამას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ჩვენი ქვეყნის მტრები, შიდა თუ გარე მტრები სწორედ ებრძვიან ამ განვითარებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების არ შექმნას და ა.შ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს ძალიან მაგრად, კონტროლის ქვეშ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“პოლონელი ექიმების მხრიდან მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი”-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და უბრალოდ სამარცხვინოა, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

„ვინაიდან საკითხი არის ძალიან პოლიტიზებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მიმდინარეობს, არა მხოლოდ შიგნით ქვეყნის, არამედ გარეთ უფრო, მე მაინც კომენტარს გავაკეთებდი ამ საკითხზეც. ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში, მაშინ ჩვენ მსჯელობა გვქონდა ამის თაობაზე და იუსტიციის მინისტრმა გააკეთა შეთავაზება, საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან. ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ველოდით ქმედით ნაბიჯებს, რომ სურვილოსამებრ, რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ჩამოეყვანათ ექიმები. ძალიან ბევრი სპეკულაცია გაიმართა ამ საკითხზე და როგორც იქნა ბოლოს, პოლონეთის საელჩო ჩაერთო ამ პროცესში და მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილის ოჯახთან ერთად ექიმები. ჩვენ, მას შემდეგ, რაც მათ გაიარეს კონკრეტული პროცედურები, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა. ჩვენ ვიყავით ერთგულნი ამ ჩვენი შეთავაზების და დაპირების. ეს ერთგვარი ჟესტი გავუკეთეთ, მათ შორის ჩვენს პოლონელ მეგობრებს, კოლეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„ამ საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ, ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია. როგორც ჩანს, ამას ემსახურება მათი ზედმეტი აქტიურობა. მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან. მე აღარ მინდა, დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, რომ მითუმეტეს ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს არავისთვის.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია. როცა თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ. ეს მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, ეს საკითხი არის პოლიტიზებული. ალბათ აქ რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა, მათ ჰქონოდათ. ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის იდეის უკან.

ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადობა და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ ეს ერთგვარი ჟესტი იყო ჩვენგან, ამის შემდეგ ვფიქრობ, ცოტა ზედმეტი არის ასეთი აქტიურობა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მანამდეც მოგეხსენებათ, რომ ექსპერტებმაც შეამოწმეს და ანალიზებიც ჩატარდა. ჩვენ ასევე გერმანიაში ჩავატარეთ დამატებით კვლევები. დადასტურდა, რომ არავითარი მოწამვლის ფაქტი არ მომხდარა. ეს ყველაფერი არის სიცრუე და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს. მე ვფირქობ, ეს არის ახალი სპექტაკლის დადგიმის მორიგი მცდელობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“არახამია-გვარამია ერთი ძალაა, აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს”-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით არახამია და  ნიკა გვარამია ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან და მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს.

„რეალურად, არახამია-გვარამია არიან ერთი ძალა, აბსოლუტურად ერთი ძალა. აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არავითარი ფასი არ აქვს. არიან ერთი გუნდის წარმომადგენლები და შესაბამისად, შეხვდნენ ერთმანეთს. ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება მათ შეხვედრას.

ამ ყველაფერს არავითარი ფასი არ აქვს არც ჩემთვის, არც საზოგადოებისთვის. ისედაც ვიცოდით, რომ ისინი არიან ერთად – სააკაშვილი-არახამია, გვარამიაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. შესაბამისად, სიახლესაც კი ვერ დავარქმევთ იმ ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა. ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, მათი საერთო ფოტო არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შესახებ პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.

მდინარე ლიახვში 10 წლის ბიჭი დაიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტს სოფელ ტირძნისში 10 წლის ბიჭი დაიხრჩო.

სოფელში  სტუმრად მყოფი 10 წლის ბიჭი, რომელიც თანატოლებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, წყალში დაიხრჩო.

თვითმხილველთა თქმით, ბავშვმა წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და დინებამ წაიღო. თანატოლებმა კი მისი შველა ვერ შეძლეს.

“ადამიანი წინდაში რას ჩაიდებს და რას გაიტან-გამოიტანს, კანონდარღვევა არ არის”- გიორგი ბარამიძე

ადამიანს რაღაც, ფურცელი თუ ქაღალდი ედო წინდაში, ეს რა კანონდარღვევაა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა მათ უპრობლემოდ შეეძლოთ გაეტანათ ნებისმიერი რამ, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

ბარამიძის თქმით, ადამიანი წინდაში რას ჩაიდებს და რას გაიტან-გამოიტანს, კანონდარღვევა არ არის.

„ამისთვის გამოვარდეს ქვეყნის იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, ადამიანს როგორ აქვს რაღაც წინდაში ჩადებული, სამარცხვინო ამბავია. რაღაც პროვოკაციაზე ლაპარაკობს, რა არის აქ პროვოკაციული, ამ ადამიანმა რა კანონი დაარღვია, რა პროვოკაცია ჩაიდინა, ჯერ არც ვიცით, რა ფურცელი იყო. თვითონ ამბობენ ნიმუშიაო, იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, რამე გამოიკვლია, რა ქაღალდი ედო ადამიანს წინდაში, იქნებ მისი პირადი ნივთია, ვინმემ ეს გამოიკვლია? ეჭვებს რასთან დაკავშირებით შეიძლება იწვევდეს? რატომ დასჭირდა, ჰკითხონ და უპასუხებენ. ადამიანი, რომელსაც ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ჰქვია, ყოველგვარი შესწავლის გარეშე ამას ლაპარაკობს. იქნებ მისი პირადი ნივთია, მისი საქმეა მის წინდაში რა ექნება. ამ ადამიანს არც კანონი, არც პროცედურა დაურღვევია, რა პროვოკაციაზე ლაპარაკობენ და რა სკანდალს ტეხენ“, – განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, პოლონელი ექიმი თუ რამეს მალავდა, ნიშნავს, რომ ხელისუფლების ნდობა არ აქვთ.

„სჯობს იმაზე ილაპარაკონ, თვეების განმავლობაში, პოლონელ, უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს აიძულებდნენ, საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონება არაკვალიფიციური ადამიანები იყვნენ. ეს მათი პრობლემაა, რომ ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიდნენ. პოლონეთში თუ ადამიანი უმაღლესი კვალიფიკაციისაა, საქართველოში მას ვინმე კვალიფიკაციას უწუნებს? ოთხი თვე ეს ადამიანები აწვალეს, შეუშვებდნენ თუ არა. უმაღლეს ოფიციალურ დონეზე უთხრეს, რომ შეგიშვებთ, შემდეგ ათასგვარ სისულელეს ეუბნებოდნენ რომ დაემტკიცებინათ ექიმობა, რაც სამარცხვინოა. როგორი ფორმითაც მათ სურდათ, ისე გამოიტანეს ნიმუშები. თუკი ეს ადამიანი, დავუშვათ, რამეს მალავდა, ეს კიდევ უფრო საგანგაშოა. იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ხელისუფლების ნდობა არ აქვთ და რაღაცის ფარულად გამოტანა გადაწყვიტა. ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, იგივე პუტინის გაგრძელება და მის მიმართ არ აქვთ ნდობა. მისი საქმეა, ვის რა უდევს თავის წინდაში, ეს იუსტიციის მინისტრის საქმე არ არის. უცნაურობა შეიძლება იყოს, მაგრამ უცნაურობის გამო ქვეყნის იუსტიციის მინისტრი გამოხტეს და სკანდალი ატეხოს წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს, ბარამიძის თქმით, „სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, მზად არიან ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მეგობარ ქვეყანას რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შარი მოსდონ“.

„ეს რამე დიპლომატიური პრობლემაა? რამ უნდა იმოქმედოს ურთიერთობებზე, წინდაში რომ ედო ადამიანს ფურცელი? – აბსურდია. თავისთავად აბსურდი და სამარცხვინოა, თითქოს ამ ადამიანის ეს ქმედება რამე პრობლემას ქმნის. ამ ადამიანს არც კანონი დაურღვევია, არც საქართველოში ყოფნის წესი, ელჩს რის გამო უნდა იბარებდნენ, რა უნდა უთხრან, რატომ ედო ამ ადამიანს წინდაში ფურცელი? იქნებ მისი პირადი იყო, იქნებ ასეთი ახირება აქვს, ყველას გვაქვს რაღაც ჩვევა. სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, მზად არიან ერთ-ერთ მთავარ მეგობარ ქვეყანას რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შარი მოსდონ, თურმე, მთლად უარესი, ელჩის დაბარებას აპირებენ. საზოგადოებას შეიძლება წარმოუჩინონ ათასი სისულელე, ატომური ბომბი ედო წინდაში“, – აღნიშნა ბარამიძემ.

“პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და გაუგებარია ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ” – გიული ალასანია

იმ ადამიანებთან, მე არავითარი კონტაქტი არ მქონდა, თუმცა ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩამოვიდნენ. დანარჩენი, მე არაფერი ვიცი, – ასე ეხმაურება  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  დედა, გიული ალასანია,  მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს და ამის თაობაზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს.

მისი თქმით, გიული ალასანია ამბობს, პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ ჰქონია და მისთვის გაუგებარია მისკენ „რატომ იშვერენ ხელს“.

„ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ და ასევე განმარტა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა.

განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

“არ მაინტერესებს, ვის რა მიჰქონდა – ჩემთვის მთავარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა” -პაატა მანჯგალაძე

არ მაინტერესებს ეს საკითხი საერთოდ, ვის რა მიჰქონდა, არ მიჰქონდა, რომ მიჰქონდა მერე რა, ჩემთვის მთავარი არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, არ იცის, რა მოტივი შეიძლება, ჰქონოდა პოლონელ ექიმს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა იყო მოტივი იმისა, რომ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა გაეტანათ იმ ფორმით, რომელზეც საუბრობენ. ამისგან ახლა სკანდალისა და აჟიოტაჟის ატეხვა, მე მგონი მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რომ ადამიანი გადარჩეს და მისი სიცოცხლე იყოს დაცული. მე ეს პროპაგანდა, რომ აი, რა ქნეს ევროპელებმა, სისულელე მგონია საერთოდ. არ მინდა სისულელეზე ლაპარაკი, არც მოტივი ვიცი, რატი ბრეგაძის მოტივაციაც არ ვიცი, ასეთი ამბის ატეხვა – მიჰქონდა, არ მიჰქონდა, რომ მიჰქონდა მერე რა, ჩემთვის მთავარი არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში წყალდიდობაა. უხვმა ნალექებმა ქვეყანაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა და რამდენიმე ადგილას მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია.

BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობას ქვეყანაში სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით პირი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო გზები დააზიანა.

“გიორგი ვაშაძე არის სააკაშვილის უბიდან გადმოვარდნილი ადამიანი და იმავე უბეში დაბრუნდა”-გიორგი ცაგარეიშვილი

გიორგი ვაშაძე არის სააკაშვილის უბიდან გადმოვარდნილი ადამიანი და, რა თქმა უნდა, იმავე უბეში დაბრუნდა ისე, რომ მე ამაში ვერანაირ სიახლეს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„უბრალოდ, ერთი რამ მაინტერესებს, ასეთ „ძლევამოსილ” პარტიას, რომელიც მუდამ იმას ეუბნება საზოგადოებას, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი, რომ ის არის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, რომ მისი რიგები ივსება ახალი მხარდამჭერებით, თურმე ასეთ ძლევამოსილი პარტია სამკაციანი პარტიის თავმჯდომარეს ლამობს პრემიერ-მინისტრად. ეს როგორ შეეფერება და შეესაბამება ერთმანეთს, მგონი, მართლა სამი კაცი არიან, დადიან ხოლმე პარლამენტიდან კორიდორებში ერთი, ორი, სამი – მე მეტი არავინ მინახავს. ახლა ასეთი ძლევამოსილი პარტია რომ ასეთ ადამიანს ჩაიყენებს სათავეში, ყვარყვარეს ჯარს არ დაემსგავსონ მერე – ყვარყვარე ალთას რომ მიდის და ჯარი – ბალთას, გზააბნეულები რომ არიან, რომ არ იციან, ერთმანეთის რა უნდათ და ამ ქვეყნისგან რა უნდათ კიდევ. ეს, ერთი მხრივ, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ბუნებრივია, საარჩევნო კონკურენციის თვალსაზრისით ვუყურებ ახლა ამ ამბავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან სევდიანი ისტორიაა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები როცა შემობრძანდებიან პარლამენტში ამ ბოლო ხანს, ბოლო 12 წლის განმავლობაში ოთხი წელი გვაძახებენ, რომ აუცილებლად დაგამარცხებთო არჩევნებში და ბოლოს სადღაც პოლიტიკურ ორღობეში ერთმანეთს გადაეყრებიან ხოლმე, ვითომ ერთმანეთისგან დაშორებული ადამიანები, არადა, თანაგუნდელები, თანამზრახველები და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ერთმანეთი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მანამდე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობაზე საუბრობდა, ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ არ გაუკვირდება, თუ „ვაშაძე არ იქნება ბოლო გაჩერება და კიდევ სხვა კანდიდატურას იპოვიან.“

„მე არ გამიკვირდება, რომ ვინმე სხვა იპოვონ კიდევ და ეს არ იყოს ბოლო გაჩერება მათი, აღმოაჩინონ ვინმე, გარე პარტიაში ან წარმომადგენლობაში, დიდი და ფართო არჩევანი აქვთ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში,“ რომელიმე ავაზაკს იპოვიან კიდევ და ჩაიყენებენ სათავეში. არავითარი აზრი არ აქვს, ვინ იქნება ამ ადამიანების სათავეში. მანამდე სააკაშვილი უნდოდათ, ახლა სააკაშვილი არ უნდათ და ვაშაძე უნდათ, სავარაუდოდ, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მიხვდნენ, დამარცხდებიან სასტიკად მომავალ არჩევნებში და არ უნდათ ამხელა „ძლევამოსილი“, „მსოფლიო მასშტაბების“ ფიგურა, ისეთი, როგორიც სააკაშვილია (რა თქმა უნდა, ირონიით ნათქვამია), დამარცხებულ პარტიას ჩაუყენონ სათავეში, იპოვიან გარე ლუზერს, აბსოლუტურად ნოლს, ვაშაძის მსგავსს და მას ჩაიყენებენ სათავეში და ლუზერები ლუზერს ჩაიყენებენ სათავეში და შედეგიც ლუზერული იქნება. ნოლს რომ ნოლი მივუმატოთ, ნოლი იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, მანჯგალაძეც გახდეს მომავალი პრემიერ-მინისტრი ან ის მესამეც, შეიძლება, მასაც ჰქონდეს შანსი და არიან ადამიანები პოლიტიკური ლაზღანდარობით დაკავებულნი, ჩვენ არ გვინდა ამით დავკავდეთ, მაგრამ ასეთი არასერიოზული კომენტარები გვიწევს ხოლმე ასეთ სერიოზულ თემებზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.