ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს
“საქართველომ პირობები მრავალი წლის წინ შეასრულა და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია” – გურამ მაჭარაშვილი
საქართველოს მიერ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ალიანსზეა დამოკიდებული.
„საქართველო ნატო-სთან მიმართებით პირნათელია და ყველა პირობა შესრულებულია, რაც ნატო-ს სტანდარტებთან არის დაკავშირებული. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო პრაქტიკულად თავსებადია ნატო-სთან და ევროკავშირთან, თუმცა ასევე დაფიქსირდა ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინაში ომი როცა მიმდინარეობს, ნატო-ს ხელმძღვანელობას მაინც ფრთხილი პოლიტიკა აქვს. ბუნებრივია, საქართველოს მიმართაც არის ფრთხილი პოლიტიკა, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია, მათ შორის საერთაშორისო მისიებში ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ და მათ სიცოცხლე აქვთ გაღებული. რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკამდე, ჩვენ თვალწინ ეს კარი დაიხურა. როგორც ჩანს, ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული, რაც დამოკიდებულია მხოლოდ მათზე. საქართველოს მხრიდან არა მხოლოდ ახლა, არამედ მრავალი წლის წინაა შესრულებული პირობები და ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა კონკრეტული სიგნალია” – ბექა ლილუაშვილი
ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა კონკრეტული სიგნალია – განიხილებოდეს რეგიონალური კონტექსტი, უკრაინის უსაფრთხოების ჩარჩო, ნატო-სთან მისი დაახლოება და საქართველო ამ დისკუსიის ნაწილი არ იყოს, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არავის სხვას! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.
როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწადინებით საქართველოს წვლილი – მის მიერ გადახდილი ფასი და გამოვლილი მძიმე დღეები, ფაქტობრივად გამქრალია.
„საერთოდ საკითხავია, არის თუ არა ამ ქვეყნის ხელისუფლება უნარიანი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნები უზრუნველყოს. იმართება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უკრაინის კონტექსტი იქნება, მაგრამ ამ სამიტზე უმაღლესი თანამდებობის პირები – ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს – წარმოდგენილი არ იყოს, ეს კონკრეტული სიგნალია. სამიტის შედეგებზე პროგნოზების გაკეთება ძნელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
“რექტორი ზურაბ ხონელიძე ხიდია როგორც კავკასიის სახელმწიფოებს, ასევე – დიპლომატიასა და საგანმანათლებლო სივრცეს შორის”- აშოტ სმბატიანი
2023 წლის 6 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ზურაბ ხონელიძეს ესტუმრა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება აშოტ სმბატიანი.
რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს (თამაზ ხუბუა, ზურაბ მებონია) შეხვდა.
რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის თქმით, საქართველო-სომხეთის ისტორიული ურთიერთობები ათასწლეულების სიღრმიდან იწყება და დღესაც სანიმუშოდ გრძელდება. ამჯერადაც ეს კავშირები მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილური განვითარებისა და მშვიდობისათვის. კავკასიური სახლის საფუძველი სამი კავკასიური სახელმწიფოა. ისინი ერთმანეთთან მჭიდრო ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკური ურთიერთობებით არიან შეკავშირებულნი, რომლის ფუნქციონირებაში დროებითი ხარვეზის შეტანა შესაძლებელია, მაგრამ წარმოუდგენელია მისი საბოლოოდ მოშლა. სწორედ ამით არის კავკასია ძლიერი.
„ჩვენი ძვირფასი სტუმარი, როგორც კი შეუდგა საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას, პირველი, ვისაც შეხვდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ეს პირადად, პერსონალურად ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა იყო. უფრო მეტი, ეს იყო ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. ამით ბატონმა აშოტმა გაიაზრა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მნიშვნელობა, მისი განსაკუთრებულობა და მისი გამორჩეული მისია საქართველოში სამშვიდობო პროცესის წარმართვის საქმეში“, – აცნობა რექტორმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს.
სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ა. სმბატიანი მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს და გულთბილი მიღებისთვის მათ მადლობა გადაუხადა:
„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ ხონელიძეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვევისთვის. თქვენი რექტორი დიდი დიპლომატია, რომელმაც დიპლომატიიდან საუნივერსიტეტო სივრცეში გადმოინაცვლა და ქვეყნის საქმეს უნივერსიტეტიდან „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ გზით აკეთებს. ბატონი ზურაბ ხონელიძე უნიკალური ადამიანია. ის არის ხიდი როგორც კავკასიის სახელმწიფოებს, ისე დიპლომატიასა და საგანმანათლებლო საქმიანობას შორის. როცა ჩვენ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, ვხვდებით, რომ ეს არის საერთაშორისო მშვიდობის ფორმულა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ზურაბს ამ იდეის მიგნებისა და მოწოდებისთვის. ის საქმე, რასაც ბატონი ზურაბი აკეთებს, ძალზე დასაფასებელია და მჯერა, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ძალიან მალე საქართველოს გარდა მთელი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს. მე, როგორც სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, სრულიად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ და ჩვენ ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ყველანაირად შევუწყობ ხელს, – აღნიშნა საქართველოში სომხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი ელჩის ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვისაა. სომხეთის სახელმწიფო სრულად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
იგეგმება ძალიან აქტიური პროცესების ინიცირება და წარმართვა სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ამ რთულ რეგიონში, სადაც, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, იკვეთება ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშის ინტერესები, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოჰყვება.
“საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ – 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ იმავდროულად უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღია წერილში აღნიშნავს.
მისი თქმით, აღნიშნულმა წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება. ამასთან, პაპუაშვილი იმ ოთხ ეჭვს ასახელებს, რომელიც მისი აზრით, სკეპტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.
„ტრადიციულად, არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.
პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.
საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე, თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.
მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80%-ზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა ნატო-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად ნატო-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს. არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.
ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.
საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატო-ს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
შესაძლოა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დაკეტვა გადავადდეს – დეტალები
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, რეაბილიტაციის გამო, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარიღად 1-ლი ივლისი სახელდებოდა.
ზოგადი სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ 9 თებერვალს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვე განისაზღვრა. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.
“სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში”-შალვა პაპუაშვილი
შეუძლებელია, ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.
„დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ, დღეს სკეპტიკოსებად იქცნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთ ხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.
“საქართველოს ნატოში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს”- შალვა პაპუაშვილი
საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატოში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.
„თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. 2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.
იყო რაღაც წინასწარმეტყველური 20 წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა. ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა. ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ.
მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა.
ტრადიციულად არსებობდა ეჭვების ოთხი ჯგუფი, რომლებიც სკეპტიკოსების მხრიდან საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად გამოითქმებოდა.
პირველი ნდობასა და ერთგულებას უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და, უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გასწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი.
საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგი ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს. კარგად გვესმის, რომ დემოკრატია არა დანიშნულების ადგილი, არამედ გზაა. მაგრამ, თუკი გზა უსასრულოდ გაიწელება, საქართველოს მდგომარეობა აქილევსის პარადოქსს დაემგვანება, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან მიზნამდე მიღწევისას აღმოჩნდება, რომ სამიზნე, ყოველ ჯერზე,თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც წინ იწევს. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მთელი სისტემის რეფორმამ და მმართველობის ევროპული სტანდარტების დანერგვამ საქართველოს შეაძლებინა, მიეღო ევროპული პერსპექტივა. მეტიც, საქართველოს, ამჟამად, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ, უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.
მესამე, თავდაცვისუნარიანობის ნაკლოვანებებიც გამოსწორდა. ნატო-ს ყველა წევრი ულაპარაკოდ დაეთანხმებოდა ამ განცხადებას. საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და მათი 80 პროცენტზე მეტი საერთაშორისო სამხედრო მისიებშია გამოცდილი. თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური და ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია. შესაბამისად, საქართველომ დაიმსახურა ნატო-ს „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ სტატუსი და, თავად ნატო-სვე აღიარებით, ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორს წარმოადგენს. არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“.
ბოლო კონტრარგუმენტი იყო, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა, თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს. ახლა უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია თქმა, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება. მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით.
საქართველო რომ 2008 წელს ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები. საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი. ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება.
ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში.
შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატოსგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის ღია წერილში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დღეს დაიწყო. ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
რეგისტრაცია სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge წარმოებს.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
ამ ერთი კვირის მანძილზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
დ) მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);
ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;
ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
ზ) იმ ოჯახის წევრი ბავშვი, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
თ) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.kids.org.ge.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე – registracia2024@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.
თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 25 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს – 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს – 2 37 82 43.