Home Blog Page 2406

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

„დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328 (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, – ნათქვამია  ბლინკენისს განცხადებაში.

იწვევს თუ არა სოლარიუმი კიბოს? – რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

qeti

სოლარიუმი იწვევს კიბოს!, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

 

როგორც ექიმი აღნიშნავს, სოლარიუმი საშიშია ჯანმრთელობისთვის, ის კიბოს იწვევს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას სოლარიუმის მავნებლობის შესახებ.

 

“სოლარიუმის გამოყენება ყველასთვის დიდი რისკის შემცველია, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე  ახალგაზრდა ქალებს და ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს მართებთ, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ ულტრაიისფერი სხივების მიმართ. დადგენილია, რომ დიდწილად სწორედ სოლარიუმის და მზის ულტრაიისფერი სხივები ახდენენ კანის კიბოს პროვოცირებას.

 

ავსტრალიაში, ევროპასა  და ამერიკის შეერთებული შტატებში, სოლარიუმის მოხმარების გამო, მელანომას 10 000 და კანის  სხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეების 450 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად.

 

როგორც ცნობილია, სოლარიუმის ყველაზე ხშირი მომხმარებლები  ახალგაზრდა ქალები არიან. დადგენილია, რომ რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყება მისი გამოყენება, მით უფრო დიდია კანის ავთვისებიანი სიმსივნის რისკი.

 

სოლარიუმის გამოყენება

 

–    35 წლამდე – 60%-ით ზრდის მელანომას რისკს

 

–    25 წლამდე – 102% ით ზრდის კანის ბრტყელი უჯრედების კიბოს და 40% ით კანის ბაზალური უჯრედების კიბოს რისკს

 

კატარაქტა, იმუნური სისტემის დასუსტება, დამწვრობა და კანის ნაადრევი დაბერება- ეს სოლარიუმის სხვა ნეგატიური ეფექტებია ადამიანის ორგანიზმზე.

“, – წერს ქეთი შავლიაშვილი.

“შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე”

ჩვენი  უბანი,  ისევე  როგორც  სხვა  უბნები,  სავსეა  ახალგაზრდა  ნარკომანებით – სახედაკარგული,  გამათხოვრებული,  დაბოლილი  ახალგაზრდებით,  რომელთაც  არაფრის  ინტერესი  არ  ახატიათ  სახეზე –  წამლის (მარიხუანას)  და  სასმლის  გარდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაჟა შუბითიძე წერს.

 

მისი თქმით, შიდა  და  გარე მტრებმა  უომრად  შეძლეს  იმის  გაკეთება,  რასაც  ომით  ვერ  მიაღწიეს-  წაგვართვეს  ახალგაზრდობის  ნაწილი  სამუდამოდ,  ხოლო  მეორე  დიდი  ნაწილი  კი  უცხოეთში  გააქციეს  საშოვარზე.

 

“შარშანწინ  ჯარში  გამოძახებული  5000  წვევამდელიდან 4500-მა  გირჩის  ეკლესიის  ცნობა  მიიტანა  და  ჯარს  თავი  აარიდა-  ესაა  პირდაპირი  დივერსია  საქართველოს  უშიშროების  მიმართ  და მისი  ავტორები  და  მფარველები (მოსკოვიდან  ჩამოყვანილი  ნაცი  ჯაფარიძე)  დღეს  ციხის  მაგივრად  პარლამენტში  სხედან 5  კაციანი  ჯგუფით  და  აქეთ  გვასწავლიან  ჭკუას.   მარიხუანას  დაკანონებამ  სრული  კატასტროფა  გამოიწვია,  რასაც  მაშინ  მხარი  დაუჭირა  მოსკოვიდან  თათბირის  მერე  დაბრუნებულმა  შინაგან  საქმეთა  მინისტრმა  გახარიამ  და  მისით  ბიუჯეტის  შევსებაც  კი  შემოგვთავაზა  2018  წლის  ოქტომბერში-  გაგანია  საპრეზიდენტო  არჩევნების  დროს(რასაც  საეჭვოდ  დაემთხვა  ბენზინის  არნახული  გაძვირება  და  ლარის  ძლიერ  გაუფასურება,  რამაც  სალომეს  კინაღამ  საპრეზიდენტო  არჩევნები  წააგებინა – გორდონის  ჩამოსვლა  რომ  არა).  პოლიციას  თავისუფლად  შეუძლია  ნარკომანიის  თითქმის  ალაგმვა,  მაგრამ  შიგნით  ბევრი  მოღალატეა,  რომელიც  ნარკობარიგებს  მფარველობს… როცა  ხალხს  ამოდენი  მოღალატე  ჰყავს,  მაკედონელიც  ვერ  უშველის,  ჭეშმარიტად…ჩვენი  პარტნიორების  ლანძღვა-კრიტიკას,  ამ  პრობლემებს  მიხედეთ – თუ  მართლა  გიყვართ  საქართველო!”– წერს ვაჟა შუბითიძე.

“ამერიკა სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური კრიზისის პირისპირ დგას” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

რასაკვირველია, ტრამპისათვის ბრალის წაყენებამ კიდევ უფრო გაზარდა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში ისედაც კრიტიკულზე მაღალი ტურბულენტობის ხარისხი. ამ საქმეში ტრამპის კეთილსინდისიერება, ცხადია – სადავოა. მაგრამ დემოკრატიული პარტიისა და სოროსის თანამზრახველი პროკურორის წრეგადასული უსინდისობა – არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამერიკა დგას სრულმასშტაბიანი კონსტიტუციური კრიზისის პირისპირ.

 

ფლორიდის გუბერნატორი დესანტისი, რომელიც ტრამპის კონკურენტია პრეზიდენტობის კანდიდატობაზე რესპუბლიკური პარტიიდან, უარს აცხადებდა ნიუ-იორკის პროკურორის მოთხოვნის შესრულებაზე, რომ ფლორიდის შტატს გადაეცა ბრალდებული ტრამპი. ტრამპი თავისი ნებით ჩავიდა ნიუ-იორკში, თორემ შეეძლო დესანტისის მიერ გამოცხადებული ფლორიდის შტატის მფარველობითაც ესარგებლა. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უფრო ხელსაყრელად მიიჩნია მისთვის ბრალის წაყენების პროცედურა პოლიტიკური დაპირისპირებისას სასარგებლოდ გამოეყენებინა.  მაგრამ თავისთავად – მდგომარეობა კრიზისულია, რადგან შტატი უარს აცხადებს ბრალდებულის გადაცემაზე, როცა ყველა ფორმალობა სრულად დაცულია – ასეთი რამ აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ არავის ახსოვს! მართლმსაჯულების აღსრულებას, როცა ეს პროცესი აშკარად პოლიტიკურადაა მოტივირებული და ანრევს მის მიმართ ნდობას, შესაძლოა მოჰყვეს ფედერალურ და შტატების ხელისუფლებებს, ისევე, როგორც სხვადასხვა, “წითელი” და “ლურჯი” შტატების ერთი-მეორეში იმ რანგის დაპირისპირება, რისი გადაწყვეტაც მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში თითქმის წარმოუდგენელი ხდება. ვითარება უკიდურესად კრიზისულია: დემოკრატები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი სამართალდამცველები ტრამპს უპირებენ გასამართლებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ისევე, როგორც პირიქით: რესპუბლიკური განწყობის პროკურორები თუ მოსამართლეები არანაკლებ იმუქრებიან, რომ ამხელენ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის საარაკო კორუფციას და პასუხსაც კანონის მთელი სიმკაცრით აგებინებენ. მდგომარეობა – არაპროგნოზირებადია. აშშ მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრია და ბუნებრივია, იქ შექმნილი არეულობა კარგს არაფერს უქადის კაცობრიობას – გაურკვევლობის, შფოთიანობის, დაუძლეველი წინააღმდეგობების,   სულ უფრო და უფრო მზარდი ესკალაციისა და დიდი საფრთხეების მქონე გლობალური თუ ადგილობრივი კრიზისების ეპოქაში შევედით…

 

ეგზომ არეულ დროს ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტინქტი უნდა გვკარნახობდეს, რომ ყველანაირად თავი ავარიდოთ ნებისმიერ რისკს, რასაც შიდა არასტაბილურობის გამოწვევა შეუძლია. თანაც: ყველაფერი დღესავით ნათელი და სრულიად აშკარაა -ის, ვინც ცდილობს წყლის ამღვრევასა და ამის ფონზე თევზის დაჭერას საქართველოში თუ სხვაგან – უეჭველად ქვეყნის მტერია და მას უდავოდ ბოროტი ნება მართავს!

“ეს ფარისევლობაა”- ანდრია გვიდიანი

“როდესაც უშუალოდ ევროკავშირი ვერ ელევა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ დროს საქართველოსკენ ტალახს ისვრიან ეს ფარისევლობაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოსკენ ხელის გაშვერა და ბრალდებები უნდა შეწყდეს,” – ამის შესახებ ექსპერტი ანდრი გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი იმ ბრალდებებს ეხმიანება, რაც ხშირად ჟღერდება საქართველოს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად გამოიყენება, ეს არ დადასტურდა არცერთი ოფიციალური წყაროს მხრიდან. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი ქართული მედიისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის.

“ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ მგონი ღირს წაკითხვად მოკლედ, ცალკეული მოსყიდული ევროპარლამენტარების და ქართველი ოპოზიციის მიერ, ისევ ექოსავით ისმის უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ბევრი ითქვა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, რომ სანქციებზე მიერთება, რომელიც თავად უფრო გაზიანებს, ვიდრე მის ადრესატს, უბრალოდ სიგიჟეა და მეტი არაფერი.

მიუხედავად ამისა, სანქციების საკითხი კვლავ გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად და სატელევიზიო შოუების მოსაწყობად. სინამდვილეში ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია და იმ უსაფუძვლო კრიტიკას, რაც საქართველოსთან მიმართებით პერიოდულად ისმის ხოლმე, შინაარსი საერთოდ არ გააჩნია. მოდით ახლა მარტივად შევხედოთ რა ხდება რეალურად?! მოლდოვა არ მიერთებია რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ არცერთ სანქციას, ხაზს ვუსვამ არცერთ!!! სანქციას (წყარო: https://eur-lex.europa.eu/homepage.html ) სხვათა შორის ეს არ ყოფილა მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის შემაფერხებელი ფაქტორი. ვფიქრობ, ეს ფაქტი დაფიქრებად ღირს. უკრაინა არ მიერთებია სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ (წყარო: https://eur-lex.europa.eu/homepage.html – ამ დროს რატომღაც ჩვენს მიმართ ისმის მოწოდებები, რომ საქართველო რომის პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყოს და, მაგალითად, ჩვენ უნდა შევზღუდოთ ფრენები და მივუერთდეთ სხვადასხვა სახის სანქციებს ბელორუსის წინააღმდეგ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სიგიჟეა. 2022 წლის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის და G7-ის ქვეყნების კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა რუსული ბაზარი. (წყარო: https://www.politico.eu/…/majority-of-western-companies…/ – ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართულმა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ ყველანაირი კავშირები, უნდა გაკოტრდნენ და ხარაკირი უნდა ჩაიტარონ. ალბათ აქაც დამეთანხმებით, რომ ეს მიდგომაც იდიოტურად გამოიყურება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვალ-ნოემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებმა 50%-ით გაზარდეს რუსეთიდან იმპორტი. https://www.politico.eu/…/numbers-delayed-impact-eu…/ ცხადია, ამას აკეთებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავად აფინანსებენ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას და, ვფიქრობ, ეს დასაფიქრებელი საკითხია. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს რუსეთთან ვაჭრობა და, მაგალითად, არ უნდა გავყიდოთ ღვინო ან სხვა ნებისმიერი პროდუქტი. ეს მიდგომა ფარისევლობის კლასიკური ნიმუშია. იაპონიამ დაარღვია ბოლო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან და მოკავშირეებთან და რუსული ნავთობი დადგენილ ზღვარზე მაღალი ფასით შეიძინა ( წყარო: https://www.wsj.com/…/japan-breaks-with-u-s-allies-buys… ) ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ არ უნდა შეიძინოს რუსული იაფი ნავთობი და სხვაგან უნდა ვიყიდოთ ძვირად.

კვლავ შეუფერხებლად გრძელდება ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი უკრაინის!!! გავლით. არათუ გრძელდება, არამედ იზრდება კიდეც. (წყარო: https://www.reuters.com/…/russian-gas-europe-via-ukraine…/ ) ევროპულ სარგებელზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ყველაფრიდან თავად უკრაინა სარგებლობს. რუსეთთან ვაჭრობა შეამცირა, თუმცა ბოლომდე არ გაუწყვიტავს არც აშშ-ს. ძირითადი პროდუქცია რითიც კიდევ ვაჭრობენ არის – ფერადი ლითონები, სასუქები და ინოგამიური მასალები. (წყარო: https://www.census.gov ) რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლის ბრალდებას პირველი რაც უნდა ითქვას, საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად გამოიყენება, ეს არ დადასტურდა არცერთი ოფიციალური წყაროს მხრიდან. უფრო მეტიც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც თქვა, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი ქართული მედიისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვის. ამ საკითხზე დღემდე გვესმის ჰაერზე მოსროლილი ფრაზები, რაც არაფერს ეფუძნება, საერთოდ არაფერს!!!

ახლა რეალობა სანქციების ფონზე გაიზარდა ევროკავშირისა და აშშ-ის ექსპორტი რუსეთის მეზობლებში საქართველოს გარდა. სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან საბაჟო კავშირში რუსეთთან და ბელორუსთან, როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები. შესაბამისად, აშშ-ს და ევროკავშირის კომპანიებმა საქართველოს გარდა არანორმალურად გაზარდეს ექსპორტი რუსეთის სხვა მეზობლებში (წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2023-02-16/western-trade-with-russia-s-neighbors-may-show-dodged-sanctions-ebrd-says?leadSource=uverify%20wall ).

მიუხედავად ყველაფრისა კარგად დაგეშილი არასამთავრობოები მაინც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ სანქციების გვერდის ავლაში. სომხეთში ექსპორტი: აშშ-დან – ზრდა 348%, ევროკავშირიდან – ზრდა 72%; ყირგიზეთში ექსპორტი: აშშ-დან ექსპორტი – ზრდა 152%, ევროკავშირიდან ექსპორტი – ზრდა 84%; ტაჯიკეთში ექსპორტი: აშშ-დან ექსპორტი – ზრდა 220%, ევროკავშირიდან ექსპორტი – ზრდა 21%; ამ ფონზე საქართველოში ექსპორტი: აშშ-დან ექსპორტი – ზრდა 33%, ევროკავშირიდან ექსპორტი – ზრდა 19%; ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საქართველო უბრალოდ ფიზიკურად ვერ იქნება სანქციებისგან გვერდის ავლის მექანიზმი. შესაბამისად, ეს ბრალდება სიყალბეა და მეტი არაფერი. P.S. – მსგავსი ჩამონათვალი ძალიან დიდია და უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება, თუმცა ახლა მხოლოდ ამ ფაქტებით შემოვიფარგლები. P.P.S. – ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც უშუალოდ ევროკავშირი ვერ ელევა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ დროს საქართველოსკენ ტალახს ისვრიან ეს ფარისევლობაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოსკენ ხელის გაშვერა და ბრალდებები უნდა შეწყდეს,” – წერს ანდრია გვიდიანი.

“უბრძანა ოლიგარქმა და ესენიც ადგნენ და მარტივად შეასრულეს”-ლევან ნიკოლეიშვილი

“მარტივი კითხვა ჩნდება რამ უნდა მიგიზიდოს, მოგანდომოს ან სულაც გადაგაწყვეტინოს  დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებისკენ?! -ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებას.

“ორი ყოფილი სამხედრო და გენერალი გოგავა და ყურაშვილი, უცბად იღებიან “ისტორიულ” გადაწყვეტილებას და იმ პარტიას უერთდებიან, რომელიც ყველაზე გაკოტრებულია, რომლის რეიტინგიც ყოველდღიურად ეცემა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, საქართველოში ყველა უბედურება მოხდა  დაწყებული ადამიანების წამებიდან დამთავრებული ტერიტორიების 20 % ოკუპაციისა. მარტივი კითხვა ჩნდება რამ უნდა მიგიზიდოს, მოგანდომოს ან სულაც გადაგაწყვეტინოს  დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებისკენ?!

– ჯერ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი და შემდეგ არაჟნის კონტეინერით შემოპარულ-შემოგდებული, ღირსება დაკარგული პატიმრის სააკაშვილის თუ პოლიტიკურ პარტიების ლიდერებს  შორის ყველაზე არა ქარიზმატული, უფრო მეტიც კომიკური ხაბეიშვილის „ფენომენმა?“ არა, ალბათ არც ერთმა და არც მეორემ, უფრო სხვამ და ამ სხვას სავარაუდოდ კეზერაშვილი ჰქვია, უბრძანა ოლიგარქმა და ესენიც ადგნენ და მარტივად შეასრულეს. რა აქამდე არ უჭირდა ნაცებს? თუ დახმარება იყო სანამ ავადმყოფობდა პარტია, მაშინ დახმარებოდნენ, ახლა ლამის სულთმობრძავს მალე უფრო პოლიტიკური დაკრძალვა ჭირდება. თუმცა, თურმე ასე არ ფიქრობს მისი ნაც-პარტიის-ლიდერი: “წინ ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, რომელსაც ერთად აუცილებლად მოვიგებთ“ – უთქვია ხაბეიშვილს გოგავა-ყურაშვილის წარდგენისას!

აი, რატომ დაჭირდა ყოფილი სამხედროები, თან ისეთები, რომლებსაც კეზერაშვილის ხელმძღვანელობით უამრავი ომი და ბრძოლა აქვთ მოგებული. აგერ ხაბეიშვილმაც ხომ პარტიის თავმჯდომარედ არჩევიდან, როგორც იყო დაპირებული საავადმყოფოდან გაიტაცა და გაათავისუფლა ბელადი სააკაშვილი, მერე ვისაც ოდნავ ჭკუა მოეკითხებოდა პარტიიდან გაყარა, მომავალში კი  რას იზამს კაცმა არ იცის! არა მართლა,  არც თვითონ არ იცის, არც ძველმა თუ ახალმა წევრებმა იციან, იცის მხოლოდ იმან ვინც რეალურად მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა რადიკალურ პარტიებს-აკი არც მალავს, უბრალოდ ამათი იმდენად ეხამუშებათ( თან მაგრად “უტყდებათ!”) ოლიგარქი კეზერაშვილის დაფინანსების და მერაბიშვილის უფროსობის, რომ  ფიცს ფიცზე ამბობენ არა ჩვენ არ გვაფინანსებსო, არადა ხომ ყველაფერი სახეზეა!”- წერს ნიკოლეიშვილი.

“როგორც საქართველოსთვის არის აფხაზეთის საკითხი, ისევე ჩინეთისთვის არის ტაივანის საკითხი”- ჩინეთის ელჩი

მკაცრად ვგმობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა და მრავალგზის გაფრთხილება, კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ცაი ინ-ვენის ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ვიზიტის ორგანიზების გამო და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის კონტრზომა ლოგიკური, გონივრული და ლეგიტიმურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განუცხადა.

„ახლო აღმოსავლეთის მსგავსად, აშშ აზიაშიც ურევს სიტუაციას. 29-31 მარტისა და 4-6 აპრილის პერიოდში ტაივანის რეგიონის ლიდერი ცაი ინ-ვენი გვატემალასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ჩავიდა და ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ორჯერ გაჩერდა, რა დროსაც იყო ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის მცდელობა. ტაივანი და აშშ იმეორებენ, რომ ცაი ინ ვენი მხოლოდ ტექნიკური მიზეზით გაჩერდა აშშ-ში, მაგრამ როდესაც მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან იწყება შეხვედრები და მთელი რიგი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი, რამდენად არის ასეთი განცხადება დამაჯრებელი? მე ვფიქრობ, რომ ქართველები კარგად გაიგებენ ჩნელების გრძნობას. ცაი ინ-ვენის ვიზიტი დაახლოებით იგივეა, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ჩავიდეს რომელიმე სხვა ქვეყანაში. ასე რომ, ჩინელი ხალხის დამოკიდებულება ქართველებმა კარგად უნდა გაიგონ. ისევე, როგორც საქართველოსთვის არის აფხაზეთის საკითხი, ჩინეთისთვის ტაივანის საკითხი არის მისი მთავარი ინტერესების ცენტრი, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური ფუნდამენტი და პირველი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყოველად დაუშვებელია“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანსა და აშშ-ს შორის ოფიციალური ურთიერთქმედების ნებისმიერ ფორმას.

„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ტაივანის ხელისუფლების ლიდერის ნებისმიერი საბაბით შტატებში ვიზიტს, კატეგორულად ვეწინააღმდეგებით ამერიკის მხრიდან ნებისმიერი სახის კონტაქტს ტაივანის ხელისუფლებასთან, რომელიც არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა და მრავალგზის გაფრთხილება, კატეგორიულ პროტესტს გამოვხატავთ ცაი ინ-ვენის ვითომ ტრანზიტით აშშ-ში ვიზიტის ორგანიზების გამო და მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის კონტრზომა ლოგიკური, გონივრული და ლეგიტიმურია. ჩვენ ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას და ჩინეთის კონსტიტუციისა და ანტისეპარატისტული კანონის შესაბამისად, მტკიცედ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

“სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”- შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით სააკაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ორი დღის წინ ვნახე და სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩემი კონტრაქტორი მხარე არის  მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით მას ჩემთვის ჯერ რაიმე დავალება არ მოუცია. ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი როცა გახდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. საქმე დამთავრდა საქართველოში, ყველა ასე აცხადებს –  იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ – ირაკლი მენაღარიშვილი

ამერიკის ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 4 აპრილს, სისხლის სამართლის მუხლით ბრალი წაუყენეს.

ყოფილ პრეზიდენტს,  ბრალი 34 მუხლით ედება და მას პროკურატურა აშშ-ის  ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.

კერძოდ, საქმე ეხება ტრამპის ადვოკატის მიერ, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითაც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.

ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა და ბრალდების 34-ვე პუნქტზე თავი უდანაშაულოდ ცნო.

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდნენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დატოვა. მან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უგულებელყო.

ტრამპმა სასამართლო დარბაზში დაახლოებით 57 წუთი გაატარა.  სასამართლოს შემდეგ, ტრამპის თვითმფრინავი ნიუ-იორკის LaGuardia-ს აეროპორტიდან აფრინდა და ის ფლორიდაში გაემგზავრა.

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის ბრალის წაყენების ფაქტი, „ჯორჯიან თაიმსთან“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა,  ირაკლი მენაღარიშვილმა შეაფასა. მისი განმარტებით, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ აშშ-ში კანონზე ზევით არავინ დგას, მათ შორის – არც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი.

„თავისთავად, ეს ძალიან არასასიამოვნო, თუმცა, საყურადღებო ფაქტია. ამით ამერიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას, – მათ შორის, არც ყოფილი და არც  მოქმედი პრეზიდენტი. ამ ფაქტიდან  მსოფლიომ მაგალითი უნდა აიღოს და გაითავისოს. 

ტრამპის საქმით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამერიკის კანონი კანონობს, ის უზენაესია და ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის საქციელიც კი დასჯადია.  ზოგადად, ამერიკის ძლიერების საფუძველიც ეს არის  – ის ერთ-ერთი ყველაზე სამართლებრივი სახელმწიფოა მსოფლიოში“, – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

აშშ-ის სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე, მენაღარიშვილს სასამართლო პროცესის შედეგების პროგნოზირება  უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

„ამერიკის სამართლებრივი სისტემა ძალიან რთულია. ამიტომ, წინასწარ არ შემიძლია გითხრათ, თუ რა განაჩენს გამოუტანს ტრამპს სასამართლო. თუმცა, ფაქტი სახეზეა და დარწმუნებული ვარ, 4 დეკემბრის  სასამართლოც, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.

ტრამპისთვის ბრალის წაყენების ფაქტს, ჩვენი ქვეყნის რეალობას ადარებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„1. ის, რომ 17 წლის წინ ქალი სიჩუმის საფასურად ადვოკატებისგან 130 ათასს იღებს და შემდეგ პირს აღებს, მორალზე ლაპარაკი ზედმეტია. ალბათ ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება ტრამპის სასარგებლოდ?! ისმის კითხვა, რა მოტივით გააღო პირი, თუ ამ 130 ათასის დაბრუნება მოუწევს?

2. დღეს 5 აპრილია, პროცესის შემდეგი სხდომა კი წლის ბოლოსთვის, ანუ დეკემბრისთვის გადაიდო. რატომ ასე შორს? ანუ, კიდევ 8 თვის მანძილზე ეს საკითხი ტრამპის თავზე იქნება ჩამოკიდებული. 

3. ახლა შევადაროთ აქაურ ფინანსურ დანაშაულებს, რომლებიც პოლიტიკოსებმა ჩაიდინეს.

ტრამპის შემთხვევაში საუბარია მილიარდერის პირად თანხებზე, რომელიც ფინანსურად არასწორად გააფორმა. იგივე ხასიათის სხვა ბრალდებებიცაა.

სააკაშვილთან შემთხვევაში, გარდა სხვა ოთხი მძიმე ბრალდებისა/მსჯავრისა, ედავებიან ბიუჯეტის 9 მილიონის ფლანგვას, მაგალითად მასაჟისტისთვის გადახდა, შიშველი სხეულით შექმნილი ნახატის შეძენა, ბრასლეტების და მობილურების შეძენა მისი ახლობლებისთვის, არა სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტების, არამედ პირადი ვოიაჟების დაფინანსება, შვილის სწავლის საფასურის გადახდა და სხვა. ამ ყველაფერს პიჯაკების საქმე დაარქვეს.

ასევე პოლიტიკურად უნდათ გაასაღონ ბიუჯეტის 48+3 მილიონის ფლანგვა და მითვისება, ბანკის 17 მილიონის საეჭვო სქემებით დატრიალება, ტელევიზიის 6,7 მილიონის მითვისება, ჯარის წვრთნების 5 მილიონი ევროს გაქრობა და სხვა“, – წერს სალუქვაძე.

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა – ჯონ ბოლტონმა კი,  აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.

 

„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს – „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე – ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? – პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი (ტრამპის საქმის პროკურორი)“, – განაცხადა ბოლტონმა.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის  მორიგი სასამართლო სხდომა უკვე ჩანიშნულია და 4 დეკემბერს გაირკვევა, რა განაჩენს გამოუტანს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო.

/თამუნა დუღაშვილი/

ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.

მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

„გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5420 ლარი ეღირება, ევრო – 2.7817 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1686 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5461 ლარი ღირდა, ევრო – 2.7801 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1829 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 აპრილს ამოქმედდება.

“დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ” – “უფლებები საქართველო”

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მიმართეს.

“უფლებები საქართველო“ მოითხოვს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას:

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში). 

მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას.  

საყურადღებოა, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა. 

დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.

2023 წლის 05 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც  შესაძლოა კიდევ უფრო მეტად  დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს,”– ნათვამია განცხადებაში.