Home Blog Page 2378

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი რეაბილიტირდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გაზრდის გზის გამტარობას.

„დედაქალაქში საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისა და განტვირთვის მიზნით, სხვადასხვა უბანში იდენტიფიცირებული გადატვირთული სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგება გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო საგზაო კუნძულები, კეთილმოეწყო ტროტუარი და ბორდიური, გამოიცვალა ასფალტის საფარი, დაიხაზა გზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე დაიგო რკინაბეტონის საფარი. ამჟამად, აღნიშნულ კვანძზე გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 35-მდე მარშრუტი, დღიურად, 130 000-მდე მგზავრს ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

“რაჭაში ამ დრომდე ნაპოვნი 31 მოქალაქის ცხედრიდან ყველა იდენტიფიცირებულია” – პაპუნა მარგველიძე

რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უკვე 28-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დრომდე ნაპოვნი 31 მოქალაქის ცხედრიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებულია, – ამის შესახებ  რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გრძელდება ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

„სამძებრო ღონისძიებებო კვლავ გრძელდება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც ჩართულია ყველა უწყება და გაგრძელდება, ვიდრე იქნება მცირედი თეორიული შანსი დაკარგული მოქალაქეებია პოვნის. არეალი გახლავთ უშუალოდ კურორტ შოვის ტერიტორია, ასევე გრძელდება საძიებო სამუშაოები მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში გუმათჰესამდე“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მისივე თქმით, გუშინ დღის მეორე ნახევარში იპოვეს ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი, რომელსაც ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის კვლევა უტარდება.

ამასთან, რაჭის გუბერნატორმა გუშინ, საძიებო სამუშაოების დროს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის, თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სტიქიის ზონაში. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს. ცუდად გახდა მეორე სამხედრო, ასევე სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოვინახულეთ ადგილზე. საავადმყოფოში დროულად იქნა გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაუბრუნდება თუ არა სამძებრო ღონისძიებებს, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი უწყებები“, – განაცხადა მარგველიძემ.

“პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე, სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში” – კახა კალაძე

პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა.

„დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც დააზიანა ელექტროსადენები. თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზა, ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ, გადაადგილება შესაძლებელია და პრობლემას არ წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, ყველა გამგეობის წარმომადგენელს, გამგებლებს. გლდანში იყო ძალიან რთული მდგომარეობა. გლდანის გამგებელს მინდა, მადლობა გადავუხადო, გამგეობის თითოეულ თანამშრომელს სწრაფი რეაგირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს” – კახა კალაძე

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

“არ მგონია, ციხეში ჩამსვან” – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპს დაპატიმრების არ ეშინია. ამის შესახებ მან რადიოწამყვან გლენ ბეკთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, ციხეში ჩამსვან, რადგანაც ყველა საქმე თაღლითურად აქვთ აღძრული. მე ცუდი ადამიანები მდევნიან, მაგრამ ახლა უფრო მეტი მხარდამჭერი მყავს, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული. 6 სექტემბერს ის ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე, 2020 წლის არჩევნების დივერსიის საქმეზე წარდგება.

საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნის-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, გომეწარი, კაწალხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:25 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მჭადიჯვარი, ციხევდავი, წიწამურა, ჭართალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, ჩეკურაანთგორი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ოძისი და მიმდებარე სოფლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ემოციურად რთული დღეა. ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებით და ნერვიულობთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების უწყინარ შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ და მათთან მიმართებით მეტი გაგება და პატივისცემა გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო შეთავაზებებს მიიღებთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი უნდა იფიქროთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას – ჯერ ამის დრო არ მოსულა. ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

ტყუპები

ემოციებით სავსე ხართ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ნუ ეცდებით ადამიანების მანიპულირებას ან მათთვის საკუთარი თვალსაზრისის თავზე მოხვევას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ახლობელი ადამიანი შეურაცხყოთ და თქვენთვის საჭირო ურთიერთობა გაანადგუროთ. დროა, დიდი ხნის წინ მიცემული პირობის შესრულებაზე იფიქროთ.

კირჩხიბი

დღის პირველ ნახევარში სიზარმაცესთან გამკლავება მოგიწევთ. თუ თავს სამსახურში წასვლას ვერ აიძულეთ, ეცადეთ სახლი საფუძვლიანად დაალაგოთ და პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ – ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ზაფხული ბოლო დღეები ხელსაყრელი დროა ვარჯიშისა და პროფილაქტიური მკურნალობის დასაწყებად.

ლომი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ. თუ სასურველი შედეგისთვის წინასწარ განწყობას შეიქმნით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. ფრთხილად იყავით ახლად შეძენილ მეგობრებთან – მათ შორის რომელიღაცას ანგარება ამოძრავებს, ამიტომ არავის ენდოთ. ოჯახთან ერთად გატარებული დრო სულიერი სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თუ მოვლენების შუაგულში იტრიალებთ, შეიძლება საჭირო ადამიანებს შეხვდეთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ ისაუბროთ – ეს პერსპექტიული შეთავაზების მიღებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს რაციონალურად უნდა იფიქროთ და იმოქმედოთ. ოცნება და რომანტიკული განწყობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ნუ დაინანებთ კეთილ სიტყვებს და მხარდაჭერას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ სანამ კითხვაზე უპასუხებთ, ათამდე უნდა დაითვალოთ.

მორიელი

დროა, შესრულებული სამუშაოს, სამომავლო გეგმებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებ დაფიქრდეთ. დილიდან საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდას ებრძვით. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ – ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ და ურთიერთობაში წარმოქმნილ სირთულეებზე გულწრფელად ესაუბროთ.

მშვილდოსანი

საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. დილიდან დაძაბული მუშაობა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ. ნუ გაღიზიანდებით, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის – ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ გაგება და თავაზიანობა გამოიჩინოთ. სასურველია, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

თხის რქა

შეცვლილი გარემოებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, ამას, როგორც კარგ შესაძლებლობას, ისე შეხედოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ნუ გაჯიუტდებით, ჯობს სხვა ადამიანების მოსაზრებებს მოუსმინოთ და მათი რჩევები გაითვალისწინოთ.

მერწყული

დილიდან ნერვიულ განწყობაზე ხართ. საყვარელი საქმიანობა ან გატაცება დაგეხმარებათ, რომ ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ ოჯახის წევრების საქმეებით დაინტერესდეთ და რთულ დროს მხარი დაუჭიროთ. სახლის დალაგება გაგახალისებთ.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. გირჩევთ, გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს შეხვდეთ და მათ რჩევებს მოუსმინოთ. ხელსაყრელი დღეა რთული საქმის დასაწყებად – ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. გირჩევთ, უსიამოვნო სიტუაციებს იუმორით შეხედოთ და გაიღიმოთ.

“აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა”

ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ – აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, თუ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

“კარგად მახსოვს, ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა. დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა აღარ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალავად მიდიოდა, რომლის მიზანიც ბათუმელების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვა იყო.

დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ.

აბა, ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოფილიყო ნიაღვარი? მთელი მთავრობა შიშველი ხელებით დადგებოდა.

თუ ჩვენ მოვინდომებთ, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.

“რუსეთს ომის მოგების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს” – პეტრ პაველი

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს.

„ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და არ არის საჭირო იმის ვარაუდი, რომ რუსეთი არასოდეს შეეგუება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის დაკარგვას. ასევე აშკარაა, რომ ასეთი შედეგი შთააგონებს სხვა ქვეყნებს, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც რუსეთი. რუსული აგრესია და მზარდი თავდაჯერებულობა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს, რომელიც აგებულია შეთანხმებულ წესებსა და თანამშრომლობაზე“, – აღნიშნა პეტრ პაველმა.

პაველმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩეხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და განაცხადა, რომ საჭიროა პირობების შექმნა, რათა უკრაინა ომის დასრულებისა და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

“მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი” – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა.

„30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ ამინდი იქნება ხვალ

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 30 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი.