“პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე, სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში” – კახა კალაძე

73
spot_img

პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ ყველა საჭირო ღონისძიების გატარებას. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა.

„დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც დააზიანა ელექტროსადენები. თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე, მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზა, ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ, გადაადგილება შესაძლებელია და პრობლემას არ წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, ყველა გამგეობის წარმომადგენელს, გამგებლებს. გლდანში იყო ძალიან რთული მდგომარეობა. გლდანის გამგებელს მინდა, მადლობა გადავუხადო, გამგეობის თითოეულ თანამშრომელს სწრაფი რეაგირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.